5 მაისს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინიციატივით, თბილისში მომუშავე 30-მდე სოციალურ მუშაკს ამერიკელი ექსპერტი სემ თათელმანი შეხვდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებსა და ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სემ თეთელმანი კალიფორნიაში პროფესიული ცხოვრების დასაწყისში სათემო სერვისებსა და სამკურნალო ცენტრებში მუშაობდა. მან კალიფორნიის და ბერკლის უნივერსიტეტში კლინიკური ფსიქიატრიის მაგისტრი მიიღო, რის შემდეგაც ხუთი წელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მუშაობდა.
13 წლის განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების ორი სარეაბილიტაციო-დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. თათელმანი ასევე, მშვიდობის კორპუსის მოხალისეა.
სემს 35 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც 20 წლის ასაკში შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს: “ყველაზე დიდი გამოცდილება ფსიქიატრიული ჯანმრთელობის კუთხით ჩემს ბიჭთან ურთიერთობის დროს მივიღე”.
ქმედუნარიანობის რეფორმის მნიშვნელობაზე
“საქართველოში ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ძალიან ბევრ რამეს უნდა ცვლიდეს. ეს რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი მონაწილეებისთვის”, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს ამერიკელმა ექსპერტმა.
სემ თათელმანმა ისაუბრა იმ პროცესებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 წლის წინ მიმდინარეობდა, მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის რეფორმა დაიწყო. სემის თქმით, აშშ-ში ეს რეფორმა მარტივად არ განხორციელებულა:
“30 წლის წინ კალიფორნიაში რომ ჩასულიყავით, ნახავდით ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს, რომლებიც სახლში გამოკეტილები, მედიკამენტებზე დამოკიდებულები და სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილები იყვნენ. თუმცა ამ 30 წლის განმავლობაში ეს ადამიანები იბრძოდნენ, რომ ერთ დროს თეორიული რამ, ახლა აშშ-ის მთავრობის მიერ დამტკიცებული ოფიციალური პოლიტიკად ქცეულიყო”, - აღნიშნა სემ თათელმანმა.
მისი თქმით, 30 წლის წინ აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა მიმართული იყო ამ ადამიანების მედიკამენტებით მკურნალობაზე. წარმატებას სიმპტომების შემცირების შემთხვევათა რაოდენობით საზღვრავდნენ. სემის ინფორმაციით, მაშინ ყველა შეთანხმებული იყო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების გამოჯანმრთელება შეუძლებელი იყო. მათ სხვების დახმარების მიმღებ პასიურ ობიექტებად მოიაზრებოდნენ.
“ჩვენ სამედიცინო მოდელს ვეძახით, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს ვუყურებთ, როგორც ავადმყოფებს. როცა ადამიანს ვართმევთ პიროვნებას და პრეზუმფცია გვაქვს აღებული, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, გადაწვეტილების მიღება. საკმარისია, წინააღმდეგობა გაგვიწიონ და მაშინვე სამკურნალო დაწესებულებებში ვაგზავნით”.
სემ თათელმანმა სოციალურ მუშაკებთან სამედიცინო მოდელის ალტერნატიულ მოდელზე ისაუბრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის ფსიქო-სოციალური საჭიროების) სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან ხედავს. ესაა სოციალური, იგივე რეაბილიტაციის მოდელი. მოდელი, რომელიც ამ ადამიანებს პიროვნებად ხედავს და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე ზრუნავს.
“ალბათ იცნობთ ადამიანს, ვისაც სიმსივნე ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს. ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები გამოჯანმრთელდებიან. მაშინ რატომ გვგონია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა მუდმივი დაავადებაა და არ არსებობს მისი რეაბილიტაციის პერსპექტივა? რა თქმა უნდა, არსებობს. უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოჯანმრთელების პროცესი ყოველთვის წინ ვერ წავა, შეიძლება მდგომარეობა პერიოდულად გამწვავდეს, მერე ისევ წინ წაიწიოს. ასევე, მეცნიერულად დადგენილია, რომ ეს გამწვავების პროცესი შეიძლება ცხოვრების ყველა სფეროს არ ეხებოდეს”, - აღნიშნა სემ თათელმანმა.
სტიგმა, სემის აზრით, უმნიშვნელოვანესი ბარიერია, რომელმაც შესაძლოა ადამიანებს რეაბილიტაციის პროცესში შეუშალოს ხელი.
“სტიგმა უარყოფითი შეხედულებების ერთიანობაა, რომელიც საზოგადოებას აიძულებს ეშინოდეს ამ ადამიანების, უარი თქვას მათზე, თავიდან აირიდოს ისინი და მოახდინოს მათი დისკრიმინაცია. წარმოიდგინეთ, როცა ასეთი პრობლემა გაქვს, მეორე მხრივ კი შენი ეშინიათ, კარგავ მეგობრებს, ოჯახს და, რაც ყველაზე მთავარია, იზრდება შენი სიღარიბის შანსები, რადგან საზოგადოებისგან გარიყული დასაქმების კუთხითაც დისკრიმინირებული ხარ. ამ დროს კი თავად ამ ადამიანებს უჩნდებათ შიში, ეჭვები საკუთარი თავის მიმართ. იწყებენ თვითგვემას და ბევრი მათგანი ნებდება, უარს ამბობს რეაბილიტაციის გაგრძელებაზე. ამ დროს უნდა დავფიქრდეთ, რატომ ამბობენ ისინი უარს - მგომარეობაა რთული თუ ამ დაავადების გამო სხვებში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები მძლავრობენ”.
როგორი იყო რეაბილიტაციის მოდელი სემ თათელმანის შვილის აზრით? ამასთან დაკავშირებით, ამერიკელმა ექსპერტმა თავისი 35 წლის ბიჭის ციტატები წაიკითხა, სადაც ის საუბრობს, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს:
“2001 წელს გავიგე, რომ შიზოფრენია მქონდა. თავიდან გულზე მომეშვა, ფაქტობრივად, სახელი დაერქვა იმას, რასაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა. შემდეგ, მოვიფიქრე, როგორ გამევლო რეაბილიტაცია და სამი მთავარი მიზანი დავისახე. პირველ რიგში, უნდა დამემთავრებინა უნივერსიტეტი, მომეწყო კარიერა და მესამე, შემენარჩუნებინა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებას ეს სამი მიზანი მართავდა. რა თქმა უნდა, ცხოვრების გარკვეულ ნაწილში დამხმარე (მხარმდამჭერი) მჭირდება, ამიტომ შევქმენი ქსელი, რომელშიც შედიან ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები, თანასწორები, თანამშრომლები და სხვა სამედიცინო პროფესიონალები. ისინი მეხმარებიან მიზნების მიღწევაში. მხარდაჭერის გაწევით, მოსმენითა და რჩევებით. მიუხედევად ამისა, ჩემს ცხოვრებას მე თვითონ განვსაზღვრავ, იმიტომ რომ თუ ჩემი მიზნები ჩაიშლება, ეს იქნება საკუთარი ქცევიდან გამოწვეული და არა სხვისი ბრალი”, - წაიკითხა თავისი შვილის მოსაზრება სემმა.
მისივე განმარტებით, არსებობს ოთხი ძირითადი სფერო, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს რეაბილიტაციის წარმატებით გავლაში ეხმარება. ესაა: ჯანმრთელობა; უსაფრთხო საცხოვრებელი; ცხოვრების მიზანი; და მეოთხე, ურთიერთობების ქონა.
თუმცა თავად რეაბილიტაციის პროცესი ათი ერთმანეთის პარალელური პროცესისგან შედგება:
1. საკუთარი თავის მართვა - “ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, რომ კარიერა, განათლება და თავისი მდგომარეობის მართვა მისთვის მთავარი იყო. რაც არ უნდა აერჩია, ეს მისი უფლება იყო”, - აღნიშნა სემმა;
2. რეაბილიტაცია უნდა იყოს პიროვნებაზე ორიენტირებული - “ორი ერთნაირი დიაგნოზის მქონე ადამიანს შეიძლება სულ სხვადასხვა რეაბილიტაციის პრინციპი ესაჭიროებოდეს. ყველა შემთხვევა ერთი და იმავე შაბლონით არ უნდა განიხილებოდეს”;
3. გაძლიერება - “ეს ნიშნავს თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების ისეთ გაძლიერებას, რომ შეძლონ დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწვეტილებების მიღება”;
4. რეაბილიტაციის ჰოლისტური პრინციპი - “ ნიშნავს მუშაობის ერთიან სისტემას, მაგალითად, სოცმუშაკებს უნდა ეხმარებოდნენ სხვებიც. რეაბილიტაცია მხოლოდ ქმედუნარიანობის აღდგენას და საავადმყოფოდან გასვლას არ ნიშნავს. მათ უნდა ჰქონდეთ საცხოვრებელი, განათლების მიღების შესაძლებლობა, სერვისები, დამოკიდებულებაზე მკურნალობის შანსები, ოჯახი, სოციალური ურთიერთობები და სხვა”;
5. რეაბილიტაცია არაა წრფივი პროცესი - “ჩემს შვილს პერიოდულად ჰქონდა მიღწევები, პერიოდულად სერიოზული პრობლემები, მაგრამ არასდროს გვავიწყდებოდა, რომ წარმატება ისევ მოვიდოდა”.
6. ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული რეაბილიტაცია;
7. თანასწორთა მხარდაჭერა - “ეს ძალიან მნიშვნელოვანი სისტემაა, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები თავად მუშაობენ ამ სისტემაში და სხვებს ეხმარებიან. კვლევებით დასტურდება, რომ ვისაც შიზოფრენია ჰქონია, გაცილებით ეფექტურად მუშაობენ სხვა შიზოფრენიის მქონე ადამიანებთან”;
8. პიროვნების პატივისცემა;
9. პასუხისმგებლობა - “თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს უნდა ვასწავლოთ, როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა ჩამოუყალიბდეთ პასუხიმგებლობის გრძნობა”;
10. იმედი - “ეს პუნქტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის არმქონე ადამიანებსაც გვეხება”.
ამ ათ მნიშვნელოვან კომპონენტზე საუბრის შემდეგ სემ თათელმანმა სოციალურ მუშაკებს აჩვენა ვიდეომასალები, სადაც ყურადღება გამახვილებულია, ე.წ. თანასწორ მხარდამჭერთა ინტიტუტის მნიშვნელობაზე. როგორც აღვნიშნეთ, რეაბილიტაციის მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ჩართვაა იმ სისტემაში, სადაც რეაბილიტაციას სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები გადიან.
ვიდეომასალაში ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, იხსენებს: “6 წლის წინ მე დავდიოდი ქუჩაში, ვაგროვებდი ქილებს, ვჭამდი ნაგვიდან და თავში ყველაფერი არეული მქონდა. ახლა მე თვითონ ვეხმარები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს რეაბილიტაციასა და განათლების მიღებაში”.
სოციალური მუშაკებისთვის ლექციების სერიას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” რეგიონებშიც გეგმავს, რაც 2015 წელს განხორციელებული ქმედუნარიანობის რეფორმის სწორად წარმართვასა და სოციალურ მუშაკებში ამ მხრივ ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად.