1. ნუ შეიყვარებ მოსწავლეს და ნურც შეიძულებ მას!
ცხადია, მოსწავლეები გიყვარს, ზოგიერთი კი - არა. შესაძლოა, სიძულვილის გრძნობასაც გაუკენწლავს რამდენჯერმე შენი გული... უსიყვარულობის გამოვლინება ისევე ადვილად შესამჩნევია მოსწავლისთვის, როგორც სიყვარულისა.
მოწოდებაში სიძულვილი მეორე რიგშია დასახელებული. ამის შესახებ აღარაფერს გეტყვი, რადგან შენც მშვენივრად იცი: სიძულვილი არაა კარგი თანამგზავრი მასწავლებლისა.
მოსწავლეთა მიმართ სიყვარულის გამოხატვისას თავი შევიკავე მოფერების, ჩახუტებისა თუ კოცნისგან... შენ ხომ ყველა მოსწავლეს თანაბრად ვერ გადაუნაწილებ ამ ჩახუტებებს?! ამიტომაც შენთვის სამაგალითო ქცევა მოზომილი, ნეიტრალური და ყველას მიმართ თანაბარემოციური დამოკიდებულებაა.
2. ნუ გაგიხარდება კოლეგის ანუ საქმის ამხანაგის წარუმატებლობა!
გახსენდება თუ არა ისეთი გრძნობა საკუთარ თავში, როდესაც კოლეგის წარუმატებლობას შენი უპირატესობის ხასგასმა გამოუწვევია? როდესაც კოლეგა პრობლემას აწყდება რომელიმე მოსწავლესთან, ნუ იტყვი, რომ „ჩემს გაკვეთილზე ეს ბავშვი მშვენივრად იქცევა!“ საკუთარ წარუმატებლობად მიიჩნიე მოსწავლის სხვა საგანში ჩამორჩენა ან მისი სითავხედე კოლეგის გაკვეთილზე. გაემიჯნე და დაგმე მოსწავლის შეუფერებელი საქციელი, რაც უნდა კარგად იქცეოდეს ესა თუ ის მოსწავლე შენს გაკვეთილებზე.
3. ნუ შეგშურდება კოლეგის ანუ საქმის ამხანაგის წარმატების!
თამამად, ღიად აღიარე დაწინაურებული კოლეგა ლიდერად. მიბაძე მას, ჰკითხე რჩევები. შენს სასარგებლოდაც გამოიყენე ის უპირატესობები, რაც მისთვის ღმერთსა და გარემოებებს მიუცია... რამდენი ბრიყვი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებას თავდახრილი დამორჩილებულხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ან რაღაც გარემოებებმა იგი თანამდებობაზე გამოარჩია... შენ თვალწინ წარჩინებული შენი კოლეგა უფრო მეტ პატივისცემას არ იმსახურებს?
4. ნუ დაჰკარგავ სწავლების ფარგლებს და ნუ გადახვალ მოსწავლის ტრადიციების კორექტირების ბოსტანში!
განსაკუთრებით დელიკატურად მიუდექი შენგან სოციო-კულტურულად განსხვავებული თემის ოჯახიშვილებს, მათს ტრადიციებს, შეხედულებებს, ქცევებს, გემოვნებას, ჩაცმულობას. გულში დაიმარხე ყოველი ემოცია, რომელიც შენთვის მოუწონარი წესის, გამოვლინების მიმართ წარმოგექმნება. თუ საქმე სასკოლო შინაგანაწესის დარღვევას ეხება, დირექციასთან ერთად შეეცადე მის აღმოფხვრას. თუკი რაიმე აშკარა კანონდარღვევას გადააწყდები, სამართალდამცავ უწყებას მიმართე, თავი შეიკავე საკუთარი ინიციატივებისგან!
5. 1. ნუ ალოცებ ბავშვებს გაკვეთილებზე!
ხომ შეიძლება, ყველა მოსწავლე არ იყოს იმ სარწმუნოების მიმდევარი, რომლის ლოცვებიც შენ იცი?!
შენ მკითხავ, „იმ სარწმუნოების ლოცვებიც რომ ვისწავლო და ისინიც რომ ვალოცო?“ მე გეტყვი: „შენ შენი სარწმუნოების ლოცვებიც კი არ იცი წესიერად და სხვისას როგორ ისწავლი?“ ყოველ შემთხვევაში, ლოცვების წაკითხვასა და წაკითხვინებას ცოდნაც და უფლების მოპოვებაც უნდა. „ჩემი მამაოს კურთხევა მაქვს“ არ კმარა ამისთვის. შენი „მამაო“ - შენი მინისტრი, ეროვნული სასწავლო გეგმა და საქართველოს კანონია ზოგადი განათლების შესახებ.
შენ მკითხავ: „თუ ყველა მოსწავლე ერთი/ჩემი სარწმუნოების მიმდევარია?“ მე კი გიპასუხებ: „კარგი შეკითხვაა, მაგრამ იხილე წინა აბზაცში მოხსენიებული დოკუმენტები!“
5. 2. ნურც სანთლებს აანთებინებ მათ!
საშიში და სასწავლო პროცესისთვის ხელის შემშლელია სანთლების ანთების პროცედურა. განსაკუთრებით ამ წესს მასწავლებლები ღონისძიებების ჩატარებისას ეტანებან ხოლმე. ემოციათა მთელი კასკადი (ვაიმე, ხელი არ დამეწვას!.. ვაიმე, ტანსაცმელზე - ნაქირავებ ფორმაზე - არ ჩამომეღვენთოს!.. ვაიმე, არ ჩამიქრეს!..) და ორგანიზატორ-მასწავლებლის თვალთკვესებები („ყველამ ერთად აანთეთ! თან შთაგონებული სახეები მიიღეთ და თან მაყურებელს უყურეთ!“) ახლავს ხოლმე ამ რიტუალს. მოკლედ, სრულიად არ ემსახურება საღონისძიებო მიზნებს და მაყურებელზეც ვერ ახდენს სათანადო შთაბეჭდილებას.
6. 1. ნუ აიღებ სკოლის მოსწავლისგან ფულსა და საჩუქარს!
ნურც მის ეზოში მოწყვეტილ ყვავილს, ნურც შოკოლადის ფილას. ნურც მის მიერ დამზადებულ მოსალოც ბარათს წაიღებ სახლში. მოსწავლის მიერ დამზადებული და/ან მისი ნებით მოტანილი ნებისმიერი საგანი მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და ბოლომდე უნდა დარჩეს სასკოლო რეკვიზიტად.
ასეთი საჩუქართმოყვარეობა ზოგჯერ ამაზრზენ ფორმებში გადაიზრდება ხოლმე. ისეთში, როგორიცაა სადაბადებისდღეო ან სასწავლო წლის დასასრულის აღსანიშნავი სადამრიგებლო საჩუქრისთვის ფულის შეგროვება... სწორედ უწყინარი ყვავილი და შოკოლადის ფილაა ასეთი სისაძაგლეების საძირკვლის დამდები.
6. 2. ნუ დაზარდები სწავლებას იმ მიზნით, რომ მერე ფასიანი მომსახურება გაუწიო მოსწავლეს!
ნუ დაიშურებ დროსა და ენერგიას იმ საქმისთვის, რისთვისაც სკოლა ხელფასს გიხდის. ცოტაოდენი დამატებითი დროც გამოყავი ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის. სურვილის შემთხვევაში კი დაუფიქრებლად ამეცადინე მოსწავლე დამატებით და ამაში ფულიც გამოართვი. მასწავლებლობა შენი პროფესიაა და ღმერთმა ყველაზე ძვირადღირებული პროფესია გარგუნა, რადგანაც თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძვირი სწავლა ღირს. შესაბამისად, მოიპოვე შენი პროფესიით ფული არსებობისთვის და ნურც ფუფუნებისთვის მისი მოპოვება მოგერიდება. უფალს უყვარს მდიდარი მასწავლებელი, რადგანაც მდიდარი მასწავლებელი შეუმჩნეველი ქველმოქმედიცაა ხოლმე.
7. ნუ იბაქიბუქებ შენი მოსწავლის წარმატებით!
ცხადია, გარკვეული წვლილი შენც მიგიძღვის შენი მოსწავლის წინსვლასა და წარმატებაში, მაგრამ მართლაც რომ წვლილი, მცირედი როლი.
უფრო საამაყოა არაფრით გამორჩეული, ჩამორჩენილი მოსწავლის განვითარებაში გამოვლენილი შენი და იმ მოსწავლის ძალისხმევა. მთავარი დრო და ენერგია სწორედ ასეთი მოსწავლეებისკენ მიმართე და მათი მიღწევებით, თუნდაც მცირედით, იამაყე!
წარმატებული მოსწავლეები უშენოდაც წარმატებულები გახდებოდნენ. წარმოიდგინე, დედამ რომ იამაყოს, შვილს ენა ავადგმევინე ან ფეხიო, ხომ გაგეცინებათ?!
8. 1. ნუ დაზოგავ დროსა და ენერგიას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის!
მუდმივი სწავლა სწავლების თანამდევ საქმიანობად უნდა გაიხადო. ვერ ხედავ როგორ ვითარდებიან შენი მოსწავლეები? მართალია, მათი განვითარების პროცესს შენ ვერ დაეწევი, მაგრამ შენი საგნის მიმართულებით მაინც საგრძნობლად არ უნდა ჩამორჩე...
აქვე კიდევ ერთხელ გავხსნათ ფრჩხილი: (ნუ დაგაკომპლექსებს მოსწავლის წარმატება. წინასწარვე შეეგუე, რომ ზოგიერთი შენზე უპირატეს უნარ-ჩვევებს ან ცოდნას გამოავლენს. თამამად აღიარე და გამოიყენე მათი უპირატესობები სასწავლო პროცესისთვისვე).
8. 2. ნუ დაუტევებ სკოლას გაკვეთილების დასრულებისთანავე!
შეყოვნდი ორი-სამი გაკვეთილი, გულდასმით გადახედე მოსწავლეთა ნამუშევრებს, აქტიური მონაწილეობა მიიღე მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის/კათედრის შეხვედრებში, მოამზადე მომავალი გაკვეთილების სცენარები და რესურსები, გაუზიარე საკუთარი გამოცდილება კოლეგებსაც (ამისთვის სოციალური ქსელებიც გამოიყენე. სამწუხაროდ, გაგეცინება და, ფეისბუკით სკოლის ინტერნეტით ვერ ისარგებლებ, მაგრამ სახლიდან ხომ შესაძლებელია?!).
9. ნუ დაზაფრავ მოსწავლეს და ნუ დააშინებ დისციპლინის უზრუნველყოფის მიზნით!
განსაკუთრებით ადვილია უმცროსკლასელთა დაზაფვრა. ბავშვს სილაღე გაკვეთილებზეც შეუნარჩუნე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწავლება თამაშად და გართობად გადააქციო. ლაღად სწავლება გაცილებით ეფექტურია დაზაფრულ სწავლასთან შედარებით. სილაღე არ გამორიცხავს იდეალურ დისციპლინას, როდესაც ათეულობით აჟივილხივილებული მოსწავლე მასწავლებლის ერთი ხელის მოძრაობით დაუბრუნდება უძრავ პოზიციას. ასეთი ქცევების გამომუშავება პირველი დღიდანვე გამუდმებულ შრომას, ცდა-განმეორებას მოითხოვს. ნუ დაგენანებათ ამისთვის დრო და ენერგია: არ მოგეწონათ მითითებული ინსტრუქციის შესრულება? გაამეორებინეთ თავიდან. კიდევ არ მოგეწონათ? ისევ ხელახლა. სამაგიეროდ, შემდეგ ისეთ საოცრებებს მოახდენთ გაკვეთილებზე თქვენს მოსწავლეებთან ერთად, რომ გამაოგნებლად ნასიამოვნები დარჩებით...
10. 1. ნუ დაიშტამპები!
ნუ ჩამოეკიდები სახელმძღვანელოსა და წინასწარ გაწერილ სასწავლო-საგაკვეთილო გეგმებს! ასწავლე ლაღად, თავისუფლად. გამოიყენე სხვადასხვა რესურსი. სასწავლო რესურსების მოძიებასა და შექმნაში თავად მოსწავლეები ჩართე. პირველკლასელებიც კი.
გააფეტიშე მოსწავლის სწავლის შედეგი და არა ამ შედეგის მიღწევის საშუალებები: სახელმძღვანელო, საკლასო ჟურნალი - ეს ბოლშევიკური სასკოლო განათლების სახელოვანი გადმონაშთი, გაკვეთილის გეგმა, სასკოლო და ეროვნული სასწავლო გეგმა. ასევე არ დაგავიწყდეს, რომ შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ის ძალისხმევაა, რომელსაც მოსწავლე ამ შედეგის მისაღწევად ხარჯავს.
10. 2. ნუ დაშტამპავ მოსწავლეებს!
მოარიდე ისინი, განსაკუთრებით უმცროსკლასელები, ფსევდოპატრიოტულ და სიყალბის მფრქვეველ ღონისძიებებს! მოსწავლის ძალისხმევა, რომელიც მისთვის გაუგებარი სიტყვების დაზეპირებასა და ყალბი პათეტიკით ძარღვთა ბერვისკენაა მიმართული, განიავებულია. ნუ გაანიავებ ამ ძალისხმევებს!
ის დრო და ენერგია, რაც უაზრო და სულელური, მოსწავლეთათვის გაუგებარი და ფსევდოპატრიოტული სიტყვა-ლექსების დაზეპირებასა და შემდეგ ამ ყველაფრის ყალბ, უნიჭო და მჯიღიან კონტექსში გადაცლას სჭირდება, სხვა უფრო მაწიერ საქმეში გამოიყენეთ.
მაგალითად:
ჩამოაყალიბეთ შეკითხვები, რომელთა შესახებაც სრულიად კომფორტულ სცენაზე, უშუალო კონტექსტში ასაუბრებთ მოსწავლეებს;
წინასწარვე მოფიქრებულ დავალებები, რომლებსაც მაყურებელთა თვალწინ შეასრულებენ დაჯგუფებული ბავშვები და შემდეგ წარმოადგენენ;
გაათამაშებინეთ რომელიმე ნაცნობი ან უცნობი ნაწარმოების ნაწყვეტი;
აცეკვეთ აბსოლუტურად ყველა...
11. ნუ ჩაეჩრები მოსწავლეს პირში, როდესაც იგი საუბრობს! ნურც მის ნაწერს ააჭრელებ წითელი პასტით თუ თესქ ჩეინჯით.
დააცადე მოსწავლეს ლაპარაკი. შენი შესწორებებით იგი ბრკოლდება და იბნევა. შენ რა გრძნობა-განცდა დაგეუფლებოდა, ვინმეს შენთვის ლაპარაკი შესწორებებით რომ გაეწყვეტინებინა? შესწორებებს ხომ მერეც მოახერხებ. შეცდომები ჩაინიშნე (თუ მოსწავლე ლაპარაკობს) ან ამოიწერე (თუ მის ნაწერს კითხულობ), რათა მათ გამოსასწორებლად მოგვიანებით დაგეგმო სასწავლო-საგაკვეთილო აქტივობები.
კარგს იზამ, თუ სწორად დაწერილსა ნათქვამსაც აღუნიშნავ ხაზგასმით. თუ მაინცდამაინც შეცდომის გასწორება გსურს, ერთ ულუფაში ერთი სახეობის შეცდომები აღუნიშნე - ისინი, რის გაწაფვასაც ეს კონკრეტული დავალება (განურჩევლად მისი შემაჯამებლობა-მიმდინარეობისა) ემსახურებოდა. გახსოვდეს, რომ არსებობს რიგი შეცდომებისა, რომელთა აღმოფხვრაზე მუშაობა გარკვეულ დრომდე სრული უაზრობაა. დაელოდე ამ დროს!
12. 1. ნუ დაშინდები და ნუ გახდები დამორჩილებული პროფესიონალი!
მასწავლებლის ავტორიტეტს ხშირად ეტანებიან პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პარტიები თუ პიროვნებები. ამისთვის ისინი უწმაწურ და დემოკრატიისთვის ყოვლად შეუწყნარებელ სტრატეგიებს იყენებენ ხოლმე. ნუ აჰყვები მათ ბინძურ თამაშებში, შორს დადექი მათგან. შენდათავად თავისუფლად გამოხატე შენი პოლიტიკური შეხედულებები (მათ შორის სრული პოლიტიკური ზიზღი ან უინტერესობა) და, სურვილის შემთხვევაში, ჩაერთე კიდეც პარტიულ საქმიანობაში სკოლისგან თავისუფალ დროს.
12. 2. ნუ გადაუხდი ფსევდო პროფკავშირულ ორგანიზაციებს შენი ხელფასის ნაწილს, თუნდაც უმცირესს!
გაერთიანდი თავისუფალ პროფესიულ კავშირში, პროფესიულ ასოციაციაში. თუ ხედავ, რომ ქვეყანაში ერთი პროფესიული კავშირია და მასშიც დირექტორის მითითებით თუ ხათრით ხარ გაწევრებული, დაუყოვნებლივ დატოვე ეს ჭაობი! მოძებნე სხვა ორგანიზაცია. თუკი ვერ იპოვი ასეთს, მაშინ თანამოაზრეები იპოვე და დააფუძნეთ იგი.
13. ნუ გაგისწრებს სული მოსწავლის პასუხის მოლოდინში!
ამასთან, მაინცდამაინც ისეთ პასუხს ნუ მოითხოვ მისგან, როგორიც შენ გინდა.
როდესაც შეკითხვას დასვამ, პასუხსაც დაელოდე, ამ დროს დაუკვირდი და მოუსმინე მოსწავლის ტვინის მუშაობას. დიახ, დიახ, თუ კარგად მოუსმენ, ბავშვის ტვინის ხმას გაიგონებ! ხომ დიდ სიამოვნებას განიცდი ჩაფიქრებული მოსწავლის დანახვისას?! შენ მოსწავლის ტვინის ხმის გაგონებით განცდილი სიამოვნება უნდა ნახო! ამ ხმაზე უკეთესი მოსასმენი არაფერია. ხოდა, უსმინე და დატკბი!
P. S. შესაძლებლად მიმაჩნია ამ ტექსტის უფროსკლასელებთან სასწავლო რესურსად გამოყენება. ტექსტის გააზრებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ შემდეგი დავალებები:
მიგაჩნია თუ არა „ნუ“ ყველაზე მნიშვნელოვნად და რატომ? (თუ შესაძლებელია, მოიტანე არგუმენტები შენი სასკოლო გამოცდილებიდან.)
მეთოთხმეტე „ნუ“ შენი მასწავლებლებისთვის.
ტექსტი: 13 „ნუ“ ქართველ ექიმებს. ან ჟურნალისტებს, ბანკირებს, მიმტანებს, მოსამართლეებს...