ქუჩაში ხელგაწვდილი მოზარდის ან ზეწრებში გახვეული ახალშობილის დანახვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ხშირ შემთხვევაში ამ ბავშვებს არც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ და შესაბამისად, არც განათლებასა და ჯანდაცვაზე მიუწვდებათ ხელი. ეს კი მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შექმნილი კანონპროექტი, რომელმაც ეს და სხვა პრობლემები უნდა მოაგვაროს, სპეციალისტთა დადებით შეფასებას იმსახურებს. თუმცა მისი აღსრულებისთვის საჭირო რესურსი, ჯერჯერობით, არასაკმარისია.
ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ არსებული სტიგმის გამო, მათ ხშირად ჩვეულებრივ ბავშვებად არ აღიქვამენ, რომელთაც ასაკის შესაბამისი მოთხოვნილებები შეიძლება ჰქონდეთ, დოკუმენტების არარსებობის გამო კი, სახელმწიფო საერთოდ ვერ ხედავს მათ. ისინი სტატისტიკად ქცეულ კვლევებშიც კი არ ხვდებიან. ქუჩაში სხვადასხვა მიზეზით გამოსული ბავშვები ბავშვობაწართმეული ადამიანები არიან. მაშინ, როცა დროს წიგნების ფერადი გვერდების ფურცვლაში, მეცადინეობასა და ეზოში თანატოლებთან „წრეში ბურთის“ თამაშში უნდა ატარებდნენ, სადილად კი მშობლის გამომცხვარ ღვეზელს შეექცეოდნენ, ისინი მთელ დღეს ქუჩაში ელემენტარული საჭიროების დაკმაყოფილებაზე ზრუნვაში ატარებენ.
ყინვასა და გვალვაში, წვიმასა და მზეში გარეთ ყოფნა, არასრულფასოვანი კვება, მიუწვდომელი ჯანდაცვა, გასაბრუებლად მიღებული სხვადასხვა საშუალება მათ ჯანმრთელობას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ანგრევს. მათ სიცოცხლეს არანაკლებ საფრთხეს ქუჩაში, მანქანებით გადატვირთულ გზებზე სიარული უქმნის.
ხშირ შემთხვევაში ბავშვები ქუჩაში ცხოვრებისთვის დაბადებიდან არიან განწირულნი - ქუჩებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით მოზარდებს ან უფროსებს, ხელში თოთო ბავშვით. წამოიზრდებიან და უკვე თავიანთი ფეხით მოუწევთ უფროსი და-ძმების მსგავსად ქუჩაში გამოსვლა.
ბავშვები ქუჩაში სხვადასხვა მიზეზით გამოდიან და ეს მიზეზი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, თუმცა ერთი რამ ყველა მათგანისთვის საერთოა - ეკონომიკური სიდუხჭირე, არსებობისთვის აუცილებელზე ხელმიუწვდომლობა. ზოგიერთი ოჯახისთვის ქუჩაში მოწყალების თხოვნა შემოსავლის ტრადიციული წყაროა და ბავშვიც ხშირად მშობლის მოთხოვნით გამოდის გარეთ, დღის განმავლობაში მოგროვებულ ფულსაც სწორედ მათ აძლევს. არიან ისეთებიც, სახლიდან ძალადობას რომ გაურბიან და ქუჩაში ცხოვრებას ამჯობინებენ.
სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე არასრულწლოვნების საჭიროებებზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების განხორციელება და ძალადობისგან მათი დაცვა კვლავ პრობლემურია.
„კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა: ბავშვთა სიკვდილიანობა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება“, - წერს ომბუდსმენი 2015 წლის ანგარიშში.
ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, რომელიც 1989 წლის 20 ნოემბრიდან ამოქმედდა, ბავშვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება დაბადებისთანავე აქვს. მისი მონაწილე სახელმწიფოები კი ვალდებულები არიან, ბავშვისთვის ჯანდაცვა და როგორც ზოგადი, ისე პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახადონ.
კონვენციის 29, 32 და 36 მუხლები სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვები ძალადობისგან და ნებისმიერი ტიპის ექსპლუატაციისგან, რაც შეიძლება საშიში იყოს მათი ჯანმრთელობისთვის ან ზიანს აყენებდეს მათ ფიზიკურ, სულიერ და გონებრივ განვითარებას.
„მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე, სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ“, - აღნიშნულია კონვენციის 19-ე მუხლში.
ახალი ცხოვრების შანსი
2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის დახმარებით ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო მექანიზმი შეიქმნა. ბავშვთა იდენტიფიცირებისა და მათთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზების მიზნით მობილური ჯგუფები ჩამოყალიბდა, 24-საათიანი განთავსებისთვის ტრანზიტული და კრიზისული ინტერვენციის ცენტრები შეიქმნა, დღის განმავლობაში სხვადასხვა სერვისით სარგებლობისთვის კი - დღის ცენტრები. მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ მწირია. საქართველოში სულ 4 მობილური ჯგუფი არსებობს: 3 - თბილისში და 1 - ქუთაისში. რაც შეეხება ცენტრებს, თბილისში 1 ტრანზიტული და 3 დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრია, ქუთაისში 1 დღის ცენტრი, ხოლო რუსთავში - 1 ტრანზიტული ცენტრი.
მობილურ ჯგუფში არიან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და თანასწორ-განმანათლებელი. ეს ის პირია, ვისაც წარსულში ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა და იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან კომუნიკაცია არც ისე ადვილია, მობილურ ჯგუფს მათთან ურთიერთობის დამყარებაში სწორედ ის ეხმარება.
ერთ-ერთი მობილური ჯგუფის ფსიქოლოგი „ლიბერალთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც ქუჩაში მყოფ ბავშვებთან ურთიერთობისას აწყდებიან. მისი თქმით, უნდობლობის გამო, მათთან კომუნიკაციის დამყარებას ზოგჯერ თვეები სჭირდება. ვითარებას კიდევ უფრო ართულებენ მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ბავშვი შემოსავლის წყაროა და მისი დაკარგვის შიშით ბავშვებს მობილური ჯგუფის წარმომადგენლებთან ურთიერთობას უკრძალავენ. ამიტომ მობილური ჯგუფი ბავშვის ნდობის მოპოვებას გაცნობით, ჰიგიენური საშუალებების ჩუქებით, თამაშის ან დღის ცენტრში წაყვანის შეთავაზებით იწყებს.
„ბავშვი მათთვის შემოსავლის წყაროა. როცა ქუჩაში მოწყალებას ბავშვი ან მშობელი ითხოვს ბავშვის თანხლებით, მოქალაქეები მათ უფრო მეტ თანხას აძლევენ. როცა ვეუბნებით, იქნებ ბავშვი სახლში დატოვოთო, ისინი გვპასუხობენ, აბა ვინ მოგვცემს ფულსო“.
სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ საზოგადოება მათ ფულის მიცემის ნაცვლად სხვანაირად, თუნდაც საჭმლით და ტანსაცმლით დაეხმარება და არ აფიქრებინებს, რომ ქუჩაში ბავშვის დგომა მომგებიანია.
თბილისის კრიზისული ინტერვენციის ერთ-ერთ ცენტრს 10 ბენეფიციარი ჰყავს, დღის ცენტრს კი 15-20, ზოგჯერ 25 ბავშვიც სტუმრობს.
14 წლის ლევანი 6 თვეა, კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ცხოვრობს. ცენტრის შესახებ მისი უმცროსი ძმისგან გაიგო და აქაც სწორედ მან მოიყვანა. ამბობს, რომ აქ წამოსვლისას ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მათთან კომუნიკაცია დღესაც აქვს. ცენტრში მოხვედრამდე ლევანი დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებდა და მოწყალებას ითხოვდა. ამბობს, რომ ეს მისთვის არავის დაუძალებია, ეკონომიკური გაჭირვებისა და სახლიდან გარიდების გამო, ქუჩაში თავისი სურვილით გავიდა.
„მაშინდელის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვხედავ, რაც ადრე იყო, იმას ასეთი ცხოვრება სჯობია. შეიძლება მაშინ ასაკის გამო ვიქცეოდი ასე. ქუჩაში აღარ დავბრუნდები. სკოლაში დავდივარ. თუმცა სწავლა არ მიყვარს და კარგი მოსწავლეც არ ვარ“.
ლევანთან ერთად მისი კლასელი 16 წლის გოგა ცხოვრობს. ის ცენტრში თავისი სურვილით მოვიდა და უკვე 9 თვეა, ცენტრის ბინადარია. აქ მოსვლამდე ისიც ქუჩაში ცხოვრობდა. ახლა სკოლაში დადის და სწავლის გაგრძელებას ცენტრის დატოვების შემდეგაც აპირებს.
3 თვეა, მათთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი, 16 წლის საშა ცხოვრობს. ცენტრის შესახებ ბიჭებისგან გაიგო და თავისით მოვიდა. ამბობს, რომ ქუჩაშიც თავისი სურვილით გავიდა, რადგან ასე ცხოვრება მოსწონდა, თუმცა ახლა სკოლაში დადის და ცენტრში ყოფნას ამჯობინებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ წამოსვლისას მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, აქ მოსვლის შემდეგ მათთან ურთიერთობა აღარ აქვს.
„გეგმები ჯერ არ მაქვს, არ მიფიქრია, აქედან რომ გავალ, რას გავაკეთებ, მაგრამ ვიცი, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებ და ქუჩას აღარ დავუბრუნდები“.
დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ბავშვი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით ხვდება. მობილური ჯგუფის წარმომადგენლები ბავშვის იდენტიფიცირებას ახდენენ და როცა მის თანხმობას მიიღებენ, ცენტრში მიჰყავთ. დღის ცენტრის ბენეფიციარები სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულები, ღამით კი ისევ სახლს ან ქუჩას უბრუნდებიან. კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ის ბავშვები ხვდებიან, ვისაც ან თავშესაფარი არ აქვს, ან, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მშობელს განარიდეს. აქ ბავშვი მაქსიმუმ 1 წელი რჩება. შემდეგ ის ან მინდობით აღზრდაში გადავა, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში. თუკი მათთვის საზიანო არ იქნება, შესაძლოა, ოჯახშიც დაბრუნდეს.
პროგრამის ერთ-ერთი პროვაიდერის, „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“, ბავშვთა დაცვის მომსახურებისა და ადვოკატირების მენეჯერის, მაია მგელიაშვილის ინფორმაციით, არის შემთხვევები, განსაკუთრებით დღის ცენტრის ბენეფიციარებში, როდესაც ბავშვები ქუჩაში ბრუნდებიან. ის მათთვის შემოსავლის წყაროა და ამას თუ მშობლის მხრიდან ზეწოლაც ემატება, მაშინ ბავშვის დღის ცენტრით დაინტერესება კიდევ უფრო რთულია.
„არის შემთხვევები, როცა სამედიცინო სერვისის მისაღებად მოდიან და მერე 2 კვირა აღარ ჩანან. მაგრამ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დავაინტერესებთ მათ და რას შევთავაზებთ. თუმცა მხოლოდ ეს არ არის, ბავშვი მიჩვეულია, რომ ქუჩაში მატერიალური სარგებელი უნდა ნახოს. ზოგისთვის მოწყალების თხოვნა წლების განმავლობაში ფესვგადგმული პროცესია“.
მაია მგელიაშვილის თქმით, ხშირად ბავშვი მშობლის მიერ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია, მაგრამ ამის დადასტურება და სისხლისსამართლებრივი პროცედურების დაწყება ძალიან რთულია. მშობელი, ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნის მოქალაქეა და დოკუმენტები აქვს. მგელიაშვილის თქმით, სამართალდამცველებიც ძალიან მსუბუქად უდგებიან ამ საკითხს, რადგან ძალადობის გამო მოწყალების თხოვნას კრიმინალად არ მიიჩნევენ.
მაია მგელიაშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტების მოწესრიგებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თვალსაზრისით, კანონპროექტი ეფექტიანი იქნება. მიუხედავად მწირი ადამიანური რესურსისა, მგელიაშვილისთვის მთავარი პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობაა, რადგან სოციალურ მუშაკს კანონის აღსრულებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. რაც შეეხება დღის და კრიზისული ინტერვენციის ცენტრებს, მათი რაოდენობა კანონის ამოქმედების შემდეგ უნდა განისაზღვროს.
„ოჯახისგან განცალკევება კი არა, ძალადობრივი სიტუაციიდან გამოყვანაა მიზანი. ამიტომ ასეთ დროს ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და სერვისი უკვე მზად უნდა დახვდეს“.
თუმცა მაია მგელიაშვილი მიიჩნევს, რომ უფრო მეტი დრო და რესურსი ოჯახის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა უკიდურესი ზომაა.
„თუ ეს ყველაფერი სინქრონულად არ მოხდა, მაშინ ჩვენ ყოველთვის გვექნება შემთხვევები, როცა რეაბილიტაცია აუცილებელი იქნება. ის კი ფინანსური და ადამიანური თვალსაზრისით უფრო ცუდია, რადგან უფრო ხარჯიანიცაა და თან ზიანი უკვე დამდგარია. ამ ზიანთან ბრძოლა კი საკმაოდ გრძელვადიანია და ხშირ შემთხვევაში - უშედეგოც“.
კანონის ცვლილებათა პროექტი
ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს მიერ 2013 წელს გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიზეზის გამო არასაკმარისია. კვლავ პრობლემად რჩება დოკუმენტების უქონლობა, მიუწვდომელი განათლება, ჯანდაცვა; კვლავ უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება; არ არსებობს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“; არ არსებობს ბავშვის მოძალადისგან მყისიერი განრიდების მექანიზმი და სხვა.
ზემოხსენებულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 2014 წლის ბოლოდან მზადდება. ამ პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იყვნენ ჩართულები.
ნანა ჩაფიძე, UNIჩEF-ის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ კანონპროექტი საერთაშორისო კანონმდებლობის, პირველ რიგში, ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით შეიქმნა.
კანონპროექტით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე სოციალური მუშაკის გაზრდილი უფლებამოსილებაა. თუკი ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს მხოლოდ ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი მიმართავდა, ახლა იგივე უფლება სოციალურ მუშაკს აქვს. დოკუმენტების მოწესრიგება კი მისთვის განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ნიშნავს.
ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა ბავშვზე ძალადობა აშკარაა, სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადისგან განრიდება და მშობლისთვის უფლების შეჩერება შეეძლება. მის მიერ გამოცემულ აქტს იგივე ძალა ექნება, რაც შემაკავებელ ორდერს. პოლიციას კი, საჭიროების შემთხევაში, სოციალური მუშაკის დახმარება ევალება. ამ დრომდე კანონი ბავშვს მხოლოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისგან იცავდა. კანონპროექტში კი ჩნდება ცნება - „უცხო პირი“.
ნანა ჩაფიძის ინფორმაციით, სოციალურ მუშაკს ასეთი ფართო უფლებამოსილება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვს. ამას საერთაშორისო სტანდარტიც მოითხოვს, რათა ბავშვი ძალადობისგან დროულად დაიცვან. მისი განმარტებით, სოციალური მუშაკის მიერ გამოცემული აქტის დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით დაისჯება.
თუმცა ნანა ჩაფიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ საკანონდებლო ცვლილებებით მიზანი ვერ მიიღწევა. ამისთვის კანონის აღმსრულებლები კვალიფიკაციითა და რესურსებით სათანადოდ მომზადებულები უნდა იყვნენ.
UNIჩEF-ის ბავშვთა დაცვისა სოციალური კეთილდღეობის სპეციალისტი ჯაბა ნაჭყებია კანონპროექტს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამით ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება. თუმცა ის კანონის აღსრულებაში ხარვეზად სოციალური მუშაკებისა და მობილური ჯგუფების სიმცირეს ასახელებს. მისი თქმით, თუ ამ კუთხით არაფერი შეიცვლება, შედეგის მიღწევა გართულდება. ამასთან, საჭიროა იმ სირთულეების ძირეული შესწავლა, რასაც ბავშვი ქუჩაში გამოჰყავს.
„ბავშვების პოპულაცია არაერთგვაროვანია და ინდივიდუალური შესწავლა დაგვანახებს, რა სირთულესთან გვაქვს საქმე“.
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყება კოორდინირებულად იმუშავებს ქუჩის ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ის კანონპროექტს დადებითად აფასებს, ამბობს, რომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად უფრო სიღრმისეული რეფორმებია გასატარებელი.
„აქ უფრო სერიოზული პრობლემაა. თუ ბავშვი არის ქუჩაში, ესე იგი, ის თავის დროზე ვერ დაინახა სოციალური დახმარების სისტემამ, ძალადობისგან დაცვის სისტემამ. ეს ბავშვი ვერ დაინახა განათლების სისტემამ, როცა ის სკოლას აცდენდა. სისტემური პრობლემებია მოსაგვარებელი, რათა დღეს ერთ ბავშვს რომ წავიყვანთ, ხვალ მეორე ბავშვი არ გამოვიდეს ქუჩაში. თორემ გამოდის, რომ არაფერი იცვლება“.
მიუხედავად იმ ცვლილებებისა, რომელიც 10-მდე კანონში შედის და მიზნად მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს, ვითარება მანამდე ვერ შეიცვლება, ვიდრე კანონის აღსრულებისთვის საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსი არ გამოიყოფა. ცხადია, ოთხი მობილური ჯგუფი მთელ საქართველოს ვერ მოიცავს და არც დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრების რაოდენობაა საკმარისი. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათგანი ბავშვთა კონკრეტულ რაოდენობაზეა გათვლილი. აქედან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, რომ კანონის დადებითი ეფექტი მხოლოდ ბავშვთა მცირე ნაწილზე აისახოს, ბევრისთვის კი აქამდე არსებული პრობლემები უცვლელი დარჩეს.
სტატიაში ნახსენები ბავშვების სახელები შეცვლილია.