შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, მასწავლებლთა საგნის გამოცდაზე 22 700-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
რეგისტრაციის ვადა გუშინ, 18 საათზე ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები ახალი ფორმატით გაიმართება. პედაგოგები სწავლების მეთოდიკის საკითხებს არ ჩააბარებენ. აღნიშნული საკითხები ტესტის დაახლოებით 30%-ს შეადგენდა.
ცვლილების თანახმად, პედაგოგები ჯერ შესაბამის ცოდნას მიიღებენ სწავლების მეთოდიკის შესახებ, შემოწმება კი შემდგომში მოხდება.
პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება, ზამთარსა და ზაფხულში.
პროფესიაში მყოფ მასწავლებლებს სახელმწიფო ხანმოკლე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს შესთავაზებს. ხოლო, დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც მასწავლებლის პროფესიის დაწყება სურთ, შესაძლებლობა მიეცემათ, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) საუნივერსიტეტო პროგრამები გაიარონ, რაც მათ პროფესიული და მეთოდური ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებულები სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლიათ ბაკალავრის, მაგისტრისა და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამ ეტაპზე უკვე აკრედიტებულია 13 უნივერსიტეტის პროგრამა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ მასწავლებლობის მსურველებს.
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა მსურველის მხრიდან შესაბამის საგანში გამოცდის ჩაბარებაა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
დაფინანსება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად მოხდება. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტზე შესაბამისი სერტიფიკაცი გაიცემა, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და აძლევს მასწავლებლობის უფლებას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე 4 000-მდე, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 41 500-ზე მეტი აპლიკანტი.