რეგისტრაციის ფორმა მარტივია. ვებფეიჯის პირველივე გვერდზე სანიშნია. რაც უფრო მარჯვნივ გასწევს მას მომხმარებელი, მით უფრო იზრდება იმ თანხის რაოდენობა, რომელიც მცირე პროცედურის გავლის შემდეგ ანგარიშზე რამდენიმე წამში გაჩნდება. სესხის გამცემ კომპანიას სახელი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილისა და ელ-ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი და ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა აინტერესებს. ამ ველების შევსების შემდეგ, ავტომატურად გადავდივართ რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე და თანხა ბალანსზე ირიცხება.
დიმიტრი ხუსკივაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტმა, 200-ლარიანი ონლაინსესხი სწავლის გადასახადის დასაფარად 1 წლის წინ აიღო. დღეს გადასახდელი თანხის რაოდენობა 3.5-ჯერ აღემატება პირვანდელი სესხის ძირს და დაახლოებით 700 ლარს შეადგენს:
„8-9 თვის განმავლობაში პერმანენტულად მირეკავდნენ და ყოველ დარეკვაზე პირგასამტეხლო (ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) იზრდებოდა. პირველი 3 თვის შემდეგ ჩემი ვალი უკვე 500 ლარი იყო. დღეს დამირეკეს და მითხრეს, თუ დღესვე თანხის ნაწილს არ შემოიტან, სასამართლო პროცესი ჩაინიშნებაო. ამ თანხას მე პრინციპულად არ ვიხდი, მაგრამ თან მართლა არ მაქვს“.
დიმიტრი ხუსკივაძე დარწმუნებულია, რომ მისი პირადი მონაცემები გამსესხებელ კომპანიას არ გადაუმოწმებია, რადგან სესხის აღების მომენტში მას არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა და გადახდისუნარიანი არ იყო:
სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სესხის აღებას დღეს დღეს ვერ გაექცევი. საარსებოდ და ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ერთადერთი გამოსავალია“.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაზე ეროვნული ბანკს გავლენა არ აქვს. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, რა მოხდება სამომავლოდ და მოექცევა, თუ არა ონლაინსესხების სისტემა მათი რეგულირების ქვეშ, საკანონმდებლო ორგანოზეა დამოკიდებული.
ამ ეტაპზე არ რეგულირდება უშუალოდ სესხის გაცემის პროცესი; კანონმდებლობა არ იძლევა საპროცენტო განაკვეთისა და ჯარიმების ზედა ზღვარს, არსადაა გაწერილი, თუ რა ფორმით უნდა დაიდოს ხელშეკრულება, ვინ შეიძლება იყოს სესხის გამცემი, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.
დიმიტრი ხუსკივაძის შემთხვევაში გამსესხებელ კომპანიასა და მსესხებლის მხარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხელმოწერა არ არსებობს, რადგან მან სესხზე მოთხოვნა ონლაინგანაცხადის ფორმით შეიტანა და თანხა პირდაპირ კარტაზე დაერიცხა.
დავით კიკვიძის, ონლაინსესხების ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რეგულირებული იქნება თუ არა ეს სფერო, რადგან მათი საქმიანობა აგებულია როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, ისე საერთაშორისო სტანდარტებზე და შესაბამისად, სარეგულაციო პაკეტის არსებობა მათ საქმიანობაზე გავლენას ვერ იქონიებს:
„ჩვენი ასოციაციის წევრები, ხაზს ვუსვამ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, მაქსიმალურად სრულფასოვნად სწავლობენ მომხმარებლის გადახდისუნარიანობას და მონაცემებს. რისკი მინიმუმამდე დაგვყავს, რომ სესხი არასათანადო პირმა არ აიღოს“.
ზურა კუკულაძე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა-ს) წარმომადგენელი საუბრობს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის შესახებ, რომლის თანახმადაც, ამ სფეროს ეროვნული ბანკი არეგულირებს. ის დავით კიკვიძის არგუმენტებს უსუსურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ონლაინსესხის გამცემი კომპანიები არ ასაჯაროებენ, თუ რა ეფექტური საპროცენტო განაკვეთით გასცემენ სესხს, მომხმარებელს კი ამ ინფორმაციის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს:
„ჩვენთან იყო მოსული ერთი ქალი, რომელსაც პენსიაც არ აქვს. ცხოვრობს მარტო, მეზობლების იმედად. ამ ადამიანს აქვს 450-ლარიანი სესხი აღებული. ამის რეგულირებაზეა ლაპარაკი, რომ არ დაჩაგრონ მოქალაქეები, არ შეიყვანონ შეცდომაში“.
`ლიბერალმა” ონლაინსესხების ასოციაციის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რათა მოეწოდებინათ ინფორმაცია კომპანიების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, თუმცა დავით კიკვიძის თქმით, ისინი ასეთ სტატისტიკას არ აწარმოებენ. მოცემული ინფოგრაფიკა `ბანკები და ფინანსების~ მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი.
ზურა კუკულაძის თქმით, უნდა რეგულირდებოდეს სესხის ამოღების მეთოდოლოგია, რადგან აღსრულების კომპანიები უმრავლეს შემთხვევაში იყენებენ უკანონო მეთოდებს, შანტაჟს, მუქარას და მსგავსი ტიპის კრიმინალურ ქმედებებს:
„სესხის ამომღები კომპანიები მესამე პირზე გასცემენ ინფორმაციას. ძალიან ხშირად ისინი ურეკავენ მსესხებლის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ემუქრებიან, რომ აიძულებენ, სამსახურიდან გააგდონ. ამ შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, სასამართლოში შეიტანონ სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ასეთი მეთოდოლოგიით მუშაობს“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები აუცილებელია. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთი და ჯარიმები არის სარგებელი, რომელიც მხარეთა შეთანხმებითაა გათვალისწინებული და ისინი თავადვე განსაზღვრავენ ოდენობას, მაგრამ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პროცენტზე შეთანხმება ზედმეტად მაღალი იყო, ამორალურ გარიგებად მიიჩნია და ბათილად ცნო:
„სასამართლოს შეუძლია, შეამციროს კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმა. გარდა ამისა, სესხი შეიძლება გაიცეს ისე, რომ საერთოდ არ ჰქონდეს ამა თუ იმ პირს შემოსავალი. მსესხებლების დიდი ნაწილი არაგადამხდელუნარიანია. ასევე გარკვეულ შემთხვევებში პრობლემას ქმნის ონლაინხელშეკრულების დადების პროცესი, რომელიც რეგულირების გარეთაა. წერილობითი ხელშეკრულების შემთხვევაში საჭიროა პირების ხელმოწერა. ონლაინხელშეკრულების შემთხვევაში ხელმოწერა არ არსებობს“.
ფინანსისტ რომან გოცირიძის თქმით, ონლაინსესხის გამცემი კომპანიების რეგულირების მოთხოვნა არის ანტისაბანკო ისტერიის ნაწილი, რომელიც მხოლოდ ამ კომპანიებთან მტრულ დამოკიდებულებაში არ გამოიხატება. მისი თქმით, გარკვეული ტიპის რეგულირება შეიძლება, თუმცა ეს არ უნდა ეხებოდეს პროცენტს, რადგან პროცენტი პირადი შეთანხმების შედეგად დგინდება. რომან გოცირიძისთვის მხოლოდ ფორმალური და ზედაპირული რეგულირება მისაღებია, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ კომპანიებს ამ პროცესმა ბარიერები არ უნდა შეუქმნას:
„მიდის გააფთრებული ბრძოლა, ვიღაც მოსოციალისტურო ტიპის ადამიანებისგან, რომლებიც, როგორც წესი, მთავრობას ემსახურებიან. თითქოს ადამიანებზე ზრუნვის მოტივი აქვთ, სინამდვილეში საფინანსო სისტემას ანგრევენ ასეთი გადაწყვეტილებებით. ამოიჩემეს ეს ონლაინსესხის გამცემი კომპანიები იმის გამო, რომ ვითომ მაღალი პროცენტით იძლევიან სესხს. სინამდვილეში მთელი აქტივები და გაცემული კრედიტების რაოდენობა არის იმაზე მაღალი, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო მთელი საბანკო სისტემა. უზარმაზარ როლს თამაშობენ ბაზარზე. ეს არის ქვეყანაში ნდობაზე და კანონმდებლობით გამყარებული სისტემის დანგრევის მცდელობა. იმ სისტემის, რომელმაც საქართველოში კონკურენტული სტაბილური, ჯანსაღი ბაზარი შექმნა“.
ის აღნიშნავს, რომ ონლაინგამსესხებლები მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებს არ სწავლობენ და განმარტავს, რომ კომპანიებს მაღალი მარჟის ხარჯზე აქვთ მოგება:
„პასუხისმგებლობა ორმხრივია. ეს არის საბაზრო ეკონომიკა, ეს არის ორი მხარის არჩევანი. ერთი მხარე იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაასესხოს, რა ფორმით უნდა და როგორ უნდა, მეორე მხარე ამას სთანხმდება. თუ არ დასთანხმდა, კომპანია ვერაფერსაც ვერ გაასესხებს. ერთია, რომ ადამიანმა არ უნდა აიღოს ეს ვალდებულება, როცა არ აქვს შესაძლებლობა, მაგრამ გამსესხებლის ვალიცაა, დეტალურად შეისწავლოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა. ონლაინსესხების გამცემ კომპანიებს უღირთ, რაც შეიძლება მეტი სესხი გასცენ და თუნდაც 20% უკან არ დაბრუნდეს. ისინი მაინც მოგებაში რჩებიან, ტაქტიკური ნაბიჯია“.
სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, სოფიო ბეროშვილი კი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ონლაინსესხების ფინანსური მომსახურება იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას და რჩება განცდა, რომ თვითონ ამ ბიზნესის წარმომადგენლები ორიენტირებულები არიან, მოსახლეობიდან ამოიღონ მთელი კაპიტალი, რაზეც კი მიუწვდებათ ხელი:
„მომხმარებელმა ხშირ შემთხვევაში არ იცის, თუ რა ძვირი პროდუქტით სარგებლობს, ამიტომ ადამიანებს აღებული სესხის ორმაგი და სამმაგი ოდენობის გადახდა უწევთ. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არ შეიძლება, ბიზნესმა ისარგებლოს ადამიანის სპეციფიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ანუ შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობით და ამით აკეთონ ფული. გაზრდილ ჯარიმებსა და საპროცენტო განაკვეთებს მოჰყვება მევალეთა რეესტრში მოხვედრა და კერძო აღმასრულებლების ჩართვა, რაც უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციით მთავრდება“.
სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ონლაინსესხის გამცემი კომპანიების საქმიანობა უნდა დაექვემდებაროს გარკვეული სახის რეგულაციებს ეროვნული ბანკის მხრიდან ისე, როგორც ბევრ ევროპულ სახელმწიფოშია. სოფიო ბეროშვილის თქმით, საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ მომხმარებლის უფლებების რეალიზაციაზე, რადგან ეს სფერო კიდევ ერთი კაბალური მახეა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის დასამძიმებლად:
„ყველა გაცემული სესხი უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაბრუნებადობით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ონლაინსესხები არ სწავლობენ მსესხებლის ფინანსურ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ონლაინკრედიტები არ უზრუნველყოფენ პასუხისმგებლიან დაკრედიტებას და ხშირად სესხს უმტკიცებენ უმუშევარ ან/და სოციალურად დაუცველ პირს, რაც დაუშვებელია. პასუხისმგებლიანი დაკრედიტება გულისხმობს კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გაანალიზებას, კრედიტის რეალური საჭიროების დადგენას და თანხის იმ ოდენობის განსაზღვრას, რომლის გადახდის საშუალებაც აქვს მას. ასე ონლაინსესხების შემთხვევაში არ ხდება“.
ამერიკის 27 შტატში მსგავსი კომპანიების არსებობა აკრძალულია სამი ფაქტორის გამო - იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სარგებლობდნენ ონლაინსესხებით, აღინიშნა გაკოტრების შემთხვევების საგრძნობლად დიდი რაოდენობა (საშუალოდ, 1000%-იანი საპროცენტო განაკვეთის გამო), ვალის ამოღების მეთოდები იყო უსამართლო, არალეგალური და სესხები ავტომატური გადავადებით ზრდიდა მსესხებლის ვალის რაოდენობას.
ევროპის ქვეყნებში ონლაინგამსესხებელი კომპანიების საქმიანობა აკრძალულია, ან მკაცრად რეგულირდება.