Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთი "წვეთი" სარეკრეაციო სივრცე

14 აპრილი 2016
უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე - რეკრეაციულ ზონაში დაწყებულ მშენებლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მოქალაქეები აპროტესტებენ. დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ სტუდენტებმა ქალაქის მერისგან დაპირება მიიღეს, რომ მათ მოთხოვნაზე, მოხდეს კომპანიისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზება, ერთ კვირაში პასუხს მიიღებენ. დავით ნარმანიას თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, რამდენად არსებობს ამის შესაძლებლობა. 

სპეციალური ზონალური შეთანხმება - კანონით დაუშვებელი მშენებლობის გამონაკლისის სახით დაშვების პრაქტიკა 

უნივერსიტეტის ქუჩაზე შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” სათავო ოფისის აშენება იგეგმება. 

წყალმომარაგების კომპანია 100 %-ით სახელმწიფოს მიერ დაარსებული კომპანიაა. ტერიტორია კი, რომელზეც ნაგებობა უნდა აშენდეს, “რეკრეაციული ზონა 2-ის” სტატუსით სარგებლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მსგავსი მშენებლობა კანონით დაუშვებელია. თუმცა მერიამ კომპანიასთან ე.წ. სპეციალური ზონალური შეთანხმება გააფორმა: გაიზარდა განაშენიანების კოეფიციენტი და ფართოასშტაბიანი მშენებლობის განხორციელება გახდა შესაძლებელი. ანუ მერიამ დაუშვა გამონაკლისი და მისცა კომპანიას "დაუშვებელი საქმიანობის" განხორციელების უფლება. ამ შეთანხმების საფუძველზე კომპანიამ შემდგომ უკვე მშენებლობის უფლება მიიღო. 

3 თებერვალს დამტკიცებული პროექტის თანახმად (შპს. “HouseArt Project, მთავარი არქიტექტორი: დიმიტრი ვაჩნაძე), 7634 კვ. მ ფართობზე 558 კვ.მ ფართობის განაშენიანება უნდა მოხდეს. ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 47.7 მეტრია. აქედან მიწის ზემოთ - 44.26 მ. 

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შენობა წარმოადგენს 9-სართულიან ნაგებობას სარდაფითა და სხვენით, საპროექტო ტერიტორია მოპირკეთდება ასფალტის ზედაპირით, მოეწყობა ღია ავტოსადგომი და საფეხმავლო ტროტუარები.

საპროექტო ტერიტორიის ნაწილზე ამჟამად მრავალწლიანი მწვანე ნარგავებია. წყალმომარაგების კომპანიამ თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურს აცნობა, რომ მშენებლობისთვის 9 ძირი ელდარის ფიჭვის მოჭრა იქნება საჭირო. 12 იანვარს ხელმოწერილი წერილის მიხედვით, ეკოლოგიის სამსახური კომპანიას აცნობებს, რომ სამშენებლო ნებართვის წარმოდგენის შემთხვავაში, მისცემს მსგავს ნებართვას. 

თუმცა სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს ჯერ ცალსახად გადაწყვეტილი არ არის და საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გარემოსდამცველები დიდი ხანია დედაქალაქის ურბანული განვითარებისა და სარეკრეაციო, საჯარო სივრცეების დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის ნაკლოვანებებზე საუბრობენ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია "საჯარო სივრცის ინიციატივის" წარმომადგენელი იურისტი ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ  აუცილებელია “კანონი ამავე კანონის დარღვევის შესაძლებლობას” აღარ იძლეოდეს. 

“კანონი ერთი მხრივ ადგენს რეგულაციებს და მეორე მხრივ ადგენს მისგან თავის არიდების ძალიან მარტივ საშუალებებსაც, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ მოჰყვება. რატომ ვუშვებთ ასეთ გამონაკლისებს? როცა ეს კანონის მიზნებს ეწინააღმდეგება და შეუძლებელია იყოს საზოგადოების ინტერესებში. ეს კი აუცილებელი მოთხოვნებია ამგვარი გამონაკლისის დასაშვებად. ამის არანაირი დასაბუთება არ გვაქვს, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა დედაქალქში ეკლოგიური მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ამ შემთხვევაში აშკარაა ის, რომ კერძო პირის ინტერესი უპირისპირდება საჯარო ინტერესს”, - ამბობს ცინცაბაძე. 

იურისტი ხელისუფლების ცვლილების პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამ პერიოდში ე.წ. სპეციალური ზონალური შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული საკითხი იყო. 

“ქალაქმგეგმარებლები, არქიტექტორები და ზოგადად ქალაქის ბედით დაინტერესებული აქტივისტები ზონალური შეთანხმებების საკითხის წარუდგენდნენ ხელისუფლებას, როგორც ყველაზე კრიტიკულ პრობლემას, რომელიც კანონმდებლობაში იყო. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს მავნე პრაქტიკა იყო და აპირებდნენ ეს შეეცვალათ. მაგრამ ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მაშინ მომზადდა, არც კი წარდგენილა განსახილველად პარლამენტში და ამ პრაქტიკით მშვენივრად ისარგებლა დედაქალაქის უკვე ახალმა ხელისუფლებამაც. მან ერთი მხრივ დააფიქსირა, რომ ეს იყო მავნე პრაქტიკა, მეორე მხრივ კი თვითონვე იყენებს კონკრეტული ნებართვების გაცემის პროცესში”, - ამბობს ანანო ცინცაბაძე. 

კონკრეტული რაოდენობის მწვანე ნარგავების გაჩეხვაზე მეტად სწორედ ზონალური შეთანხმებების პრაქტიკის გაგრძელება მიაჩნიათ საგანგაშოდ პარტიზან მებაღეებსაც:

“იმ ზონაში, სადაც წესით მხოლოდ პარკისთვის შესაბამისი ან დამხმარე ნაგებობის, ატრაქციონის, კაფეს მშენებლობაა ნებადართული,  ხდება ამ მასშტაბის მშენებლობის დაშვება და მერია ვერ ასაბუთებს, რა მნიშვნელობა აქვს ამ ნაგებობას ქალაქისთვის საიმისო, რომ მსგავსი გამონაკლისი დაუშვას. საკომუნიკაციო თუ დამხმარე ნაგებობების ასაშენებლოად, ვფიქრობთ, გაცილებით მეტი ხე მოიჭრება. და ამასთან მთავარ საკითხად მაინც სარეკრეაციო ზონებში მშენებლობების დაშვება რჩება. პროტესტის მთავარი საგანი სწორედ ესაა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მერი არაერთ შეხვედრაზე გვპირდებოდა, რომ ამ პრაქტიკას შეცვლიდა”, - ამბობს პარტიზანი მებაღე მარიამ ბაქრაძე. 

ბაქრაძე ამ შემთხვევას ვაკის პარკში “სასტუმრო ბუდაპეშტის” მშენებლობას ადარებს და ამბობს, რომ პარკშიც სწორედ დაუსაბუთებლად გაფორმებული გამონაკლისის, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე გაიცა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. 

“როგორმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სარეკრეაციო ზონები იყოს დაცული და არ მოხდეს აი ამ საჯარო, საზოგადოებრივი სიკეთის კერძო ინტერესებზე მორგება”, - ამბობს პარტიზანი მებაღე. 

სტუდენტების პროტესტი 

11 აპრილს მაღლივ კორპუსთან საპროტესტო აქცია გამართეს თსუ-ის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათი თქმით და მოგვიანებით გავრცელებული მანიფესტის თანახმად, გარდა იმისა, რომ დაგეგმილი მშენებლობა მწვანე საფრის განადგურებას გამოიწვევს, სამომავლოდ სტუდენტებს ართმევს შესაძლებლობას, ეს ტერიტორია იყოს გამოყენებული მათი საჭიროებისამებრ, მათ შორის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პერსპექტივას. 

“დღეს უნივერსიტეტს არ აქვს სახსრები, ამ ტერიტორიაზე განათავსოს სტუდენტებისთვის საჭირო დაწესებულებები, მაგრამ ტრაგედიაა ის, რომ  ეს პერსპექტივაშიც შეუძლებელი ხდება. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელზე მშენებლობის უფლებასც გასცემს თბილისის მერია. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას, რომ წყალმომარაგების ოფისისათვის გამოყოს სხვა ალტერნატიული ტერიტორია და საუნივერსიტეტო ტერიტორია გადასცეს უნივერსიტეტს. ამით საშუალება გვექნება თსუ-ის სტუდენტებს გვქონდეს მომავლის იმედი. ერთად დავიცვათ თსუ–ის ინტერესები მომავალაში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პერსპექტივაზე!” - მანიფესტს ხელს თსუ-ის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტები აწერენ. 

მშენებლობა 13 აპრილს სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115-ის” წევრებმაც გააპროტესტეს. მათ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სხვა შეხვედრაზე მისულ მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მერი მათ საკითხში გარკვევას და ერთ კვირაში პასუხის გაცემას დაჰპირდა. 

გოჩა სურგულაძე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი და “აუდიტორია 115-ის” აქტივისტია. მისი თქმით, მათი პროტესტი ორ ძირითად ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, როგორც სარეკრეაციო ზონის შემცირებაზე, ისე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი საჯარო სივრცის დაკარგვის დაუშვებლობაზე. 

"დღეს უნივერსიტეტს არ აქვს საშუალება მიმდებარე ტერიტორია გამოიყენოს უნივერსიტეტის ფუნქციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. და ჩვენ ამაში რამე ტიპის, უნივერსიტეტის კორპუსის მშენებლობას სულაც არ ვგულისმხობთ, უნივერსიტეტს სჭირდება მწვანე საფარი ისევე, როგორც სჭირდება საუნივერსიტეტო ბაზები. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულება", - ამბობს სურგულაძე.

სტუდენტი განმარტავს, რომ ისინი 2014 წელს ამავე ტერიტორიის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებდნენ და მაშინ ეს მშენებლობა კი შეჩერდა, მაგრამ ხელისუფლება აგრძელებს ურბანული განვითარების დაგეგმვას არა საზოგადოების, არამედ ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე. 

“როდესაც ეს 7700 კვ.მ არის კერძო მფლობელობაში, იქ ვეღარ შევა ვერანაირი საჯარო ინტერესი. ჩვენ იქ ვერ შევალთ, ვერ დავისვენებთ, ვერ გამოვიყენებთ სტუდენტები რეკრეაციის თუ განტვირთვის მიზნით. ვერც უნივერსიტეტი გამოიყენებს მას მაგალითად, კვლევების საწარმოებლად. თუნდაც ის უნივერსიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თსუ-ს ყველარის უფლება უნდა ჰქონდეს იმის გარდა, რომ რეკრეაციული ზონის შენარჩუნება და დაცვა მოხდეს. აქ მალე მეტროსადგური იქნება, ინვესტორებისთვის ეს კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება და არ ვიცით კიდევ რას დაუპირებენ ამ ტერიტორიებს, რომლებიც ამავე დროს საბურთალოს ფილტვებიცაა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს კერძო ინტერესებთან კონფლიქტი მაშინ, როდესაც ეს საზოგადოებრივი სივრცეა”, - ამბობს გოჩა სურგულაძე. 

კითხვაზე, რატომ აპროტესტებს ერთსა და იმავე მშენებლობას სტუდენტთა ორი ჯგუფი ცალცალკე, “აუდიტორია 115-ის” წარმომადგენელი ამბობს, რომ მათთვის თვითმმართველობის, როგორც მანკიერი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად საუნივერსიტეტო სივრცის დასაცავად ბრძოლა მიუღებელია. სურგულაძის თქმით, გასულ წელს კომპანიამ მოაწყო შეხვედრა სტუდენტებთან, ლექტორებთან, ახლოს მცხოვრებ მოსახლეებთან და თვითმმართველობის წევრებისთვის ამ მშენებლობის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა მათ არ შეუწყვიათ ხელი დამატებითი განხილვისთვის, პროტესტისთვის და საკმარისად არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია დაგეგმილი მშენებლობის შესახებ. შესაბამისად, “აუდიტორია 115-ის” წევრები ადგილზე მომუშავე “კოდალას” ცალკე დაუპირისპირდნენ. 

M2

იმავე ტერიტორიის სიახლოვეს, რეკრეაციულ ზონაში იგეგმება კიდევ ერთი მშენებლობა - M2-ის საცხოვრებელი კომპლექსი. 

2016 წლის 16 მარტს სს "M2"-მა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართა. კომპანია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალს შორის მდებარე მიწის ნაკვეთზე, (საკადასტრო კოდით 01.14.04.028.048) ოთხი ბლოკისგან შემდგარი 19 -სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. 

ეს ტერიტორია ფუნქციურად სარეკრეაციო ზონა (რზ-1) 1 - ია, რაც განისაზღვრება, როგორც ტერიტორია, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა).  ამ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა გარდა: ა) განათების; ბ) სარწყავი სისტემის; გ) სარეკლამო ბილბორდის; დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტისა. 

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ კომპანიისთვის 2015 წლის 21 მაისს მიწერილი წერილის თანახმად, მერია სთხოვს დამკვეთს მშენებლობის ნებართვის წარმოდგენას, იმისათვის, რომ მას მიეცეს მიწის ნაკვეთზე არსებული ხეებისა და მწვანე ნარგავების ჭრისა და გადარგვის უფლება.

“ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში იყენებს დასასვენებლად, სავარჯოშოდ, ბავშვების გასასეირნებლად. ეს ტერიტორია მიმდებარე დასახლებისთვის მნიშვნელოვან სავენტილაციო კერას წარმოადგენს. გარდა ამისა, კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გერმანელ ტყვეთა სასაფლაოცაა. მკაფიოდ გამოვყოფთ იმ ფაქტს, რომ ქალაქი უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ამ პირობებში, როდესაც უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული სარეკრეაციო ზონების შენარჩუნება, არამედ სხვა შესაბამისი ტერიტორიების გამწვანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ამგვარი მშენებლობის შეთანხმება და ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგება კანონს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესსა და სიკეთეს, ხელყოფს ტერიტორიის სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელ ფუნქციას და კიდევ უფრო დაამძიმებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას.” - ვკითხულობთ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მცხოვრებთა განცხადებაში, რომლითაც ისინი ქალაქის მერს, არქიტექტურის სამსახურის და  ეკოლოგიის სამსახურების უფროსებს და საკრებულოს დეპუტატებს მიმართავენ და რომელზეც ამჟამად ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.  

მოქალაქეები ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას ითხოვენ. ისევე, როგორც ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნებას. 

გზის გაფართოება “ლაგუნა ვერესთან” ტროტუარის და ჭადრების ხარჯზე 

ხეების მოჭრა იგეგმება ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზეც. 

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული  ინფორმაციით, მერიის კეთილმოწყობის სამსამსახური გეგმავს ლაგუნა-ვერეს მიმდებარედ არსებული გზის გაფართოებას.

“რადგან საცობები აღნიშნულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რაც დისკომფორტს უქმნის, როგორც სამოქალაქო, ასევე სასწრაფო დახმარებისა და საანძრო-სამაშველო ბრიგადების ტრანსპორტის დროულ გადაადგილებას. აგერთვე პიკის საათებში საცობებისას წარმოქმნილი ტრანსპორტის გამონაბოლქვი კიდევ უფრო აბინძურებს ჰაერს და ეკოლოგიურ მდგომარეობას. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მერიის კეთილმოწყობის სამსამსახური პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. ამ ეტაპისთვის იგეგმება ლაგუნა-ვერეს მიმდებარედ არსებული გზის გაფართოება, გზის გაგანიერბა მოხდება არსებული ტროტუარის ხარჯზე, რისთვისაც აუცილებელია ტროტუარზე არსებული 10 ძირი ჭადრის ხის მოჭრა.” - ვკითხულობთ ეკოლოგიის სამსახურის განცხადებაში. 

თუმცა ამავე დროს გივი კუბლაშვილი, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ “არსებობს ძალიან კარგი პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენი ქალაქის მოსახლეობას გადააადგილდნენ კომფორტულად და იმ მონაკვეთსი არსებული საცობები განიტვირთოს. არანაირი ხის მოჭრდა არ იგეგმება. ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიებთან”. 

პარტიზანი მებაღეები ცდილობენ ამ ხეების მოჭრა არ დაუშვან. ნატა ფერაძე ამბობს, რომ გზის გაფართოება გაცილებით მეტ მანქანას მიიზიდავს, საცობიც უფრო ხშირად შეიქმნება და ჰაერის დაბინძურებაც მეტი იქნება. მით უფრო, რომ იქ ჭადრებიც აღარ დარჩება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^