საქართველოში საჯარო სკოლის დირექტორთა სერთიფიცირება 2007 წლიდან დაიწყო. ბოლო ხუთ წელიწადში ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ექსპერტების შეფასებით, ეს არ არის ცვლილებები უკეთესობისკენ.
საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი ტესტირებაა. შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპი 100 დახურული კითხვისგან შედგება და კონკურსანტის ცოდნას რამდენიმე მიმართულებით ამოწმებს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და სასწავლო გეგმის მიხედვით შეფასება, სკოლის ფინანსური მართვა. დახურული კითხვის შემთხვევაში, კონკურსანტი პასუხს ოთხი სავარაუდო პასუხიდან ირჩევს.
ცვლილებები ტესტებში
2007 წელს, ტესტირების ეტაპზე კონკურსანტებს დახურულ კითხვებთან ერთად, ღია კითხვებისთვის უწევდათ პასუხის გაცემა. კონკურსანტები ზოგად უნარებთან ერთად, ქართულ ენაზე ფუნქციური წერის უნარ-ჩვევებისა და ზოგადი განათლების, საჯარო სამართლის და შრომის სფეროში საჯარო სკოლის დირექტორისათვის აუცილებელი საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა მოწმდებოდა.
ერთ-ერთი კონკურსანტი, რომელმა შარშან დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, ამბობს, რომ 100 დახურული ტესტისგან შემდგარი გამოცდა 2007 წლის ტესტებზე ადვილია. დახურულ შეკითხვებში ჭარბობდა ისეთი კითხვები, რომელთა გარდაც, სხვა სკოლის დირექტორს ბევრი რამის ცოდნა სჭირდება.
„ დახურული კითხვები სააზროვნო უნარების შემოწმებაშიც კი შეზღუდულია, მით უმეტეს, დირექტორის შერჩევისას, რომელსაც ძალიან მრავალმხირვ და რთულ პროცესებთან მოუწევს ურთიერთობა", - მიიჩნევს განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე.
გიორგი გახელაძე იხსენებს, რომ 2007 წელს ღია და დახურული კითხვებისგან შემდეგარი საგამოცდო ბლოკი ცოდნის შესამოწმებლად საკმარის ინსტრუმენტად არ იყო მიჩნეული. მისთვის მით უფრო გაუგებარია ახლანდელი მდგომარეობა, როდესაც კანდიდატებს მხოლოდ დახურული კითხვებისგან შემდგარი ტესტით ამოწმებენ. გარდა ამისა, წინასწარ განსაზღვრული დროის ფარგლებში მათ მიერ შერჩეულ თემაზე მომზადებულ პრეზენტაციას უფასებენ.
ცნობილია, რომ ტესტებს შესაბამის ცოდნის დასადასტურებლად მასწავლებლებიც აბარებენ. მასწავლებელთა სერთიფიცირებისთვის განკუთვნილ ტესტებში, წლიდან წლამდე ღია კითხვების წილი იზრდება, სიტუციური ამოცანების ამოხსნისას კი მასწავლებელს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება უწევს.
გიორგი გახელაძე მიიჩნევს, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსისთვის განკუთვნილ ტესტებშიც იგივე პრინციპით უნდა მომზადეს, ანუ, ტესტებში ღია კითხვების ნაწილი უნდა დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სერთიფიცირებისთვის ტესტებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ამზადებს.
განათლების ექსპერტის თამარ მოსიაშვილის აზრით, ტესტები აპლიკანტის ყველა უნარ-ჩვევას სრულად ისედაც ვერ ამოწმებს. თუ ტესტები მხოლოდ დახურული კითხვებისგან არის შედგენილი, მაშინ ასეთი ტესტი უფრო შეზღუდულია.
„როგორი ანგარიშვალდებული იქნება სკოლის დირექტორი სკოლის თანამშრომლების და სხვა წევრების მიმართ, ამას ტესტი ვერ შეამოწმებს", - გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.
„ეს პროცესი გამჭირვალედ რომ ჩატარდეს, ამ ეტაპზე აუცილებელია ვიცოდეთ საგამოცდო პროგრამა და ტესტების ნიმუშები", გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.
დირექტორის შესარჩევი კონკურსისთვის წარმოდგენილი პროგრამა იმ ლიტერატურის ჩამოანთვალისგან შედგება, რომლის ცოდნაც აპლიკანტს ევალება. ტესტის ნიმუში კი, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა შურღაიამ გვითხრა, ვებ-გვერდზე არ განუთავსებიათ.
2007 წლის შემდეგ შეიცვალა სკოლის შერჩევის წესიც. დირექტორობის სერთიფიცირებულ კანდიდატებს შეეზღუდათ იმ სკოლის შერჩევის უფლება, რომლის დირექტორობაც თავად სურთ. 2007 წელს ტესტირებაში გასული კანდიდატების საუკეთესო 20% თავად ირჩევდა იმ სკოლას, სადაც უნდოდა, ემუშავა. ყველა დანარჩენი ნაწილდებოდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ ერთეულის შიგნით, რომელზეც იყო დარეგისტრირებული.
2011 წლიდან საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ახალი წესი დადგინდა. გაუქმდა პრივილეგია, რომლითაც ტესტირებაში გასული კანდიდატების საუკეთესო 20% სარგებლობდა. სიმონ ჯანაშიას თქმით, 2007 წელს სამინისტროს ამოცანა სკოლებში მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იყო, თუმცა მაშინდელ პროცესებს რეპუტაცია ე.წ. "შავმა პიარმა შეულახა". "ამ სისტემამ მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა ხელისუფლებას, პირველი იმით, რომ ცუდი პიარისთვის საბაბი მისცა (ლოტოტრონი) და მეორე იმით, რომ საკუთარი კანდიდატების სკოლებში გაგზავნის საშუალება დაკარგა, რამაც ძალიან გაანაწყენა განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლება... კანდიდატებთან დაკავშირებით ხელისუფლება იმიტომ განაწყენდა, რომ მათ შეაგროვეს არასასურველ კანდიდატთა სია, რომელიც სამინისტროს გამოუგზავნეს. სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ ამ სიაში მყოფები გასაუბრებაზე უნდა დაეწუნებინათ. ითქვა, რომ ეს ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაგროვეს. საქართველოს მასშტაბით იყო რამოდენიმე კომისია, აჭარის, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთის და თბილისის (თუ არ ვცდები). აღმოსავლეთმა და თბილისმა, რომელიც თბილისში ტარდებოდა, არცერთმა კომისიამ არ გაითვალისწინა ეს სია. დასავლეთ საქართველოში დაიწყეს ამ სიის მიხედვით ხალხის დაწუნება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ბევრი კარგი კანდიდატი ავტომატურად ვარდებოდა კონკურსიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით. ამის გამო, გასაუბრების პროცესი გაჩერდა, კომისია დაიშალა, და ხელახლა ჩაატარა გასაუბრება. აჭარას ვერაფერი ვუშველეთ, რადგან იქ იქაური სამინისტრო თავისას აკეთებდა"- იხსენებს სიმონ ჯანაშია.
2007 წელს შეეცადნენ, საჯარო სკოლების ავტონომიისთვის დაედოთ საფუძველი. ამის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება (როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური) სკოლებში საკუთარი გავლენის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პოლიტიკური არჩევნებისას ხელისუფლება სკოლას, როგორც ტრადიციულ და მნიშვნელოვან ბერკეტს, კარგავდა.
განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ 2007 წელს გამართული სკოლის დიექტორის არჩევნები ხარვეზებით კი ჩატარდა, მაგრამ სამართლიანი იყო, რადგან ახალ კადრს სისტემაში შესვლის საშუალება მისცა.
„2007-ში ჩემი კრიტიკა სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ არ იყო დირექტორის სტანდარტი და მოთხოვნები, თუმცა, მაშინდელი კონკურსი, ჯამში, სამართლიანად ჩატარდა და იმ კომპეტენციებს ამოწმებდა, რომლებიც დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს, რაც შეეხება ახლანდელ კონკურსს, პრაქტიკაში არ ვიცი, როგორ იმართება და არც ტესტის ნიმუშებს ვიცნობ", - გვითხრა შალვა ტაბატაძემ.
ამჟამად მიმდინარე საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირობებს არც 42-ე საჯარო სკოლის დირექტორი - ალუდა გოგლიჩიძე იცნობს, თუმცა ამბობს, რომ ძველი და ახალი სისტემის ხარვეზი სკოლის დირექტორის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩევის პრინციპია.
„არც ერთი ქვეყანაში არ ხდება, რომ პედაგოგი დირექტორს ირჩევდეს. დასაქმებული არის დამსაქმებლის არჩევაში ჩართული, ეს ადმინისტრირების ხარისხის შემაფერხებელი გარემოებაა", - გვითხრა ალუდა გოგლიჩიძემ. მისივე აზრით, დირექტორს დამფუძნებელი უნდა ნიშნავდეს, საჯარო სკოლების შემთხვევაში კი, დამფუძნებელი სახელმწიფოა.
ექსპერტების თქმით, სკოლის მმართველად სკოლის საბჭოს დასახელება ფურცელზე გაფორმებული ფორმალობაა. პრაქტიკაში კი უფრო ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფო სკოლის დირექტორებს ლოიალურობის და არა - კვალიფიკაცის პრინციპით ირჩევს.
„სკოლა საზოგადოებრივი სისტემაა და იმ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს, რომლის წიაღშიც არის ეს სკოლა. ამისთვის მას თვიმმართველობა და ავტონომიურობა სჭირდება. ის საკუთარ ლიდერს უნდა ირჩევდეს"- აღნიშნავს გიორგი გახელაძე.