ფარული ჩანაწერების საკითხი ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება, რაც უკვე გამოქვეყნებული და მომავალში დაანონსებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების „დამსახურებაა“. რა დროს და რა მიზნითაც არ უნდა იყოს ჩაწერილი ისინი, დამნაშავეების დასჯა და ამით მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილება საქართველოს პროკურატურას ევალება.
პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან შესაძლო კავშირის გამო უკვე ათზე მეტი ადამიანი დააკავა. ზოგ მათგანს კადრების ჩაწერა ედება ბრალად, ზოგს - შენახვა-გავრცელება. თუმცა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვები - ვისი დავალებით იქმნებოდა ფარული ჩანაწერები, ვინ ატვირთა ისინი ინტერეტში ერთი თვის წინ და ვინ იმუქრება მათი გავრცელებით.
მარტში გავრცელებული კადრების ჩაწერაში პროკურატურამ კუდ-ის 7 ყოფილ მაღალჩინოსანს, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, რომან ზაალიშვილს, ირაკლი ყიფშიძეს, ზურაბ პავლიაშვილს, გიგლა შიოშვილსა და გივი კაციტაძეს წარუდგინა ბრალი. მაგრამ არცერთ მათგანს პოლიტიკური თანამდებობა არ ჰქონია და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების წინააღმედგ მაკომპრომიტირებელი მასალების მოგროვება, როგორც ამას პროკურატურა ამბობს, უშუალოდ მათ ინტერესში არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ალბათ გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ მათი დაკავებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერების საქმე გახსნილია. ახლა მთავარი იმის დადგენაა, ვის ბრძანებას ასრულებდნენ ისინი და ვინ შეიძლება იდგეს ამ მასალების გავრცელების უკან. ამის გარკვევის გარეშე გამორიცხული არ არის, მომავალში მსგავსი ჩანაწერები კიდევ მრავლად ვიხილოთ.
შვიდივე მაღალჩინოსანს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ, რაც დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 5-8 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.
სწორედ დანაშაულის კვალიფიკაცია გახდა სადაო დაკავებულთა ადვოკატებისთვის, რადგან 333-ე მუხლი ზოგადად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას ეხება. ბრალდების შინაარსი კი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას და არა ზოგადად უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. ამ დანაშაულისთვის კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე 157-ე მუხლი არსებობს, აქედან გამომდინარე, ადვოკატებს ამ მუხლის გამოყენება არამართებულად მიაჩნიათ.
თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის კანონით, 157-ე მუხლი ამნისტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის 02 ოქტომბრამდე ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდა. პროკურატურის ინფორმაციით კი, ზემოთ ჩამოთვლილ პირებს ბრალად 2011 წლის დეკემბერსა და 2012 წლის მაის-ივნისში ჩადენილი დანაშაული ედებათ.
სწორედ ამით ხსნის ირაკლი ყიფშიძის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დანაშაულის ზოგადი მუხლით დაკვალიფიცირებას. ის პროკურატურის გადაწყვეტილებას შერჩევითს უწოდებს და შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის შემთხვევას იხსენებს. მის შემთხვევაშიც ბრალდება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეხებოდა, მაგრამ მას 2013 წელს ჩადენილი ქმედებისთვის ბრალი არა 333-ე, არამედ 157-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარუდგინეს.
„ამის გამო მოიგონეს და წაუყენეს ბრალი სხვა მუხლით. პროკურატურის პოზიცია შერჩევითი რომაა, გავიხსენოთ ხვედელიძის შემთხვევა, რომელსაც ბრალი სწორედ 157-ე მუხლით ედებოდა და არა 333-ით. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ამას არ გადააკვალიფიცირებს, მაგრამ სასამართლო თუ ობიექტური იქნება და არა ისეთი, როგორმაც პატიმრობა შეუფარდა, მაშინ მუხლი აუცილებლად გადაკვალიფიცირდება“,- აღნიშნავს „ლიბერალთან“ საუბრისას მალხაზ ველიჯანაშვილი.
გარდა ხვედელიძის შემთხვევისა, 157-ე მუხლით დაკვალიფიცირდა მარტში დაკავებული 5 პირის საქმეც, საიდანაც ერთი კუდ-ის მაღალჩიანოსანია. შინაარსობრივად, მათი ბრალდებაც პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ჩანაწერებს ეხება.
თუ რატომ ედებათ ბოლო პერიოდში დაკავებულებს ბრალი 333-ე მუხლით, ამის გარკვევა „ლიბერალმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სცადა, თუმცა უწყებაში ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.