Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქობულეთი გაზაფხულზე

01 მაისი 2012

 

მიტოვებული კაფეები, მინგრეულ-მონგრეული მაგიდები და დახლები, ყოფილი კაფეების სახურავებიდან ჩამოყრილი თივა და იქვე ფეხბურთის მოთამაშე ბიჭები...  აქა-იქ მოსიარულე ხალხი. ზაფხულში ქობულეთის მოყვარულებს, გაზაფხულზე ქალაქი  მიტოვებული უფრო გეგონებათ.

 

ატრაქციონებთან რამდენიმე ბავშვი ერთობა. 25 წლის თეონამაც აქ სათამაშოდ ორი წლის შვილი მოიყვანა. ორ თვეში მეორე ბავშვს ელოდება. სკოლის შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია და ერთ-ერთი სოფლიდან ქობულეთში გარიგებით გათხოვდა. ქმარი ხელოსანია. სამუშაო ძირითადად ზაფხულში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამთილი და მულიც მუშაობენ, მისი თქმით, საუკეთესო შემხვევაში ოჯახის საერთო შემოსავალი 400 ლარს არ აღემატება. „მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებ: საინფორმაციოებს, შოუებს, სერიალებს და ბავშვს დავსდევ", - მიყვება თეონა.

ბავშვებთან მოთამაშე 13 წლის ნინო ლაპარაკაში ერთვება და თეონას ეთანხმება, რომ  ქობულეთში ცხოვრება ძალიან მოსაწყენია. „ძირითადად ინტერნეტში ვთამაშობ. უფრო ბარბებს ვუვლი და „ვკრასკავ". მუსიკებს, ვუსმენ: შაკირა და სელენა გომესის მუსიკა მომწონს. კიდევ, „პრიკოლებს" ვეძებ". - მეუბნება ნინო.

მისი თქმით, ქობულეთში ერთი პარკია და ისიც მოუწესრიგებელი. სხვა გასრთობ ადგილს ვერ იხსენებს.„ზამთარში სულ წვიმს. სახლში უნდა იჯდე. ზაფხულში მაინც ბევრი ხალხია. ზღვაზე გადახვალ, ვინმეს გაიცნობ", - ამბობს ნინო. ყველაზე მეტად ცეკვაზე სიარული მოსწონს და უნდა მოცეკვავე გამოვიდეს.

პლაჟზე ჩამომსხდარი ხუთი გოგონაც მოცეკვავეა. სააღდგომოდ მეგობარი ჩამოუვიდათ თბილისიდან და ზღვის ნაპირზე სურათების გადასაღებად გადმოვიდნენ. ანის ქობულეთში ბებია ჰყავს და არდადეგებზე დადის ხოლმე.

„ზამთარში მე კი ქობულეთში მომწონს ცოტა ხნით ჩამოსვლა, მაგრამ აქ მცხოვრებთათვის, ალბათ,  მართლა მოსაწყენია. 2-3 კაფეა და არსად არაა წასასვლელი. თბილისში ხან კაფეში წახვალ, კინოში, მეგობრებთან გახვალ, უფრო ბევრ ხალხს გაიცნობ", - ამბობს ანი.

„თოვლიც არ მოდის კარგი - თოვლჭყაპია და სულ წვიმს", - ამატებს ქობულეთში მცხოვრები მეათეკლასელი ნანა. მეუბნება, რომ გარდა ინტერნეტისა, ჟურნალებსაც კითხულობს: "რეიტინგს", "თბილისელებს"... და პატარა ქალაქში ცხოვრებაზეც წუხს. „შენებურად ვერაფერს გააკეთებ. სულ იმაზე უნდა იფიქრო, ხალხი რას იტყვის. ჭორებიც ადვილად ვრცელდება. ჩემი სკოლიდან ბევრი გათხოვდა. ჩემს კლასელს უკვე შვილიც ჰყავს. პატარა ქალაქია, მშობლები უშლიან შვილებს შეყვარებულებს და, ალბათ, მაგიტომაც", - ფიქრობს ნანა.  სწავლის გაგრძელება თბილისში უნდა. ამბობს, რომ სკოლის შემდეგ ბევრი სხვადასხვა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას - „იჭირვებს ხალხი და ასწავლის შვილებს".

ადგილობრივები მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ. „ბიჭები დაყიალობენ, უსაქმურობისგან არ იციან რა ქნან და ათას შარ-უბედურებაში ეხვევიან".

ძირითადი დასაქმების ადგილი გამგეობა და ბანკებია.[pagebreak]

„ყველა ბანკში ხომ ვერ იმუშავებს? აგერ პროდუქტის მაღაზია გავხსენი. თავი წვალებით გაგვაქვს. უფრო ზაფხულში გვაქვს კარგი მუშაობა. ფული ფულთან მივა, ბევრი „პროდუქტი" უნდა მოიტანო, რომ კარგი ვაჭრობა გქონდეს", - მიხსნის მერაბი და ჯიხურში მეპატიჟება. სიგარეტი, „ბამბანერკა", ყავა... მერაბს ორი სტუდენტი შვილი ჰყავს და შვილებს ჯიხურიდან შემოსული თანხით არჩენს.

მერაბი ინფორმაციას, ისევე როგორც ქობულეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, „იმედისა" და „რუსთავი 2"-სგან იღებს. საინფორმაციებს ყოველდღე უყურებენ, თუმცა, პოლიტიკაზე არ საუბრობენ. განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე საუბარს გაურბიან.„არაა პოლიტიკა ჩემი საქმე. მთავარია ოჯახს მივხედო", - ეს მთავარი არგუმანტია.

პოლიტიკაზე საუბარი არც პლაჟზე, ჯებირების კიბეებზე ჩამომსხდარ კაცებს სურთ. კარტს თამაშობენ და ინტერვიუზეც სიამოვნებით მთანხმდებიან, ოღონდ ერთი პირობით: „პოლიტიკაზე არაფერი დაწერო".

ბატონი თენგიზი წყალსადენში მუშაობს. „შემოსავალი არ მყოფნის „ვმყოფნილობ", - ეცინება ჩემს შეკითხვაზე.

სასტუმრო „ინტურისტიდან" ბატონი გურამი 2006 წელს, ახალი ინვესტორის მოსვლის შემდეგ გათავისუფლებს. დღეს დროებით უმუშევარია. კარტის თამაშს თავი დაანება და შეკითხვებზე მორიდებით მპასუხობს. ბიჭი შვილი თურქეთში დადის სამუშაოდ, გოგო საბერძნეთშია. "ესენი გვარჩენენ. საბერძნეთშიც აირია ახლა სიტუაცია და..."

რუსთაველზე ცხოვრობს. ბინას არ აქირავებს. რუსთაველის ქუჩა ზღვიდან შედარებით მოშორებითაა. როგორც ქობულეთელები ამბობენ, ამ ქუჩაზე სეზონი ყველაზე გვიან იწყება და ყველაზე ადრე მთავრდება.

„ხალხი სანაპიროზე - თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩებზე არ მიდის და რუსთაველზე რა წაიყვანს. ყველას სანაპიროზე უნდა ქირაობა. ცოტათი ფეხის გავლაც კი ეზარებათ", - მეუბნებიან ადგილობრივები.

სანაპიროს ჩავუყევი. თამარ მეფის ქუჩაზე, ზღვის ჯებირზე ორი კაცი ზის და ქობულეთში ბანკის მიერ ადგილობრივებისთვის სახლების წართმევაზე საუბრობს.

„დიდი პრობლემაა შვილო ეგ, ძალიან დიდი. ვეღარ იხდის ხალხი ფულს და სახლებს ართმევს ბანკი. არაა დამსვენებელი და რა ვქნათ", - მეუბნება ერთ-ერთი.

თავზე ვერტმფრენმა გადაგვიფრინა. „ალბათ სააკაშვილია. დაფრინავს აქეთ-იქით. ჩამოვიდეს და ფეხით გაიროს", - ბრაზობს მეორე.საუბარს ოჯახის დიასახლიც შემოუერთდა, ჯერ სახლში შეგვიპატიჟა, მერე ნაპირისკენ დანანებით გაიხედა.

„ყურადღებას არავინ აქცევს შვილო, ამ ნაპირს შეხედე. ზღვა ნელ-ნელა მოდის. მალე საცხოვრებლები აღარ გვექნება", - მეუბნება დიასახლისი და მშობლების მონაყოლს იხსენებს, ზღვა ისე შორს იყო ჯებირებიდან, სანამ ზღვამდე ჩავიდოდით, ვიღლებოდითო. ჯებირებიდან 5 მეტრში გაწოლილ ზღვის ნაპირის შემხედვარეს, ამის დაჯერება, ცოტა არ იყოს გაგიჭირდება.

ირმა ამბობს, რომ „რემონტს" აღარ აკეთებს. ბანკში ისეც იმდენი ვალი აქვს, ნეტა, იმას გადაიხდიდეს. შარშანდელის მსგავსად, იქვე პლაჟზე კაფეს გახსნა უნდა, მაგრამ არ იცის, გამგეობა ნებას თუ მისცემს.

„გგონია, მოგება გვრჩება?! შარშან ყველაზე ცუდი სეზონი იყო, წვიმიანი, მაგრამ რას იზამ. ზაფხულის ფულით ვართ მთელი წელი, ნაწილი ბანკებში მიგვაქვს, ნაწილს თვეებზე ვანაწილებთ, ისევ ახალ ვალს ვიღებთ და ასე ვცხოვრობთ", - ეღიმება დიასახლისს.

ადგილობრივების თქმით, სომხები ყველაზე კარგი გადამხდელები არიან. კაფეებშიც სომხები ხარჯავენ ფულს. „აბა, თბილისლები ერთ ყავაზე და ხაჭაპურზე მთელი დღე ისხდებიან კაფეში".

სანაპიროზე სარემონტო სამუშაოები იქცევს ჩემს ყურადღებას. მფლობელი სახლის პირველი სართული კაფედ გადაკეთებას ცდილობს. სესხი ბანკიდან გამოიტანა. იცის, რომ ბანკთან პრობლემები ბევრ ქობულეთელს აქვს, მაგრამ რას იზამს „იმედით ვცოცხლობთ ყველა".

სადგურში თბილისიკენ გამომსვლელ სამარშუტო ტაქსს კარგა ხანს ველოდე. თუ სეზონი არაა, იშვიათად დადიან. ლოდინისას იქვე მდგარ ძველ „ვოლგასთან" მივდივარ. „კაპოტზე" კევები, სიგარეტები, კანფეტები აწყვია. მანქანის ფანჯრებიდან პრესა მოჩანს.

„ადგილობრივი პრესა გაქვთ?" - ვეკითხები მანქანაში მჯდომ გამყიდველს.

„ადგილობრივი პრესა დიდი ხანია აღარ მიგვიღია", - ჩემი ინტერესის დასაკმაყოფილებლად დავთარს იღებს და ჩემთან ერთად კითხულობს, რომ ბოლოს ადგილობრივი გაზეთი „ქობულეთი" 1997 წელს მიიღო.

„საერთოდ არ კითხულობდა ხალხი, რასაც ვიღებდი, უკან ვაბრუნებდიო.", - პრესას 1979 წლიდან ყიდის. სადაც მანქანით დგას, იქ ჟურნალ-გაზეთების ჯიხური ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ სამსახურში მოსულს ჯიხური დანგრეული დახვდა. 10 წუთის განმავლობაში, რაც მასთან საუბარში გავატარე ორი მყიდველი ჰყავდა. ერთმა ერთი ღერი, მეორემ კი ორი ღერი სიგარეტი იყიდა.

„აჰა, ვნახოთ, უკვე დღის ბოლოა და ერთ გაზეთიც არ გამიყიდია. უფრო "კვირის პალიტრის" წიგნებს ყიდულობენ", - შემრცხვება გაზეთში ჩემი თავი რომ ვნახოო და სახელი არ გამიმიხილა. ამბობს, რომ პრესის გავრცელებაში თავისი 2 შვილიც ეხმარება და ამით 14 სულიან ოჯახს არჩენენ.

ადგილობრივები წუხან, რომ ქალაქში არც თეატრია, არც კინო და კულტურის სახლი.  რომ თბილისელებს ცოტა ფული და ბევრი მოთხოვნა აქვთ, რომ ზაფხულში ხშირად წვიმს, სეზონი მაქსიმუმ ორი თვე გრძელდება, ბანკის ვალებს ვერ იხდიან და ქალაქში ბევრი უმუშევარია... წუხან, რომ პრეზიდენტი ქობულეთს იშვიათად წყალობს.

სამარშუტო ტაქსი ზღვის ნაპირით გამოდის. პლაჟზე და ზღვაში დაყრილი პოლიეთილენის ბოთლები, პარკები, ნაგავი... საოცარი სიმშვიდე, წვიმა... ძნელია არ დაეთანხმო ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომ ქობულეთი ზაფხულს მიღმა „სოფელია, დიდი სოფელი"...

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^