Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვისთვის რა "სარგებლობა" მოაქვს ფარულ ჩანაწერებს

05 მაისი 2016

საქართველოს მოქალაქეებს, ალბათ, უკვე წლებია, პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა არ ჰქონიათ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას რომ ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება ილახებოდა, ათასობით ფარულმა ჩანაწერმა დაადასტურა, თუმცა დაცულობის შეგრძნება არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩენილა. მით უფრო, რომ დღემდე ბუნდოვანია, როდის ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეების მიყურადება-თვალთვალს და რაში იყენებს მოპოვებულ მასალებს. როგორც ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, მხოლოდ საკანონმდებლო ნორმები  პირადი ცხოვრების დასაცავად საკმარისი არ არის.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ე.წ. ციხის კადრები გავრცელდა. საზოგადოება აღშფოთდა ციხეებში ადამიანთა წამების გამო. სისტემური დანაშაული გამოაშკარავდა. „ქართულ ოცნებას“ ამით თუ არ მოემატა, არც დაკლებია ამომრჩეველთა რაოდენობა, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ ვიტყვით. მაშინ ყველაზე კარგად გამოჩნდა, რა „სარგებლობა“ მოაქვს ფარული ჩანაწერების გავრცელებას.

2013 წელს ინტერნეტში ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ამაში მაშინდელი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე გელა ხვედელიძე დაადანაშაულა და დააკავა. ღარიბაშვილმა მოადგილის საქციელი პირადი შურისძიებით ახსნა და აღნიშნა, რომ ხვედელიძემ კადრების გავრცელების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. მან ისიც დაამატა, რომ ეს კადრები წინა ხელისუფლების დროს კუდ-ის თანამშრომლებმა გადაიღეს და დალუქული იყო. მას სასამართლომ 1-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მაშინ, როცა ამგვარი დანაშაულის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენა 4-7-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მსგავსი შინაარსის კადრები 2015 წლის 17 ოქტომბერს ჯერ უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა. იმის მიუხედავად, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, წამებისა და გაუპატიურების კადრები იმავე წლის 18 ნოემბერს თბილისსა და ზუგდიდში პროექტორებით აჩვენეს. ორგანიზატორებს მისი საჯაროდ ჩვენების მიზეზი არ დაუმალავთ და ღიად აღნიშნეს, რომ საზოგადოებას წინა ხელისუფლების დანაშაულები უნდა ახსოვდეს. ეს კადრები 2013 წელს სამეგრელოში აღმოაჩინეს და მასში იდენტიფიცირებულ 11 პირს განაჩენი გამოუტანეს. შესაძლოა, უკრაინულ ვებგვერდზე მათ განთავსებასთან ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ საჯარო ჩვენებასთან დაკავშირებით იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ფარულ ჩანაწერებზე „ქართულ ოცნებას“ ერთი პასუხი ჰქონდა - კადრები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაწერა და ახლა გაავრცელა. ამ ბრალდებას განამტკიცებდა ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შსს-ს ახალი ხელმძღვანელობის აღმოჩენით, ფარული ხარჯით შეძენილი ტექნიკა სამინისტროდან ღარიბაშვილის მოსვლამდე გაიტანეს.

ახალი ხელისუფლების პერიოდში გაკეთებულ ჩანაწერებზე საუბრობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამბობდა, რომ მის დასაშანტაჟებლად გამოყენებული აუდიო-ვიდეო მასალა 2014-15 წლებშია ჩაწერილი. ბოლო წლებში სატელეფონო მიმოწერის კონტროლსა და თვალთვალზე საუბრობს ჟურნალისტი ეკა მიშველაძეც.

სამი ფარული ვიდეოჩანაწერი ცოტა ხნის წინაც გავრცელდა, საიდანაც ორი, სავარაუდოდ, პოლიტიკოსებს ეხება. სამივე მათგანი მუქარას შეიცავს და კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების თავიანთ პოზიციაზე დარჩენის შემთხვევაში მათი ჩანაწერების გამოქვეყნებასაც აანონსებს.

სახელმწიფოს პასუხი  გამოწვევაზე

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პრობლემა ახალი არც ქართული საზოგადოებისთვისაა და არც ქვეყნის ხელისუფლებისთვის. „ქართული ოცნება“ ამაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი საქმეების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს, პასუხისმგებლობას კი ჩაწერაზეც და გავრცელებაზეც ამჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს.

ამ თემით მანიპულირების ფონზე ყველას ავიწყდება, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ პაექრობას სცდება და ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას, მის ღირსებას ეხება. სახელმწიფოს კი დამნაშავეთა დროული და სათანადო დასჯა ევალება.

მნიშვნელოვანია, როგორ იცავს ქვეყნის კანონმდებლობა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას და რა სასჯელს ითვალისწინებს ის. უპირველესი საკანონმდებლო დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის მეოცე თავი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო საუბრისა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლებას იცავს.

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემის ხელყოფა სისხლის სამართლის 157-ე მუხლით ისჯება და ამ დანაშაულებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელი მასალის მოპოვებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა; გამოყენება-გავრცელების შემთხვევაში სასჯელი 1 წლით იზრდება; დანაშაულის მრავალჯერ და ანგარებით ჩადენა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ მასალების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოპოვებისთვის კი მაქსიმალური სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

რაც შეეხება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევას, ის სისხლის სამართლის 158-ე მუხლით ისჯება. კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის ან კომპიუტერული მონაცემების მოპოვებისთვის მაქსიმალური სასჯელი 2-4 წლით თავისუფლების აღკვეთაა; ამ მასალის გავრცელების შემთხვევაში სასჯელი 5 წლამდე იზრდება; არაერთგზის და ანგარებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში კი მაქსიმალური სასჯელი 3-6 წლით თავისუფლების აღკვეთაა. თუკი პირმა ამ ტიპის მასალა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოიპოვა, მისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 3-7 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

კანონით პირადი მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის მოპოვება-გავრცელებაც ისჯება. სანქციები კი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით თითქმის ისეთივეა, როგორიც 158-ე მუხლის შემთხვევაში.

მარტში გავრცელებული კადრების შემდეგ ხელისუფლებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები ამ დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებაზე საუბრობენ. თუმცა მთავარი გამოძიების სწორად და ეფექტიანად წარმართვა, კანონის აღსრულება და დამნაშავეთა დასჯაა.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ იურისტი გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამგვარ დანაშაულებზე სასჯელი ძალიან სუსტია, მაგრამ კანონის გამკაცრება ერთ-ერთი მცირე ნაბიჯია და არა კომპლექსური პასუხი. მისი თქმით, ხელისუფლებას მსგავსი დანაშაულების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა რომ ჰქონდეს და ყველა დამნაშავე ისჯებოდეს, პრევენციისთვის საუკეთესო გზა სწორედ ეს იქნებოდა.

გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდი, რაც ამ მიმართულებით მოხდა, 2012 წელს სსკ-ის იმ მუხლების ამნისტირება იყო, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა.

„ამ დროს მესიჯი მიიღეს ადრესატებმა, რომ სახელმწიფომ ასეთი დანაშაულის ჩამდენთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება გამოაცხადა“.

პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად გიორგი ბურჯანაძე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ასახელებს, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს. მისი შეფასებით, არსებობს ბევრი მაგალითი, რომ მათ დანაშაულზე პასუხს არავინ სთხოვს.

სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების პასუხი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ასეთია - სსკ-ის 157-ე მუხლით ბრალდებულია 5 პირი. მათ შორის არიან: ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი. ბრალდებულთა შორისაა გელა ღურწკაიაც, რომელიც „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს ფარული ჩანაწერების გადაცემას სთავაზობდა. ყველა მათგანს გამოძიება ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელებას ედავება და არა მათ გადაღებას ან ინტერნეტში ატვირთვას. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის დავალებას ასრულებდნენ ისინი ან ვინ და რა მიზნით ჩაწერა თავდაპირველად ეს კადრები.

რაც შეეხება მარტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამავრცელებელი პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება და აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების დახმარებით, IP მისამართებსაც მიაკვლიეს, საიდანაც ეს კადრები ინტერნეტში აიტვირთა.

ერთ-ერთი კერძო კომპანიის უფროსი პროგრამისტი „ლიბერალთან“ საუბრისას იმ ტექნიკურ დეტალებზე საუბრობს, რაც IP მისამართის დადგენას ეხება. მისი განმარტებით, არსებობს სპეციალური სერვერები, რომელთა გამოყენებითაც  ნებისმიერი ქვეყნის ან ქალაქის IP მისამართით მასალის ატვირთვა სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ის IP მისამართები კი მეორე დღეს შეიძლება საერთოდ აღარ არსებობდეს ან არსებობდეს, მაგრამ ვერ მიაკვლიო.

პროგრამისტის თქმით, ამისთვის განსაკუთრებული და სპეციალური ცოდნა საჭირო არაა. ამის გაკეთება ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვინც ამ სერვერების შესახებ იცის და ინტერნეტში ოდნავ მაინც ერკვევა.

რაც შეეხება IP მისამართით იმ ადამიანის პოვნას, ვინც მასალა ატვირთა, პროგრამისტის განმარტებით, ამის შანსები 50/50-ია, რადგან IP მისამართის გაგების შემდეგ უნდა დადგინდეს, რომელ სერვერს ეკუთვნოდა ის. შემდეგ უნდა გაიგონ, ვინ გამოიყენა სერვერი, მაგრამ ის შეიძლება ამ ინფორმაციას არ ინახავდეს.

გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, სახელმწიფოს ისეთი ჩარჩოს შექმნა ევალება, რომელიც ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნას ან მათი არსებობის შემთხვევაში გავრცელებას გამორიცხავს. მისი თქმით, კერძო პირის შემთხვევაში მსგავსი დანაშაულის პრევენცია რთული იქნებოდა, მაგრამ, როცა ამას საჯარო მოხელე აკეთებს, მისი კონტროლი სწორედ სახელმწიფოს ევალება.

ბურჯანაძის თქმით, ე.წ. ორი გასაღების არსებობასაც, საიდანაც ერთი მობილურ ოპერატორს ექნებოდა და შსს-ს თვითნებურ ქმედებას გამორიცხავდა, სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ.

დღეს კონტრდაზვერვითი ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს და მისი ძირითადი მიზანი საფრთხის პრევენეცისთვის ინფორმაციის მოპოვებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად კი მას ისეთი ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარების უფლება აქვს, როგორიცაა: აუდიო-ვიდეო ჩაწერა, ფარული კინო-ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, ასევე, ელექტრონული კონტროლი.

თუკი შსს-დან მის გამოყოფამდე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს სასამართლოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა სჭირდებოდა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ამის კეთება ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეუძლია. რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გამოყენების პროცესს.

პოლიტიკური შეფასება

წარსულში გავრცელებული ჩანაწერების, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ამაზე რეაგირების, ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების გათვალისწინებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლებამ რიგ შემთხვევებში თვითონ გაავრცელა ჩანაწერები, რიგ შემთხვევებში კი, იყენებს მათ და ეფექტიანი გამოძიებისთვის არაფერს აკეთებს. ბოკერიას შეფასებით, მმართველი გუნდის ინტერესებზე მეტყველებს ისიც, რომ ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებები უწყობენ ხელს.

გიგა ბოკერია გელა ხვედელიძის შემთხვევას იხსენებს, როცა ის ხელისუფლების ოპონენტს მის წინააღმდეგ არსებული ჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდა. მისი შეფასებით, ამ საქმის მტკიცებულებები ზედაპირზე იყო, მაგრამ ხვედელიძე მაინც არ დაისაჯა. ბოკერია მიიჩნევს, რომ დამნაშავის დასჯა მომავალში მსგავსი დანაშაულის შემაკავებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ხვედელიძის შემთხვევა კი სიგნალი იყო, რომ ასეთი დანაშაულები უტყუარი მტკიცებულებების შემთხვევაშიც დაუსჯელი რჩება.

გიგა ბოკერია დამნაშავეთა დაუსჯელობას სამართალდამცველების უუნარობითა და დანაშაულის დაფარვის მცდელობით ხსნის.

„არის შემთხვევები, როცა მეჩვენება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რადგან თვითონ პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან თანამონაწილეები. არის შემთხვევები, სადაც უკონტროლოდ ხდება კადრების გავრცელება და სამართალდამცველებს არც კომპეტენცია ჰყოფნით და თან დემორალიზებულები არიან “.

ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ოპოზიციისკენ ხელის გაშვერას გიგა ბოკერია ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანს უწოდებს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მიზანი ოპოზიციის ერთი ნაწილის მორალურად გატეხა და მეორე ნაწილისთვის დანაშაულის დაბრალებაა, რათა საზოგადოება ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე არ ფოკუსირდეს. ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილი ამას გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, გამოსავალი საზოგადოების მტკიცე რეაქცია და ყველა იმ მედიასაშუალების, ჟურნალისტისა და პოლიტიკოსისგან გამიჯვნაა, ვინც ფარული ჩანაწერების გზავნილების ტირაჟირებას შეუწყობს ხელს, რათა არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ამით ეფექტს აღწევენ.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ ფუნდამენტურ ცვლილებებს, გიგა ბოკერიას შეფასებით, უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც მკაცრად დაისჯება. ამასთან, მსგავსი ჩანაწერების უკონტროლო ჩაწერისა და შემდგომში გავრცელების პრევენციისთვის სუს-ი საერთოდ უნდა გაუქმდეს, მის დეპარტამენტებზე კი საზოგადოებრივი და საპარლამენტო კონტროლი დაწესდეს, რადგან სპეცსამსახურების მუშაობა დანაშაულის ნიშნების არსებობისას ფარული ინფორმაციის მოპოვებასთანაა დაკავშირებული; მაგრამ ყოველთვის არის საფრთხე, რომ ეს პროცესი უკანონო ქმედებაში გადავიდეს და ისეთი ადამიანების ხელში მოხვდეს, ვისაც ამ მასალებზე წვდომის უფლება არ აქვს.

ბოკერიას შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი სამსახური, ძირითადად, ხელისუფლების პროდასავლური ოპონენტების წინააღმდეგ შეიქმნა და ის ღიად პოლიტიკური პოლიციაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^