Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო: "ქალაქი ჩვენია!", "არა პანორამას!" - საპროტესტო აქცია და აქტივისტების დაკავება

07 მაისი 2016

7 მაისს პროექტ "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია 6 ადამიანის დაკავებით დასრულდა. 

იმ ტერიტორიასთან მისასვლელი გზა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, პოლიციის კორდონით იყო ჩაკეტილი. აქტივისტები პოლიციელებისგან ითხოვდნენ მიეცათ მათთვის საშუალება, ამ ტერიტორიის გავლით გასულიყვნენ საჯარო ტერიტორიაზე. თუმცა, პოლიციელთა განმარტებით, მათ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე გავლა არ შეეძლოთ. მოგვიანებით აქტივისტებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სულ 6 ადამიანი დააკავეს. მათ შორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე და აქციის კიდევ 4 მონაწილე. 

დაკავებიდან რამდენიმე საათში 5 დაკავებული საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. მათ უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. იურისტ ნიკა სიმონიშვილის არაერთი შუამდგომლობისა და მოთხოვნის მიუხედავად, დაკავებულთა საქმეები მოსამართლე თეა ჩხეტიამ არ გააერთიანა.

ალეკო ელისაშვილს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი. მისი საქმის სხვა საქმეებთან გაერთიანების წინააღმდეგნი იყვნენ პოლიციელები, რომლებმაც ის დააკავეს, რადგან მათი თქმით, ის სხვა დაკავებულის წაყვანაში უშლიდათ ხელს და ამიტომ მისი საქმე დანარჩენებისგან განსხვავებული იყო. თუმცა იურისტი ამ საქმეების ერთიან კონტექსტში განხილვას მოითხოვდა და ამბობდა, რომ მოწმეთა ჩვენებების და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დადასტურდებოდა, რომ საქმეები ურთიერთდაკავშირებული იყო. დეპუტატი 250-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მსგავსი შედეგით დასრულდა კიდევ ორი დაკავებულის  - კოსტა გურულისა და ირაკლი კიკლაშვილის საქმეები. მოსამართლის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევა საჭირო აღარ იყო, რადგან დაკავებულები აღიარებდნენ, რომ ისინი ცდილობდნენ პოლიციის კორდონის მიუხედავად, ტერიტორიაზე შესვლას.  პოლიციელები ამბობდნენ, რომ მათი კორდონის მიღმა კლდის ჭრის სამუშაოები მიმდინარეობს და იქ აქტივისტების შეშვება მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო იქნებოდა, სწორედ ამიტომ არ მისცეს უფლება იქ შესვლის და ეს მოქალაქეებსაც არაერთხელ გაუმარტეს, მაგრამ ისინი მაინც ცდილობდნენ იქ შეღწევას. 

თუმცა საიას იურისტის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, დაკავებულები ამ მოთხოვნას  "პოლიციის კანონიერ მოთხოვნად" არ მიიჩნევდნენ და თუკი საქმე გადაიდებოდა და მათ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცემოდათ, შესაძლოა ეს დაემტკიცებინათ კიდეც. 

"ჩვენ ვითხოვდით ამ საქმეების გაერთიანებას. ვთვლიდით, რომ პოლიციის მიერ დაყენებული მოთხოვნა იყო უკანონო, რადგან აქტივისტები საჯარო ტერიტორიაზე გადაადგილებას ცდილობდნენ. ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ მოწმის სახით დაეკითხა სასამართლოს ის ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრნენ. პოლიციის არგუმენტი იყო ის, რომ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელბოის დაცვის მიზნიდან გამოდინარე არ შეუშვეს ისინი იქ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იქ არის ორდონიანი შემოღობვა, საერთოდაც არ იყო აუცილებელი პოლიციის კორდონის გაკეთება და აქციის მონაწილეებს შეეძლოთ თავისუფლად განეხორციელებინათ პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება.  შესაბამისად მათი კონსტიტუციური უფლება - თავისუფალი შეკრებისა და მანიფესტაციისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა, თავისუფალი გადაადგილებისა, არამიზანშეწონილად შეიზღუდა პოლიციის მხრიდან. რაც არ შეისწავლა სასამართლომ, არ გაითვალისწინა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვაზეც. 
 სამართალდარღვევად ცნობის მთავარი წინაპირობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ მოთხოვნა იყოს კანონიერი და ჩვენ არ მივიჩნევდით პოლიციის მოთხოვნას კანონიერად, მაგრამ სასამართლომ საერთოდ არ მისცა ამ საკითხს შეფასება", - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. 

5 საქმიდან მხოლოდ 2 საქმის - გიორგი ახობაძისა და იოსებ ხიმშიაშვილის საქმეების განხილვა გადაიდო. დაკავებულები ამბობდნენ, რომ ისინი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდნენ და გაუგებარია, რატომ მოხდა მათი დაკავება. ერთი მხრივ მოწმეების ჩვენებებისა და მეორე მხრივ, პოლიციელთა სამხრე თუ სამანქანე კამერების ჩანაწერების წარმოსადგენად, საქმეების განხილვა დაცვის მხარის მოთხოვნით 10 მაისისთვის გადაიდო. 

სასამართლო პროცესების გამართვამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოჯრის ახალი გზატკეცილის N4-თან გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს 5 პირი. ამასთან, აქციის ერთ-ერთ მონაწილე გიორგი ა-ს მიმართ გამოძიება დაიწყო საპატრულო პოლიციის ავტომანქანიც დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით. რაც შეეხება, პარტიზან მებაღეს, ნატა ფერაძეს, შსს-ის წერილის თანახმად, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გარდა, კიდევ 45-ე მუცლის საფუძველზე დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს. მის მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამარლის ორი მუხლითაც: პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე  (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით. 

თუმცა ნატა ფერაძე მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

საიას იურისტ ნონა ქურდოვანიძის თქმით, რომელიც დაკავებულებს შსს-შიც ახლდა და მოგვიანებით ფერაძესთან ერთად იმყოფებოდა ნარკოლოგიურ განყოფილებაში, ამბობს, რომ ნატა ფერაძის მიმართ პოლიციის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში სხვების მსგავსად მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი იყო მითითებული. აქტივისტები ამას პარტიზანი მებაღეების და უშუალოდ ფერაძის რეპუტაციის შელახვისა და დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ. 

"ნატა ფერაძეს, ისევე როგორც სხვებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი წაუყენეს, ის გადმოიყვანეს ნარკოლოგიურში შემოწმებაზე, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი ვთქვით. კლინიკური შემოწმების შედეგად დადგინა, რომ ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფება და  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს." - განუცხადა "ლიბერალს" ნონა ქურდოვანიძემ. ფერაძის საქმეზე ჯერ სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^