"მარნეულის სასურსათო ქარხანა" ახალი სეზონისთვის ემზადება: ბოსტნეული საწყობებში იგზავნება და საწარმოო ხაზები მოწმდება. ქარხნის თანამშრომელთა დიდი ნაწილი მარნეულის რაიონში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელია. "მარნეულის სასურსათო ქარხანა", რომელიც 2007 წელს დაარსდა, „მარგებელი ჰოლდინგს“ ეკუთვნის.
37 წლის მარინა ნასიბოვა ქარხანაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს. ამბობს, რომ ყველაზე მეტი სამუშაო მოსავლის აღების პერიოდშია: „პომიდორი ყუთებით მოაქვთ და ჩვენ ვახარისხებთ, ტყემლის დასამზადებელ მასალას სახეობების მიხედვით ვანაწილებთ. პროდუქტის ბოთლებში ჩასხმის პროცესს ვაკონტროლებთ: ბოთლებს, რომლებიც კარგად არ ივსება, ვიღებთ და ცალკე ვაგროვებთ. მზა პროდუქციას ბოლოს ლაბორატორიაში ვაგზავნით.“
საწარმოში სამუშაოს ძირითადი ნაწილი მექანიზებულია: "აქ ყველაფერს ტექნიკა მართავს. ხელით საკეთებელი საქმე ცოტაა. მეთვალყურეობა ყველაზე მეტად მურაბების მომზადების პროცესს სჭირდება. სხვადასხვა ხილის მურაბა სხვადასხვანაირად კეთდება. კაკლის მურაბა ყველაზე კარგად აზერბაიჯანელ ქალებს გამოსდით,“ - აცხადებს საიდა ალიევა.
48 წლის სევდა უსუბოვა ეტიკეტირების განყოფილებაში მუშაობს. ამბობს, რომ ქარხანა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მიწის საკუთარი ნაკვეთი არ აქვთ, შემოსავლის ერთადერთი წყაროა: „ექვსი წელია აქ ვმუშაობ. ბოთლებზე ეტიკეტს ვაკრავ. ეს საწარმო რომ არ იყოს, პურის ფული არ გვექნებოდა, რადგან მიწა არ გვაქვს. ქარხანაში დღეში 15 ლარსა და 60 თეთრს ვიღებთ. როცა სამუშაო ბევრია, გამომუშავებაც იზრდება. საწარმო თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევასაც გვაძლევს."
ანაზღაურებით ნარა ჯაფაროვაც კმაყოფილია. მისი თქმით, როცა საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს, ხელფასი 700 ლარსაც აღწევს.
„ზამთარში ხელფასი 400 ლარია, ზაფხულში. სეზონზე, როცა საქმე მატულობს, ხელფასიც 700 ლარამდე იზრდება.“
საწარმოს ტექნოლოგი თამაზ მედიაშვილი აცხადებს, რომ ქარხანაში მუდმივად 130 თანამშრომელი მუშაობს. სეზონზე კი საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 400-ს აჭარბებს. „საწარმოს საკუთარი მეურნეობა აქვს, სადაც პროდუქციის მოყვანას აგრონომები მეთვალყურეობენ. ქარხანას რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც მოაქვს სარგებელი: გარდა იმისა, რომ მათ საწარმოში ვასაქმებთ, მათ მიერ მოყვანილ პროდუქციასაც ვიბარებთ.“
თამაზ მედიაშვილი ამბობს, რომ ქარხნის ძირითადი საწარმოო პროფილი ტომატ პასტის, მჟავეულობის, საწებლის და მურაბების დამზადებაა.
"მარნეულის სასურსათო ქარხანის" მიერ წარმოებული პროდუქცია უცხოურ ბაზარზეც გადის, მაგრამ მცირე რაოდენობით. „საწარმო ძირითადად ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს. წარმოების 70 პროცენტი საქართველოში იყიდება. საზღვარგარეთ მხოლოდ ტყემლის საწებელი გაგვაქვს. სხვა პროდუქტებზეც არის მოთხოვნა, მაგრამ ექსპორტი ხარჯსაც მოითხოვს და ამის გამო თავს ვიკავებთ,“ - ამბობს მედიაშვილი.
"მარნეულის სასურსათო ქარხნის" ყველაზე ცნობილი პროდუქტი მწვანე და წითელი ტყემალია. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტიც სწორედ ის არის.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას
გულნურ ქაზიმოვა