Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტუდენტური კლუბები თვითმმართველობის ნაცვლად

13 აპრილი 2016

 განათლების სამინისტრომ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირების მიზნით კანონპროექტი შეიმუშავა. „აუდიტორია 115-ის“ წევრები კანონპროექტის მომზადებამდე ამბობდნენ, რომ სამინისტრო მათ სულისკვეთებას იზიარებდა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობისთვისაც მზად იყო, თუმცა კანონპროექტის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამინისტრომ „აუდიტორია 115-ის“ წევრ სტუდენტთა მთავარი მოთხოვნები არ გაითვალისწინა. კანონში შეტანილი ცვლილებები სტუდენტურ თვითმმართველობასთან მიმართებით არსებითად არაფერს ცვლის.

კერძოდ, მომზადებული კანონპროექტით, სტუდენტურ თვითმმართველობას სტუდენტური კლუბები და სტუდენტური საბჭო ჩაანაცვლებს.

დღემდე მოქმედი კანონით, უნივერსიტეტების ფაკულტეტები ირჩევდნენ თავიანთ სტუდენტურ თვითმმართველობებს. თსუ-ში სულ 7 ფაკულტეტია და შვიდიჰყავდა სტუდენტური თვითმმართველობა.

ფაკულტეტების სტუდენტური თვითმმართველობების წევრების ერთობლიობა ქმნიდა უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც დამოუკიდებლად შეიმუშავებდა სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

კანონპროექტის მიხედვით, ფაკულტეტებზე სტუდენტურ თვითმმართველობას სტუდენტური კლუბები ჩაანაცვლებს, სტუდენტური კლუბების მართვის ორგანოს კი სტუდენტური საბჭო ეწოდება.

სტუდენტურ კლუბებს ფაკულტეტებზე 2 წლის ვადით აირჩევენ. კლუბის წევრები კი ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისგან დააკომპლექტებენ სტუდენტური კლუბების მართვის ორგანოს - სტუდენტურ საბჭოს.

კანონპროექტით, თითოეული  ფაკულტეტის კლუბიდან სტუდენტურ საბჭოში 3 წევრზე ნაკლები არ უნდა შევიდეს, თუმცა საბჭოში სტუდენტთა ზუსტი რაოდენობა უნივერსიტეტის წესდებამ უნდა განსაზღვროს.

სტუდენტურ საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. საბჭო თავისი რიგებიდან ასევე ირჩევს სპიკერს. სტუდენტური საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სტუდენტური კლუბების ერთიანი დებულებით. აღსანიშნავია, რომ აქამდე  თვითმმართველობის დებულებას ქმნიდა და ამტკიცებდა თვითმმართველობის დელეგატთა საერთო კრება. კანონპროექტით, ეს ფუნქცია სენატმა უნდა შეასრულოს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, კანონი სტუდენტური საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ დეტალებსაც არეგულირებს, როგორებიცაა: ერთი წლის სამუშაო გეგმის შემუშავების ვალდებულება;  შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება.

კერძოდ, კანონპროექტი ამბობს, რომ სტუდენტურმა საბჭომ სასწავლო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში სტუდენტური აქტივობების ერთიანი წლიური სამოქმედო გეგმის პროექტი უნდა შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს სენატს, მანამდე კი ვალდებულია, მოაწყოს მისი საჯარო განხილვა. დამტკიცების შემდეგ სენატი უფლებამოსილია, ბიუჯეტში სტუდენტური აქტივობებისთვის გაითვალისწინოს თანხა.

სენატმა თანხა უნდა გამოუყოს ცალკეულ სტუდენტურ ინიციატივებსაც.

ცალკეული სტუდენტური ინიციატივების  დასაფინანსებლად სტუდენტებმა ასევე წლის დასაწყისში უნდა წარუდგინონ სენატს თავიანთი გეგმა, ანუ სტუდენტური აქტივობებისთვის დაფინანსების მისაღებად როგორც ცალკეულ სტუდენტებს, ისე სტუდენტურ საბჭოს იდენტური გზის გავლა მოუწევთ.

თანხის განმკარგავი და მხარჯავი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი ერთეული.

სტუდენტურმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს სტუდენტური აქტივობების შესრულების შუალედური და წლიური ანგარიშების საჯაროობა. კანონპროექტით, სტუდენტურ აქტივობებში ადმინისტრაციული ხარჯი არ უნდა იყოს გათვალისწინებული.

სტუდენტთა მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში

„აუდიტორია 115-ის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცემოდა ყველა სტუდენტს და სტუდენტთა არც ერთ ჯგუფს არ ჰქონოდა პრივილეგია.

რა შეიცვალა ამ კუთხით?

უნივერსიტეტში რამდენიმე ძირითადი მმართველი ორგანოა: ფაკულტეტების მმართველი ორგანოები, სენატი და აკადემიური საბჭო.

მოქმედი კანონით, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მონაწილეობდნენ, კანონპროექტის მიხედვით, აკადემიურ საბჭოს ირჩევენ საფაკულტეტო საბჭოს წევრი სტუდენტები, აკადემიური პერსონალის ყველა წევრთან ერთად. 

რაც შეეხება ფაკულტეტების მმართველ ორგანოებში სტუდენტთა მონაწილეობას.

მოქმედი კანონით, ფაკულტეტების მმართველ ორგანოებში ფაკულტეტების თვითმმართველობების წევრები შედიან.

შემოთავაზებული პროექტით კი, საფაკულტეტო საბჭოებში

ფაკულტეტის ყველა სტუდენტი პირდაპირი წესით აირჩევს საბჭოში თავიანთ წარმომადგენლებს.

პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებში მონაწილეობის პრივილეგია რომელიმე სტუდენტურ გაერთიანებას აღარ აქვს.  

რაც შეეხება წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) სტუდენტების მონაწილეობას. მათი რაოდენობა ერთი მესამედი უნდა იყოს. სენატის წევრ სტუდენტებს ირჩევენ 4 წლის ვადით, საყოველთაო არჩევნების საფუძველზე.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შეფასება

შალვა საბაური ამბობს, რომ კანონპროექტი ერთ კონკრეტულ მოდელზეა ორიენტირებული, არ წარმოადგენს რეალურ კლუბურ სისტემას და არ აქვს მნიშვნელობა, ინსტიტუციას თვითმმართველობა ერქმევა თუ სტუდენტთა საბჭო. თვითმმართველობის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივები უნივერსიტეტის ავტონომიას საფრთხეს უქმნის.

 „როდესაც ავტონომიურობაზე ვსაუბრობთ, მსგავსი ტიპის კანონის შეცვლა რომელიმე უნივერსიტეტის კონკრეტული ჯგუფის ინიცირებით, ცუდი პრეცედენტია. ეს ფართო განსჯის საგანი უნდა გახდეს, სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობებიც და ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი უნდა ჩაერთოს, დემოკრატია მე ასე მესმის. თუკი კანონში ცვლილება ყველას ეხება, მაშინ ყველა უნდა იყოს ჩართული იდეურ დონეზე. ასე თავს მოხვევა ხისტი მოდელის, რომელიც მკაცრად განგისაზღვრავს, რა როგორ უნდა იყოს და, პრაქტიკულად, არ არსებობს თავისუფალი არჩევის საშუალება, არის ცუდი“. - ამბობს შალვა საბაური.

შალვა საბაური აკადემიური საბჭოს არჩევის არსებულ წესს არაპროპორციულად მიიჩნევს და ამბობს, რომ საბჭოს არჩევაში მეტი სტუდენტი უნდა მონაწილეობდეს.

„აკადემიური საბჭოს წევრის არჩევაში არის დისპროპორცია, რადგან აკადემიური საბჭოს არჩევნებში აკადემიური პერსონალი მთლიანად მონაწილეობს, ხოლო სტუდენტებიდან მხოლოდ ფაკულტეტის საბჭოს წევრი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოებში კი სტუდენტები ძირითადად წევრთა რაოდენობის 1/4-ს შეადგენენ." - ამბობს შალვა საბაური.

„აუდიტორია 115-ის წევრის შეფასება

ლევან ლორთქიფანიძის თქმით, სამინისტრომ მათი ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა არ დაკმაყოფილდა მთავარი მოთხოვნა და სტუდენტური თვითმმართველობა რეალურად მხოლოდ სახელს შეიცვლის.

„ის, რომ პირდაპირ აირჩევენ საფაკულტეტო საბჭოს წევრ სტუდენტებს (რაც ნიშნავს იმას, რომ ეს საფაკულტეტო საბჭო ირჩევს შემდეგ აკადემიურ საბჭოს) პირდაპირი კენჭისყრით, რომელიმე ორგანოს  გავლის გარეშე, თვითმმართველობის გარეშე, სტუდენტებს უკვე აქვთ პირდაპირი კენჭისყრით მმართველ ორგანოებზე ზემოქმედების ბერკეტები. ისინი პირდაპირ აირჩევენ საფაკულტეტო საბჭოში წევრებს და ეს პოზიტივია. პოზიტივია ისიც, რომ სენატის წევრს აღარ აქვს უფლება, ამავდროულად იყოს საფაკულტეტო საბჭოს წევრი და ძალაუფლების კონცენტრაცია მოხდეს გარკვეული ადამიანების ჯგუფის ხელში“. - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე

„აუდიტორია 115-ის“ წევრი ამბობს, რომ პროექტში განათლების სამინისტრომ მათი მთავარი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და თვითმმართველობას მხოლოდ სახელი შეუცვალა, ხოლო კანონპროექტის მომზადების დაპირებულ ვადას ერთ კვირაზე მეტი გადააცილა. ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სამინისტროსთან კომუნიკაციას აზრი აღარ აქვს და უფრო შედეგიანი იქნება, თუ სტუდენტური მოძრაობა აქცენტს პარლამენტსა და საპარლამენტო კომიტეტზე გადაიტანს.

„ამ კლუბებს აქვთ ისევ თავიანთი იერარქიული სტრუქტურა, საფაკულტეტო წარმომადგენლობა, აღმასრულებელი საბჭო. იერარქია, თანამდებობები, ბიუროკრატია, გავლენა ჯგუფებს რჩებათ. უბრალოდ, აღარ ერქმევათ თვითმმართველობა, ერქმევათ კლუბები, რაც ჩემთვის და „აუდიტორია 115-ის“ წევრთა უმრავლესობისთვის მიუღებელია.” - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.  

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის ცვლილებას.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც აკადემიური საბჭო აირჩევს. მოქმედი რედაქციით კი, რექტორს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ფაკულტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი.

კანონპროექტის მიხედვით, აკადემიური საბჭო ვალდებული იქნება,  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვის ვადაში აირჩიოს ახალი რექტორი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^