ინტერვიუ კინორეჟისორ ნანა ჯანელიძესთან
კინორეჟისორ ნანა ჯანელიძეს მას შემდეგ შევხვდით, რაც მან სამწლიანი მუშაობის, ანუ ოფიციალურად ვადის ამოწურვის შემდეგ, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. რეჟისორის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა 125 ქართველი კინოხელოვანის წერილი, რომელშიც ერთ-ერთ პუნქტად ისინი დირექტორის თანამდებობაზე არჩევნების გამართვას მოითხოვდნენ. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ ხელმოწერების მიღმა გარკვეული ჯგუფის ფინანსური ინტერესი იგულისხმება და რომ ეს ნაბიჯი რეჟისორის წინააღმდეგ გადადგმული გააზრებული ნაბიჯი იყო.
ასეა თუ ისე, ნანა ჯანელიძემ თანამდებობა დატოვა და უკვე ახალი წესის მიხედვით გამართულ კონკურსში მონაწილეობას აღარ აპირებს.
ნანა ჯანელიძემ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). 1981 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. გადაღებული აქვს მხატვრული („ოჯახი“, „იავნანა“, „მშრალი ხიდის სიზმრები და „საშობაო საჩუქარი“) და დოკუმენტური („თენგიზ აბულაძე“, „გალობის რაინდები“, „ნეტავ იქ, თეატრი არის?!“) ფილმები. არის სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; რუსეთის კინოაკადემიის (პრემია „ნიკე“), პეზაროს, მონპელიეს, ვისბადენის, ლაგოვოს, იალტის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზების მფლობელი.
როგორც ამბობენ, თქვენ კინოცენტრის ბოლო დირექტორი ხართ, რომელიც კულტურის მინისტრმა დანიშნა. დაახლოებით ერთ თვეში ხელმძღვანელის თანამდებობა უკვე არჩევითი გახდება...
დიახ, კარგად მესმის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ის მიზეზებიც, თუ რატომ შეიძლება იყოს დირექტორის თანამდებობა არჩევითი.
მაინც რატომ?
ჯერ ერთი, იმიტომ რომ, გამოირიცხოს ყოველგვარი შემთხვევითობა და მეორეც, აღარ იყოს გაუთავებელი სპეკულაციები თემაზე - ვის სჭირდება და ვის არა კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა...
თუმცა კინოცენტრის დირექტორობა გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ გავლენასაც გულისხმობს. მით უმეტეს, ახლა საარჩევნო წელია.
არასოდეს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის, ან გაერთიანების მხარდამჭერი; არც ვინმეს პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი. მთელი ცხოვრების განმავლობაში დამოუკიდებლად ვცდილობ, მივიღო გადაწყვეტილება და არა რაიმე კონიუნქტურის ზეგავლენით. ახლაც ასეა...უბრალოდ, თანამდებობა ვადის ამოწურვისთანავე დავტოვე,
ანუ, აღარ აპირებთ ახალ კონკურსში მონაწილეობას?
ნამდვილად არ ვაპირებ. საორგანიზაციო და საკმაოდ დამქანცველი ჩინოვნიკური სამუშაოს შემდეგ მომენატრა თავად კინოხელოვნება, სცენარზე მუშაობა, ფუსფუსი გადასაღებ მოედანზე, ჯადოსნური შეძახილი - „მატორ!“. კინო ეს არის ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი, რასაც რეჟისორი, მხოლოდ გადაღებისას შეიგრძნობს... ალბათ, იმიტომ, რომ კინორეჟისორის ყველა გზა მაინც გადასაღები მოედნისკენ მიდის.
შეგიძლიათ, თქვენი შემცვლელის სავარაუდო კანდიდატები დაასახელოთ?
ვერ დაგისახელებთ; მართლა არ ვიცი მათი ვინაობა; თუმცა მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება. იმდენად, რომ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს სამი კანდიდატის დასახელება გაუჭირდებათ.
ვინ შეაფასებს მომავალ კანდიდატებს?
შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან საკონსულტაციო საბჭოს წევრები: კინორეჟისორები - ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ლევან კოღუაშვილი, ზურაბ ინაშვილი; მსახიობები - ბაადურ წულაძე და ნატო მურვანიძე; ოპერატორი - მინდია ესაძე; პროდიუსერი და კინორეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი; კინომცოდნეები - პაატა იაკაშვილი და ნანა დოლიძე.
როგორ შეაფასებდით თქვენს სამწლიან მუშაობას კინოცენტრში; რა იყო მნიშვნელოვანი, საინტერესო და რა ვერ განახორციელეთ?
პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ პირველი თვეების განმავლობაში გამიჭირდა, რადგან ჩემთვის ყველაფერი ახალი და უჩვეულო იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის პროფესია თავისთავად ორგანიზაციის უნარს მოითხოვს, მსგავსი დაწესებულების ხელმძღვანელობა მაინც სხვა შინაგან თვისებებსა და გამოცდილებას საჭიროებს, რაც მანამდე არ მქონია. საერთოდ, ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანს აუცილებლად სჭირდება მენეჯერის თვისებები, გამოცდილება და ცოდნა. ამის გარეშე ძნელი იქნება მუშაობა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით დაფინანსების შესახებ კანონის ბოლომდე დამუშავება და მიღება, თუმცა ახალ დირექტორს ცოტა რამ დარჩება ამ კანონის მისაღებად... ბევრი ახალი პროექტი წამოვიწყეთ; განვლილ სამ წელიწადში ათობით ფილმი ჩავუშვით წარმოებაში, ახალბედა, ნიჭიერ რეჟისორებს გადაღების საშუალება მიეცათ; პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე უამრავი ახალი ქართული ფილმი მონაწილეობდა. თუნდაც გასულ წელს „საოსკარე“ ვნებები გავიხსენოთ, როცა ორი ქართული ფილმი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, ღირსეულ კონკურენციას უწევდა სხვადასხვა ქვეყნის კინოპროდუქციას უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.
რამდენადაც ვიცი, ეროვნული კინოცენტრის პროექტი - „კინო სკოლაში“ მოსწავლეებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
კინოცენტრმა, მართლაც, გაბედული ნაბიჯები გადადგა სკოლებში კინოხელოვნების შესატანად. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ტენდენციაა, რომ კინო ახალგაზრდებისათვის მხოლოდ გასართობი ინდუსტრიის ნაწილად აღიქმება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი „კინო სკოლაში“. ჩვენი ქვეყნის რეგიონის მოსწავლეებს ადგილზე ვაჩვენეთ მართლაც დიადი ფილმები - ჩაპლინით, ფელინით და ტრიუფოთი დაწყებული, აბულაძით და იოსელიანით დამთავრებული. ამისათვის სპეციალურად შევარჩიეთ კინოსპეციალისტები, ე.წ. კინომისიონერები, რომლებიც უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის კინოჩვენებებსა და დისკუსიებს მართავდნენ. სხვადასხვა სპეციალისტის (ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი თუ კინომცოდნე) მონაწილეობით შევარჩიეთ მსოფლიო კინოკლასიკის ის ნიმუშები, რომელიც ქართულადაა ადაპტირებული და 15-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის საინტერესო.
როგორი იყო მოსწავლეების რეაქცია?
ფილმის შემდეგ იმართებოდა საინტერესო, ცოცხალი, ემოციური დისკუსიები... შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა „კინო სკოლაში“ გაამართლა. ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელია, რომ ზოგიერთმა მოზარდმა ფილმი ეკრანზე პირველად ნახა! ახლა ვმუშაობთ, რომ მომავალში სკოლების რაოდენობა 200-მდე გაიზარდოს. ასევე გვინდა, პროექტში საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიც ჩავრთოთ. სულ 2014 წელს საქართველოს 5 რეგიონის (ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და აჭარის) დაახლოებით 40 სკოლაში საპილოტე ვერსია განხორციელდა. 6 თვის განმავლობაში 960 კინოჩვენება გაიმართა, რომელსაც 12 ათასამდე მოსწავლე დაესწრო. ნაჩვენები იყო ქართული და უცხოური კინოკლასიკის ნიმუშები. მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: გასულ წელს იტალიის ქალაქ ჯიფონიში უკვე 45-ედ გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო კინოფესტივალი, რომელზეც მოვახერხეთ ქართველი ბავშვების გამგზავრება. ქართველი მონაწილეები, ისევე როგორც დანარჩენი 50 ქვეყნის წარმომადგენლები, ფესტივალზე ჟიურის წევრების რანგში იმყოფებოდნენ და თავად აფასებდნენ ფილმებს. ჯიფონიში ქართული დელეგაციის პატივსაცემად ასევე მოეწყო საღამო, რომელზეც ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები უჩვენეს.
რას იტყოდით მუნიციპალური კინოთეატრების პრობლემაზე. ფაქტობრივად, ჩვენ აღარ გვაქვს კინოთეატრები, სადაც მაყურებელს მაღალმხატვრული ფილმების ნახვა შეეძლება.
კულტურის სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით და ვცდილობთ, გავაცოცხლოთ დედაქალაქისა და რეგიონის კინოთეატრები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, კინოთეატრები თითქმის ყველა რაიონში გაუქმდა. დარბაზები კომერციულ ფართებად გადაკეთდა, ან საერთოდ დაიკეტა. რაც შეეხება თბილისს, ვგეგმავთ, დაახლოებით 10-12 ახალი კინოთეატრი ან პატარა და კომფორტული კინოდარბაზი გავხსნათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, სიძვირის გამო, ვერ ახერხებს ბილეთების შეძენას. მუნიციპალური კინოთეატრების არსებობის შემთხვევაში კი ბილეთების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.
მნიშვნელოვანია ფილმსაცავის შექმნაც, რომელიც ტექნიკურადაც აღიჭურვება და თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ფილმსაცავის აშენება რთული და კომპლექსური პროექტია, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მაყურებლის კინოდარბაზში დაბრუნება იქნება. არავითარი აზრი არა აქვს თაროზე შემოდებულ, ან ფაილებში ჩადებულ ფილმებს, თუ მას მაყურებელი არ ნახავს. ფილმსაცავის პარალელურად შეიქმნება ვებგვერდი, სადაც ფილმების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება. მაგალითად, სტუდია „მემატიანეში“ დღეს დაახლოებით 1200 ფილმია დაცული, რომელთა დიდი ნაწილი იდენტიფიცირებას და გამოკვლევას საჭიროებს. ეს არის უმდიდრესი მასალა - გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებული, 80-იანი წლებით, ანუ საბჭოთა იმპერიის აღსასრულით დამთავრებული. მათ შორის არის საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმებიც, რომლებიც უკვე დიდი ხანია რარიტეტად იქცა. მათ აქვთ დიდი როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული ღირებულება. რაც მთავარია, ეს მასალა მთელი მსოფლიოსთვის არის საინტერესო, ჩვენ კი ვმალავთ სარდაფებში. ასევე აუცილებელია რუსეთთან, კერძოდ, „გოსფილმფონდთან“ მოლაპარაკების დასრულება, რადგან მოსკოვის მახლობლად მდებარე კინოარქივში უამრავი ქართული ფილმის ფირი ინახება. საჭიროა მათი შესყიდვა, რესტავრირება, გაციფრულება, სპეციალურ პირობებში, ფირსაცავში შენახვა. ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. იმედია, ეს პროცესი დასრულდება და ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი ხარისხის ფირსაცავი გვეღირსება.
უნდა გკითხოთ ქართველი ქალი რეჟისორების ფენომენზე. ბოლო წლებში ამის შესახებ ბევრი დაიწერა უცხოეთშიც.
დიახ ეს მართლა მოვლენაა, ფენომენია, თუმცა ქართველი ქალი რეჟისორების ფილმებს ვერ განვიხილავდი მხოლოდ გენდერულ ჭრილში. ოქტომბერში სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის ცნობილ საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამა „ფოკუსში“ წარდგენილი იყო ქართველი ქალი რეჟისორების 12 ფილმი. სპეციალური პროგრამა სახელწოდებით, „ქართველი ქალი - კინორეჟისორების სიძლიერე“ არა მარტო ფილმების წარდგენას გულისხმობდა, არამედ მაყურებელთან რეჟისორების დიალოგსაც. ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, თინათინ გურჩიანი, ნანა ექვთიმიშვილი...
ძალიან ამაღელვებელი იყო ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილი პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის 1930 წელს გადაღებული „მაღალმთიანი რაჭის ისტორიის“ ჩვენება. ნუცა ღოღობერიძე რეჟისორთა სამი თაობის წარმომადგენელია, რომლის ტრადიციას აგრძელებს მისი შვილი ლანა ღოღობერიძე (ფილმი „დღეს ღამე უთენებია“ ასევე უჩვენეს კინოფესტივალზე) და შვილიშვილი სალომე ალექსი-მესხიშვილი. როგორც ბუსანის ფესტივალზე აღნიშნეს, „ეს არის შესაძლებლობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებში დავინახოთ საქართველოს სოციალური პრობლემები, წინააღმდეგობა, დისკრიმინაცია და კონფლიქტი. მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ახალი კინემატოგრაფიული ესთეტიკა, გენდერის მიუხედავად“.
უმნიშვნელოვანესი იყო ასევე ნიუ-იორკის MOMA-ში 50 ქართული ფილმის ჩვენება, რომლის ფირები ამერიკის კინოარქივებში მოიძიეს. ეს ჩვენება შემდეგ გაგრძელდა ბერკლიში, ვაშინგტონსა და ტორონტოში.
თქვენ აღნიშნეთ, რომ რეჟისორისთვის მთავარი მაინც გადასაღები მოედანია...
სხვათა შორის, ბავშვობაში არ ვფიქრობდი რეჟისორობაზე. უფრო ლიტერატურა და კლასიკური მუსიკა მიყვარდა. სამუსიკო სასწავლებელი დავამთავრე და მეგონა, მუსიკის შესწავლას გავაგრძელებდი, მაგრამ 70-იან წლებში რეზო ჩხეიძის ინიციატივით, თეატრალურ ინსტიტუტში კინოფაკულტეტი დაარსდა და პირველი ჯგუფი თენგიზ აბულაძემ აიყვანა. ბატონ თენგიზთან შეხვედრამ საერთოდ შეცვალა ჩემი გეგმები, შეხედულებები და ზოგადად ხელოვნებისადმი დამოკიდებულება. „ნატვრის ხის“ გადაღების დღეები ჩემთვის დაუვიწყარია, რადგან უშუალო შეხება მქონდა დიდ ხელოვანებთან, დიდ მსახიობებთან - სესილია თაყაიშვილთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, ეროსი მანჯგალაძესთან, გოგი გეგეჭკორთან. შემდეგ, როცა რეჟისორი გავხდი, ვერიკო ანჯაფარიძესთან მომიწია მუშაობა ფილმში „ოჯახი“ ეს მისი ბოლო კინოროლი იყო. ცალკე საუბრის თემაა ფილმი „მონანიება“ და დრო, როცა ის იქმნებოდა; ასევე ქვეყანა, რომელიც ამ ფილმმა შეცვალა... ბატონ ავთო მახარაძის შესანიშნავი, მასშტაბური ნამუშევარი. ბოლო პერიოდში ასევე მომიწია კახი კავსაძესთან მუშაობა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმზე „ნეტავ იქ თეატრი არის...“ საერთოდ, რაც დრო გადის, მით უფრო ხვდები დიდი რეჟისორებისა და მსახიობების ნამუშევრების მნიშვნელობას, აზროვნებას, მათ გავლენას ჩვენს დროზე.
ახლა რაზე მუშაობთ, რისი გადაღება გსურთ?
მსურს გადავიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლი XIX საუკუნის ცნობილ ქართველ პოეტებზე, მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებზე: ალექსანდრე ჭავჭავაძეზე, გრიგოლ ორბელიანზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, აკაკი წერეთელზე, ნიკო ნიკოლაძეზე, დავით სარაჯიშვილზე, დიმიტრი ყიფიანზე... ძალიან მინდა მიუზიკლის გადაღებაც, თუმცა ეს უფრო ექსპერიმენტული ფორმით წარმომიდგენია. ასევე დოკუმენტურ პროზაზე დაყრდნობით ფილმი აფხაზეთის თემაზე, რომლის სცენარსაც შესანიშნავი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი, ლია ტოკლიკიშვილი წერს. ეს ძალიან მნიშვნელოვან პროექტად მიმაჩნია. მაქვს ასევე ფილმის იდეა რადიოწამყვანზე, რომელიც საომარ ვითარებაში, მთელი ღამე მუშაობს, რომ ჩაბნელებულ ქალაქში მოსახლეობას ახალი ამბები მიაწოდოს... რაც თავისუფალი ვარ, უფრო მეტი დრო მრჩება კონკრეტული იდეების, პროექტების განსახორციელებლად.
რა სურვილებსა თუ გზავნილებს დაუტოვებდით თქვენს შემცვლელს, კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელს?
პირველ რიგში, იყოს კარგი მენეჯერი, უყვარდეს ადამიანები, კარგად ესმოდეს კინოხელოვნება, სასურველია ჰქონდეს კარგი იუმორი და უფრო მეტი გამძლეობა.