Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთაში დასაბრუნებლად - ცდა მეორე

11 მაისი 2016

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება, მიგრაციის შეჩერება, დასაქმების ხელშეწყობა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება - მთის განვითარების სამთავრობო გეგმაზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. კანონი ძალაშია. 1600-ამდე დასახლებას სტატუსი უკვე მიენიჭა. თუ რომელი სოფელი ისარგებლებს კიდევ მაღალმთიანის სტატუსით, ამის შესახებ მთის განვითარების საბჭო მსჯელობს. აპრილის ბოლოსთვის ზუსტი სიაც გახდება ცნობილი. კანონით გათვალისწინებული ძირითადი სოციალური შეღავათები სექტემბრიდან გაიცემა. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ სოფლის მოსახლეობა 2002 წლის აღწერასთან შედარებით 23,8%-ით შემცირდა. მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის (37,4 %) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (29%) რეგიონშია.

მიტოვებული მიწები, სახლები და ეზოები. მიზეზი ბევრია - მძიმე კლიმატური პირობები, უწყლობა, უგზოობა, უმუშევრობა, საკომუნიკაციო საშუალებების ნაკლებობა, ადმინისტრაციული ცენტრისგან სიშორე, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

როგორ ცხოვრობენ მთაში? რამდენად პასუხობს სახელმწიფოს ახალი გეგმა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს?

***

სოფელი ჩუბინიანთკარი დუშეთიდან რამდენიმე კილომეტრის სავალზეა. გზიდან მოშორებით კანტი-კუნტად მიმოფანტულ სახლის სახურავებს თუ შეავლებ თვალს, ადამიანები არ ჩანან. სოფელში ჯერ კიდევ ზამთარი დგას.

ვახტანგ ჩიური 58 წლისაა. შვილები ქალაქში ჰყავს. მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა, მიწასთან ჭიდილში. ბევრი არაფერი მოჰყავს, ლობიო და სიმინდი. მთავარია, ამინდმა არ უმტყუნოს. ხშირად უეცარი სეტყვა მოსავალს უნადგურებს.

სოფელი ბაზალეთის თემს ეკუთვნის. ორმოცამდე ოჯახი ცხოვრობს. სკოლა გვერდით სოფელშია. ტრანსპორტი არ მოძრაობს. გზაზე გამვლელს თუ გაჰყვებიან ბაზალეთამდე, სადაც სამედიცინო პუნქტია. იქიდან მიმართვის გამოწერის შემდეგ დუშეთის საავადმყოფოში მიდიან. სოფელში იხსენებენ, რომ ადრე ავტობუსი იყო დანიშნული, ჩამოივლიდა ყოველდღე სოფლებს და დუშეთში ხალხი მიჰყავდა. მაშინ მოსახლეობაც ბევრი იყოო. წლებია, სოფელში ავტობუსი არ გამოჩენილა. ყველაზე მეტად უმუშევრობაზე ჩივიან - ახალგაზრდებმა აქ რა უნდა აკეთონო.

სასმელ წყალს საერთო წყაროდან ეზიდებიან. ბორის ბიძიკაშვილი პენსიონერია. პატარა „ტაჩკა“ ჰყავს და დილა-საღამოს სახლში წყალი მიაქვს. მისი შვილებიც სამუშაოდ ქალაქში წავიდნენ.

სოფელში უცხო ადამიანების გამოჩენა ისეთი იშვიათობაა, გადაძახილ-გადმოძახილის შემდეგ ჩვენს ირგვლივ რამდენიმე კაცი იკრიბება. ალმაცერად გვიყურებენ, რატომ მოხვედით, რა გაინტერესებთო.

ჩუბინიანთკარს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ აქვს, იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც სტატუსის მიღებას ითხოვენ. გაუგიათ, გვერდით რამდენიმე სოფელს აქვსო, კარგად არ იციან. მათთან არავინ მისულა. ითვლიან, ზომავენ, კამათობენ, ვისი სახლი ზღვის დონიდან რამდენ მეტრზეა, ეს ყოფილა მთავარიო. ნოდარი ამბობს, ჩემი სახლი 842 მეტრზეაო.

არჩევნები მოდის და ახლა, ალბათ, ვინმე გამოჩნდება ჩვენს სოფელშიო, ამბობენ სევდანარევი სიცილით. 

ჭილურტელებთან გადადითო, გვთხოვენ. ისინი გამგეობაშიც ჩავიდნენ, სტატუსის მოთხოვნით. თუ ჭილურტს მისცემენ, ეგებ ჩვენც გვეშველოს, ისე არ დაგვტოვებენო. პენსია მაინც მოგვემატება და ზამთარში საჭმელს ვიყიდითო.

ჭილურტის გზას გვასწავლიან, თან მანქანის საბურავებს უყურებენ, შეიძლება ვერც ახვიდეთო.

გზაჯვარედინზე, ხეზე მიმაგრებულ რკინის ნაჭერზე ძლივს ვარჩევთ სოფლის სახელს. ქვიან გზაზე უნდა გადავიდეთ და მაღლა ავუყვეთ. სიჩუმეში ჩაფლულ რამდენიმე სახლს გვერდს ვუვლით.

სოსო ფეიქრიშვილი პენსიონერია. ამბობს, რომ სოფლიდან ხალხი გარბის, ირგვლივ სახლებს გვაჩვენებს, სადაც არავინ ცხოვრობს. ზაფხულობითაც არ ჩამოდიანო, წყალი აქ არ არის და გზა, ვერც გაამტყუნებო.

სოსოს სამი შვილი ჰყავს. დარდობს, ბიჭი 36 წლისაა, ვერც მუშაობს, წასასვლელიც არსადაა, ქალაქში სად იცხოვროს, აქ ჭერი მაინც აქვსო. ამბობს, რომ წამალი ან ექიმი თუ სჭირდებათ, ფეხით ჩადიან მჭადიჯვარში და მერე მანქანას დუშეთში მიჰყვებიან.

„ვაი-ვაგლახით მივდივართ წლიდან წლამდე. სანამ ავიღებთ მოსავალს, ღმერთს ვეხვეწებით, სეტყვა არ მოვიდეს, სულ გაგვინადგურებს ხოლმე. ვინც დარჩენილები ვართ სოფელში, გამოვალთ და ერთმანეთს ორ სიტყვას თუ ვეტყვით. ჩვენ კიდევ პენსია გვაქვს, 30 წლისამ რა უნდა ქნას. ჩემს პენსიაზე არიან ჩემი შვილები“ - ამბობს სოსო.

მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არც ჭილურტს აქვს. რამდენიმე კაცმა სოფლიდან გამგებელთან განცხადება დატოვა. იმედი აქვთ, მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში მათ სოფელსაც დაამატებენ.

ორსართულიანი შენობის ფანჯრებიდან კვამლი გამოდის. ძველი შენობის დერეფანი დაჩეხილი შეშითაა სავსე, რამდენიმე ოთახის კარზე წარწერაა გაკრული - „II-IV კლასი“, „V-VII კლასი“. ჭილურტის სკოლაში სულ ოცი ბავშვი სწავლობს. სამასწავლებლოში, ღუმელთან ორი მასწავლებელი თბება.

მარინა ილურიძე დაწყებითი კლასის მასწავლებელია. ამბობს, რომ სკოლაში მხოლოდ მასწავლებლები და მათი შვილები დადიან. სკოლა არასრულია. ადრე თუ გვიან, შვილების გამო, თვითონაც მოუწევთ სოფლის დატოვება. წუხს, რომ სახლები უმეტესად გამოკეტილია. ტრანსპორტიც არ არის, რომ სოფელში მოსვლა გაადვილდეს. ამბობენ, რომ ადრე „მარშუტკა“ დადიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მგზავრები ცოტანი იყვნენ, მძღოლმა სოფელში ამოსვლაზე უარი თქვა.

გვერდით სოფელს, ებნისს მაღალმთიანის სტატუსი აქვს. ჭილურტში უკვირთ, სოფლებში ერთნაირი სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობაა, მხოლოდ რამდენიმე მეტრით მაღალზე მდებარეობს ებნისი და, ალბათ, ეს აღმოჩნდა გადამწყვეტიო. ებნისი იმ სოფლებს მიეკუთვნება, რომელიც ზღვის დონიდან 800-დან 1500 მეტრამდეა, მაგრამ მთის განვითარების საბჭომ სოფლის მდგომარეობის გათვალისწინებით სიაში ჩასვა. ჭილურტი სტატუსის გარეშე დარჩა.

ებნისის სკოლა ჭილურტის სკოლას ეკუთვნის. იმის გამო, რომ ამ ორ სოფელს შორის ხევია და ზამთარში ბავშვებს ჭილურტის სკოლაში გადასვლა უჭირდათ, ებნისში სკოლის შენობა შეინარჩუნეს და ადგილობრივი ბავშვები იმ სკოლაში დადიან. მიუხედავად იმისა, რომ ებნისს სტატუსი აქვს, იქაური სკოლის პედაგოგები შეღავათებს ვერ მიიღებენ, რადგან სკოლა ჭილურტის სკოლის ნაწილია.

სოფელში ამბობენ, რომ მწირი მიწებია, საძოვრები - ნაკლები, რომ მესაქონლეობას მიჰყოს ადამიანმა ხელი; თუ მიწას დაამუშავებ, სარწყავი არ არის.

„ეს პრობლემები რომ არ გვქონდეს, სულ არ გვინდა ეს მთის ზონა. უბრალოდ, ვინც დავრჩით, მათთვის ცოტა შეღავათია, პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის რომ სკოლა შევინარჩუნოთ, მაგისთვის ვიბრძვით. ცოტა ხანს მეც ველოდები, თუ უკეთესი პირობები იქნება, შეიძლება დავრჩეთ, თუ არა სხვა გზა არ გვაქვს, მოგვიწევს სოფლის დატოვება „ - ამბობს მარინა.

მასწავლებლებს ახლომახლო მდებარე იმ სოფლების შესახებ ვეკითხებით, რომელთაც მაღალმთიანის სტატუსი აქვთ, მაგალითად, სოფელი ჭონტილი. სმენიათ, რომ ამ სოფელში თითქმის აღარავინ ცხოვრობს, შეიძლება ერთი ოჯახი დაგხვდეთო. გვაფრთხილებენ, არ ღირს ამ სოფელში ასვლა, გზა არ არისო. ინტერესით გვეკითხებიან, კიდევ რომელი სოფელი წერიაო, რამდენიმეს ვერც იხსენებენ. უკვირთ, იმ სოფლებს სტატუსი რად უნდათ, სადაც არავინ ცხოვრობსო.

ჭონტილში წასვლა მაინც გადავწყვიტეთ. კითხვა-კითხვით, სოფელ ბაზალეთამდე ავედით. ადამიანების შეცბუნებულ სახეებზე ვხვდებოდით, ამ ადგილებში ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი და ყველაზე უცნაური მგზავრები ვიყავით, რომლებიც სოფელ ჭონტილისკენ მიმავალ გზას კითხულობდნენ. რამდენიმემ შეგვბედა, იქ მგონი არავინ ცხოვრობს, საბურავებზეც ჯაჭვები არ გაქვთ და მაინც ვერ შეძლებთო. ვერც შევძელით. წვიმას სოფლის გზა ისე ჩამოერეცხა, ახლოს მისვლაც გაგვიჭირდა.

გზის გამო ვერ ავედით სოფელ ქარქუშაანშიც, რომელსაც ასევე მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს.

გვითხრეს, სოფელი ახალი ბურღული შედარებით ახლოს არისო. ქვიანი გზის მიუხედავად, ავედით. ძლივს ვიპოვეთ ერთი სახლი, სადაც შუქი ენთო და კვამლი ამოდიოდა. ერთსართულიანი ქვის სახლის პატარა ფანჯრიდან რამდენიმე სახე გამოჩნდა და მიიმალა. ძაღლის ყეფამ მასპინძელი აიძულა, გამოეხედა. სახლში ოთხი სული ვცხოვრობთო. შრომისა და დაღლილობისგან ჩაცვენილ თვალებზე არაფერი შეცვლილა იმის თქმით, რომ სოფელს, სადაც ცხოვრობდა, მაღალმთიანის სტატუსი ჰქონდა. არ ვიციო, მოკრძალებით გვითხრა. სოფელში, ალბათ, ოცამდე ოჯახი ვცხოვრობთ, არც არავინ მოდის და არც ჩვენ მივდივართ არსადო. ერთი შვილი სკოლაში დადის, გრემისხევშიო. მერე, ალბათ, ისიც სადმე წავაო. ჩვენგან გაიგო, რომ მაღალმთიანობის გამო პენსია მოემატებოდა. კარგიაო.

ვახტანგმა მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა, მიწასთან ჭიდილში. ბევრი არაფერი მოჰყავს, ლობიო და სიმინდი. მთავარია, ამინდმა არ უმტყუნოს.

***

დუშეთის მუნიციპალიტეტში 280-მდე სოფელი შედის, მათგან უმეტესობას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა. ოცდაათამდე სოფელი კი სტატუსის გარეშე დარჩა. მოსახლეობამ პარლამენტს წერილით მიმართა. მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შუამდგომლობების წარდგენა მთის განვითარების საბჭოსთვის 1 აპრილამდე იყო შესაძლებელი. განხილვის შემდეგ, აპრილის ბოლოს საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაძლებელია ახალ სიაში დუშეთის რაიონის სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლებიც მოხვდნენ.

***

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ახალ კანონზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მაკოორდინებელ უწყებად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განისაზღვრა. როგორც სამინისტროში ამბობენ, სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაში შარშან, გაზაფხულზე შევიდა, მოეწყო გაფართოებული შეხვედრა, სადაც უშუალოდ მთიან რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრას სხვადასხვა უწყებასთან ერთად ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო სამინისტრო მაღალმთიან რეგიონებში არსებული მდგომარეობის სურათის შესაქმნელად. სპეციალური, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების კვლევა არ უწარმოებიათ.

თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მთის განვითარების საბჭოს მდივანი ოთარ კონჯარია ამბობს, რომ სწორედ ამ გაფართოებულ შეხვედრაზე გამოიკვეთა ძირითადი საკითხები, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მთავრობამ იმისათვის, რომ მთაში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. მიგრაცია, დემოგრაფიული მდგომარეობა, მძიმე სოციალური პირობები, ჯანდაცვასა თუ განათლებაზე ხელმისაწვდომობა - ამ საკითხების გადაჭრისთვის მთავრობამ კანონპროექტი მოამზადა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა და ძალაში 1 იანვრიდან შევიდა. სხვადასხვა სოციალურ თუ საგადასახადო შეღავათთან ერთად კანონით მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა განისაზღვრა.

ოთარ კონჯარია ამბობს, რომ უმთავრესი, რასაც კანონი განსაზღვრავს, არის მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები, რის საფუძველზე უნდა მიენიჭოთ დასახლებებს მაღალმთიანის სტატუსი.

კანონით განსაზღვრულია, რომ ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად მიიჩნევა დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. შესაბამისად, ასეთ დასახლებას სტატუსი ავტომატურად მიენიჭა. ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, სტატუსი მიენიჭათ ასევე, ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს, როგორიცაა: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.

მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სხვადასხვა კრიტერიუმში მთის განვითარების საბჭომ სამი ძირითადი კრიტერიუმი გამოყო, ესაა დემოგრაფიული მდგომარეობა - თუკი დასახლებაში მოსახლეობის კლება 25%-ს აღემატება, ასევე, მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია. მეორეა სასოფლო-სამეურნეო მდგომარეობა, როცა დასახლებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 50%-ზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული ტექნიკით. მესამე კრიტერიუმია, სიშორე ადმინისტრაციული ცენტრიდან, როდესაც დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საჯარო მომსახურებაზე, განათლებასა თუ ჯანდაცვაზე.

საბჭომ დაადგინა, რომ სოფელს, რომელიც ზღვის დონიდან 1000-დან 1500 მეტრამდე მდებარეობს და ერთ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს, უნდა მიენიჭოს სტატუსი. ხოლო დასახლება, რომელიც 800-დან 1500 მეტრამდეა, ორ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.

სოსო პენსიონერია. სამი შვილი ჰყავს. დარდობს, ბიჭი 36 წლისაა, ვერც მუშაობს, წასასვლელიც არსადაა, ქალაქში სად იცხოვროს, აქ ჭერი მაინც აქვსო.

რაც შეეხება კანონით განსაზღვრულ შეღავათებს. ძირითადი სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. მაგალითად: საპენსიო ასაკს მიღწეულ პირზე პენსიაზე არანაკლებ 20% დანამატის გაცემა. ასევე, ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის. მასწავლებელზე დანამატისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით დაფინანსება. ზამთრის პერიოდში აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%-ით ანაზღაურება.

პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში დახმარების პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისთვის: პირველ და მეორე ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში 100 ლარი გაიცემა, მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - 200 ლარი ორი წლის განმავლობაში.

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან. ასევე, პირი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისგან. საგადასახადო შეღავათები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაცემაზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებაა, მაგალითად, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები. საჭირო თანხაც ამ უწყების ბიუჯეტებში უნდა იყოს განსაზღვრული.

***

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ მიმართული რეფორმა საქართველოში მთის დახმარების მეორე მცდელობაა. ძველი კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” პარლამენტმა 1999 წელს დაამტკიცა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კანონი უფუნქციო გახდა და საბოლოოდ, 2009 წელს მისი მოქმედება შეჩერდა.

ძველი კანონის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთის პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, აკადემიკოსი ბერდო გოიშვილი ამბობს, რომ კანონი პარლამენტარებმა გააფუჭეს. იხსენებს, რომ კანონის მიღებიდან მალევე არჩევნები მოდიოდა, დეპუტატებს კი უნდოდათ, თავიანთ რაიონები შეეყვანათ, საბოლოოდ კი ზღვისპირა სოფლებიც მაღალმთიანი დასახლების სიაში აღმოჩნდა.

„ფაქტობრივად, კანონი გაფუჭდა. როცა დაფინანსებაზე მიდგა საქმე, აღმოჩნდა, რომ სამყოფი ფული აღარ იყო, სტატუსი იმდენს ჰქონდა მინიჭებული. მაშინ კიდევ უფრო მეტად უჭირდა ქვეყანას, ამიტომ გადაწყვიტეს, კანონის მცირე, რამდენიმე პუნქტი მაინც შეესრულებინათ. ეს ვერ იქნებოდა რეალური დახმარება და შედეგის მომცემი“, - ამბობს ბერდო გოიშვილი.

ძაღლის ყეფამ მასპინძელი აიძულა, გამოეხედა. სახლში ოთხი სული ვცხოვრობთო. ერთი შვილი სკოლაში დადის, გრემისხევშიო. მერე, ალბათ, ისიც სადმე წავაო.

ძველი კანონის მიხედვით, 9 პუნქტი იყო განსაზღვრული, რომლის გათვალისწინებითაც, მაღალმთიანის სტატუსი უნდა მინიჭებოდა დასახლებას - სიმაღლე, ფერდობთა დახრილობა, მცირემიწიანობა, ტყის რაოდენობა, საზღვართან სიახლოვე, დემოგრაფიული მდგომარეობა და სხვა.

მეცნიერებათა აკადემიაში მთის პრობლემატიკაზე მომუშავე კომისია 1969 წლიდან არსებობს. ბერდო გოიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია მთაში არსებული მდგომარეობის შესწავლა მთაში ასვლის გარეშე. მისი თქმით, ყველა რაიონს თავისი დამახასიათებელი საჭიროებები აქვს. თუკი რეალური მიზანია მათი განვითარება, თავდაპირველად სწორედ ამის განსაზღვრა და დადგენაა საჭირო, შემდეგ კი პრაქტიკული დახმარების გაწევა. აკადემიკოსი ამბობს, რომ რთული წარმოსადგენია, კანონმა სრულყოფილად იმუშაოს, როცა მიწის რეესტრი ჯერ კიდევ არ არსებობს და მთაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ფიქრობს, რომ მთა კარგად არ არის შესწავლილი. მაგალითად, ხევსურეთში სოფლები განახევრდა, მიზეზი კი ადგილზეა საკვლევი.

„მთავრობის მიერ განაწილებული თანხა უფრო მიზნობრივი უნდა იყოს, რომელ სოფელს მეტად სჭირდება და რისთვის. მაგალითად, ოროჯახიან სოფელს სხვანაირი დახმარება და გაძლიერება უნდა. საზღვრისპირა სოფლებში განსხვავებული მიდგომაა საჭირო. ან როცა ბიზნესსა და მეწარმეობაზე საუბრობენ, ხომ უნდა იცოდეს სახელმწიფომ, რომელ რეგიონში მეწარმეობის რა პოტენციალია“, - ამბობს ბერდო გოიშვილი.

საქართველოს ტერიტორიის 79% მთას უჭირავს. აკადემიკოსი ამბობს, რომ საქართველო მთის ქვეყანაა, მაგრამ დღეს მთა კრიზისშია.

***

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მთის განვითარების კანონის სრულად ამოქმედებით, მთის განვითარების საბჭოს მუშაობისა და ყველა უწყების ჩართულობით, მნიშვნელოვან შედეგს იმედოვნებენ, სოფლების დაცლა შემცირდება და მთაში მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის ბიუჯეტიდან 2016 წელს 20 მლნ ლარია გამოყოფილი. მთის განვითარების საბჭოს მდივნის ოთარ კონჯარიას თქმით, ფონდი არ წარმოადგენს ცალკე სტრუქტურულ ერთეულს: „როდესაც მთის განვითარების საბჭო შეიმუშავებს კონკრეტულ სახელმწიფო პროგრამას და მისცემს რეკომენდაციას მთავრობას, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, მთავრობა იმსჯელებს ამაზე. საბოლოოდ, ის იღებს გადაწყვეტილებას, აღნიშნული სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგალითად, საბჭომ შესაძლებელია, მისცეს რეკომენდაცია, კონკრეტულ მაღალმთიან რაიონში ამბულატორიის მშენებლობისთვის, ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასეთ შემთხვევაში, მთავრობა ფონდიდან გამოყოფს საჭირო რესურსს და შესაბამის უწყებას დაავალებს მშენებლობას“, - ამბობს ოთარ კონჯარია.

მთის განვითარების საბჭო კოლეგიური სათათბირო ორგანოა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ექსპერტები და მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიან. საბჭოს პასუხისმგებლობაა, მოამზადოს კონკრეტული წინადადებები გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც მთის მოსახლეობას დაეხმარება. ასევე, მოამზადოს მთის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს და როგორც ამბობენ, სექტემბრამდე დასრულდება. 

სოციალურ ნაწილში შეღავათები ეხება

•  სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს (სოციალური პაკეტის 20-პროცენტიანი დანამატი) (2016 წლის 1 სექტემბერი)

•  მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლასა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლებს (დანამატი საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასის არანაკლებ 35 პროცენტისა, ხოლო პროფესიული დაწესებულების მასწავლებლებისათვის შრომის ანაზღაურების 35 პროცენტი); (2016 წლის 1 სექტემბერი)

•  მასწავლებლებს, რომლებიც განათლების სამინისტროს სპეციალური პროგრამის ფარგლებში ასწავლიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში (დანამატი ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით); (2016 წლის 1 სექტემბერი)

•  მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ/მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ ექიმებს - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობა ყოველთვიურად, ექთნებს - სახელმწიფო პენსიის ერთმაგი ოდენობა ყოველთვიურად; (2016 წლის 1 სექტემბერი)

•  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირს, ახალშობილზე ფულადი დახმარება (პირველ და მეორე ბავშვზე 100 ლარი ყოველთვიურად ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მესამე და მომდევნო ბავშვებზე 200 ლარი ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში); (2016 წლის 1 იანვარი)

•  ასაკით პენსიონერებს (დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 პროცენტი); (2016 წლის 1 სექტემბერი)

•  მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის აბონენტებისათვის ანაზღაურებას,დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის 50%-ის ოდენობით (მაგრამ, არაუმეტეს 100 კვტ-ის ღირებულებისა); (2017 წლის 1 იანვარი)

•  ზამთრის პერიოდში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;(2016 წლის 1 სექტემბერი)

•  საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით გაცემას. (2016 წლის 1 იანვარი)

შეღავათები საგადასახადო სფეროში

საშემოსავლო გადასახადი:

 ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიღებული ხელფასი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო, თუ აღნიშნული სტატუსის მქონე პირი ( რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), ხელფასის სახით 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალს იღებს, საშემოსავლო გადასახადი უნახევრდება;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული 6000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიღებული ხელფასისა, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან;

გ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებიან 10 წლით.

 მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:

ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

ბ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღება

იმისათვის, რომ ისარგებლოთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათებით, აუცილებელია, გქონდეთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. სტატუსის მინიჭებისთვის პირი მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს განცხადებას უნდა დაერთოს:

• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

•  ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

•  სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების პირის სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია აუცილებელია, სხვა შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს სტატუსს.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალის" აპრილის ნომერში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^