Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანანა ქოჩლაძე - გარემოს დაცვას პრაგმატული მნიშვნელობა აქვს

08 აპრილი 2012

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვის სფეროსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაამტკიცა. ცვლილებები შევიდა ნადირობის შესახებ კანონში, ბირთვული უსაფრთხოების შესახებ კანონში. შეიცვალა პირობები მეწარმესა და სამინისტროს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში. ინტენსიურად დაიწყო დიდი კაშხლების მშენებლობა, საუბარია ახალი ქალაქის - ლაზიკის მშენებლობაზეც. ცვლილებებს გარემოსდამცველი ორგანიზაციები პერმანენტულად ეხმაურებიან. ამ საკითხებზე „ლიბერალი" არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელს მანანა ქოჩლაძეს ესაუბრა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვის სფეროსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაამტკიცა. ცვლილებები შევიდა ნადირობის შესახებ კანონში, ბირთვული უსაფრთხოების შესახებ კანონში. შეიცვალა პირობები მეწარმესა და სამინისტროს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში. ინტენსიურად დაიწყო დიდი კაშხლების მშენებლობა, საუბარია ახალი ქალაქის - ლაზიკის მშენებლობაზეც. ცვლილებებს გარემოსდამცველი ორგანიზაციები პერმანენტულად ეხმაურებიან. ამ საკითხებზე „ლიბერალი" არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელს მანანა ქოჩლაძეს ესაუბრა.

რატომ არის გარემოსთვის საფრთხის შემცველი ენერგეტიკის სამინისტროს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება?

ამ ცვლილების თანახმად, პირს მიეცემა საშუალება ენერგეტიკის სამინისტროსთან დადოს შეთანხმება, რომლითაც მის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში ჩადენილი ქმედება კანონიერად ჩაითვლება. ძალზე პრობლემური კანონპროექტია. სამინისტროსთან შეთანხმების დადების მერე კანონიერად ჩაითვლება პირის ყველა ქმედება. ანუ თუ მე დღეს მეწარმე ვარ და მთელ რიგ დანაშაულებრივ ქმედებებს ჩავდივარ, 2015 წელს მოვითხოვ შეთანხმების გაფორმებას და ყველაფერი მოგვარდება. ეს უკვე ინდულგენციის სახეს იღებს. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია აღარ იზრუნოს გარემოს დაცვაზე, ჩაიდინოს რაც უნდა, შემდეგ კი სამინისტრო ყველაფერს „გაუპრავებს". ამას სხვა სიტყვა არ შეესაბამება.

ეს ცვლილება ყველა გარემოსდაცვითი პრინციპის უარყოფაა. ამბობენ, რომ მეწარმეს დაეკისრება შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც შეიძლება არ იყოს ფულადი ანაზღაურება. თუმცა, ამ კომპენსაციის ტიპის და მოცულობის განსაზღვრის მეთოდი კანონში არ არის. ამბობენ, რომ ამას  პრემიერ-მინისტრის დებულებები დაარეგულირებს, თუმცა, დებულება კანონზე მაღლა ვერ იდგება. ამასთან  მესამე მხარე -  საზოგადოება ვერ გაასაჩივრებს ამ შეთანხმებას, რაც კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევაა.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ამ „კანონიერი" ქმედების შემოწმების უფლება არავის აქვს. მეწარმე, რომელმაც ერთხელ გარკვეულ დანაშაულზე გააფორმა შეთანხმება, შეიძლება აგრძელებდეს ამ დანაშაულს, მეტ ნარჩენებს ყრიდეს, მეტ მავნე ნივთიერებას აფრქვევდეს ჰაერში, ამას რატომ აღარ ვამოწმებთ?!

ოფიციალურად ვის კომპეტენციაში შედის კონტროლი?

გარემოს დაცვის სამინისტროში ამჟამად არსებობს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების სამმართველო, რომლის ფუნქციაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემა და აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგია. თუმცა, წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოახერხოს ამ სამმართველომ იმის შემოწმება, ასრულებს თუ არა მეწარმე ნაკისრ ვალდებულებებს, როცა ამ ერთეულში სულ 9 ადამიანი მუშაობს.

მინისტრის თქმით, ამ ტიპის შეთანხმებით ავიცილებთ მეწარმეების დაჯარიმებას, საწარმოების დახურვას და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეს.

თვითონ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობებში ვალდებულებები დროშია გაწელილი, ამასთან გარემოსდაცვის ინსპექციაც (მისი არსებობის დროს)  არ იყო დაკავებული მხოლოდ ჯარიმების გამოწერით და საწარმოების დახურვით.  მსოფლიო პრაქტიკითაც, მაკონტროლებელი ორგანოები  მეწარმეების დაჯარიმებით არ შემოიფარგლება და მათთან ერთად მუშაობს დაბინძურების შემცირებისთვის, მეწარმეების წახალისების გზებს ეძებს. შესაძლოა, ეს იყოს მათთვის რაღაც გადასახადის შემცირება, რათა ეს თანხები მიზნობრივად მიიმართოს ზიანის გამოსასწორებლად ან სხვა ერთობლივი გზები.

ხომ არ შექმნის ეს მეწარმეებისთვის არათანაბარ პირობებს?

თავისთავად არაკონკურენტული მდგომარეობა იქმნება. ეს ცვლილება მეწარმეს  პროვოცირებას უწევს, რომ დარღვევით დაიწყოს საქმიანობა. პატიოსანი მეწარმე თავიდანვე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რადგან ის წვალობს ნებართვის აღებაზე, გარკვეული ფილტრების დამონტაჟებასა თუ სხვა სამუშაოების ჩატარებაზე ბევრ ფულს ხარჯავს, მაშინ, როცა ვიღაც თავიდანვე თავისუფლად არღვევს კანონს, აფრქვევს ჰაერში მავნე ნივთიერებს, აზიანებს მიწის ნაყოფიერ ფენას და ა.შ. რადგან მან იცის, რომ მოგვიანებით სამინისტროსთან შეთანხმებას  გააფორმებს და ყველაფერი ეპატიება.

მოხდება ამ ცვლილებით სერიოზული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა?

ასეთი შეთანხმების შესაძლებლობა უცხოურ კომპანიებს მოტივაციას არ გაუზრდის. სერიოზული რეპუტაციის მქონე ევროპული თუ ამერიკული კომპანიისთვის ასეთ შეთანხმებაზე წამოსვლა დიდი რისკი იქნება. დიდი კომპანიებისთვის აუცილებელია, რომ გარდა საქართველოს კანონმდებლობისა, აკმაყოფილებდნენ თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებსაც. რათა თავიდან აიცილონ ჩივილის შემთხვევაში მილიონობით დოლარი მატერიალური ზარალი და რეპუტაციის შელახვა ისეთ საზოგადოებაში, სადაც გარემოსდაცვითი ცნობიერება სკამაოდ მაღალია და ამ ტიპის გარიგებების წარმოება სამარცხვინოდ მიიჩნევა. შესაბამისად, ალბათ ველით ისეთ კომპანიებს, რომლებითაც სავსეა დღეს საქართველო, რომელთა დამფუძნებელთა ვინაობა, კომპეტენცია, წარსულიც გაუგებარია და ვერც იმას გავიგებთ სად გაედინება მოგება.

რაც შეეხება იშვიათ სახეობებზე ნადირობის დაკანონებას, ეს რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს?

აქ თავისთავად არასწორი ეკონომიკური გათვლაა. ლოგიკა ამგვარია, რომ  მოიზიდავენ მონადირე ტურისტებს. თუმცა, ამით დიდი ფულის შოვნა წარმოუდგენელია. მსოფლიო პრესა და საზოგადოება ამ ტიპის ქმედებებს საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს. კითხვები გაჩნდება იმ ქვეყნის საბაჟოებზეც, რომლის საზღვარზეც შეიძლება მონადირემ შეიტანოს იშვიათი სახეობის მოკლული ცხოველი.

ენერგეტიკის  და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ  გამოაქვეყნებული დამტკიცებული   სანადიროდ დასაშვებ კვოტები არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ქვეყანაში ზუსტად არავინ იცის, რომელი ცხოველის რა რაოდენობის პოპულაციები გვაქვს, მათ შორის არც გარემოს დაცვისა სამინისტრომ. ახლა გამოცხადდა  ცხოველთა სამყაროს  ობიექტების აღრიცხვა/შესწავლის კვლევით სამუშაოზე ტენდერი.  თუმცა, ასოციაცია „ნაკრესმა", რომელიც ძირითადად ამ ტიპის საქმიანობითაა დაკავებული, ღიად განაცხადა უარი, რადგან  პრინციპულად არასწორად ჩათვალა შემოთავაზებული მიდგომა, რომ წითელი ნუსხის სახეობებზეც  განისაზღვროს სანადირო კვოტები  და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მოცემული მეთოდოლოგია (ტენდერის მოთხოვნები და გამოყოფილი დრო) გამორიცხავს ხარისხიანი სამეცნიერო ინფორმაციის მიღებას.

რაც შეეხება დიდ კაშხლებს, რამდენად სჭირდება ეს ჰესები ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობისთვის?

ჰესების იმგვარად მშენებლობა, როგორც კეთდება, აბსოლუტური მარაზმია. გაუგებარია, ვისთვის ან რისთვის შენდება ეს კაშხლები. ენერგობალანსის არსებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული ენერგიის 70% მოდის იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე. დანარჩენი კი ნაწილდება ელექტროენერგიასა და შეშაზე.  მოხმარებული ელექტროენერგიის 80%-ს ვიღებთ ჰესებიდან. მაგრამ ჰესების მშენებლობა დამოუკიდებლობას ვერ მოგვიტანს. გაუგებარია, როგორ ჩაანაცვლებს გამომუშავებული ელექტროენერგია იმ 70 %-ს, რომელიც უფრო იაფ ენერგიაზე - გაზსა და ნავთობზე მოდის?  მით უმეტეს, რომ ეს ელექტროენერგია ქვეყნის გარეთ გავა, რა ჩანაცვლებაზე და დამოუკიდებლობაზე შეიძლება ლაპარაკი? ენერგოდამოუკიდებლობისთვის საჭიროა შემცირდეს დამოკიდებულება იმპორტირებულ ენერგიაზე. ამისთვის ჰესის მშენებლობა კი არის ერთ-ერთი გზა, მაგრამ წარმოებული ენერგია ერთდროულად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ექსპორტს ვერ მოხმარდება.  ორივე ერთად შეუძლებელია.

გარდა ამისა, ეს პროექტები თავიდანვე დარღვევებით მიმდინარეობს. დარიალ ჰესის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ არც სამშენებლო ნებართვა და არც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არ იყო გაცემული,  გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას  ნენსკრას ჰესის მშენებლობის გახსნაში, თუმცა ნებართვები გაცემული ჯერ არ არის. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი  გამოდის ზეწოლა საზოგადოებასა და ნებართვის გამცემ  ორგანოებზე.

კარგად უნდა გვესმოდეს ყველას - რას რატომ და რისთვის ვაკეთებთ. ზოგჯერ საზოგადოებამ შეიძლება ჩათვალოს, რომ სარგებელი იმდენად დიდი იქნება, რომ რაღაცის დათმობა ღირს. სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია.

მსოფლიო კაშხლების კომისიის რეკომენდაციით   აუცილებელია მომზადდეს ენერგეტიკის სექტორის  განვითარების  ყველა შესაძლო გეგმა, გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული და სოციალური შეფასებები, და მხოლოდ ამის  შემდეგ ფართო განხილვების საფუძველზე საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და მიიღოს   ოპტიმალური გადაწყვეტილება.

თქვენ რა ალტერნატივას სთავაზობთ ხელისუფლებას ელექტროენერგიის მისაღებად?

საქართველოში მცირე ჰესების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს, რასაკვირველია. თუ მათ არ ავაშენებთ ნაკრძალებში, დაცულ და ხელუხლებელ ტეროტორიებზე, მათი გამოყენების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.  აგრეთვე უნდა დღესვე ვიზრუნოთ ქარის და მზის ენერგიის განვითარებაზე.

თუმცა,  პირველი პრიორიტეტი არსებული ჰესების რეაბილიტაციაა. ამასთან, რეზერვუარების უმეტესობაში დაგროვილია მდინარეების ჩამოტანილი ნატანი მასალა და  გამომუშავება შემცირებული. ნატანის გაწმენდა ძვირია, მაგრამ იმაზე ბევრად იაფი, ვიდრე ახალი ჰესების მშენებლობა. ეს ასე ძვირი არც ინვესტორს დაუჯდება და არც სახელმწიფოს.  რეაბილიტაციის შედეგად, შესაძლებელია დაახლოებით 1000 მეგავატამდე გამომუშავების ზრდა. ამიტომ აუცილებელია  ძველი ჰესების რეაბილიტაცია და მერე უკეთ გამოჩნდებოდა რამდენი ახალი ჰესი გვჭირდება.  ამასთან საქართველოს ენერგეტიკის პრობლემაა ზაფხულში  არსებული წყალზედმეტობა, როდესაც ჰესები ღვრიან წყალს  და ახალი ჰესებით ამ პრობლემის გადაწყვეტა არ მოხდება, საჭიროა ეკონომიკური ინიციატივების განხორციელება.

ამასთან, ჰესების მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტზე ზეგავლენას ნაკლებად იქონიებს, რაზეც ხელმოწერილი ხელშეკრულებები და მემორანდუმები მეტყველებს. საქართველოს რჩება მხოლოდ მოგებისა და ქონების გადასახადი. რაც რჩება ყველა ჩვეულებრივი კომპანიიდან, მცირე მაღაზიიდან და ა.შ., რომლებიც ამავდროულად ბუნებრივ გარემოს არ აზიანებენ. ამასთან ეს ენერგია ექსპორტზე გადის, ხოლო ექსპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულებისა და სხვა გადასახადებისგან. საქართველოში არ არსებობს წყლის, როგორც რესურსის გადასახადი. შესაბამისად,  საქართველოს  კერძო ჰესების მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციებიდან ბევრი არაფერი დარჩება. მაგ.  ფარავან ჰესში 160 მილიონ დოლარმდე მეტი ინვესტიცია ჩაიდება  აქედან ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის 49-49 მილიონ დოლარი სესხია.  თუმცა ფარავან ჰესის მიერ  სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი წლიურად ჩვენი ანგარიშით, 2 მილიონზე მეტი არ იქნება. ამასთან, კომპანიას სახელმწიფოსგან მიწა 1 დოლარად აქვს შესყიდული და მიღებული აქვს უფლება ეს მიწა იპოთეკით დატვირთოს. ამასთან, მართალია სახელმწიფო იტოვებს უფლებას   ზამთარში დენი შეისყიდოს, მაგრამ მდ.ფარავანის შემთხევაში ეს   შესაძლებელია არარეალური გახდეს (მდ. იყინება), . ხოლო  მსგავსი შეთანხმება ხუდონის ჰესის შემთხვევაში წამგებიანია შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის გამო.

შეიცვალა 1998 წლიდან მოქმედი კანონიც ბირთვული უსაფრთხოების შესახებ. ეს ცვლილებები რა შედეგს მოუტანს ქვეყანას და იყო თუ არა დღეს ამის საჭიროება?

საერთაშორისო კანონმდებლობა ამ მიმართულებით ცალსახა არაა. ქვეყანას უფლება აქვს აირჩიოს იქნება თუ არა ატომური ენერგეტიკის განმავითარებელი  თუ არა. ეს არ გვჭირდება, მეორეც, დღევანდელ ვითარებაში ორმაგად საეჭვოა ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა. სულ ახლახან მოხდა ფუკუსიმას ავარია, ევროპის დიდი ქვეყნები, ატომური ენერგიის ისეთი ლობისტიც კი, როგორიც საფრანგეთია, ცდილობენ შეამცირონ ატომურ ენერგიაზე თავიანთი დამოკიდებულება. ამ კუთხით მთავარი მოთამაშე რუსეთიღა ჩანს. ამ დროს ვაცხადებთ, რომ ატომური სადგურების აშენება გვინდა, ეს ან ცუდად დაგეგმილი პიარია, ანაც მორიგი უაზრობა. თანაც, ატომური სადგურის მშენებლობის დაწყებასაც კი ათეულობით წელი, დიდი რაოდენობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, დახვეწილი კანონმდებლობა, სათანადო სტანდარტები, გამართული უსაფრთხოების სისტემა და უამრავი ისეთი რამ სჭირდება, რაც არც ახლა გვაქვს და ჩემი აზრით, არც უახლოეს წლებში შეიძლება გვქონდეს, რათა დაკმაყოფილდეს საერთაშორისო ატომური სააგენტოს მოთხოვნები ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისთვის. ამასთან, კანონით დაშვებული გახდა რადიოაქტიური  ნარჩენების რეექსპორტიც და აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ტრანზიტი და ექსპორტ-იმპორტი, რაც დღევანდელ დაძაბულ საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოში, როცა ირანის საკითხიც დგას, შიშის საფუძველს იძლევა. მით უმეტეს, კანონი დაჩქარებული წესითაა მიღებული, არ ყოფილა საჯარო განხილვა და კანონის განმარტებით ბარათში ბევრ კითხვაზე პასუხი არ ჩანს.

ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები, კოლხეთის დაბლობზე ჭაობების დაშრობა და ა.შ. რამდენად შეიცავს ეკოლოგიურ საფრთხეებს?

ჯერ ზუსტად ვერც კი გვეუბნებიან, სად შენდება, თუმცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან უკვე გამოიყო თანხები იუსტიციის სახლის ასაშენებლად.  უნდა დააშრონ უნიკალური   ჭაობები, რომლებიც   არამარტო ბიომრავალფეროვნებითაა მდიდარი, არამედ წარმოადგენს სასმელი წყლის მარაგს და ზღვის შემოტევისგან გვიცავს. შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლია-ფოთის მონაკვეთი ისედაც საკმაოდ პრობლემურია, ზღვის  შტორმული მოდინება საკმაოდ მაღალია, ანუ ზღვა სულ ცდილობს, ტერიტორია წაგვართვას. იქ სადაც ჭაობს დააშრობენ, ზღვა კიდევ უფრო ადვილად შემოვა ხმელეთზე.

სამწუხაროა, მაგრამ ხელისუფლებაში არა აქვთ გააზრებული გარემოსდაცვის მნიშვნელობა. პრინციპი ასეთია, ჯერ გავმდიდრდეთ და გარემოს დაცვაზე მერე ვიზრუნოთ. მაგრამ გარემოს დაცვას აქვს პრაგმატული მნიშვნელობა, ვინაიდან   ვიცავთ ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ეკონომიკურ განვითარებას.  დაბინძურებული გარემო ნიშნავს მეტ დაავადებულ ადამიანს, მეტ დანახარჯს ჯანდაცვასა და სოციალურ სექტორში, მეტ ეკონომიკურ ზარალს ბუნებრივი კატასტროფების დროს.

რას აპირებთ ამ ცვლილებების პასუხად?

მივმართავთ ევროკავშირს და განვითარების ბანკებს შეამცირონ საბიუჯეტო დახმარება. ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილება, როდესაც ყულევის ტერმინალის მშენებლობის გამო  მსოფლიო ბანკმა 2002 წელს შეამცირა ქვეყნის დაფინანსება და 300 მილიონის ნაცვლად 100 მლნ გამოყო. ევროკავშირისაც ვთხოვთ, შეისწავლოს და გადახედოს როგორც  არსებულ სავაჭრო რეჟიმს საქარეთველოსთან, ასევე მიმდინარე მოლაპარაკებებში ასოცირებულ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებას.  მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიზანი  გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებაა, თუმცა  საქართველომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოახერხა არსებული კანონმდებლობის გაუარესება, რაც პრობლემურია ამ  მოლაპარაკებებისთვის. ვფიქრობთ,  ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია  და საზოგადოების წარმომადგენელები შემოგვიერთდნენ. რაც  უფრო დიდი იქნება ზეწოლა, მით უფრო მალე გვექნება შედეგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^