Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კედელთან მიყენებული ლიტერატურა

26 აპრილი 2016

ცნობილია, რომ გამორჩეულად საშიშ პროფესიებს შორის სახელდება მასწავლებლობა, ასტრონავტობა, ტაქსის მძღოლობა და ა. შ. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროფესია სწორედ მწერლობაა - ბოლოს და ბოლოს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში იშვიათად შეხვდებით იმდენ თვითმკვლელობას, რამდენსაც მწერლობაში.

მწერლობა სიცოცხლეს გვჩუქნის და ვფიქრობ, ამ სიცოცხლეს სწორედ თავის ავტორს, მწერალს ართმევს.

რთული დამოკიდებულება მწერლობასთან - ეს ის ნიშანია, რაც ყველა ეპოქას აერთიანებს; არაერთხელ გვინახავს, რომ ნაწარმოების, ნააზრევის გამო საზოგადოებას მწერალი არ მოსწონებოდა და განედევნა კიდეც. დევნის ფორმა? რომელიც გენებოთ!

ეს მწერალთა საერთო ხვედრია და გოეთესავით ბედნიერი მწერალი იშვიათი გამონაკლისია; ძირითადად, როგორც წესი, მწერლობა განსაკუთრებულ განსაცდელში აღმოჩნდება ხოლმე.

მწერლებმა შეავსეს კაცობრიობის ტანჯული იმ ადამიანების რიცხვი, უზარმაზარი კონტინგენტი, რომლებსაც პატიმრები ჰქვიათ. პატიმარი მწერლების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მათ შორის კი ისეთი დიდი მწერლებიც არიან, როგორიც იყო სერვანტესი - ინტენდანტის თანამდებობაზე დანიშნული უპატიოსნესი და ბუნებით უაღრესად არაპრაქტიკული კაცი, რომელმაც ვერ, ან არ დაითვალა, ან მოატყუეს და ციხეში აღმოჩნდა. არადა, მიუხედავად იმისა, რომ „დონ კიხოტის“ ორივე ტომი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მის სიცოცხლეშივე ითარგმნა, მაინც სიღარიბეში ცხოვრობდა; ჰოდა, ამის ფონზე, რა გასაკვირია, რომ სამხედრო ნაწილების სურსათის უზრუნველყოფის საქმეს შესჭიდებოდა და დონ კიხოტური ამბავი დამართვოდა?!

ცნობილია, რომ პეტრაშევსკის ჯგუფში მონაწილეობისა და მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისთვის თეოდორ დოსტოევსკის სიკვდილი მიესაჯა, სასიკვდილო განაჩენი კი შემდგომში კატორღით შეეცვალა. ამ კაცმა ფაქტობრივად ნაჩუქარი სიცოცხლე იმისთვის გამოიყენა, რომ მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარი შედევრები შეექმნა; ამ კაცმა, სერვანტესისა არ იყოს, უზარმაზარი გავლენა იქონია არა მხოლოდ მკითხველზე, არამედ სხვა მწერლებზეც და ზოგადად, მწერლობის განვითარებაზე.

მიხეილ ლერმონტოვი                                                         მიგელ დე სერვანტესი         

ციხეში იჯდა მცირე ფორმის ბრწყინვალე ოსტატი - ო’ჰენრი. კარგი ადამიანი, რომელიც ბუღალტრულ ამბებში შეცდა, გაფლანგვა დაბრალდა და 3 წელი მოიხადა. ეტყობა, იმდენად არ ჰგავდა ო’ჰენრი სხვა დამნაშავეებს, რომ ციხეში მათთან შედარებით უკეთესი პირობები შეექმნა და სწორედ იქ ჩამოყალიბდა, როგორც მწერალი. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოსთვის ო’ჰენრის ჩუქება, გარკვეულწილად, ამ სისტემის დამსახურებაა.

ჰომოსექსუალობის გამო ციხეში მოხვდა ოსკარ უაილდი, აბა რა უნდა ვთქვათ?!

არ უნდა დაგვავიწყდეს საკონცენტრაციო ბანაკები და გულაგი. საკონცენტრაციო ბანაკში აღესრულა რობერ დესნოსი, დიდი ფრანგი პოეტი; ამას დაამატეთ გულაგში ნაჯდომთა მთელი თაობა, რამდენიმე ასეული (ათასეული თუ არა) მწერალი, მათ შორის კი ძალიან დიდები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ალექსანდრე სოლჟენიცინი და იოსებ ბროდსკი, ამავე დროს, ვარლამ შალამოვი და სხვა და სხვა.

მწერლებთან ანგარიშსწორების კიდევ ერთი გზა, სამწუხაროდ, დახვრეტა იყო. დახვრეტილთა შორის აღმოჩნდნენ დიდი პოეტი - ოსიპ მანდელშტამი და გუმილოვი, მწერალი ისააკ ბაბელი, დიდი ესპანელი პოეტი გარსია ლორკა. ამ უკანასკნელ შემთხვევას რამდენიმე საინტერესო ამბავი უკავშირდება: მოსამართლე, რომელმაც პოეტის ნეშტის ექსჰუმაციის ნებართვა გასცა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თავად ლორკას ნეშტს კი ვერ მიაგნეს. ამის გამო უამრავი მითი შეიქმნა, ერთ-ერთი კი გამორჩეულად პოეტურია. ამ მითის მიხედვით, გარსია ლორკა არ დაუხვრეტიათ. ის გადარჩა, თუმცა ამ შოკისმომგვრელი სიტუაციის გამო, მეხსიერება დაკარგა და ასე, მეხსიერებადაკარგული, არგენტინაში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც აღარ ახსოვდა, რომ ოდესღაც დიდი პოეტი იყო.

როდესაც საქმე მწერლობას ეხება, ამ ტიპის მითები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ამბავია.

ასეთი ბედი ჰქონდა მწერლობას. მწერლებს აპატიმრებდნენ, ხვრეტდნენ, ან უბრალოდ კლავდნენ, ისე, როგორც მოკლეს დუელში პუშკინი და ლერმონტოვი; თუმცა, ამას გარდა, თავად მწერლებთან საქმის გარჩევასთან ერთად, მწერლობასთან ბრძოლა მათ შემოქმედებასთან საქმის გარჩევის ისტორიაცაა.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მწერლობასთან მიმართებაში სერიოზული იდეოლოგიური ინტერესი გამოხატა ფაშისტურმა ხელისუფლებამ - მოეწყო შუასაუკუნეობრივი აუტოდაფეები, სადაც არაერთი ცნობილი მწერლის წიგნი დაწვეს.

იმ განათლებულ ხალხში, რომელმაც მსოფლიოს მისცა გოეთე და შილერი, იმ ადამიანებში, რომელთაც მსოფლიო კულტურაში ასეთი დიდი წვლილი შეიტანეს, დაიბადა მთელი თაობა არა მარტო გენერალიტეტის, არამედ რიგითი მოქალაქეებისა, რომელთაც წიგნები სახლებიდან გამოიტანეს და დაწვეს.

საინტერესოა, რომ „საკოცონე“ წიგნებს შორის იმ ავტორთა ნაწარმოებებიც აღმოჩნდა, რომლებიც, ასე ვთქვათ, სამშობლოშიც არ იყვნენ პოპულარულები - ისააკ ბაბელი სტალინმა დახვრიტა, ფაშისტებმა კი, ყოველი შემთხვევისთვის, მისი წიგნები დაწვეს.

დაწვეს ბერტოლდ ბრეხტის, იაროსლავ ჰაშეკის, ჯონდოს პასოსის, თეოდორ დრაიზერის, ანა ზეგერსის, რუსი მწერლების: გორკის, ზოშენკოს, ლეონიდ ლეონოვის წიგნები; ასევე, არ დაივიწყეს ჯეკ ლონდონი.

ამ აუტოდაფეზე გამოტანილი იყო ისეთი წიგნი, როგორიცაა, ერიხ მარია რემარკის შემოქმედების მწვერვალი, პაციფისტური ლიტერატურის ერთ-ერთი პიონერი - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

არ დაინდეს გერმანული კულტურის ყველაზე დიდი წარმომადგენლებიც კი, როგორებიც იყვნენ ჰაინრიხ და თომას მანები. სხვათა შორის, დაიწვა თომას მანის ვაჟის ნაწერებიც. დაწვეს არტურ შნიცლერის, შტეფან ცვაიგის, ჰემინგუეის, ეპტონ სინკლერის წიგნები.

ალექსანდრე პუშკინი                                                                          სალმან რუშდი

უზარმაზარია ფაშისტების მიერ შექმნილი და განადგურებული წიგნების ნუსხა...

საერთოდაც, წიგნების დაწვა ახალი იდეოლოგიის დამკვიდრების ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობაა. ადამიანებს გული რომ არ ვატკინოთ, აღარ ვიტყვი, კონკრეტულად ვის და რას ეხებოდა, მაგრამ შემიძლია შეგახსენოთ, რომ საქართველოშიც, ერთ-ერთ იდეოლოგიურ მოსახვევში, ეგზალტირებულმა ქალბატონებმა რამდენიმე წიგნი დაწვეს, მათ შორის, რატომღაც, „ვეფხისტყაოსანიც“ აღმოჩნდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, არა შოთა რუსთაველის, არამედ ამ წიგნის გამომცემლის გამო.

ლიტერატურასთან საქმის გარჩევისას წიგნის დაწვაზე უარესიც შეიძლება მოხდეს - წიგნის აკრძალვა, რომელიც ყველა ტიპის ლიტერატურას შეიძლება შეეხოს. არის ქვეყნები, სადაც აკრძალულია ბიბლია, ყურანი. არსებობს ქვეყნები, სადაც არ შეიძლება სხვა იდეოლოგიის წარმომადგენელთა ნაწერების გავრცელება. ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც რაღაც არ არის აკრძალული, მაგალითად, ბაჰაიზმი, ან იეჰოვას მოწმეები, მაგრამ მათ წინააღმდეგ ისეთი ტიპის ბრძოლა მიმდინარეობს, რომ ამას, რა თქმა უნდა, აკრძალვა სჯობს.

წიგნების აკრძალვის ფენომენი ჯერ კიდევ ძველ დროში გვხვდება. ვიცით, რომ მაგალითად, ქრისტიანობის დასაწყისში არსებობდა ე. წ. აპოკრიფები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს კანონიკური და აკრძალული ძეგლები - ოთხი სახარება, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობთ და მათ გარდა კიდევ რამდენიმე სახარება, რომელიც აპოკრიფულია და, ფაქტობრივად, აკრძალულიც. საუდის არაბეთში ბიბლია დღესაც აკრძალულია.

ამ იდეოლოგიური, თუ რელიგიური წიგნების აკრძალვა, რა თქმა უნდა, გაუგებარი არ არის, თუმცა განსაკუთრებულია შემთხვევები, როდესაც იკრძალებოდა მხატვრული ლიტერატურის ძეგლები.

აკრძალულ წიგნებში აღმოჩნდა „მადამ ბოვარი“, რომელიც ჟურნალში იბეჭდებოდა და წიგნად გამოცემისას ცენზურამ აკრძალა. გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელიც ფლობერისა და მისი მკითხველების გასახარად, კეთილად დასრულდა. ფრანგულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფრანგულ სინამდვილეში ასეთი წიგნი შეიძლება არსებობდეს.

არაერთ ქვეყანაში, საკმაოდ მკაცრად იკრძალებოდა „დეკამერონი“, მსოფლიო ლიტერატურის ეს შესანიშნავი ნაწარმოები. გასაგებია, რომ ბოკაჩოს ამ საკმაოდ გულწრფელ, პოეტურ შედევრს, ნატურალისტური სექსუალური სცენების აღწერის გამო კრძალავდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრძალული იყო ჯოფრი ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობები“, თუმცა ეს ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას ყველაზე უარესად არ ახასიათებს: იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა „კომუნისტი ავტორის - არისტოფანეს“ აკრძალვის ბრძანება გასცა.

სექსუალური სცენების გამო, დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო დევიდ ლოურენსის „ლედი ჩატერლეის საყვარელი“.

ისეც მომხდარა, ერთ დიდ მწერალს მეორე დიდი მწერლის ნაწარმოებზე ეთქვას გენიალურია, მაგრამ ამის დაბეჭდვა არ შეიძლება, ასაკრძალიაო. ასეთი იყო დიდი პოეტის, არქიტექტორის, აკადემიკოსის, პოლ ვალერის აზრი ჟან ჟენეს შემოქმედებაზე.

დიდი ბერძენი მწერლის, ნობელიანტი ნიკოს კაზანძაკისის ნაწარმოები „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა. ზოგადად, კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების სია იმდენად გრძელია, რომ მის წაკითხვას აზრი არ აქვს. აქ ნახავთ უამრავ აკრძალულ ნაწარმოებს, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის აუცილებელი ნაწილია.

სალმან რუშდის „ეშმაკეული აიები“ არათუ აკრძალულია, არამედ, ამ ნაწარმოების გამო, თავად ავტორი სიკვდილმისჯილთა რიგებშიც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა თეირანმა რამდენჯერმე განაცხადა, რუშდის არაფერს ვერჩითო, მწერალი კვლავ დაცვის ქვეშაა, რადგან, აიათოლა ხომეინის გამოცემული ფეტვა, პრინციპში, გაუქმებული თითქოს არ არის.

ოსკარ უაილდი                                                                                 ედგარ ალან პო

ბუნებრივია, ტოტალიტარულ სისტემაში იკრძალებოდა ყველა ის ნაწარმოები, რომელიც ამ სისტემას აღწერდა. საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ორუელის როგორც „1984“, ასევე, განსაკუთრებით, „ცხოველების ფერმა“. ჯორჯ ორუელის ბიოგრაფიაშიც კი არ იყო აღნიშნული, რომ მას ეს ნაწარმოებები ჰქონდა დაწერილი.

საბჭოთა შიდა ცენზურა ამოქმედდა ევგენი ზამიატინის მიმართ, როდესაც მისი ნაწარმოები „ჩვენ“ აიკრძალა, თუმცა, უცნაურად გამოეპარათ ანდრეი პლატონოვის შემოქმედება, რომელიც არასდროს აუკრძალავთ.

დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო ნობელის პრემიის ლაურეატის ბრწყინვალე რომანი, რომელსაც კაცმა არ იცის, რა ჰქონდა ასაკრძალი. დღეს ვერავინ გაიგებს, რას ერჩოდნენ „ექიმ ჟივაგოს“ და რატომ უნდა მიეყვანათ სიკვდილამდე ბორის პასტერნაკი ეგზალტირებულ სტუდენტებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირმა ამ დიდ მწერალს ნობელის პრემიაზე უარი ათქმევინა.

არსებობდა ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ იკრძალებოდა, რომ ავტორმა იცოდა, რასაც წერდა და მის გამოქვეყნებაზე არც უფიქრია. მიხეილ ბულგაკოვმა იცოდა, რომ „ოსტატი და მარგარიტას“ გამოქვეყნება მის სიცოცხლეში შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო როდესაც უშიშროების სამსახური მის სახლს ჩხრეკდა, მწერლის მეუღლემ ფურცლები სხეულზე შემოიკრა და ნაწარმოები ამით გადაარჩინა. ბულგაკოვი 1940 წელს გარდაიცვალა, მისმა ქვრივმა კი იმდენი მოახერხა, რომ „ოსტატი და მარგარიტა“ 60-იან წლებში დაიბეჭდა.

ყველა ეპოქას თავისებური აკრძალვები ახასიათებს და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არაერთი მწერალი წერს ისეთ ნაწარმოებს, რომლის გამოქვეყნებაც მომავალში იქნება შესაძლებელი. ასე მოხდა კაფკას შემთხვევაში, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მისი შემოქმედებით დაინტერესდებოდნენ, თუმცა თავად დაიბარა ანდერძად - გაენადგურებინათ მთელი მისი შემოქმედება. რომ არა მწერლის მეგობარი, რომელმაც მისი ეს სურვილი არ შეასრულა, დღეს კაფკას არც ერთი ნაწარმოები არ გვექნებოდა.

განადგურებას გადარჩენილ ლიტერატურაში შეგვიძლია დავასახელოთ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი შედევრი, ვერგილიუსის „ენეიდა“. ავტორმა მიიჩნია, რომ ნაწარმოები არ იყო დასრულებული, შესაბამისად, არ უნდა გამოქვეყნებულიყო და სიკვდილის შემდეგ ნაწარმოების განადგურება მოითხოვა. კიდევ კარგი ამ საქმეში იმპერატორი ავგუსტუსი ჩაერია და მსოფლიოს ეს შესანიშნავი ძეგლი გადაურჩინა.

დევნილი მწერლები, დახვრეტილი ავტორები, აკრძალული წიგნები, ასეთი ამბები ლიტერატურაში ჩვეულებრივი რამაა და იშვიათია მწერალი, რომელსაც ისეთი ბედი ჰქონდა, როგორიც ერთ-ერთ ქართველ პოეტს - დაბადებიდან-სიკვდილამდე ხელისგულზე რომ ატარებდნენ. ასეთი ფაქტები იშვიათია. მწერლობისთვის გაცილებით უფრო დამახასიათებელი ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, თუნდაც გალაკტიონისა და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ქართველის, უდიდესი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის ბედია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^