ქსნისა და ტყიბულის გაფიცვების პოლიტიკური შედეგების შედარება
რიგ შემთხვევებში, დასაქმებულთა ბრძოლამ შრომის უფლებებისთვის, მემარცხენე აქტივისტთა სამწუხაროდ, შესაძლოა დეპოლიტიზირებული ხასიათი მიიღოს. თუმცა არასწორია გვწყინდეს თუ გვტკიოდეს, რომ გაფიცულები მეტად არ „მიაწვნენ“ და პროტესტი მათზე ინდივიდუალური ზეწოლის განხორციელების გზით დაიშალა. ეს ხომ ასეც იქნებოდა. მათი ინდივიდუალური აგენტობა დაუპირისპირდა სახელმწიფო სისტემებს, ბიზნეს კორპორაციას. ყოველ მსგავს უთანასწორო ბრძოლაში ადამიანები (ინდივიდები, რომლებიც სტრუქტურების წინააღმდეგ წავიდნენ) გმირის სახელს იხვეჭენ, მაგრამ ეს მამარცხენე პოლიტიკისთვის, ხშირად, შედეგიან პროცესს ვერ აწარმოებს, და არც „მიმწოლი“, გამწარებული და რადიკალიზებული პროტესტის მონაწილეა ყოველთვის გასახარი ან საამაყო: მემარცხენე კონტრჰეგემონური, რეფორმისტული თუ რევოლუციური პროტესტების რეალურ პოლიტიკურ პროექტებად ქცევა ინდივიდთა გმირობაზე არ გადის და ამ უკანასკნელის დერომანტიზებასაც საჭიროებს.
ამის აღნიშვნა საჭირო გახდა, როდესაც გაჩნდა კითხვა: მემარცხენე ბრძოლისათვის უფრო მნიშვნელოვანი როლი ტყიბულის მეშახტეთა გაფიცვაში მონაწილე მუშებმა ითამაშეს, თუ ქსანში, მინის ქარხანასთან დავაში მყოფმა გაფიცულებმა?
კონტექსტისთვის, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ერთი ფუნდამენტური მოცემულობა, რაც ამ ორი ქალაქის შემთხვევას ერთმანეთისგან განასხვავებდა: ტყიბულში მეშახტეები სოციალურად გაცილებით უფრო მოწყვლად პოზიციაში არიან ვიდრე ქსნელები; წლების განმავლობაში, პერიფერიული მდებარეობის გამო, ტყიბულელები უფრო უხმონი და, შედეგად, უფრო სუსტი აგენტობის მატარებლებიც არიან, ვიდრე ქსნის მინის ქარხნის მუშები. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება, თუ აღტაცებაში მოგვიყვანს ტყიბულელ მუშათა რადიკალიზმი: მათ შეძლეს დამოუკიდებლად ორგანიზება და კონსოლიდირება უკანონო გაფიცვის მოსაწყობად, საწარმოს ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა და ა.შ. მაგრამ ეს ხომ უფლებაწართმეული, ყოვლად განძარცვულ ადამიანთა რადიკალიზმი იყო და მემარცხენე მოძრაობის მხრიდან ამაზე დაფუძნებული სტრატეგიული სვლები თუ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების მცდელობები (საყოველთაო კეთილდღეობისთვის) წამგებიანი აღმოჩნდება.
თუკი ჩვენთვის, როგორც მემარცხენეებისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური კეთილდღეობის საკითხების პოლიტიზება და პოლიტიკური გამარჯვებები, საჭიროა (ქსნის მინის ქარხნის თანამშრომელთა და ტყიბულის მეშახტეთა გაფიცვის მაგალითებზე) ვიმსჯელოთ მემარცხენე რევოლუციური შინაარსის და არა - უბრალოდ რადიკალური ფორმის მქონე სტრატეგიებზე; ეს, შრომითი უფლებების დასაცავად, მოძრაობაში ნებისმიერი მოქალაქის ჩართვას გახდის შესაძლებელს, და არა მხოლოდ სოციალისტი აქტივისტებისა (ან ჩაგრულ პოზიციაში მყოფი ჯგუფებისა, ვინც დახმარების მიღების იმედით, „ადვილად“ მოგემხრობიან).
ქსანში დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის 2015 წლის ნოემბერს დაიწყო. შემდეგ დამსაქმებელსა და მშრომელთა პროფკავშირებს შორის სახელმწიფო მედიაცია დაინიშნა. მედიაციის წარუმატებლად დასრულებას კი მუშების კანონიერი გაფიცვა მოჰყვა, რაც 30 დღის შემდეგ, მუშების სამივე მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილებით დასრულდა: დასაქმებულები მიიღებენ სამუშაო ფართს პროფკავშირების საქმიანობისთვის; საწარმო მათ, 2017 წლის პირველი იანვრიდან, კოლექტიურ ხელშეკრულებას გაუფორმებს; მხოლოდ, მოთხოვნილი 30%-იანი ზრდის ნაცვლად, დასაქმებულთა ხელფასები 7.5%-ით გაიზრდება.
შედეგი წარუმატებლობად არ შეფასებულა, თუმცა შრომითი დავა ტექნოკრატულ ხასიათში წარიმართა (გამოყენებულ იქნა მედიაციის მექანიზმი, მშრომელთა უფლებებს იცავდა მუშების წარმომადგენლობით ინსტიტუტი პროფკავშირების სახით, გაფიცვას ჰქონდა კანონიერი სახე და ა.შ.). ქსანში ჩასულმა სხვადასხვა აქტივისტმა დავინახეთ, რომ აქ წარმოებულმა შრომითმა დავამ პოლიტიკური ხასიათი ვერ შეიძინა. საკითხის სიმწვავე ვერ ითარგმნა დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა ჩაგვრის, ექსპლუატაციის, თანასწორუფლებიანობის დარღვევის თუ საწარმოს მმართველობიდან გათიშვის, სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, ფართო საკითხებად. მაგრამ არასწორი იქნება, აღნიშნული „დაბრალდეს“ გაფიცულთა განსხვავებულ სუბიექტურობას და აგენტობას (ე.წ. განსხვავებულ „სასტარტო პირობებს“) - მათ არაფერი შეუცოდავთ მემარცხენე მოტივების (cause) მიმართ, იმით თუ ნაკლებად ან საერთოდ არარადიკალური მეთოდებით წარმართეს ეს დავა შრომითი უფლებებისთვის.
კერძო შრომითი დავის გარშემო აგორებული ამბოხის პოლიტიკურ საკითხად ქცევა, საბოლოოდ კი მის ფართო სოციალურ პრობლემად თარგმნა და პროგრესის სამსახურში ჩაყენება პოლიტიკური გაერთიანებების (საქართველოს შემთხვევაში, აქტივისტთა ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების, ბიზნესმენთა ასოციაციების, მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების) დავალებაა, არა ინდივიდუალური მუშისა. რადიკალიზმი ინდივიდუალურ მუშებს შორის კი სანუკვარი არ შეიძლება იყოს, ის მხოლოდ ჩაგრულობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას ამტკიცებს და არა სუბიექტის ძლიერ აგენტობას, გასწიოს წინააღმდეგობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ კარს შელეწავს და ფანჯარას ჩაამტვრევს ჩაგრულთა ჯგუფი, პოლიტიკურად ეს მისი ჩაგრულობის მაღალ ხარისხზე უფრო მეტად მიუთითებს, ვიდრე მის პოლიტიკურ სიძლიერეზე.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულელ მეშახტეთა და ქალაქის სხვა მცხოვრებთა საპროტესტო გამოსვლები, საწარმოში შრომის პირობებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, 16 დღე გაგრძელდა და აქ რადიკალურ ქმედებას (და არა სტრატეგიულ სვლებს) ჰქონდა ადგილი, საწარმოს ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის სახით.
იმის გამო, რომ ტყიბულში ნაკლები სტრუქტურული ჩარჩოები ჰქონდა პროცესს (პროფკავშირების მონაწილეობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი, გაფიცვის კანონიერ ფარგლებში რეგლამენტირება და ადმინისტრირება არ ხდებოდა), მშრომელთა ექსპლუატაციისა და შრომის უფლებათა შელახვის აქამდე უხილავ პრაქტიკებზე პოლიტიკური რეფლექსია უფრო შესაძლებელი გახადა. ამან კი გააჩინა აზრი, რომ ასე ჯობია, ასე უკეთესია; ითქვა, რომ ტყიბული უფრო კარგი პრეცედენტი იყო (იმიტომ, რომ პოლიტიზირდა), ვიდრე ქსანი. მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის წნეხმა ხომ კერძო ადამიანების და მათი ოჯახების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე გადაიარა?! როგორ იყო ტყიბული უფრო გასახარი მემარცხენე ბრძოლა, ვიდრე ქსანი?! (ცხადია, სახელფასო განაკვეთის 10%-იანი ზრდას, ქსანში 7.5%-იან ზრდასთან შედარებით, უკეთეს მიღწევად თუ არ მივიჩნევთ). მემარცხენე სოციალისტური ბრძოლისთვის, ყველამ ვიცით, წარმატება მნიშვნელოვანწილად თვისებრივი ცვლილებებით განისაზღვრება, როდესაც ის ჩაგრულთა ემანსიპაციას და თანასწორობას აღწევს, და მეტი არაფერი.
ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დასავლეთში, ნეოლიბერალური წესრიგის დამყარებამ და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს რღვევამ, ახალი მემარცხენე მოძრაობებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მთავარ ამოცანად არა ტექნოკრატიული სტრუქტურების მოშლა დასახა, არამედ ის, რომ არსებულ სტრუქტურებში დავებს პოლიტიკური შინაარსი და ხასიათი არ გამოეცალოს. ანუ საკითხთა პოლიტიზების მოთხოვნებით გამოსვლისას, დღეს აუცილებელია თანამედროვე მემარცხენე ჯგუფებმა გაიაზრონ: ა) (თუნდაც ტექნოკრატიული) სტრუქტურების არსებობა მნიშვნელოვანია ადამიანთა კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის (მაგალითად, რიგ საკითხთა დეპოლიტიზებისთვის ფართოდ გაკრიტიკებულმა ევროკავშირის ტექნოკრატულმა ინსტიტუტებმა, საკითხების დეპოლიტიზების მიღმა, ფართო მოსახლეობისა და დავის მონაწილეთა კეთილდღეობის მაღალი ხარისხი უზრუნველყო); ბ) სოციალური გარდაქმნებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები რეალურია სტრუქტურის მოცემულობაშიც [და სტრუქტურალისტურ ხასიათში]; ეს ალბათ გულისხმობს იმას, რომ ფორმით რადიკალური რევოლუციური მოთხოვნებით გამოსვლის ნაცვლად, წარიმართოს სამუშაოები შინაარსით რევოლუციური, სტრატეგიულად რადიკალური, სოციალისტური ორგანიზების და ინიციატივების გაძლიერებისთვის.
ჩვენი დროის მემარცხენე მოძრაობებისა და პარტიების შესახებ საქართველოში რამდენიმე თვის წინ წაკითხული მოხსენების ფარგლებში, გერმანიაში მემარცხენე პარტია Die Linke-ს წევრმა კატარინა პრინციპემ აღნიშნა: მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობები რელევანტური ხდება ფართო მოსახლეობაში მხოლოდ იქ და მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ხალხის იმჟამინდელ სადარდებელსაც იზიარებს (მაგალითად, იმას, რომ მუშას შრომითი დავის წარმართვა პროფკავშირისათვის გამოყოფილი საოფისე ფართიდან უფრო ურჩევნია, ვიდრე ქუჩიდან).
გარდა ამისა, კატარინა აცხადებს, რომ თანამედროვე მემარცხენე პარტიები დასავლეთში ვეღარ ხედავენ „რეფორმირების“ მოთხოვნის კონტრავერსიულობას "რევოლუციურობასთან“. ეს აღარ არის ორს შორის არჩევანის გაკეთების საკითხი. დასავლეთში, უთანასწორობის დაძლევისკენ მიმართულ კონკრეტულ რეფორმებზე მემარცხენეთა წარმომადგენლობით ინსტიტუტებში მუშაობა (აღ)არ ნიშნავს ექსპლუატაციისა და ჩაგვრების წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციურ ბრძოლაში დანებებას.
დღევანდელ საქართველოშიც შესაძლებელია, რომ ტექნოკრატულობით განპირობებული დეპოლიტიზებული ბრძოლები დაიძლიოს არა მუშის დასუსტებული აგენტობითა და ჩაგრული სუბიექტურობით, უხეშად რომ ვთქვათ, მანიპულირებით, არამედ საკითხთა (ინდივიდუალურ მუშათა შემთხვევების) რეპოლიტიზების გზით. მემარცხენეობის დერომანტიზება იგულისხმებს იმას, რომ ის დაშორდება იმ სახის ბრძოლებს, რომელიც წყდება ადამიანთა ინდივიდუალური სიძლიერით „არ გატყდნენ“, „იყვნენ მიმწოლები“, „გმირები“, „დამრტყმელები“ და ა.შ.
თათული ჭუბაბრია - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი