Google Earth-ზე აღმაშენებლის გამზირის სამგანზომილებიანი ვერსია განთავსდა. ამიეირდან ნებისმიერ მსურველს გამზირის პანორამული გალერეის ნახვა ინტერნეტში სრულად შეეძლება.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტომ მუშაობა Google Earth-ზე ერთი თვის წინ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში უწყება აღმაშენებლის გამზირის პანორამულ გადაღებებს, მათ 3D ფორმატში გადატანასა და ატვირთვას ახორციელებდა. სამუშაოები კვლავაც გრძელდება და მალე Google Earth-ზე დედაქალაქის სხვა ქუჩების, შენობებისა და ნაგებობების სამგანზომილებიან ფორმატში დათვალიერებაც იქნება შესაძლებელი.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარის სოსო წიქარიშვილის თქმით, იგეგმება ნარიყალის ფერდობის, მეტეხის პლატოსა და რუსთაველის გამზირის 3D ვერსიების მომზადებაც. მოგვიანებით კი პროექტი დედაქალაქის ფარგლებს გასცდება და Google Earth-ზე სიღნაღის, ქუთაისის და ბათუმის სამგანზომილებიანი პანორამების დატანაც მოხდება.
Google Earth-ზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ამ დრომდეც იდებოდა. ბევრი მომხმარებელი ფოტოს საკუთარი ძალებით იღებდა, შემდეგ კი ამუშავებდა და ვებზე ტვირთავდა. წიქარიშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრი შეეცადა პროცესი სისტემაში მოექცია, მთლიანი ქუჩა ერთიანად ჩაეხაზა და უფრო მეტი ეფექტიც მიეღო.
უახლოეს მომავალში კი სააგენტოს პროექტში ჩართვა მოხალისეებსაც შეეძლებათ: "Google Earth-ისთვის მასალის მომზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ამიტომ სტაჟიორების აყვანას, ვგეგმავთ რომელთა ნაწილიც სწორედ ამ საქმით დაკავდება. ქუთაისისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში Google Earth-ის მიმართულებით ტრენინგებიც ჩატარდება. პირველ ეტაპზე გვინდა, რომ მსურველებმა ქალაქების ღირსშესანიშნაობების ფოტოები ატვირთონ, დაინტერესების შემთხვევაში კი ამ პროექტშიც ჩაერთვებიან. თუ ჯგუფები სხვადასხვა ქალაქებში პარალელურად იმუშავებენ, პროცესი წინ უფრო სწრაფად წავა. Google Earth-ს ბევრი "მიმდევარი" ჰყავს, ამიტომ ამ ადამიანების დაკავშირება და მათთან შეთანხმებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება",-აღნიშნავს სოსო წიქარიშვილი.
მალე Google Earth-ის პროექტში ჩართულობის და მომხმარებლების წახალისების მიზნით სხვადასხვა კონკურესებიც გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
[video:http://www.youtube.com/watch?v=WNyD_uTuScQ]