მოსამართლეთა მივლინება-დაწინაურების ბუნდოვანი მექანიზმი, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაუმჭვირვალობა, მისი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ხარვეზებისა, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მონიტორებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგისას გამოავლინეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძალიან ფართო უფლებამოსილება და დიდი ძალაუფლება აქვს, რაც არც კანონმდებლობაში და არც პრაქტიკაში ანგარიშვალდებულებით დაბალანსებული არ არის. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია. ამასთან, შეუძლებელია მათი გასაჩივრება. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ფართო და უკონტროლო უფლებამოსილებიდან თვითნებობამდე ცოტა ნაბიჯია დარჩენილი.
მონიტორების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საბჭომ მოსამართლის შესარჩევი კონკურსი ორჯერ გამოაცხადა და სულ 48 მოსამართლე დანიშნა. თუმცა მათი შეფასებით, კონკურსზე სერიოზული პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ: "არ გამოქვეყნდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, კონკურსის მთელი პროცესი წარიმართა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში, კონკურსის პერიოდში საბჭოს ცალკეული მოსამართლე წევრები წინასწარ და საჯაროდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებას კონკურსში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით, რითაც არღვევდნენ ნეიტრალურობის პრინციპს. ამასთან, კანდიდატებთან გასაუბრებები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მიზნად არ ისახავდა დადგენილ კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობის შეფასებას".
როგორც მონიტორინგისას გაირკვა, სხვა მიზეზებთან ერთად საბჭოს მუშაობაში სერიოზულ ხარვეზებს კანონმდებლობაც ქმნის, რადგან გარკვეული რეგულაციები ისეთი ზოგადი და ბუნდოვანია, რომ საბჭოს სურვილისამებრ შეუძლია მისი საკუთარ საქმიანობაზე მორგება. თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, სადაც საბჭო კანონთანაც და მის მიერ დამტკიცებულ წესებთანაც წინააღმდეგობაში მოდის.
მაგალითად, კანონი კვლავ არ აკისრებს საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას, რაც შესაძლებელს გახდიდა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, დისციპლინურ პროცესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის შეფასებას.
ამასთან, მოსამართლის შერჩევა/დანიშვნის კრიტერიუმები და პროცედურა არ არის კანონით დადგენილი, რაც საბჭოს ანიჭებს უფლებას, თავად დაადგინოს, ცვლილებები შეიტანოს და დაიცვას მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურა. ეს კი დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
"კვლავ პრობლემად რჩება მოსამართლის შერჩევა/დანიშვნის არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირება, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პოსტსაბჭოთა სასამართლო ინსტიტუტების არასისტემური და მხოლოდ ფრაგმენტული რეფორმირება", - წერია მონიტორინგის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, არანაკლებ პრობლემურია მოსამართლეთა სხვა სასამართლოში კონკურსის გარეშე გადაყვანისა და დაწინაურების საკითხი. კერძოდ, 2015 წელს საბჭოს გადაწყვეტილებით, 11 მოსამართლე გადაიყვანეს სხვაგან. თუმცა ამის აუცილებლობა დასაბუთებული არ იყო.
"საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურები მხოლოდ ფორმალურად ჩატარდა, რაც ადასტურებს იმას, რომ საბჭო არ იცავს თავისსავე დადგენილ წესებს",- ვკითხულობთ ანგარიშში.
მონიტორთა ყურადღების ცენტრში საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობაც მოხვდა. საანგარიშო პერიოდში პრობლემა იყო ის, რომ საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია 7 დღით ადრე არ იდებოდა, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული. კერძოდ, 37 სხდომიდან 1 კვირით ადრე ინფორმაცია მხოლოდ ორ შემთხვევაში გავრცელდა. ანგარიშში ძირითადად ინფორმაციის წინა დღით გამოქვეყნებისა და სხდომების დროის ცვლილების შესახებ იყო საუბარი. ამასთან, პრობლემას წარმოადგენდა დღის წესრიგში საკითხების ბუნდოვანებაც.
მონიტორთა განცხადებით, სხდომების გადაღებასთან დაკავშირებით საბჭომ თავად დაადგინა წესი, რომელიც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ახლა ჟურნალისტებს მხოლოდ სხდომის დასაწყისის გადაღება შეუძლიათ. ანგარიშის თანახმად, საბჭო მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების სხდომის ვიდეომასალის გაცემაზე უარს აცხადებდა, მაშინ, როცა ეს გასაუბრებები დახურული არ ყოფილა და ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მისთვის ბევრი ობიექტური შენიშვნა მისაღებია და საბჭო მათ აუცილებლად გაითვალისწინებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ნორმებზე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებული შენიშვნები სწორია.
ნინო გვენეტაძის თქმით, საბჭოს გამოწვევას მოსამართლეთა სიმცირეც წარმოადგენს და საბჭო ამ მიმართულებით იმუშავებს, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს და დროულად შეივსოს ვადაამოწურული მოსამართლეების ვაკანტური ადგილები, რათა არ დაზიანდეს მართლმსაჯულების ინტერესები.
რაც შეეხება საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად პრობლემური საკითხია. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომები ყოველ ორშაბათს იმართება და ეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ ანგარიშში მოხვედრილი ზოგიერთი საკითხი საბჭოს არ ეხება, რადგან მათ კანონმდებლობა არეგულირებს და საბჭო კანონით ხელმძღვანელობს. ამიტომ მისი შეფასებით, არასწორია საბჭოზე იმ პასუხისმგებლობის გადმოტანა, რაც პარლამენტს ეკუთვნის. მისი თქმით, ფარული კენჭისყრა და გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაც კანონითაა გათვალისწინებული.
"ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, ვმოქმედებთ კანონის მიხედვით. რა კანონიც იქნება, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ".
იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ევა გოცირიძის შეფასებით, მონიტორინგის ანგარიში ტენდენციურია და ისეთი ფორმითაა შესრულებული, მიზნად რაც შეიძლება მძიმე სურათის წარმოჩენას ისახავს.
"მე ეს მაშფოთებს ყველაზე მეტად და არა ის არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც მასში შეიძლება შემთხვევით თუ საგანგებოდ იყოს მოხვედრილი. ეს არის სურვილი, რომ რაც შეიძლება უარყოფითად იქნეს წარმოჩენილი იუსტიციის საბჭოს საქმიანობა. მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველამ კარგად ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ეს ახლა არ დაწყებულა. არასამთავრობო სექტორი და მთლიანად მათი კოალიცია იმდენად შორს წავიდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლაც კი იქნა მოთხოვნილი მის მიერ მიღებული რაღაც გადაწყვეტილებების გამო".
ევა გოცირიძის თქმით, არაკეთილსინდისიერია იმის თქმა, რომ მოსამართლეებთან გასაუბრება ფორმალურ ხასიათს ატარებს და რომ ის კანდიდატის შეფასებას არ ისახავდა მიზნად. მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხვდა ანგარიშში დადებითი შეფასებები.
მისი თქმით, სრულყოფილი არავინაა და ხარვეზი ყველას საქმიანობაშია, ისევე როგორც არასამთავრობოების საქმიანობაში.
"მე არ მიკვირს მონიტორინგის ანგარიშში არასწორი ინფორმაციის მოხვედრა, რადგან იმ დამკვირვებლებს, რომლებიც საბჭოს სხდომებს ესწრებიან, ტელეფონებში აქვთ თავი ჩარგული, მხოლოდ მესიჯობით არიან დაკავებული და ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს მხოლოდ საბჭოს სხდომებზე არ ხდება. მე უცხოეთშიც მქონია ასეთ ერთობლივ შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება. თქვენი წარმომადგენლების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი იქაც ნულის ტოლი იყო. და ასე ხელაღებით იუსტიციის საბჭოს კრიტიკა, რომელიც ისტორიას უნდა დარჩეს, უხერხულია".
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის, სოფო ვერძეულის შეფასებით, კეთილსინდისიერებისგან და პასუხისმგებლობისგან სრულიად დაცლილია ის განცხადებები, რომ როგორი კანონიც იქნება, საბჭოც ისე იმოქმედებს.
"თუ კანონმდებელი სულელურ ან კონსტიტუციის პრინციპებთან შეუსაბამო კანონს დაგიწერთ, მაინც გაჰყვებით ამ კანონს და მაინც მის შესაბამისად იმოქმედებთ? მაშინ სად არის კეთილსინდისიერი მოქმედების პრეზუმფცია და ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციური ორგანოს წევრებს გააჩნიათ? სად გამოჩნდა თქვენი დამოკიდებულება ამ პრინციპის მიმართ და რა ეცადეთ, რომ კანონი, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, არ ყოფილიყო ისეთი მახინჯი, როგორიც დღეს არის? ამიტომ პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ცუდი კანონი გვაქვს, არამედ ისიც, რომ საბჭო ძალიან კარგად იყენებს ამ კანონმდებლობას".
მისი თქმით, 2015 წლის ზაფხულიდან საბჭოში ვითარება სრულიად შეიცვალა და საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისთვის კრიტიკა მიუღებელი გახდა. იურისტი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სწორედ ამ პერიოდიდან იქცნენ საბჭოს წევრებისთვის მტრებად.