Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლნისი ზაზუნას სარბენ ბორბალში

18 მაისი 2016

თორნიკეს პირველი მოგონება. 1997 წელი. ბოლნისის ერთ-ერთი სტადიონი.

“90-იანებში ალბათ ყველგან ასე იყო. სათამაშოდ რომ გავიდოდი, ვიღაცების დანახვის მეშინოდა. ძალადობრივი გარემო იყო. 7-8 წლის ბავშვები მეკითხებოდნენ:

- კაი ბიჭებს პატივს ცემ? თუ კი, მაშინ “კევაზე” გამეგზავნე”.

***

თორნიკეს მეორე მოგონება. ისევ 90-იანი წლები. ტელევიზორში ომის, დაჩეხილი ადამიანების ქუჩაში დაყრილი გვამების კადრები. ბოლნისის მიტოვებული სახლები, დანგრეული საავადმყოფო, უფუნქციოდ დარჩენილი ფოსტის შენობიდან მოპარული ნივთები:

“ვხვდებოდი, რომ მაინცდამაინც სასიამოვნო ეპოქაში არ გავჩნდი”.

***

თორნიკე ადამაშვილისთვის ბავშვობის სცენები ძალადობრივ გარემოში გადარჩენის მუდმივ მცდელობებთან, სკოლის სასწავლო პროცესი კი სადამსჯელო ღონისძიებასთან ასოცირდება.

“ეს ხომ თავიდანვე აბსურდია. საშინელი მიდგომაა. მერხთან ჯდომა ცხვირით წინ და საბჭოთა კავშირისკენ. დიდი ტყუილი. ვაიმე, 50 თეთრს რა მაშოვნინებს და 3 ლარი საიდან მოვიტანო - ამაზე ვნერვიულობდით. სკოლა არ იყო არანაირ კავშირში ამ პრობლემებთან, იმ რეალობასთან, რაშიც ვცხოვრობდი.

ასეთი ტრავმებიდან გამომყვა შეგრძნება - მინდა რაღაც შეიცვალოს ბოლნისში და თანამედროვე პროცესები დაიძრას”.

***

ახლა 25 წლისაა. თბილისში ექვსწლიანი ცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ არ სურს ისარგებლოს სხვა ადამიანების შექმნილი სამყაროთი და სერვისებით, რადგან თავად შეუძლია ბოლნისში, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა, კულტურული ცენტრის შექმნა.

თორნიკე ადამაშვილი და ანდრო ერაძე "შუშის შენობაში".

მან განათლების მიღების, დისკუსიებისა და თანამედროვე კულტურასთან ზიარების არაფორმალური გარემო შექმნა. საკუთარი სახლი არტრეზიდენციად გადააქცია. ეს სივრცე დღეს როგორც ბოლნისელ ახალგაზრდებს, ისე საზღვარგარეთ მყოფ არტისტებს მასპინძლობს.

პირველი სართულის გარეფასადი თორნიკემ და მისმა მეგობრებმა თვითონ შელესეს. რემონტის გასაგრძელებლად დაფინანსებას ელოდებიან. აქვე ახლოს სახელოსნო იქნება, სადაც რეზიდენციის სტუმრები იმუშავებენ. სახლის მეორე სართულზე საძინებლებია. ქართველი და არა მარტო ქართველი არტისტები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, ქუჩაში პროექციებს გამართავენ, ლექსებს წაიკითხავენ, კონცერტებსა და პერფორმანსებს ჩაატარებენ.

არტრეზიდენცია გარემონტების პროცესში

არტრეზიდენციის სტუმრები აივანზე

სარდაფში კინოკლუბი და ბარი იქნება. თორნიკე კედელთან ჩამწკრივებულ,  წვიმისგან დამპალ სურათებზე უთითებს და ამბობს, რომ ეს ნახატები ბოლნისის კინოკლუბის იმ დროისთვის დანგრეული შენობიდან წამოიღო. მომდევნო დღეს მათ პრეზენტაციას გამართავს.

მეორე სართულზე სახლს გარშემო დიდი აივანი აქვს. ეს, როგორც წესი, არტრეზიდენციის სტუმრების საყვარელი ადგილია. აივნის კედლებს ეტყობა, რომ არტისტებმა ყველაზე აქტიურად შენობის ამ ნაწილის გალამაზებასა თუ შინაარსობრივ დატვირთვაზე იმუშავეს. კედლებზე სტენსილით რამდენიმე ადგილას დახატულია ემა გოლდმანი და გვერდზე მისი ცნობილი გამონათქვამია მიწერილი: “If I can’t dance, I don’t want your REVOLUTION” (თუ მე ვერ ვიცეკვებ, არ მჭირდება თქვენი რევოლუცია). ამ კედელზევეა მიწერილი მერაბ მამარდაშვილის ციტატები. აივნის ცენტრალურ ადგილას ყველაზე გამოკვეთილი მოწოდებაა - “გაბრაზდი!”.   

არტჰაუსი ცენტრალურ, ბოლნისის ყველაზე დიდ პარკს უერთდება. სახლის ეზოში პატარა ღია ყავისფერი მეტისი დარბის და ყოველ ჯერზე, როცა ჯოანა თორნიკეს თვალთახედვის არეში მოექცევა, პატრონი აღნიშნავს, რომ ძალიან ბეწვიანი ძაღლია. ჯოანა Facebook-ზე იპოვა, “Fb-ცუგაა”. ლაბრადორი ეგონა - მეტისი გამოდგა.

სახლის ეზო მუსიკალური ფესტივალისთვის განკუთვნილ სივრცეს ჰგავს. ხეებზე დახეული ნაჭრები და ფერადი ნათურებია ფარდასავით გაბმული. დიდი დინამიკები ეზოს ცენტრში დგას. მწვანე ბალახი ერთ ადგილას შავადაა ამომწვარი, ცეცხლის ადგილია მონიშნული და გარშემო ხის სკამებითაა შემოფარგლული.

თორნიკე მთელ ბოლნისში არტჰაუსის კონცეპტის გაგრძელებას ხედავს. ყველა ლოკაციაზე წარმოდგენილი აქვს არტისტების სხვადასხვა მოქმედება: კონცერტი ბაზარში, ფილმის გადაღება გერმანელების მკაცრი სიზუსტით აშენებული არქიტექტურული ნაგებობების გაყოლებაზე, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “ორბში”, საგამოფენო სივრცე კინოკლუბის ყოფილ შენობაში და სხვა.

საკუთარი სახლის არტჰაუსად გადაქცევის იდეას მშობლებმაც მხარი დაუჭირეს. როგორც თვითონ ამბობს, ოჯახის წევრები მზად არიან მიიღონ მისი ყველაზე არაორდინალური იდეაც კი. მეზობლები სკეპტიკურად უყურებენ რეზიდენციის ფერადთმებიან და არასტანდარტული გარეგნობის მქონე სტუმრებს, თუმცა მათთან კომუნიკაციაში მაინც სიამოვნებით შედიან.

არტჰაუსში ყოველთვის ბევრი ხალხია. ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი პრაქტიკულად მთელ დღეს აქ ატარებენ და აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში.

თორნიკე არცერთ რეზიდენციის სტუმარს არ აძლევს საშუალებას, თავი სტუმრად იგრძნოს. ამ მიდგომით ხაზს უსვამს არტჰაუსის სივრცეზე პასუხისმგებლობის გადანაწილების აუცილებლობას. რეზიდენცია ღია სივრცეა და აქ შეკრებილი საზოგადოება თანაბრადაა ჩართული მისთვის კულტურული დატვირთვის მიცემის პროცესში.

ჭურჭელს ყველა ერთად, ან რიგრიგობით რეცხავს. ვინც არტრეზიდენციას ტოვებს, ხელს გააყოლებს ხოლმე სიგარეტის ცარიელ კოლოფებს, ბოთლებს და სხვა ნაგვის ნარჩენებს. ერთად ალაგებენ ეზოს, მოაქვთ სხვადასხვა პროდუქტი, ფიჩხები ცეცხლისთვის.

***

ბოლნისი. სულხან-საბას ქუჩა, 4:15 საათი. ბორდიურთან მსახიობები ელენე ქასრაძე, გიორგი ქვრივიშვილი და მათი რამდენიმე მეგობარი პერფორმანსის დასაწყებად ხალხის შეკრებას ელოდებიან.

გიორგი: სად არის ხალხი? შიგნით ხომ არ არიან?

ელენე: არ არიან. ვახ, რა ტყუილად ჩავიცვი ბერლინში ნაყიდი ტანსაცმელი.

დათო: იციან, რომ 4-ზე იწყება?

თორნიკე: რა ვუყო, ყველა ჯგუფში დავწერე.

გიორგი: შეშა არის, ხალხი ჯერ არაა...

მაინც იწყებენ ქუჩაში, ბიბლიოთეკის შენობის წინ, პატარა ბაღში ლაშა ბუღაძის პიესის კითხვას.

მსახიობების შიში, რომ ღონისძიება ბოლნისის მოსახლეობისთვის საინტერესო არ იქნებოდა, კითხვის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ ქრება. შენობიდან გამოტანილი მხოლოდ რამდენიმე ხის სკამი საკმარისი არ არის. დაახლოებით 20 სტუმრისთვის, დასაჯდომი ადგილი არ გამოინახა. სკოლის მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ინტერესით ისმენდნენ პიესის ყველა დეტალს, მათ შორის მის უცენზურო ნაწილს, რომლის შესახებაც თორნიკემ დამსწრეები წინასწარ გააფრთხილა.

მსგავსი ღონისძიებები ბოლნისში იშვიათად ტარდება. ადგილობრივების შეფასებით, გამგეობა მხარს უჭერს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელიც პრობლემებზე ხუჭავს თვალს.

ძირითადად ბოლნისში კონცერტები იმართება და ისიც სულ გამგეობის შენობის წინ. “თითქოს გამგეობა ამ ფორმით მოსახლეობას ამადლის, რომ რაღაც გაუკეთა. საშინელებაა, მათ წინ უნდა იზეიმო და მათ წინ უნდა გაგიხარდეს”.

თორნიკეს შეფასებით ბოლნისში არსებული კულტურული სივრცე ზაზუნას სარბენ ბორბალს ჰგავს. საზოგადოება იმ კულტურას ატრიალებს, რაც კარგად იცის, ისევე, როგორც ზაზუნა ტრიალებს ერთ ადგილას და არ უნდა ამ წრიდან გასვლა, არ უნდა სხვაგან სიახლის ძებნა.

“ურჩევნიათ ახალგაზრდებს ასწავლონ ის სიმღერა, რაც კარგად იციან და აკეთონ ის, რაც ნაცნობია. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ არ შეეხონ ახალს. ჩვენ კი ყოველთვის ცვლილება და მოძრაობა უფრო გვიზიდავს, ვიდრე უძრაობა, რომელიც ტრაფარეტულ კულტურაში გამოიხატება. როცა გარემო შენზე გამუდმებით ძალადობს, მჩაგვრელი კარგ ტიპად ითვლება, სულ მიგითითებს - ეს რა გაცვია, რა გიკეთია, ასე უნდა თქვა სადღეგრძელო… ცდილობენ ჩაახშონ ახალგაზრდა ადამიანის გონების მოძრაობა, მიჩქმალონ კითხვების დაბადების ფუნქცია. მერე ვეჩვევით ასე არსებობას და სიახლე დამატებით თავსატეხად იქცევა ხოლმე. რა იქნება, თუნდაც აუზი მოვითხოვოთ მოწამლული მდინარის ნაცვლად…”

მისი აღქმით, ახალგაზრდები რეგიონში - ყველაზე მიტოვებული საზოგადოებაა. მათთვის თანამედროვე კულტურის შეთავაზება, არაფორმალური გარემოს შექმნა და ინფორმაციის მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებზე პერმანენტულად მოქმედებს გარემო და თუ ქალაქში ჰორიზონტზე მაინც იკვეთება ცივილური და თანამედროვე კულტურის შტრიხები, რეგიონში, ამ პროცესის დანახვა კიდევ უფრო რთულდება.

“ვითომ ყველაფერი მაგათთვის კეთდება, ყველა მაგათთვის შრომობს, სინამდვილეში სკოლაშიც იმიტომ დადიან და იმიტომ ელაპარაკებიან მაღალ მატერიალურ თემებზე, რომ არ იციან სხვა. ასწავლიან იმიტომ, რომ მომავალში დაასაქმონ და არა იმიტომ, რომ განავითარონ”.

თორნიკე ხშირად იხსენებს ხოლმე 60-იანი წლების დასავლური რევოლუციების პერიოდს, როცა ადამიანები, რომლებსაც ცვლილება უნდოდათ, პროტესტის გრძნობა ჰქონდათ, გვერდით დაუდგნენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს და გარდაქმნის პროცესი განათლების სისტემის კრიტიკით დაიწყო . “სანამ საქართველოში  მსგავსი პროცესი არ დაიწყება და სანამ ჩვენნაირი ახალგაზრდები არ იტყვიან, რომ მხარში უნდა დავუდგეთ ყველაზე სუსტებს და დაუცველებს, პირველ რიგში საკუთარ თავებს, მანამდე რთულია ჯანსაღი პროცესების განვითარება”. 

***

“შუშის შენობა”, იგივე “ორბი” მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული, დანგრეული და უფუნქციო შენობა ტუალეტად იყო ქცეული. თორნიკემ ამ ტერიტორიის დასუფთავება გადაწყვიტა. შექმნა პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებამ პასუხისმგებლობა აიღოს თავის საკუთრებაზე და სახელისუფლებო სტრუქტურების დაკვეთის გარეშე იზრუნოს მის იერსახეზე.

“ორბის” შესასვლელი კარი მავთულითაა ჩაკეტილი. ელენემ ზღურბლს ფეხი გადააბიჯა თუ არა, შენობის დასუფთავებისას განცდილი სიამოვნება აღიდგინა და თითით მიანიშნა - “აი აქ იყო ერთი დიდი ფეკალია”. 

“შუშის შენობის” გაწმენდაში  თორნიკეს სკოლის მოსწავლეები დაეხმარნენ. ამბობს, რომ ბოლნისიდან 60-მდე მოსწავლე შეიკრიბა, 20 ბავშვი კი იქვე აზერბაიჯანული სოფლიდან მასწავლებელმა მის მოსახმარებლად ჩამოიყვანა.

"შუშის შენობაში" ორგანიზებული ღონისძიების მზადების პროცესი.

ორბის არქიტექტურა საკმაოდ რთული და შთამბეჭდავია. ზედა სართულს ოვალური ფორმა აქვს და მთლიანად შემინულია. მინის ჭერიდან კარგად ჩანს მწვანე ეზო მაღალი, მასიური ხეებით. ალაგ-ალაგ შუშები ჩამტვრეულია. მათ ადგილას ფერადი ძაფები აბლაბუდას ქსელის ფორმაზეა გაბმული.

შენობის დარჩენილი, საკმაოდ დიდი ნაწილი მიწისქვეშაა მოქცეული. ვიწრო დერეფნებს პატარა ოთახებისკენ მივყავართ. ქვედა სართულებზე ლურჯი ფერის განათებაა, რომელიც ჭერზე გაბმულ ჭყეტელა ფერის ძაფებს კიდევ უფრო გამოკვეთს. თანამედროვე ელექტრონული მუსიკისთვის ან ნებისმიერი ფესტივალისა თუ გამოფენისთვის მშვენიერი გარემოა.

თორნიკე იხსენებს  ბოლნისის ყოფილ გამგებელს, რომელმაც განავითარა ქალაქი, გაარემონტა შენობები, შექმნა საგამოფენო სივრცეები, მაგრამ ფაქტია, რომ ის ყველაფერი ერთ კაცზე იყო დამოკიდებული და როცა მან თანამდებობა დატოვა, სისტემაც მოიშალა, ამიტომ ფიქრის მთავარი საგანი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაა. სხვა შემთხვევაში ყველანაირი პროგრესი თავსმოხვეული იქნება და საზოგადოების ხარისხს არ ასახავს: “ჩვენ რომ ვაჩუქოთ ბოლნისს მუზეუმი ან პარკი, ეს იქნება საჩუქარი და ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს. მთავარია ბოლნისის კულტურული განვითარების პროცესი დაიძრას და იყოს შეუქცევადი”.

“შუშის შენობისა” და არტრეზიდენციის იდეის გაჩენის ისტორიას თორნიკე აღწერს, როგორც არალეგალურ კონსერვაციას, ქალაქის განვითარების სხვა მიმართულებას, ანუ ხელოვნებას, რომელიც ბოლნისში ოქროს ჩაანაცვლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^