საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 2017 წლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. იგი აზუსტებს, რომ სამინისტრო ამ ნაბიჯისთვის მზად არის და ახლა საჭიროა საკანონმდებლო მხარდაჭერა. ამავე დროს, ხიდაშელის ინიციატივით შეიარაღებული ძალებისა და რეზერვის კონცეფციის საჯარო განხილვები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, იგეგმება სამი კატეგორიის რეზერვის შექმნა. ესენია: არმიის რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. არმიის რეზერვის ამოცანაა: შეიარაღებული ძალების გაძლიერება და საბრძოლო დანაკარგების შევსება. არმიის რეზერვის პირადი შემადგენლობისთვის სავალდებულო სამსახურის ვადა სამი წელია. არმიის რეზერვში პირადი შემადგენლობისთვის სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წლის ჩათვლით განისაზღვრება.
ტერიტორიული რეზერვის ამოცანაა: სახმელეთო ჯარების დახმარება საერთო ოპერატიული გეგმების შესაბამისად; შსს-ს და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დახმარება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირებაში; კრიზისებისა და საომარი მოქმედებების რაიონიდან მოსახლეობისა და წინასწარ განსაზღვრული რესურსების ევაკუირება; ადამიანური და მატერიალური რესურსების ესკორტირებისა და დაცვის უზრუნველყოფა; საკვანძო და მნიშვნელოვანი მიმართულებების, ობიექტებისა და აღჭურვილობის დაცვა; მომარაგებისა და გადაადგილების მარშრუტების დაცვის უზრუნველყოფა და ა.შ.
ტერიტორიულ რეზერვში პირადი შემადგენლობისთვის სამსახურის ზღვრული ასაკი 55 წლის ჩათვლით განისაზღვრება. ტერიტორიული რეზერვის პირადი შემადგენლობისათვის სავალდებულო სამსახურის ვადა - ხუთი ან შვიდი წელია (ნამსხურობის ვადის შესაბამისად).
სპეციალისტების რეზერვის ამოცანაა: შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და სხვა საორგანიზაციო ღონისძიებების მხარდაჭერა ომისა მშვიდობის დროს. სპეციალისტების რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტულია რეზერვისტთა სამოქალაქო საქმიანობის სპეციფიკა და პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც აუცილებელია შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და სხვა საორგანიზაციო ამოცანების გადასაჭრელად.
„ლიბერალი“ რეზერვის კონცეფციაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველ გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და რეზერვის კონცეფციის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება სამი კატეგორიის რეზერვის შექმნა. ესაა: არმიის რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. არმიის რეზერვში სავალდებულო სამსახურის ვადად დოკუმენტში სამი წელია მითითებული. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა შემთხვევებში და რა ვადით მოუწევთ ადამიანებს არმიის რეზერვში მსახური?
ვალდებულების ვადები ეს არის არა ის, რომ პირს გადაბმულად და განუწყვეტლივ სამხედრო სამსახური მოუწევს, არამედ ვადები ამ ვალდებულების ხანგრძლივობას აღნიშნავს. არმიის რეზერვი პროფესიონალური რეზერვია, რომელიც ძირითადად მხოლოდ სამხედრო სამსახურგავლილი ადამიანებით კომპლექტდება, რომელთაც ერთი კონტრაქტი მაინც აქვთ მოხდილი. ეს კი თავისთავად გულისხმობს, რომ მათ გავლილი აქვთ საბაზისო/სპეციალური მომზადება, აქვთ სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა, სავარაუდოდ, რომელიმე მისიაშიც უმსახურიათ. იმის მიხედვით, კონტიგენტი საჭიროზე მეტი იქნება თუ არა, გადაწყდება, მოხალისეობის პრინციპით შეირჩევა ჯარისკაცი, თუ ეს ადამიანები ვალდებულები იქნებიან 3 წელი ჰქონდეთ კონტაქტი შეიარაღებულ ჯარებთან, იყვნენ აღრიცხვაზე და წელიწადში 45 დღემდე, ოღონდ არა აუცილებლად 45 დღე იმსახურონ. გენერალური შტაბი ადგენს, სჭირდებათ თუ არა ჯარისკაცებს, მაინცდამაინც 45 დღე იმსახურონ ყაზარმაში, რათა დეკვალიფიკაცია არ განიცადონ, თუ ნაკლები დროც საკმარისია. ამასთან, ეს ვალდებულება ანაზღაურებადი იქნება.
ამ 45-დღიან პერიოდში, ასევე იქნება რამდენიმე დღე, რომელიც სამობილიზაციო წვრთნებს დაეთმობა. საკმარისი აღარ იქნება პირის რამდენიმე საათით მისვლა და დაფიქსირება. ასევე იქნება საწვრთნელი შეკრებები, მაგალითად, ხუთი-ექვსი ან ათი დღე, ან მხოლოდ შაბათ-კვირას, საბრძოლო მომზადების მიზნების შესაბამისად.
როგორი იქნება ანაზღაურება?
არმიის რეზერვისთვის წლის განმავლობაში (წელიწადში 45 დღემდე იმსახურებენ) 3000 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება სპეციალისტის რეზერვს, თუ ისინი სრულ განაკვეთზე იმუშავებენ, მიიღებენ იმ საშტატო ერთეულის ხელფასს, რომელზეც ინიშნებიან. ეს იქნება ცალკეული საშტატო ერთეულები თუ დეფიციტური სპეციალობები, სადაც ინდივიდუალურად მოხდება რეზერვში ამ ადამიანები გააქტიურება. ისინი იქნებიან არა კადრის სამხედრო მოსამსახურეები, არამედ რეზერვის სამხედრო მოსამსახურეები. ხელფასს აიღებენ თანაბრად, იმდენს, რამდენიც შტატისთვის იქნება განსაზღვრული.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიული რეზერვი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირებით დაკომპლექტდება. საჭიროების შემთხვევაში კი ტერიტორულ რეზერვში ჩაირიცხებიან სამხედრო გამოცდილების არმქონე პირებიც. ისინი სამხედრო ვალდებულებას სწორედ სავალდებულო სარეზერვო სამსახურის გავლით მოიხდიან. რა შემთხვევაში გაიწვევენ სამხედრო გამოცდილების არმქონე პირებს ტერიტორიულ რეზერვში?
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ არმიის რეზერვის დაკომპლექტებისთვის, სახლში არავის მიაკითხავენ. კონტრაქტები გაფორმდება მათთან, ვინც ჯარში მსახურობდა. რაც შეეხება ტერიტორიულ რეზერვს, მისი დაკომპლექტების მეთოდზე მიმდინარეობს მუშაობა. დაიდება გვარდიის კონცეფცია, სადაც გაწერილი იქნება არამხოლოდ რეზერვისტის მოვალეობა, არამედ ტერიტორიული თავდაცვის პრინციპები, ტაქტიკა და სტრატეგია. ეს არის გარკვეულ „ნოუ ჰაუ“ საქართველოსთვის, თუმცა არა ევროპისთვის. ჩვენ ახლა ვმუშაობთ მათთან. ვცდილობთ საუკეთესო ვარიანტის შერჩევას. ეს იქნება ძალიან მსხვილი პროექტი, ფაქტობრივად, გვარდიის რებერნდინგი ხდება. დიდი ალბათობით ის მოხალისეობის პრინციპზე იქნება აგებული.
თქვენი ოპონენტების თქმით, ვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმდება უხაროდა, მათ სავალდებულოდ მოუწევთ რეზერვში ყოფნა. ამას რას უპასუხებთ?
არ იქნება ასე. ივნისში დასრულდება კონცეფციაზე მუშაობა. განიხილება ორი მოსაზრება: პირველი, რომ გავხადოთ სავალდებულო, მეორე, ჩვენ შეგვიძლია, თავიდანვე ჩავდოთ მოხალისეობის პრინციპი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხალისეობის პრინციპის შემოღების შემთხვევაში რეზერვში არავინ გამოვიდეს, მაგრამ თუკი ასე იქნება, ავამოქმედებთ სავალდებულო რეზერვს. მოხალისეობის პრინციპისას შევეცდებით, მოტივაციის ამაღლებას, რათა შევქმნათ ტერიტორიული სამხედრო ძალები.