ნინო ხარატიშვილის პიესა „მრისხანება“ თუმანიშვილის თეატრში
თანამედროვე ტექსტი თანამედროვე თეატრში დროისა და ავტორის ერთდროულ და მღელვარე პულსაციას გულისხმობს. თეატრში მნიშვნელოვანია „აქ და ახლა“. ანუ სწორედ თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური კონტექსტი, რომლის გარეშეც მაყურებლის თვალწინ გათამაშებული ნებისმიერი დრამა (განსაკუთრებული არტძალისხმევის შემთხვევაშიც კი) შეიძლება დაუფასებელი დარჩეს.
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი გერმანულენოვანი ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის პიესების გაბედული, თითქმის ექსპერიმენტული, მჭიდროდ „ნაქსოვი“ და ინტენსიური ენა, დრამატურგის აზროვნების მასშტაბსა და ფორმის შესანიშნავ გრძნობას განსაზღვრავს. ისინი გაჯერებულია ფილოსოფიური ქვეტექსტებითა და სასტიკი პოეზიით, პერსონაჟებისადმი მუდმივი თანაგრძნობითა და ამავე დროს შეუბრალებელი ირონიით, რაც დაკვირვებული თეატრალის მზერას ნამდვილად არ გამოეპარება.
თბილისში, კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნინო ხარატიშვილი ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურას სწავლობდა. მიღებული აქვს ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია გერმანული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ასევე, „ბუდენბოკების პრემია“ საუკეთესო დებიუტისთვის და ანა ზეგერსის სახელობის ლიტერატურული პრემია. სულ ახლახან კი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ნინო ხარატიშვილს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია გადაეცა.
ორიოდე წლის წინ, სამეფო უბნის თეატრში დადგმული ფსიქოდრამა „ლივ შტაინი“, რომელიც მაყურებელს პირველ რიგში ნინო ბურდულისა და კატო კალატოზიშვილის გამორჩეული მსახიობური ნამუშევრით დაამახსოვრდებოდა, ნინო ხარატიშვილის ერთადერთი პიესა იყო, რომელიც საქართველოში დადგმულა. და აი, მაისში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში ნინო ხარატიშვილის კიდევ ერთი გერმანული პიესა - „მრისხანება“ დაიდგა. პრემიერა მანამდე ფრაიბურგის თეატრში გასული წლის დეკემბერში გაიმართა. ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი, ორენოვანი წარმოდგენა გოეთეს ინტიტუტის მიერ „გერმანული ენისთვის“-ის ფარგლებში განხორცილედა.
პიესა თავად ნინო ხარატიშვილმა დადგა, რაც თავისთავად ნიშნავდა ავტორის ძალისხმევისა და რეჟისორული ხელოვნების უცნაურ ნაზავს. იმიტომ რომ, ძნელია ტექსტის „მრისხანების“ გამიჯვნა რეჟისორული წარმოსახვისგან. საერთოდაც, ცალკე საუბრის თემაა რამდენად შეუძლია პიესის ავტორს სრულფასოვანი რეჟისორული ხედვა შესთავაზოს მაყურებელს და რას ნიშნავს ხელოვანის დისტანცირება საკუთარი თავისაგან.
„მრისხანება“ ეს არის რვა ადამიანის ისტორია, რომელთა ცხოვრებაც ერთი დღის განმავლობაში საბედისწეროდ და თითქოს შემთხვევით გადაიკვეთება (დაახლოებით ისე, როგორც პოლ ტომას ანდერსონის ფილმში „მაგნოლია“, რომელშიც ერთმანეთთან დაუკავშირებელი პერსონაჟები ლოს-ანჯელესში, ერთი წვიმიანი დღის უცნაურ მოზაიკას ქმნიან). მაგრამ ამ შემთხვევითობას სინამდვილეში დამცინავი და საბედისწერო ლოგიკა განსაზღვრავს.
ქართველი და გერმანელი მსახიობების მიერ ორ ენაზე წარმოდგენილი, დაახლოებით ორსაათიანი სპექტაკლი დაუნდობელ და აბსურდულ სოციოდრამას ქმნის.
მაშ ასე, თანამდეროვე გერმანიის მყუდრო, არაფრით გამორჩეული პატარა ქალაქის საბედისწერო დღე, რომლის მონაწილენიც არიან: ტერორიზმში ბრალდებული ახალგაზრდა ანტონი (პაატა ინაური), მისი შეყვარებული გოგონა, რულა (ანა-მარია გურგენიშვილი), ტერორიზმის წინააღმდეგ „ჭარბი“ ძალისხმევითა და ლამის გროტესკული ენთუზიაზმით მებრძოლი პოლიციელი რაფაელა (იოჰანა ეივორთი), ეჭვებით შეპყრობილი ცოლ-ქმარი - ადამი და სელია (ვიქტორ ქალერო და ირის მელამიდი), ოსკარი - კაცი, რომელიც ვარსკვლავებს დაეძებს და ბოლოს მილიონს პოულობს (ჰენდრიკ ჰოითმანი), ალუბლის ტორტის მოყვარული, შაკიკით დაავადებული ტელეპროდუსერი მართა (ნინო ბურდული) და სასიკვდილოდ განწირული ანტონია (მარი ბონეტი) - ახალგაზრდა, უცნობი გოგო, რომელიც ნატრობს, რომ არაფერს ნატრობდეს...
სცენოგრაფმა და მხატვარმა იულია ბიულე-ნოვიკოვამ ეს პერსონაჟები რკინის სპირალურ კონსტრუქციაში მოაქცია, რომელიც მიწიდან ზეცისკენ მიემართება - სწორედ იქ, სადაც წესით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უნდა ვხედავდეთ და საიდანაც სინამდვილეში რაღაც ნაჭრები, ნაკუწები თუ ნაგავი ცვივა. შესაძლოა ეს სწორედ დღევანდელობის შესატყვისი „ზეციური მანანა“ ან ეკოლოგიური ნარჩენებია, რომლითაც სცენა თანდათან ივსება.
სპექტაკლის მოუხელთებელი რიტმი და მრავალგანზომილებიანი ტექსტის ბასრი იუმორი ისევე უცნაურად აწყდება თუ ატყდება მაყურებლის ფანტაზიას, როგორც მსახიობთა სხეულები განუწყვეტლივ ეხეთქება რკინის კონსტრუქციას... და ეს სასტიკი, უიმედო და სავალდებულო „ტანვარჯიში“ სხეულების აღსარებას ჰგავს დაბინძურებული და მორალური კატასტროფის წინაშე მდგარ დედამიწასთან. არა აქვს მნიშვნელობა, მართლა აფეთქებდა თუ არა ანტონი შეყვარებულის გულის მოსაგებად აეროპორტს, თუ ეს მხოლოდ თამაშია; არც იმას, რომ ადამი და სელია დაკარგულ ბავშვს ვერასოდეს იპოვიან; ვერც ოსკარი იხილავს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას... და ვერც შაკიკით გატანჯული მილიონერი პროდიუსერი მართა ნახავს შვებას... რადგან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ამ უიმედი ადამიანების თავზე აღარ არსებობს, ისევე როგორც მორალური კანონი მათში...
ჩვენ კი დაველოდოთ ნინო ხარატიშვილის იმედიან პიესას - ვარსკვლავებით მოჭედილ ცასა და შეუძლებელ სიყვარულზე.