2001 წელს ქალაქ ვაშინგტონში მივფრინავდით ოთხი სტუდენტი გ. ჯესაპის სახელობის საერთაშორიო სამართლის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. ყველანი თსუ-ს მეოთხე-მესამე კურსელები ვიყავით. მანამდე რამდენიმე თვე ხშირად სანთლის შუქზე და გენერატორის ხმაურის ფონზე ვემზადებოდით. რეისზე ჩვენთან ერთად იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, დელეგაციის რამდენიმე წევრთან ერთად იყო. ეკონომკლასით მიემგზავრებოდნენ ვაშინგტონში. გაზულუქებულ საჯარო მოხელეებს მიჩვეულებმა და ცვლილებებს მოწყურებულებმა მაშინვე ვიცანით, თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ დაგველაპარაკებოდა. ბჭობა და მეცადინეობა გავაგრძელეთ. აშშ/ნიკარაგუას საქმეს ვიხილავდით.
მალე თვითონვე მოვიდა და გამოგველაპარაკა. არც კამერები, არც დაცვა, არც ქოლგის დამჭერი. დამუნჯებულები ხმას ვერ ვიღებდით, ისე გაგვიხარდა. იმ დროს მინისტრის უბრალოდ ხალხთან მისვლა და ასე გამოლაპარაკება უფრო ფანტასტიკის სფეროდან იყო, ვიდრე რეალობიდან. ამ ჟესტის სიმბოლური დატვირთვა გამოლაპარაკებაზე ბევრად მეტი იყო: ის თანასწორობას, აღიარებას, ყურადღებას ნიშნავდა. რაც მთავარია იმას, რომ ხელისუფალს საკუთარ ხალხთან შუამავლის გარეშე ლაპარაკის არ ეშინოდა. მერე ყველაფერი შეიცვალა და დაიწყო ექსკლუზიურობის ეპოქა: რესტორების დაკეტვის, ქუჩების გადაკეტვის, ხალხის გაფრთხილების, დიდი დაცვის, გაფილტრული, სინთეტიკური და სანიტარიზირებული “სახალხო” შეხვედრებს მოყოლილი იმედგაცრუება.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ს სტუდენტებთან დაცვისა და კამერების გარეშე შესახვედრად მივიდა. მგონია, რომ სტუდენტებს ეს ძალიან გაუხარდათ. ყოველ შემთხვევაში, მე ახლაც ზუსტად ისე გამიხარდა, როგორც თავის დროზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირისპირ დანახვა. პრემიერის ნაბიჯის სიმბოლური მნიშვნელობა უფრო დიდია ვიდრე შეხვედრის უშუალო შედეგი. სიმბოლიზმი იგივეა. პირდაპირი დემოკრატია სწორედ ასე ხორციელდება: ხელისუფლება ხალხს პირდაპირ, შუამავლების გარეშე ელაპარაკება და მისი ლეგიტიმურობაც, საარჩევნო ციკლებს შორის, სწორედ ამ პირდაპირი კავშირის მეშვეობით მოდის. ეს ლეგიტიმურობა ხელისუფლებას იმაზე უფრო ძლიერს ხდის ვიდრე ათასობით სპეცრაზმელი ან ჯავშანმანქანა. რა თქმა უნდა, მაყურებელს აქვს სკეპტიციზმის უფლება. უახლოეს წარსულში ნანახმა საგანგებოდ დადგმულმა და საგულდაგულოდ გაწმენდილმა “სახალხო” შეხვედრებმა საზოგადოებაში ისეთი ეჭვები დააბუდა, რომლის გაფანტვას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა, პირდაპირი დემოკრატიის ერთეული ნაბიჯებიდან ისეთი ტრადიციის დამკვირდება, რომელიც სხვანაირი ცხოვრების წესისაკენ დაბრუნების საშუალებას არ მოგვცემს.
იტალიელი მწერალის, იტალო კალვინოს მოთხრობის - “მეფე უსმენს” - არსი ხელისუფალსა და ხელისუფლების ატრიბუტებს შორის ურთიერთობაა. მეფე მხოლოდ მისი ატრიბუტების მიხედვით ამოიცნობა: გვირგვინი, ტახტი, კვერთხი, აღკაზმულობა. ეს მთელი აღჭურვილობა საბოლოოდ იმდენად ზღუდავს მეფეს, რომ მას წამითაც არ შეუძლია ტახტრევანის დატოვება იმ შიშით, რომ ამ აღჭურვილობის გარეშე მის მეფობას არავინ აღიარებს. “მეფე აღინიშნება იმ ფაქტით, რომ ის ზის ტახტზე, უკეთია გვირგვინი და ხელში კვერთხი უჭირავს. ახლა როდესაც ეს ატრიბუტები შენია, ჯობს მათ ერთი წამითაც არ ჩამოსცილდე,” წერს კალვინო. საბოლოო ჯამში მეფე მისი აღჭურვილობის ტყვე ხდება. სტერილურად ერთ ადგილას მოთავსებული ის ხმების გარჩევის უნარს კარგავს. დაყრუებული, აჯანყების ხმაურსაც ვერ შეამჩნევს. სმენის უნარი მხოლოდ მაშინ უბრუნდება, როდესაც ატრიბუტიკისაგან გათავისუფლდება. “მეფე უსმენს” ჩვენი უკანასკნელი წლების სამწუხარო ისტორიაა. პირდაპირი დემოკრატია ძალაუფლების სამწუხარო დასასრულის წამალია. იქნებ მოვიდა დრო, ეს მოთხრობა რეალობიდან საჯარო მოხელეების სასწავლო მასალებში გადავაბარგოთ?!
ანა დოლიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
თავდაცვის მინისტრის მოადგილე