Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემოგრაფიული კრიზისი - გამოწვევა ეროვნული უსაფრთხოებისთვის

18 აპრილი 2016

საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა მაისის ბოლოსთვის დასრულდება, მაგრამ  მანამდე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს დემოგრაფთა ასოციაცია, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე (რომელიც  18-19 აპრილს მოეწყობა) საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის პრიორიტეტებზე შეთანხმდებიან.  

რას ეფუძნება დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკა?

საქართველოს საყოველთო აღწერის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის რაოდენობა წინა აღწერასთან შედარებით 14,7%-ით  ნაკლებია; სოფლის მოსახლეობა კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული (23,8%), რაც შიდა მიგრაციაზე მიუთითებს. თუმცა ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესაფასებლად მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებებზე დაკვირვება საკმარისი არ არის. 

საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის წევრის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის,  თამარ შინჯიაშვილის შეფასებით, საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობას ართულებს ის, რომ დღეისათვის ერთდროულად დგას როგორც მოსახლეობის შემცირების, ისე დაბერების ზრდის პრობლემა.

შობადობის შემცირება, სიკვდილიანობის ზრდა, დეფორმირებული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება, აბორტების საგანგაშო მონაცემები, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები - როგორც პროფესორი ამბობს, ეს საკითხები დემოგრაფიული სისტემის შემადგენელი ნაწილებია.

თამარ შინჯიაშვილი სტატისტიკაზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ დღეისათვის გაცილებით ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე საჭიროა მშობელთა თაობის რაოდენობრივი ცვლილებისათვის. „შობადობის მკვეთრი შემცირება საქართველოში 1992 წლიდან დაიწყო. თუ 1980-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 94 ათასი ბავშვი იბადებოდა, ამჟამად ახალშობილთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. საქართველოში, ტრადიციულად, სიკვდილიანობის დონე დაბალი იყო როგორც მეზობელ, ისე ევროპის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, ბოლო წლებში კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც“.

პროფესორი ხაზს უსვამს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის შესაფასებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მიგრაცია. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ბოლო წლებში ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა, რის შედეგადაც საქართველოში ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის შემცირება და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილის გაზრდა აღინიშნება, რაც  მოსახლეობის დაბერებას ნიშნავს.

„შობადობის შემცირების შედეგად, 2030 წლისათვის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში  16,4%-მდე მცირდება 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა და 16,9%-მდე გაიზრდება 65 წელს გადაცილებულთა წილი. მცირდება შრომისუნარიანი მოსახ­ლეო­ბის წილიც, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის დემოგრაფიულ და ეკონო­მი­კურ განვითარე­ბას.

1990-იან წლებში შობადობის ერთბაშად დაცემის შედეგად 2020 წლისათვის, 1990-იან წლებთან შედარებით, 28-30%-ით ნაკლები ქალი გვეყოლება დედის ასაკში,  მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათგან შესაძლოა ზოგიერთი არ გათხოვდეს, ან უშვილოდ დარჩეს, შესაძლოა 2050 წლისათვის საქართველოს რეპროდუქციული პოტენციალი, დემოგრაფიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, დღევანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდეს, „ - ამბობს თამარ შინჯიაშვილი.

პროფესორი წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას, რადგან ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და ამ დოკუმენტის ამოქმედება ხელს  შეუწყობს  ქვეყანაში სოციალურ-დემოგრაფიული კლიმატის ფორმირებას.

დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას წინ უძღოდა 2014 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ მოსახლეობის სიტუაციური ანალიზის კვლევა, რომელიც ფონდმა საქართველოს მთავრობის თხოვნით და მასთან თანამშრომლობით განახორციელა. კვლევის მიზანი იყო  მონაცემების შეგროვება ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების ირგვლივ, რომელიც შემდეგ დემოგრაფიული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებისთვის გამოიყენებოდა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ ფონდის მიერ მომზადებული ანალიტიკური ნაშრომი, რომელიც  მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ ასპექტს მიმოიხილავს, გარკვეულ რეკომენდაციებსაც იძლევა. მოკვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე საუბრისას,  შობადობაზე მწვავე და დიდი პრობლემა მიგრაციაა, რადგან საქართველოში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ერთ-ერთი ყველაზე მაღლია ევროპაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს განათლებას და ჯანმრთელობას.

„მოსახლეობის დინამიკა ოთხ ფუნდამენტურ საკითხს მოიცავს - შობადობა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა; მიგრაცია, როგორც გარე ასევე შიდა და ეს უნდა განიხილებოდეს რეგიონების  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში; მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა და დაბერების პროცესი, ასევე, მოსახლეობის სიკვდილობა და ავადობა. სწორედ ეს ფუნდამენტური საკითხები ახდენს გავლენას მოსახლეობის განვითარებაზე. ჩვენ მხოლოდ დემოგრაფიაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ მოსახლეობის განვითარების პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეძლოს პოლიტიკური მიდგომების ისეთი კომბინაციის შემუშავება, რაც ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ინკლუზიასა და მდგრად განვითარებას  ერთმანეთს შეუთავსებს. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და საქართველო გამონაკლისი არ არის, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შევძლოთ, სწორად გავიაზროთ  მოსახლეობის არსებული დინამიკა,  გამოწვევები და შესაძლებლობები. ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ პრიორიტეტები და რესურსებიდან გამომდინარე, სწორად დავგეგმოთ. საჭიროა კომბინირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“, - ამბობს ლელა ბაქრაძე.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თხოვნით, გაეროს მოსახლეობის ფონდი გეგმავს, მიმდინარე წელს  ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს პირველი ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში. სწორედ ამ დახმარების ფარგლებში, საქართველოდან დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკვე იმყოფებოდა ბულგარეთში. ის ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2006 წელს მოსახლეობის განვითარების პოლიტიკა შეიმუშავა.

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ დემოგრაფიული რისკის ასაცილებლად ქვეყანამ აქტიური მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო. შედეგად  მივიღეთ აბორტების შემცირებული რაოდენობა, შობადობის ზრდა. მისივე თქმით, ერის დაბერების პროცესი აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ქვეყანა მუშაობს დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის  საბოლოო ვერსია მალე იქნება მზად. რაც შეეხება დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციას, ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: შობადობის სტაბილიზაცია, მოსახლეობის დაბერების ტემპის  და, ასევე, მიგრაციის შეჩერება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება როგორც სოფლად, ისე ქალაქებში.

შემდგომი ეტაპი, სადაც უკვე არსებული მონაცემების ანალიზი, შესრულებული სამუშაოს გაზიარება და ქვეყნის დემოგრაფიულ პრიორიტეტებზე შეჯერება მოხდება, გაფართოებული სამუშაო შეხვედრაა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობით ტარდება. „ეროვნული დიალოგი დემოგრაფიული უსაფრთხების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ“ - ასე ჰქვია სამუშაო შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, დემოგრაფები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტები დაესწრებიან. გარდა, ძირითადი დემოგრაფიული საკითხებისა, რომელიც ეხება შობადობას, ასაკობრივ სტრუქტურას, სიკვდილობა/ავადობას თუ მიგრაციას, შეხვედრაზე მოსახლეობის განვითარების კონტექსტში განიხილება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა: განათლება, გენდერული თანასწორობა, რეგიონული განსხვავებები.

მას შემდეგ, რაც დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი მზად იქნება და პარლამენტი დაამტკიცებს, მთავრობა ვალდებული იქნება, შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის შესასრულებლად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^