მსოფლიომ ტერორიზმს „გლობალური ომი“ ოფიციალურად 18 წლის წინ გამოუცხადა. მაშინ გაერომ აშშ-ის თხოვნით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც უშიშროების საბჭომ ყველა ქვეყანას თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა 1998 წელს ტანზანიასა და კენიაში აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები სათანადოდ დასჯილიყვნენ. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ კი გაეროში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მრავალი სამუშაო ჯგუფი თუ კომიტეტი შეიქმნა, რომელთა რეკომენდაციითაც უამრავ ქვეყანაში გაამკაცრეს კანონმდებლობა, უფრო იოლი გახდა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა... დაიწყო ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, 18 წლის შემდეგაც კი ექსტრემისტების ძალადობა არ წყდება. 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს პოლიტიკოსების უმრავლესობამ უკვე ტრადიციადქცეული გზავნილები დაუპირისპირა -სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კონტროლის გამკაცრება საზღვრებზე და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება, მათ საბოლოო დამარცხებამდე.
ევროპა და „პატრიოტის აქტი“
ტერაქტების შემდეგ ბელგიის დედაქალაქში ჩასულმა ევროპელმა ძალოვანმა მინისტრებმა, ისევე როგორც შარშან პარიზის თავდასხმების შემდეგ, პირველ რიგში სპეცსამსახურების მუშაობის დახვეწის პირობა დადეს, საამისოდ კი კანონმდებლობის შეცვლაა აუცილებელი. სინამდვილეში ევროპაში ეს პროცესი და თანმდევი დისკუსიაც უკვე დიდი ხანია დაწყებულია.
საფრანგეთის მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან, ივნისში მიიღო სადავო კანონი, რომელიც სპეცსამსახურებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების ტელეფონის მოსმენისა და მათი ელექტრონული მიმოწერის კონტროლის საშუალებას სასამართლოს ნებართვის გარეშე მისცემს. აღნიშული კანონი ასევე ავალდებულებს სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, მონაცემები სამართალდამცველებს გადასცენ. ყველაზე ცხარე კამათი კი „შავი ყუთების“ გარშემო მიმდინარეობს. აღნიშნული მოწყობილობის კომპლექსური ალგორითმი ინტერნეტის მომხმარებელთა აქტივობას აანალიზებს და საეჭვო შემთხვევებს აღრიცხავს. საუბარია არა მხოლოდ ვებგვერდებზე, რომელსაც მომხმარებელი ხშირად სტუმრობს, არამედ საძიებო სისტემებში გამოყენებულ სიტყვებზეც. კანონს მკაცრად აკრიტიკებენ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო, ის ძალაში ჯერ არ შესულა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს აშფოთებს შარშან ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში შემოღებული საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმიც, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებს დროის ნებისმიერ მონაკვეთში ჩხრეკისა და პოტენციურად საშიში პირების დაკავების უფლება სასამართლოს სანქციის გარეშე აქვთ. პრეზიდენტი ოლანდი კიდევ უფრო შორს წავიდა, როდესაც გამოვიდა ინიციატივით, ტერორიზმში ბრალდებულებს მოქალაქეობა ჩამოართვან, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ზომების მიღებაზე უარი თქვეს.
2016 წელს სპეცსამსახურების უფლებამოსილება პოლონეთშიც გააფართოეს. სენატის გადაწყვეტილებით, ინტერნეტმომხმარებელთა მონაცემების მიღება სამართალდამცველებს პროვაიდერების თანხმობისა და სასამართლოს მხრიდან მკაცრი ზედამხედველობის გარეშე შეეძლებათ. მთავრობა ამტკიცებს, რომ მონაცემების დამუშავებისა და შენახვისთვის მკაცრი ვადებია დაწესებული, თუმცა ოპოზიცია, უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი მოქალაქეთა კონფიდენციალურ ინფორმაციას დაუცველს ხდის. რეგულაციის შესწავლა უკვე დაიწყო ვენეციის კომისიამ და დასკვნა, სავარაუდოდ, ივნისში გამოქვეყნდება. პოლონეთში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ასევე მსჯელობენ ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამკაცრებაზე.
ინტერნეტმომხმარებელთა მონაცემების შენახვის მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ დიდ ბრიტანეთშიც. მარტში თემთა პალატის 266 დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც პროვაიდერებს პერსონალური მონაცემების 12 თვის ვადით შენახვას დაავალდებულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ პროექტის მიხედვით პირადი მონაცემები მაქსიმალურად დაცული იქნება. თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონის სამუშაო ვერსიაში ინფორმაციასთან წვდომის უფლება ისეთ სახელმწიფო უწყებებსაც აქვთ მინიჭებული, რომლებსაც ეს საერთოდ არ სჭირდებათ. ამიტომ მონაცემების უკანონოდ გავრცელების საფრთხე მატულობს. შენიშვნები უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც აქვთ. ისინი პროექტის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგ გამოდიან.
2016 წლის დასაწყისიდან ინტერნეტში თვალთვალი ოფიციალურად შეუძლიათ გერმანიაშიც. ამისთვის უკვე არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც სამართალდამცველებს კომპიუტერებსა თუ სმარტფონებში დიალოგების რეალურ დროში წაკითხვის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა მისი გამოყენება დასაბუთებისა და სასამართლოს ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
ევროპაში პერსონალური მონაცემების გარშემო დისკუსია უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. ტერორიზმსა და ზოგადად დანაშაულთან ბრძოლისათვის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ტექნიკის გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს და ეს რისკი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.
პერსონალური მონაცემების ფასი
ინფორმაციული ტექნოლოგიების კვლევითი კომპანიის, „Gartner-ის“ მონაცემებით, 2020 წლისთვის გლობალურ ქსელში ერთმანეთთან 21 მილიარდი ხელსაწყო იქნება დაკავშირებული. დღეს ასეთი გაჯეტების რაოდენობა, დაახლოებით, 6.4 მილიარდია. შედარებისთვის, ინტერნეტით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა 3.4 მილიარდს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე დღეს ინტერნეტში ჩართულია უფრო მეტი ხელსაწყო, ვიდრე ადამიანი. სმარტფონი, სმარტსაათი, ფიტნესტრეკერი, ელექტრონული კბილის ჯაგრისიც კი -აგროვებს ინფორმაციას. შესაბამისად, მათ მწარმოებლებს აქვთ დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები ჩვენი ინტერესების, ჩვევების, გადაადგილების შესახებ. ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს, ეს ინფორმაცია სპეცსამსახურების განკარგულებაში რომ აღმოჩნდეს. ცდუნება ნამდვილად დიდია. ამის მაგალითად გამოდგება აშშ-ში აგორებული სკანდალი, რომლის მთავარი გმირები ფედერალური საგამოძიებო ბიურო და კორპორაცია „Apple“ არიან. ტრადიციულად, ყველაფერი ტერორიზმს უკავშირდება, კერძოდ -შარშან, დეკემბერში კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში, მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილე საიდ ფარუქს და მის ტელეფონს. გამომძიებლებმა „Apple-ის“ პროგრამისტებს აიფონიდან ინფორმაციის უნებართვოდ ამოღება მოსთხოვეს. თავად ფარუქი სპეცოპერაციისას მოკლეს და ასეთ ნებართვას ფიზიკურად ვერ გასცემდა. რა თქმა უნდა, „Apple-ში“ შესაბამისი პროგრამის შექმნაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ ფედერალური საგამოძიებო უწყების მოთხოვნა მილიონობით მომხმარებლის პირად მონაცემებს საფრთხეს უქმნის.
საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კომპანია არ არის ვალდებული, ეს ინფორმაცია გადასცეს სამართალდამცველებს. საგამოძიებო უწყებაში კი განაცხადეს, რომ ტელეფონიდან საჭირო ცნობების მისაღებად სხვა გზა იპოვნეს და ამაში მათ „მესამე მხარე“ დაეხმარა. ერთი შეხედვით, ვითარება კომიკურია, რადგან, ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ სპეციალისტებს, რომლებიც აიფონის პროგრამული უზრუნველყოფის ავტორები არიან, ტელეფონის „გასაღები კოდი“ არ აქვთ. მეორე მხრივ, კომპანიამ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და მომხმარებლის ნდობა შეინარჩუნა.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. 28 მარტს გამოძიებამ შეძლო ტერორიზმში ეჭვმიტანილის ტელეფონიდან სასურველი ინფორმაციის მიღება. ეს ნიშნავს, რომ მათ მიაგნეს პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელს. ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. გააცნობს თუ არა ფედერალური საგამოძიებო ბიურო ტელეფონიდან მონაცემების მიღების ახალ მეთოდს კომპანიის სპეციალისტებს, თუ დატოვებს მას საიდუმლოდ?! სწორედ ამაზეა დამოკიდებული „ეფლის“ პრესტიჟი და მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემების ბედიც, რომლებიც შესაძლოა დაუცველი აღმოჩნდეს.
კონსპირაციული თეორიების მოყვარულები იტყვიან, რომ აღნიშნული საქმე ფარსია და სპეცსამსახურებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებთან წვდომა ისედაც აქვთ, თუმცა მათი ეს მოსაზრება ერთი წუთით რომ დავივიწყოთ, დავინახავთ, რომ დღეს უკვე არსებობს ისეთი მექანიზმები და შიფრები, რომლებიც ავად თუ კარგად უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვას. ასეთ სერვისი მრავალფეროვანია და სამწუხაროდ, მათ იყენებენ ბოროტმოქმედებიც, რაც ბევრ ქვეყანაში სპეცსამსახურებს აშფოთებთ.
ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, მონაცემების გადაცემას, მით უფრო კი მათ უსაფრთხოებას, დღეს გაცილებით დიდი ფასი აქვს. ეს საკითხი მწვავედ დგას ევროპაშიც, სადაც აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (NSA) ფარული თვალთვალისა და მიყურადების პროგრამის გარშემო აგორებული ხმაურიანი სკანდალის შემდეგ ვაშინგტონს ისევ ისე თამამად ვეღარ ენდობიან.
ედვარდ სნოუდენის მიერ მხილებული პროგრამის გამო დაწყებული სასამართლო დავის შედეგად, 2015 წლის ოქტომბერში ევროპულმა სასამართლომ გააუქმა 15 წლის განმავლობაში მოქმედი შეთანხმება, რომელიც ამერიკულ კონცერნებს ევროპის სახელმწიფოებთან პერსონალური მონაცემების შეუზღუდავად გაცვლის საშუალებას აძლევდა. მართალია, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2016 წლის თებერვალში ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ახალი დოკუმენტი „Pრივაცყ შჰიელდ“ მოამზადეს, თუმცა ძალაში შესვლამდე ის ჯერ ევროპარლამენტმა და ბლოკის წევრი 28 სახელმწიფოს მთავრობამ უნდა მოიწონოს. „Pრივაცყ შჰიელდ-ის“ მიმართ ევროპელებს ბევრი შენიშვნა აქვთ. ევროკომისიაში კონკრეტულად ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ახალ პროექტს „მყიფე“ უწოდეს. ხელშეკრულება აშშ-ის სპეცსამსახურებს გამონაკლის შემთხვევებში მოქალაქეთა პირად მონაცემებთან წვდომის უფლებას და საშუალებას მაინც უტოვებს. სასურველი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მაშინ, როდესაც საქმე ეხება უცხო ქვეყნების სპეციფიკურ აქტივობას, ბირთვული იარაღის გავრცელებას, ტერორიზმს, კიბერუსაფრთხოებას, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ძალებისადმი ღია მუქარას და ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ქსელებთან ბრძოლას.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ პერსონალური მონაცემების გაცვლის პირობებზე შეთანხმების გარეშე, აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, შესაძლოა, გაჭიანურდეს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი პირიქით, პროცესის დაჩქარება სურს, რათა შეთანხმება ბარაკ ობამას ვადის ამოწურვამდე გაფორმდეს. ამის შესახებ ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიაში ჩასულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა. ჯონ კერიმ ყურადღება ამერიკულ და ევროპულ სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. ანალოგიური მოსაზრება აქვს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრ, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ ჰილარი კლინტონსაც. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ევროპის სპეცსამსახურებმა უფრო ხშირად და თამამად უნდა გამოიყენონ მათი ამერიკელი კოლეგების მიერ დანერგილი მეთოდები. მათ შორის ელექტრონული თვალთვალიც.
ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტიანი იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ფარული თვალთვალისა და მიყურადების პროგრამა. ობამას ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ამ ხერხით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
თუმცა საწინააღმდეგო დასკვნამდე მივიდა თეთრ სახლში მომუშავე ჯგუფი. ჯერ კიდევ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მილიონობით მოქალაქის სატელეფონი საუბრების მიყურადების შედეგად ტერორისტების ვერც ერთი სერიოზული გეგმის ჩაშლა ვერ მოხერხდა.
2015 წელს სან ბერნარდინოში მოკლული საიდ ფარუქის საქმეს რომ დავუბრუნდეთ, ის ადასტურებს, რომ ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კორპორაციების გავლენა განუხრელად იზრდება, ხოლო თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად მონაცემების დაშიფვრა იქცა. სწორედ აქ ჩნდება ხშირად კონფლიქტი სახელმწიფოს ინტერესებსა და მოქალაქეთა შორის, რომლებიც კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას ლეგიტიმურად მოითხოვენ. „ოქროს შუალედი“, როგორც ჩანს, ჯერ ვერც ერთ ვერ სახელმწიფოში იპოვნეს.
„დიდი ძმის“ ბიზნესი პოლიტიკაში
ფარული თვალთვალისა და მიყურადების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დღეს უკვე აღარავის უკვირს. ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟისა და შემდეგ უკვე ედვარდ სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული მასალები კიდევ დიდი ხანი დარჩება განხილვის საგნად. ორივეზე დღეს ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს პერსონაჟები უკვე დიდი ხანია, თავისთავად იქცნენ გლობალური პოლიტიკური სცენის თითქმის უცვლელ აქტორებად. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ პოლიტიკური კომპრომატების შესაგროვებლად საჭირო ტექნიკით ვაჭრობა ბოლო წლებში საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახდა.
2015 წლის 28 იანვარს პანამის ყოფილი ლიდერი რიკარდო მარტინელი სამშობლოდან გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ ის კორუფციასა და ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო. როგორც საქმიდან ირკვევა, 63 წლის მარტინელის ბრძანებით, წლების განმავლობაში უსმენდნენ 150-ზე მეტი ადამიანის სატელეფონო საუბრებს. კითხულობდნენ მათ ელექტრონულ მიმოწერასაც. პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტების გარდა, მსხვერპლთა შორის აღმოჩდნენ ბიზნესმენები, ჟურნალისტები, მოსამართლეები, კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი და ქალი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მარტინელის საყვარელი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პანამის ყოფილმა ლიდერმა ფარული თვალთვალისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად კერძო კომპანიებს 13.4 მილიონი დოლარი გადაუხადა. მარტინელის პარტნიორებს შორის იყვნენ ებრაული და ამერიკული ფირმებიც.
ბრიტანული „Privacy internetional-ის“ მონაცემებით, ფარული მიყურადებისთვის განკუთვნილ აპარატურას ებრაული კომპანიისგან 2005 წლიდან კოლუმბიაც ყიდულობდა. 2015 წლის დასაწყისში უკანონო მოსმენების საქმეზე კოლუმბიის ყოფილი ლიდერის, ალვარო ურიბეს ადმინისტრაციის 20-ზე მეტი წევრი პასუხისგებაში მისცეს. ბრიტანელი უფლებადამცველების ანგარიშის თანახმად, მოსასმენ აპარატურას ყიდულობდა ასევე ყაზახეთისა და უზბეკეთის მთავრობაც.
უკანონო მოსმენების სკანდალს ვერ გადაურჩა ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი სახელმწიფო მაკედონიაც. შარშან თებერვალში ოპოზიციონერმა, ზორან ზაევმა გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები. ის ამტკიცებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი და მისი ახლო ნათესავი, რომელიც ამ პერიოდში სადაზვერვო სააგენტოს ედგა სათავეში, პირადად ხელმძღვანელობდნენ მოქალაქეთა „ფარული მიყურადების ოპერაციას“. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავეები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არიან, რომლებსაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია სურთ.
საუბარია 20 ათას ჩანაწერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკედონიის ყოველი 100 მოქალაქიდან ერთს უკანონოდ უთვალთვალებდნენ. მათ შორის იყვნენ მინისტრები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები.
დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საქმეში ევროკავშირის ჩარევა გახდა საჭირო. შედეგად ოპოზიციასა და მთავრობას შორის შეთანხმება შედგა. მაკედონიაში 2016 წლის ივნისში რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს. რაც შეეხება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ტექნიკის წარმომავლობას, ამ შემთხვევაში საქმეში ებრაულ კომპანიებთან ერთად სლოვენიური ფირმებიც ფიგურირებენ.
wall street journal - is მონაცემებით, ჯერ კიდევ 2011 წელს ფარული მიყურადებისა და თვალთვალისთვის საჭირო აპარატურით მოვაჭრე კომპანიების წლიური ბრუნვა 5 მილიარდ დოლარს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში სახელმწიფო უწყებების მხრიდან მოქალაქეთა მასობრივი თვალთვალის არაერთი შემთხვევა გაცხადდა, ჯერ კიდევ არ არსებობს ქმედითი მექანიზმი, რომელიც თუნდაც ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებში შემჩნეულ მთავრობებს მაინც აუკრძალავს უკანონო მოსმენებისთვის საჭირო ტექნიკის შესყიდვას.
„თანამედროვე ტერორიზმი“
ფარული მიყურადება და თვალთვალი -მხოლოდ ერთ-ერთი იარაღია იმ არსენალში, რომლითაც მსოფლიო დღეს ტერორიზმის დამარცხებას ცდილობს. დრონების იერიშები, საზღვრის გაძლიერებული კონტროლი, მოწმეთა დაკითხვისას პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება -არც ერთი ეს ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც ევროპულ სახელმწიფოებს ტრადიციულ ღირებულებებზე ნაწილობრივ მაინც უარის თქმას აიძულებს, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა სრულ უსაფრთხოებას. ინდივიდუალური პირების მხრიდან ძალადობა კვლავ არ არის გამორიცხული. ასეთი მოვლენებისგან დაცული ვერც დემოკრატიულ და ვერც ავტორიტარულ სახელმწიფოებში იქნებიან. „თანამედროვე ტერორიზმს“ ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. შესაბამისად, არ არსებობს ერთი გამოსავალიც. სწორედ ამის გამო, კონტრტერორისტულ სტრატეგიაში საჭირო ცვლილებებზე უკვე არაერთი პოლიტიკოსი საუბრობს. ეს საკითხი მოხვდა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშშიც, რომელიც ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციას ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ახალი დაჯგუფების გამოჩენის გამო, საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო მეტად იხრება იმ მოსაზრებისკენ, რომ წლების წინ „ალ ქაედას“ წინააღმდეგ მიღებული ზომები, ვერ უშლის ხელს და არ არის საკმარისი ძალადობრივი ექსტრემიზმის გავრცელების შესაჩერებლად. ისიც ნათელია, რომ სპეცსამსახურების შესაძლებლობები განუსაზღვრელი არ არის. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც კონფლიქტის ზონაში მათი ჯარისკაცები არ იმყოფებიან.
მთავარი კი მაინც ის პასუხია, რომელსაც განვითარებული სამყარო ზოგადად ტერორიზმს და ამ შემთხვევაში „დაეშს“ გასცემს. ალბათ, არავის სჯერა, რომ ექსტრემისტები ევროპას ან აშშ-ის დაიპყრობენ, თუმცა მათ თავისუფლად შეუძლიათ პოლიტიკური კლიმატის მოწამვლა. ექსტრემისტებს სურთ, განვითარებულმა მსოფლიომ მათ დასამარცხებლად საკუთარი ღირებულებების დაცვაზე უარი თქვას. თუნდაც თავდაპირველად „დიდ ძმად“ გადაქცევის გზით.