სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტში ჩამოყალიბდა. მოძრაობაში გაერთიანებულმა სტუდენტებმა მიზნად სისტემური ცვლილებები დაისახეს.
თსუ-ის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში სტუდენტები ნელ-ნელა იკრიბებიან. აუდიტორია თანდათან ივსება. ზოგი სკამზე ზის, ზოგიც - იატაკზე. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. დღევანდელი შეხვედრის „მოდერატორი“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი თორნიკე შევარდნაძეა. თორნიკე მაგიდასთან ზის. მის უკან დაფაა. დაფაზე ცარცით წერია „ავტონომია უნივერსიტეტს!“, - ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად სკანდირებდნენ სტუდენტები მარტში გამართული საპროტესტო აქციების დროს. დღევანდელ შეხვედრაზე სტუდენტები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესზე მსჯელობენ. თორნიკე ფურცელზე იმ სტუდენტების გვარებს ინიშნავს, რომლებსაც სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოხატვა სურთ. „რეგლამენტი 2-3 წუთი“, - ეუბნება ტრიბუნასთან გამოსულ სტუდენტს. ხანგრძლივი საუბარი და მსჯელობა მათი შეხვედრებისთვის უცხო არ არის.
„აუდიტორია 115“ გადაწყვეტილების მიღებისას პირდაპირი დემოკრატიის პრინციპით ხელმძღვანელობს. „როცა ამ აუდიტორიაში პირველად შემოვედით, ასზე მეტი სტუდენტი ვიყავით, ყველას თავისი აზრი ჰქონდა. გადავწყვიტეთ, თითო სტუდენტს თითო ხმა ჰქონოდა, ვისაც სურვილი ჰქონდა, აზრი გამოეთქვა, მიღებული გადაწყვეტილებისთვის კი კენჭი გვეყარა. ამან გაამართლა. მას შემდეგ ყველა საკითხის გადაწყვეტისას ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ“, - ამბობს თორნიკე შევარდნაძე.
იგი გადაწყვეტილების მიღების ამ მეთოდს მოძრაობის სუსტ და იმავდროულად ძლიერ მხარედ განიხილავს. მთავარ პრობლემად დროის ფაქტორს ასახელებს. თუმცა, მისი თქმით, მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიღების ეს ფორმა სტუდენტებში თანამონაწილეობის განცდას ბადებს, თითოეული წევრი თანაბარ პასუხისმგებლობას გრძნობს, რაც ერთმანეთის მიმართ ნდობასა და ურთიერთპატივისცემას განაპირობებს.
სანამ აქ შეკრებილი სტუდენტები თავიანთ თავს „აუდიტორია 115-ს“ წევრებად მოიხსენიებდნენ და უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად გამართავდნენ, იყო 7 მარტის საპროტესტო აქცია.
სტუდენტური პროტესტი თსუ-ში
„არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს!“, - ამ მოთხოვნით, 7 მარტს თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
სტუდენტების პროტესტი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისთვის ბაკურიანში ტრენინგების დასაფინანსებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილმა 24 600 ლარმა გამოიწვია. სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ უნივერსიტეტის მცირე ბიუჯეტის პირობებში, ტრენინგისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივი იყო. გარდა ამისა, აქციაზე შეკრებილი სტუდენტები უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებდნენ. მიზეზად კი განმარტავდნენ, რომ გაფრინდაშვილი 2011-2012 წლებში, როცა სტუდენტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები მოხდა, ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო და თვითმმართველობის სასარგებლოდ მოძალადე სტუდენტებს ხელს აფარებდა. სტუდენტები ეჭვობდნენ, რომ მისი კანცლერად არჩევის შემთხვევაში, თვითმმართველობის პრივილეგია შენარჩუნდებოდა და უნივერსიტეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვაც გაგრძელდებოდა.
აქციის შემდგომ რექტორსა და აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე სტუდენტების კითხვის პასუხად, იყვნენ თუ არა უნივერსიტეტში სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები, ე.წ. „ოდეერები“, რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აღნიშნული ინსტიტუტის არსებობა დაადასტურა. მომდევნო აქციებზე სტუდენტების მოთხოვნებს, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნისა და თვითმმართველობის რეფორმის საკითხს, ე.წ. „ოდეერების“ შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნაც დაემატა.
16 მარტს „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებმა მანიფესტი გამოაქვეყნეს და სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით, აუდიტორია დატოვეს, სადაც ექვსი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ მანიფესტით ამცნეს მათ საზოგადოებას, მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ დაარსების შესახებ, რომელიც, მათი თქმით, განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი უნდა გამხდარიყო.
„ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში. ამიტომ ამ დროისათვის ჩვენი მთავარი, რადიკალური მოთხოვნაა: არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება, როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა. მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით; საკანონმდებლო ცვლილებები, აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა და სენატის ინსტიტუტებს.
ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ „ოდეერებისგან”, - წერდნენ სტუდენტები მანიფესტში.
„აუდიტორია 115“. ფოტო: სოფო აფციაური
29 მარტს სტუდენტური თვითმმართველობის შვიდმა წევრმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, მათ მიაჩნდათ, რომ რექტორმა უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს თავი ვერ გაართვა. ამავე დღეს „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებმა განცხადება გაავრცელეს და უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის გამოცხადება მოითხოვეს.
მეორე დღეს თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ-ის რექტორის, ვლადიმერ პაპავას განცხადება 1 მაისიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. რაც შეეხება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებას, 1 აპრილს „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საბჭო თანახმაა, უფლებამოსილება 15 მაისს შეუწყდეს. 20 აპრილს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, მას ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი აქვს.
„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობენ და თვითმმართველობის რეფორმის, აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობენ.
„ავტონომია უნივერსიტეტს!“ - ბრძოლა სისტემური რეფორმებისთვის
„მოძრაობის ყველა წევრი აცნობიერებს, რომ გარდაქმნებისთვის ბრძოლა ძალიან რთულია. არც პერმანენტული აქციები იყო მარტივი, მაგრამ რეალურად უფრო რთული ეტაპი - რუტინული შრომა წინ გვაქვს. ჩვენზეა დამოკიდებული, მოლაპარაკებების პროცესში როგორ მტკიცედ დავდგებით ამ იდეების განხორციელების სადარაჯოზე“, - ამბობს მოძრაობის წევრი ოთო კობახიძე.
„აუდიტორია 115-ის“ წევრები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი უნივერსიტეტში სისტემური ცვლილებებია. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება თვითმმართველობის რეფორმის საკითხს გულისხმობს.
„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტების აზრით, თვითმმართველობის არსებული სისტემა სრულიად უნდა გარდაიქმნას, რაც თვითმმართველობის ფუნქციად მხოლოდ წარმომადგენლობით საბჭოებში მუშაობას გულისხმობს. ამასთანავე, თვითმმართველობამ უნდა გააუქმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და დეპარტამენტები. რაც შეეხება სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებას, უნდა შეიქმნას მათთვის გამოყოფილი დაფინანსების საგრანტო-საკონკურსო კომისია, რათა თანხა გამოიყენონ თავისუფალმა კლუბებმა, რომლებიც თავად დაგეგმავენ სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობას. სტუდენტებმა თავიანთი ხედვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკვე გააცნეს. თავის მხრივ, განათლების სამინისტრო მზადაა, სტუდენტებთან თანამშრომლობით თვითმმართველობის რეფორმის კანონპროექტი შეიმუშაოს და მაისამდე დაამტკიცოს, თვითმმართველობის არჩევნების ახალი რეგულაციით გასამართად.
„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებს აქციების მიმდინარეობისას სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მუშებმა. ამგვარ სოლიდარობას მოძრაობის წევრი ოთო კობახიძე იმით ხსნის, რომ მოძრაობაში შემავალი ჯგუფები წლების განმავლობაში თავად უცხადებდნენ სოლიდარობას „საზოგადოების უფლებააყრილ ნაწილს”, - მუშებს, მაღაროელებს, რკინიგზელებს, მეშახტეებს.
„მათ დაინახეს რომ ეს პროტესტი არის ძალიან გულწრფელი, მიმართულია არა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, არამედ ორიენტირებულია სისტემურ გარდაქმნებზე, რომელმაც უნივერსიტეტში უნდა მოიტანოს მეტი დემოკრატია, აკადემიური თავისუფლება, უნივერსიტეტის ავტონომია. ცხადია, ამით დაინტერესებულია ყველა, ვისაც ქვეყნის განვითარება უნდა“, - ამბობს ოთო კობახიძე.
მოძრაობის წევრის, ლევან ლორთქიფანიძის განმარტებით, როდესაც სტუდენტები უნივერსიტეტის ავტონომიას მოითხოვენ ამაში ოთხი ძირითადი საკითხი იგულისხმება - აკადემიური თავისუფლება, აკადემიური ხარისხი, ფინანსური დამოუკიდებლობა და მმართველობის დემოკრატიული სისტემა. „ამ ოთხი კომპონენტიდან რომელიმე თუ არ სრულდება, უნივერსიტეტში ავტონომიაზე საუბარი ზედმეტია“, - ამბობს ის.
ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტური მოძრაობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე ისაა, რომ მოძრაობის რომანტიზება არ მოხდეს, განვითარებული მოვლენები გადაჭარბებით არ შეაფასონ და სტუდენტებს შორის მოტივაცია არ ჩაქრეს.
გამოწვევად მიიჩნევს იმასაც, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები სტუდენტების რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე მიკუთვნებით მათ დისკრედიტაციას ცდილობენ, რადგან მისი თქმით, მსგავსი იარლიყების მიკერებით, გულწრფელ მუხტს, რომელიც სტუდენტებს ამოძრავებს შესაძლოა ჩრდილი მიადგეს.
„აუდიტორია 115-ის“ წევრები საპროტესტო აქციების დროს ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ მათი მოძრაობა აპარტიული იყო და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებდნენ სტუდენტების პროტესტი პირადი ინტერესებისათვის არ გამოეყენებინათ, თუმცა საზოგადოების ნაწილში კითხვას ბადებდნენ მოძრაობის ის წევრები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდებოდნენ.
ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ნებისმიერ ინიციატივას მოძრაობაში დეტალური განხილვის, მსჯელობისა და ანალიზის შემდეგ იღებენ. ასე რომ, ფაქტობრივად, მინიმალურია იმის ალბათობა, რომ სტუდენტური პროტესტი რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ სათავისოდ გამოიყენოს.
„ჩვენ არ ვიკადრებთ ადამიანების სეგრეგაციას და სტიგმატიზაციას იმის გამო, რომ ისინი რომელიმე პარტიის წევრები იყვნენ ან ახლაც არიან. მათ განვიხილავ, როგორც უნივერსიტეტსა და განათლების სისტემაში გარდაქმნისთვის მებრძოლ ადამიანებს. ცხადია, მათ რაღაც ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს საერთო კრება, რომელიც ძალიან გაფაციცებულია მსგავს საკითხებზე", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ ძლიერი მხარე გულწრფელი სტუდენტები არიან, რომლებიც უნივერსიტეტში რეფორმებს მოითხოვენ.
სუსტ მხარეებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ მოძრაობის ყველა წევრს არა აქვს გააზრებული, თუ რა უნდა გააკეთონ სამომავლოდ, - „იოლია დანგრევა, გაცილებით რთულია აშენება, მით უმეტეს, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც ახლა თსუ-შია შექმნილი. ასევე სუსტი მხარეა ის, რომ აუდიტორიაში არიან ადამიანები, რომელთაც ან პოლიტიკური, ან პარტიული დღის წესრიგი აქვთ. მე არც ამაში ვხედავ დიდ პრობლემას, თუმცა, ზოგადად, მოძრაობის რეპუტაციისთვის კარგი არ არის“.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ მოძრაობა პოზიტიურ როლს თამაშობს თსუ-ში მიმდინარე მოვლენებში, სწორედ ამიტომ მან არსებობა უნდა გააგრძელოს და სისტემური რეფორმების მისაღწევად კიდევ უფრო გააქტიურდეს, რადგან „მცირე, კოსმეტიკური ცვლილებები“ უნივერსიტეტში არაფერს შეცვლის.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სალომე დუნდუას თქმით, უნივერსიტეტში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც აქამდე ხდებოდა. სტუდენტურმა მოძრაობამ დღის წესრიგში დააყენა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც უნივერსიტეტში წლების განმავლობაში არსებობდა.
დუნდუას აზრით, დადებითი ფაქტორია ის, რომ „აუდიტორია 115-ში“ გაერთიანებულები არიან აბსოლუტურად განსხვავებული სტუდენტები, სხვადასხვა ღირებულების, პოლიტიკური მრწამსისა თუ ფასეულობების ადამიანები. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მოძრაობას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და პასუხისმგებლობას თითოეული წევრი თანაბრად ინაწილებს, სტუდენტები თანმიმდევრულად მიჰყვებიან თავიანთ იდეებს.
„ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ვითარება ძალიან დაძაბულია, შეიძლება ითქვას, გაურკვეველი. რექტორი გადადგა, არ გვყავს კანცლერი, ძალიან მელე დაიშლება აკადემიური საბჭო, და რა იქნება ამის შემდეგ? ასეთ ვითარებაში, როგორც იტყვიან, „მღვრიე წყალში“ ბევრი შეეცდება, რაღაც სარგებელი ნახოს. დღეს მოძრაობის მთავარი გამოწვევა სწორედ ისაა, რომ არ დაკარგონ ის იდეა, რომლისთვისაც იბრძვიან, ამის გარკვეული საფრთხეები შეიძლება არსებობდეს. პრობლემების ერთ ეტაპზე მოგვარება არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება, მუდმივი მეთვალყურეობა აუცილებელია", - ამბობს სალომე დუნდუა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური პროტესტი 7 მარტის აქციით არ დაწყებულა. თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოსთვის სტუდენტური აქციები უცხო არ არის. წლების განმავლობაში თსუ-ში არსებობდნენ სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ, მართავდნენ აქციებს, სამუშაო შეხვედრებს. დღეს „აუდიტორია 115-ის“ წევრებს შორის ბევრია ისეთი სტუდენტი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა სტუდენტურ მოძრაობაში იყო გაერთიანებული. სტუდენტები ამბობენ, რომ ეს მათთვის სისტემასთან ბრძოლის ღირებული გამოცდილება იყო. ეს დაეხმარათ, დღეს კიდევ უფრო მეტი მოტივაციით იბრძოლონ საუნივერსიტეტო სივრცეში სისტემური გარდაქმნისთვის, რაც, თავის მხრივ, უნივერსიტეტს ავტონომიას მოუტანს, ხოლო სტუდენტებს ხარისხიანი განათლების შესაძლებლობას მისცემს.
ლაბორატორია 1918
სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“ 2011 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. მოძრაობა უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილო სტუდენტებს აერთიანებდა, რომლებიც „სისტემური ცვლილებებისთვის“ იბრძოდნენ. სოციალ-დემოკრატები, ანარქისტები, ნეომარქსისტები, ფემინისტები, - მოძრაობაში სხვადასხვა იდეისა და შეხედულების მქონე სტუდენტები იყვნენ გაერთიანებულები. არ ჰყავდათ ლიდერები, როგორც თავად ამბობდნენ, მოძრაობაში „ჰორიზონტალური პრინციპი იყო, რაც ჯგუფის ყველა წევრის თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობდა".
მოძრაობის ჩამოყალიბებას თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შექმნილმა დაძაბულმა მდგომარეობამ შეუწყო ხელი. აპრილში სტუდენტური გაერთიანება „თარგმნეს“ პრეზენტაციაზე, რომელიც სასწავლო მასალის ქართულ ენაზე თარგმნის პრობლემას შეეხებოდა, გაერთიანების მხარდამჭერებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე დღეშივე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ სტუდენტებმა ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
2012 წლის სექტემბერში ციხის კადრების სკანდალის დროს, „ლაბორატორია 1918“ სტუდენტური აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზატორი იყო.
"ლაბორატორია 1918". ფოტო: გიორგი გოგუა
„ლაბორატორიის მიზანი სტუდენტებში მასობრივი კონფორმიზმის დაძლევა იყო. ვფიქრობ, ეს მიზანი დღეს მიღწეულია, სულ მცირე, საუნივერსიტეტო დონეზე მაინც. როდესაც ჩვენ ვიწყებდით ბრძოლას, მაშინ სრულიად სხვა საზოგადოებრივ განწყობებთან, პოლიტიკურ სისტემასთან, ძალაუფლებრივ ჯგუფებთან გვქონდა საქმე, დღეს ვითარება ამ მხრივ ძალიან შეცვლილია. აზრის გამოხატვა და პროტესტი ქვეყანაში დღეს პროგრესის ნაწილად მიიჩნევა“, - ამბობს „ლაბორატორია 1918-ის“ წევრი ალექსანდრა აროშვილი.
მისი აზრით, მოძრაობის ძლიერი მხარე პრობლემის საფუძვლიანი გააზრება იყო, რაც მოძრაობის წევრებს ეხმარებოდა ისეთი მასშტაბის პრობლემები დაენახათ, როგორებიცაა: სოციალური უთანასწორობა, ნეოლიბერალიზმი, პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმი.
ალექსანდრა აროშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი სტრუქტურული პრობლემების გამო დაიშალა, მან არაფორმალურად განაგრძო არსებობა, იმ მოძრაობების სახით, რომლებიც „ლაბორატორიის“ შემდეგ ჩამოყალიბდნენ.
ნარინჯისფერი კლუბი
„თარგმნეს“ მოვლენები იყო დასაწყისი ჩემი თაობის სტუდენტური პროტესტის. ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ 2012 წლის მაისში სტუდენტებმა „ნარინჯისფერი კლუბი“ ჩამოვაყალიბეთ“, - ამბობს ოთო კობახიძე.
მოძრაობა მაშინ შეიქმნა, როცა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდებოდა. მოძრაობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, რომ „სისტემა მხოლოდ გარედან არ გაეკრიტიკებინათ“ და როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ისე მიიღეს მონაწილეობა. მოძრაობის ფერად ნარინჯისფერი აირჩიეს, ამიტომ „ნარინჯისფერი კლუბი“ შეარქვეს.
ოთო კობახიძე ამბობს, რომ მოძრაობის მთავარი ფასეულობა პლურალიზმი იყო. სტუდენტებს სურდათ, საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ უნივერსიტეტში არსებობდნენ კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები, რომლებიც ცვლილებებისთვის იბრძოდნენ.
არჩევნებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსზე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, - „მერე შიდა საფაკულტეტო თვითმმართველობის სხდომებზე ვცდილობდით პროგრესული მოთხოვნების დაყენებას, გამომდინარე იქიდან, რომ 4 კანდიდატი ვიყავით 16-ის წინააღმდეგ, ეს ძალიან რთული იყო. ჩვენი მეგობრები, რომლებიც უფრო რადიკალურად იყვნენ განწყობილნი სისტემის მიმართ, არჩევნებში მონაწილეობის გამო გვაკრიტიკებდნენ. ჩვენც რადიკალურად ვიყავით განწყობილნი და არ მოგვწონდა ეს სისტემა, მაგრამ ბრძოლის მეთოდები განსხვავებული იყო. თუმცა მგონია, რომ ჩვენ შევქმენით მაშინ კრიტიკული განწყობა და სტუდენტური პროტესტი სწორი მიმართულებით წარვმართეთ“.
შექმნიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად მართავდნენ შეხვედრებს, საუბრობდნენ უნივერსიტეტის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, თუმცა შემდგომ, როგორც ოთო კობახიძე იხსენებს, „ზოგადად სტუდენტური პროტესტი მინელდა“.
სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ
2015 წლის 14 სექტემბერს სასწავლო წელი სტუდენტების პროტესტით დაიწყო. სტუდენტთა ნაწილი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გამართულ ღონისძიებაზე ტრანსპარანტებით მივიდა და განათლების პოლიტიკა გააკრიტიკა.
სტუდენტები უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ. რექტორის, ვლადიმერ პაპავას პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს და უნივერსიტეტში რეფორმების საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი. მათი თქმით, უნივერსიტეტში შენარჩუნებულნი იყვნენ ძველი სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ. აქციაზე სტუდენტებმა პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება მოითხოვეს, - „სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში იმყოფებოდა განათლების მინისტრი და ეს მოთხოვნა სწორედ მისკენ იყო მიმართული. მისგან ვითხოვდით პასუხს, თუმცა მან ისე დატოვა უნივერსიტეტი, რომ სტუდენტებს არ შეგვხვედრია“, - იხსენებს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი კუპრაძე.
„სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ“ - მოძრაობის წევრები პერმანენტულად მართავდნენ შეხვედრებს და განათლების ახალ, სასურველ სისტემაზე მსჯელობდნენ. მოძრაობა ღიად აკრიტიკებდა სტუდენტურ თვითმმართველობას, სწორედ მათ გამოითხოვეს და მიმდინარე წლის 2 მარტს გაასაჯაროვეს მონაცემები თვითმმართველობის მიერ ბაკურიანის ტრენინგისთვის გახარჯული თანხის შესახებ, რაც 7 მარტის აქციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „ლიბერალის" აპრილის ნომერში. (10 აპრილი)