Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა მეთოდოლოგიით ადგენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშებს

15 აპრილი 2016

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ზოგჯერ „copy paste-ით” არის გადატანილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი რადიო „პალიტრის” ეთერში სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშს.

როგორც კახიშვილი ამბობს, ანგარიშში პოზიციები, ძირითადად, მოყვანილია ასეთი ფორმულირებით - როგორც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაცამ განაცხადა.

„ანუ, კონკრეტულად თავად კი არ მიაჩნიათ, რომ ასეა, არამედ მოყვანილი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და პოზიციები. ვფიქრობ, კონკრეტულად, ამ ანგარიშთან მიმართებით არის ძალიან სერიოზული სამუშაო. საელჩოს დონეზეც უნდა მოხდეს განხილვა, შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ყველა დეტალი იყოს კარგად გაშიფრული და თავად საერთაშორისო დონეზეც უნდა გაკეთდეს განცხადება. მეორე მხრივ, თავად საელჩოს თანამშრომლებმაც უნდა ახსნან, კონკრეტულად ამ ანგარიშში რომელი ნაწილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრება და რომელ ნაწილშია მოყვანილი ფაქტების კონსტატირება, რომელიც აქედან გადაიგზავნა, არასამთავრობო სექტორის მხრიდან”, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა. 

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ლიბერალს" უთხრა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის პოზიცია ვერ იქნება არგუმენტი. ომბუდსმენის თქმით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ გარკვეული მოსაზრება, გარკვეული ფაქტი დადასტურებულია, იგი ანგარიშში აისახება. „ჩემთვის ეს არ არის არგუმენტი, თუ ვინ არის წყარო, მთავარია, რა დაიწერება ამ ანგარიშში და, ალბათ, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც სწორედ მსგავს ანგარიშებშია ასახული“, - ამბობს ომბუდსმენი.

„ლიბერალთან“ საუბრისას კახიშვილის შეფასებას არ იზიარებს Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგია. მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს საკმაო რესურსი, კვალიფიციური პერსონალი, რომელიც ამ ანგარიშის მომზადებაშია ჩართული. მისი თქმით, ანგარიშში ყველაფერი გადამოწმებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.

„მე მეჩვენება, რომ ეს [ხელისუფლების მხრიდან] არის დარტყმა არა იმდენად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტზე, არამედ ქართულ არამთავრობო ორგანიზაციებზე, უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, რომ  „copy paste” არის გაკეთებული, ეს ნიშნავს, რომ ქართული არასამთავრობოები ვერ აფასებენ ადეკვატურად სიტუაციას, რაც მე ასე არ მიმაჩნია. უმჯობესი იქნებოდა, ხელისუფლებამ იმას მიაქციოს ყურადღება, რა გამოწვევებზეა საუბარი ანგარიშში და როგორ შეუძლია ამ გამოწვევებზე პასუხი, ვიდრე ის, თუ ვინ არის ამის წყარო“, - ამბობს გოგია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ თავისი პოზიცია აშშ-ის საელჩომ საქართველოში „ლიბერალს" წერილობით მიაწოდა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება დიალოგს ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური მოხსენების შესახებ და იმედოვნებს, რომ ეს მოხსენება ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ძალადობის ფაქტებზე ინფორმირებულობის ზრდას, აგრეთვე იმის ცოდნას, თუ სადაა ადამიანის უფლებები უკეთ დაცული.

როგორც აშშ-ის საელჩოს წერილშია ნათქვამი, „ადამიანის უფლებათა შესახებ მოხსენებას მთელ მსოფლიოში აშშ-ის დიპლომატიური მისიების ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცრები ამზადებენ. მოხსენებაზე იხარჯება ათასობით სამუშაო საათი. თითოეულ ქვეყანაში გროვდება, ფასდება და ერთ ტექსტად იკვრება მრავალი წყაროდან მიღებული ინფორმაცია. როდესაც მოხსენების სამუშაო ვარიანტი მზადაა, ხდება მისი რედაქტირება, განხილვა და ფაქტების დაზუსტება, როგორც ვაშინგტონში, ასევე დიპლომატიურ მისიებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშის სისწორე და ობიექტურობა; მოხსენება ადამიანის უფლებათა შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ეხმარება აშშ-ის კონგრესს, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილებათა მიღებაში. ამ დროს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის ქონა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა შესახებ მოხსენებები განკუთვნილია ადამიანის უფლებათა დამცველების, კანონმდებლების, მეცნიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების მთავრობების დასახმარებლად".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში იმოწმებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშებს და წერს, რომ 2012 წლის შემდეგ, პროგრესის მიუხედავად, ახალი მთავრობა თავს არიდებს პენიტენციალურ სისტემაში მათი მმართველობის დროს მომხდარ დარღვევებს და ძალის გადამეტებას. ნახსენებია 2012 წლამდე მომხდარი ასეთი სახის დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემული ამირან ჯანაშიასა და რომეო როგავას საქმეები და ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ 2015 წლის განმავლობაში ომბუდსმენის ოფისს 14 რეკომენდაცია აქვს მიწოდებული პროკურატურისთვის და 14-ვე უპასუხოდ დარჩა.

შემდეგ შემთხვევაში ანგარიში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს ეყრდნობა და პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადამიანების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე წერს. საუბარია ასევე ომბუდსმენის აპარატისა და საია-ს კრიტიკულ პოზიციაზე პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებების გამო.

ქალი პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემნის შეზღუდვის თემის განხილვისას სახელმწიფო დეპარტამენტი ომბუდმენის ანგარიშს ეყრდნობა. დაკავებისას მომხდარ დარღვევებზე კი გამოყენებულია საია-ს ანგარიშები, სადაც საუბარია, თუ როგორ იღებდნენ სასამართლოს ნებართვას უკვე დაკავების შემდეგ პოლიციელები. ამ სისტემურ პრობლემაზე ომბუდსმენის ანგარიშიც არის დამოწმებული.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხზე ანგარიში  IDFI-ის მონაცემებს იმოწმებს და 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მომხდარ დაკავებებს აჯამებს.

TI-ის მონაცემების მიხედვით, ანგარიშში საქართველოში სასამართლოს სისტემის შესახებაც წერია, რომ მიუხედავად მოსამართლეებზე მთავრობის მხრიდან ზეწოლისა და პოლიტიკური გავლენებისა, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის საკითხი გაუმჯობესებულია.  

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ანგარიში, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, ასევე მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თვალსაწიერში. მათზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია ქართველი მოსამართლეების განჩინებებში დასაბუთებების ხარვეზებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე.

ფარული მიყურადების საკითხზე ანგარიში ეყრდნობა IDFI-ის მონაცემებს, რომლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ ნებართვის მოთხოვნის მიმართვიანობამ 2011 წელთან შედარებით 7195-დან 1074-მდე დაიკლო.

„რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებულ მოსაზრებებზე, რომ პროცესი მთავრობის მიერ იმართებოდა და სასამართლო არ იყო ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი, მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 7 ქართული NGO-ს ინფორმაციას ეყრდნობა, მათ შორის საია-ს მიერ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას. აქვე ნახსენებია „რუსთავი 2-ის“ თემაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლებიც უცხოურ ვებგვერდებზე გავრცელდა.

გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს სამართლის სფეროში, კონკრეტულ შემთხვევებში ზეწოლის ფაქტებს სასამართლოზე, სადავო სასამართლო გადაწყვეტილებებს, სახელმწიფოს მხრიდან შეუსაბამო რეაქციებს ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დაუსრულებელ გამოძიებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევებსა და წინასწარი პატიმრობების უადგილო გამოყენებას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის მთავრობის არასაკმარის მცდელობებს, რაც ასევე შეეხება უმცირესობებსაც, ძალადობას პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ და ანგარიშვალდებულების ნაკლებობას. ოჯახში ძალადობას, ადრეულ ქორწინებას, შიდსის სოციალურ სტიგმას, ტრეფიკინგს.

ანგარიშში, აგრეთვე მოცემულია რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავების ფაქტები ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^