Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რევოლუცია აუდიტორიებიდან

18 აპრილი 2016

ინტერვიუ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან:

მრავალი სტუდენტური გაერთიანება გვინახავს მრავალი მოთხოვნით და პროტესტის მრავალი ფორმით. რით არის გამორჩეული ბოლო მოვლენები?

ვეცდები, არ ვიყო ზედმეტად პათეტიკური, მაგრამ ამ საპროტესტო აქციებმა იმდენად ემოციურად იმოქმედა ჩემზე, რომ მხოლოდ ცივი გონებით ანალიზი და მსჯელობა, უბრალოდ, ძალიან მეხამუშება. რასაც მე შევესწარი, ეს იყო რაღაც ახლის და აქამდე საქართველოში ჯერ არნახულის დაბადება. ეს იყო გულწრფელი სოლიდარობა, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანადგომაზე დამყარებული. ჩემთვის განსაცვიფრებელი იყო იმისი ნახვა, თუ როგორ ზრუნავდა აქციის თითოეული მონაწილე ერთმანეთზე, როგორ თანაბრად ინაწილებდნენ საკვებს, ეხმარებოდნენ და სათუთად ეპყრობოდნენ ერთმანეთს, გარემოს, უნივერსიტეტის აუდიტორიებსა თუ დერეფნებს. ამდენი ადამიანი ირეოდა და ერთი ნამცეცი ნაგავი არ დაუტოვებიათ. ეს უკვე მენტალური რევოლუციის პირველი ნიშანი იყო.

არც ერთი მათი ლოზუნგი თუ მოწოდება არ ყოფილა გაუაზრებელი, თვითმიზნური, კონკრეტულობას მოკლებული. ყოველი აზრი, საერთო პოზიცია, სტრატეგია - ყველაფერი ღია საუბრებსა და დისკუსიებში ჩნდებოდა. თავად ეს დისკუსიებიც, საჯარო მსჯელობები თავისუფალი იყო ყოველგვარი უშინაარსო თავმომწონეობისა და კეკლუცობისგან, ყოველგვარი სიყალბისა და თვალთმაქცობისგან, რითაც ასეთი მდიდარია ქართული პოლიტიკა.

როგორ დაახასიათებთ იმ სივრცეს, რომლის ცვლილებასაც მოითხოვენ სტუდენტები? კონკრეტულად რა მოცემულობა საჭიროებს ცვლილებებს?

სტუდენტებმა თავიანთ თავზე აიღეს იმისი გაკეთება, რასაც ვერ ბედავს, რასთანაც შეგუებულია, ან მორგებულიცაა იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც უმაღლესი განათლების სფეროში საქმიანობს. თსუ - ყველაზე ძველი და დიდი უნივერსიტეტი საქართველოში - დიდი ხანია, აღარ არის ის სივრცე, რადაც იყო ჩაფიქრებული მისი დამაარსებლების მიერ. პირველ რიგში, ეს ეხება უნივერსიტეტს, როგორც თავისუფალ სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებით სივრცეს. საბჭოთა ხანიდან მოყოლებული, თსუ სხვადასხვა სახის ძალაუფლებრივი ექსპერიმენტების ადგილია. მის კონტროლსა და მართვაზე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ თქვა უარი. უნივერსიტეტში „ოდეერების“ არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო, მისი უშიშროების სამსახურები უნივერსიტეტებს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამენ და მისი გაკონტროლება სურთ. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ დათმო ეს სამართავი ბერკეტი, ვერ გაიმეტა რეალური ავტონომია. სტუდენტური თვითმმართველობები, როგორც პოლიტიკური კარიერის ტრამპლინები, ამავე მანკიერი წრის ნაწილებია. ისინი ახალი ან სახეცვლილი ძველი ნომენკლატურის სახით მოევლინნენ უმაღლეს სასწავლებლებს, არა როგორც სტუდენტთა ინტერესების დამცველები, არამედ მათი კონტროლისა თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინსტრუმენტები. ესაა ერთგვარი პრივილეგირებული კასტა.

ყოველივე ეს მძიმედ აისახება სასწავლო თუ სამეცნიერო-კვლევით პროცესებზე. უნივერსიტეტი არათუ ვერ იძლევა სათანადო ცოდნას, არამედ მას თითქოს დაკარგულიც აქვს ამისი ნება. მატერიალური რესურსები ხშირად უაზროდ და უშინაარსოდ იფლანგება, მაშინ, როდესაც მრავალ სტუდენტს უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეში უხდება სწავლა და ცხოვრება, არ არსებობს საჭირო სახელმძღვანელოები და ა.შ. სტუდენტური პროტესტი, უპირველეს ყოვლისა, ამ მანკიერებების წინააღმდეგაა მიმართული და დღესდღეისობით ის ერთადერთი რეალური ძალაა, რომელსაც საჭირო ნებაც აქვს და სიმტკიცეც, რომ მისი შეცვლა სცადოს. ცვლილებები კი ძირეულია საჭირო. რადიკალური და უკომპრომისო რეფორმების გარეშე თსუ-ს სრული განადგურება ემუქრება.

ამ სტუდენტების ფონზე როგორ გამოიყურება თანამედროვე ქართული აკადემიური სივრცე? ვგულისხმობ აკადემიურ პერსონალს. მის ზოგად სახეს. სად დგანან ისინი და სად სტუდენტები?

გავიხსენოთ თავად სიტყვა უნივერსიტეტის პირვანდელი მნიშვნელობა - უნივერსიტას მაგისტრორუმ ეტ სცჰოლარიუმ - „ლექტორთა და სტუდენტთა ერთობა“ (სიტყვასიტყვით, „ოსტატთა და შეგირდთა ერთობა“). ერთობაში ერთ აზრზე ყოფნა, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება. უნივერსიტეტი განსხვავებულ აზრთა, თეორიათა თუ პოზიციათა თავისუფალი სადისკუსიო სივრცეა, თავისი აკადემიური სტანდარტებითა და არგუმენტაციით. ამ ერთობის რღვევა ყველა სახის მანკიერების სათავეა.

ის, რაც თსუ-ში კანცლერის არჩევნებზე გამოჩნდა, პოლიტიკურ კრიმინალს უფრო ჰგავს, ვიდრე აკადემიურ პროცესს: უნივერსიტეტი, მისი რექტორატი, ადმინისტრაცია, აკადემიური საბჭო, სტუდენტური თვითმმართველობა - ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და ინტრიგების არენად მოგვევლინა. ასეთ დროს პროფესურის ნაწილი რექტორის სახელზე დებდა ერთგულების ფიცს, მეორე ნაწილი კი მისი მოწინააღმდეგეების ბანაკში იდგა. მხოლოდ ერთეულებმა დაიკავეს სტუდენტების მხარე, იმ ერთადერთი ძალის, რომელმაც გაბედა და ამ სამარცხვინო ფარსს საბურველი მოხადა.

ზოგადად თვალს თუ გადავავლებთ საქართველოში არსებულ აკადემიურ გარემოს, ტრაგიზმის განცდა შეიძლება დაგვეუფლოს. ის თითქოს თავისთვისაა, სამყაროსგან და მასში მიმდინარე პროცესებიდან ამოვარდნილი. მეცნიერება ამორტიზებულ ქარხანას ჰგავს, რომელსაც ფასადს უფერადებენ და მერე მის სუროგატულ ან დიდი ხნის ყადაღაგასულ პროდუქციას ურიცხვ უნივერსიტეტებში არაადეკვატურად მაღალ ფასებში ასაღებენ. უმაღლესი განათლება თანამედროვე საქართველოში ბიზნესია, რომელსაც „ბაზრის უხილავი ხელი“ არეგულირებს და უხარისხო პროდუქტით კვებავს სტუდენტებს. თუ რომელიმე უნივერსიტეტი ახერხებს და ამ წუნდებულ ნაწარმს ლამაზ ქაღალდში ფუთავს, უკვე დიდ მიღწევად ითვლება. მაგრამ ამ მხრივაც გარღვევა მგონია სტუდენტური მოძრაობა, რომელიც იქით ჰკარნახობს პროფესურას იმ თემატიკას, რაც მათთვისაა საინტერესო და აქტუალური. ამდენად, ამ სტუდენტებისგან პროფესორებმაც უნდა ისწავლონ.

თვითმმართველობები  - რეალურად რა ფუნქცია აქვს სტუდენტთა ორგანიზების ამ ფორმას?

თავისთავად სტუდენტურ თვითმმართველობაში, თუკი მას წარმომადგენლობითი და ერთგვარი პროფკავშირული ფუნქცია ექნება სტუდენტებისათვის, ცუდი არაფერია, მაგრამ საქართველოში თვითმმართველობა რეალურად პრივილეგირებულ ნომენკლატურად ჩამოყალიბდა, ან შეიძლება ასეთადაც იყო ჩაფიქრებული მისი შემომტანი ხელისუფლების მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თვითმმართველობა პარტიულ-პოლიტიკური კარიერის ტრამპლინი იყო, ანუ, ფაქტობრივად, მას  იგივე  და უარესი ფუნქციებიც კი ჰქონდა, რაც  კომკავშირს, - მხედველობაში მაქვს 2011 წელს თსუ-ში თვითმმართველობის ფიზიკური ანგარიშსწორებები „ლაბორატორია 1918“ წევრებისა თუ სხვა არაპროსამთავრობოდ განწყობილი სტუდენტების მიმართ. როგორც ახლანდელი აქციების დროს გამოჩნდა, არც „ქართულ ოცნებას“ უთქვამს უარი სტუდენტური თვითმმართველობებით მანიპულაციის მანკიერ პრაქტიკაზე. ფორმა, რომლითაც დღეს სტუდენტური თვითმმართველობები არსებობს, მანკიერი წარსულის გადმონაშთია. ილიას უნივერსიტეტში, სადაც მე ვმუშაობ, იმ სტუდენტური თვითმმართველობისგან, რომელიც თავის თსუ-ელ კოლეგებს ედგა მხარში, არც ერთი საღი აზრი და ინიციატივა არ მინახავს. სამაგიეროდ, ისინი არ ერიდებიან ინტრიგანობას და შანტაჟს. სწორედ მათი აგორებულია ის სამარცხვინო და სრულიად პროვოკატორული აჟიოტაჟი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ილიას უნივერსიტეტში ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს მხატვარ ლია უკლებას ნახატის გამოფენას მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ადამიანები ასეთი უსუფთაო გზებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას და არ ეთაკილებათ ცხოვრების ობსკურანტობით დაწყება. თანაც იმ საოცრად ბევრი გონებაგახსნილი მათივე თანატოლის ფონზე, რომლებთანაც ლექციის წასაკითხად თუ უბრალოდ სასაუბროდ მისვლა მიხარია. მაგრამ მთავარი დამნაშავე ამაში ძალაუფლების ის ორგანოებია, რომლებიც ახალგაზრდებს ძალაუფლების ილუზიით აცდუნებენ და რყვნიან.

ვახსენეთ სხვა სტუდენტური მოძრაობები. უმეტესმა მათგანმა აფიშირებულ მიზნებს ან ვერ მიაღწია, ან მათმა იდეამ ტრანსფორმაცია განიცადა. ბევრმა აქტივისტმა თავისი აქტივობა საშუალო ან საშუალოზე დაბალი რგოლის ჩინოვნიკობით დაასრულა და ა.შ. თუ მეტისმეტად წინასწარმეტყველურ პასუხს არ გთხოვთ, თქვენი აზრით, რა პერსპექტივა ელის „აუდიტორია "115-ს" და მის წევრებს?

სტუდენტური მოძრაობები, მათ შორის ისიც, რომელსაც მეც მივეკუთვნებოდი, იმ მიზეზით ვერ აღწევდნენ მიზანს, რომ ისინი ძალიან ბუნდოვანი და ხშირად სრულიად გაუაზრებელი იყო. ჩვენ გვამოძრავებდა პროტესტი, პროტესტი არსებული მყაყე რეალობის მიმართ. ეს უფრო ინსტინქტური პროტესტი იყო. რაღაც გვაწუხებდა, რომლისთვისაც სახელი ვერ დაგვერქმია. ამისათვის არც ინტელექტი გვქონდა საკმარისი, არც გამოცდილება, არც შორსმჭვრეტელობა. გვხიბლავდა ამბოხის იდეა, მაგრამ ბოლომდე არ ვიცოდით, რას ვუჯანყდებოდით და რა გვსურდა მის სანაცვლოდ. ამიტომაც ვიქეცით საზარბაზნე ხორცად „მამათა“ თაობის ხელში, რომელმაც ჩვენი თაობის გვამებზე დადგა ძალაუფლების სპექტაკლები. ხელისუფლებაში მოსულმა ჩემმა თაობამ ეს მანკიერება გადაიღო საკუთარი მამებისგან და თამაშიც ასე გაგრძელდა. სწორედ ჩემი თაობის შექმნილია „პატრიოტთა ბანაკები“ და თვითმმართველობები, რომელიც ფასადური სიყალბისა და ინდოქტრინაციის პოლიტიკის ნაწილი იყო.

რაც შეეხება „აუდიტორია 115-ს“, ჩემი დაკვირვებით, მთავარი ნიშანი, რაც მათივე წინამორბედი სტუდენტური მოძრაობებისგან განასხვავებთ, არის მენტალური წყვეტა: ისინი სხვა ენაზე, სხვა თემებზე ლაპარაკობენ, გაცნობიერებული და გააზრებული აქვთ, საითკენ მიისწრაფიან, რას უპირისპირდებიან და როგორ წარმოუდგენიათ უკეთესი გარემო. მათი ენა არაა უაზრო შორისდებულებით დახუნძლული და თავისუფალია იმ ყალბი ფრაზებისა და იდიომებისაგან, რომლებიც ბოლო 28 წელია, უსასრულოდ გაისმის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მათ ფონზე კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობა ხრწნის სუნი, რომლითაც მთელი ქართული საზოგადოებაა გაჟღენთილი, თავისი ყალბი და თვალთმაქცური ღირებულებებით, მკვდარი სიტყვებითა და არაფრისმთქმელი შეძახილებით.

წარმოვიდგინოთ პერსპექტივა - ამგვარი აქტივობების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა, უფრო გამოკვეთილ პოლიტიკურ სხეულად ქცევა, დააზიანებს თუ პირიქით, არგებს ამ მოძრაობებს?

„აუდიტორია 115-ის“ თაობა საპროტესტო ბრძოლებში, სოლიდარობისა და თანადგომის გრძნობით იზრდება. ესაა პირველი თაობა, რომელსაც სოციალური ცნობიერება და მკვეთრად გამოკვეთილი სოციალური აქცენტები აქვს. თითოეული მათგანი ჩამოყალიბებული პიროვნებაა, თავისი მკაფიოდ ინდივიდუალური ნიშნებით. მიუხედავად ამისა, არაჩვეულებრივად ახერხებენ კოლექტიურ მუშაობას, ინდივიდუალური და არა ჯოგური ერთსულოვნებით, როდესაც საქმე პრინციპულ გადაწყვეტილებებს ეხება.

ეს ადამიანები თანაბარი უანგარობით მხარში უდგანან მაღაროელებსა და ქარხნების მუშებს, მომსახურე პერსონალს და სოციალურად დაუცველებს. სოლიდარობა მათ არც წიგნებიდან უსწავლიათ და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ტრენინგებიდან, არამედ მათი პირადი გამოცდილებაა. ისინი ბუნებრივად თავისუფლები არიან სექსიზმისა და ჰომოფობიისაგან, რასიზმისა და შეუწყნარებლობის იდეოლოგიებისგან. მათში გასაოცრად მაღალია ეკოლოგიური ცნობიერება, არდანაგვიანება და ბუნებრივი გარემოს დაცვა მათში ინსტინქტის დონეზეა მოცემული. ისინი იბრძვიან სამართლიანი და ჯანსაღი სოციალური გარემოსათვის, არაიერარქიული და მრავალხმიანი საზოგადოებისათვის, რომელშიც დემოკრატია უმრავლესობის დიქტატურას არ ნიშნავს. ჩემი შთაბეჭდილებით, საქართველოში, ერთსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ახალი და ანგარიშგასაწევი, რეალურად მემარცხენე ძალა იბადება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა ამჟამად მხოლოდ ფეხს იდგამს, მასში უკვე შესამჩნევია რევოლუციური პოტენციალი, როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური და მენტალური თვალსაზრისით. თუ ისინი ამ პოტენციალს გაზრდიან და სწორად გამოიყენებენ, საქართველოში „აუდიტორიების“ რევოლუცია გარდაუვალი იქნება და ეს პირველი რეალური რევოლუციური ცვლილება იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოურობის მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^