Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი დაპატიჟება

18 მაისი 2016

რეცენზია ლევან ბერძენიშვილის წიგნზე “წიგნიერების ევოლუცია”

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? ამგვარ შეკითხვას ლოგიკაში “რთული შეკითხვის” მახე ჰქვია, ანუ როდესაც კითხვაში უკვე შეფარული ინფორმაციაა, რომელიც ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში შენს აპრიორულ თანხმობას გულისხმობს. აქ კი ეს ინფორმაცია გულისხმობს აპრიორულ თანხმობას, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ, მხოლოდ ისაა გასაგები, თუ რა მიზეზით.

ლევან ბერძენიშვილის ბლოგების კრებული “წიგნიერების ევოლუცია” უპრობლემოდ არც ამ სიცხადეს იღებს, ანუ იმას, რომ წიგნები უნდა აუცილებლად ვიკითხოთ. იქნებ პირიქითაცაა, მაგალითად, როგორც ავტორი წერს, “ნორმალურ ვითარებაში უწიგნური კაცი იოლად ცხოვრობს. უწიგნური კაცის ქვეყანას განვითარებული ქვეყანა ჰქვია”. მართლაც, ამერიკის შეერთებულ შტატებზე განვითარებული რომელია. მახსოვს, ერთ ამერიკულ ძალიან წესიერ და წარმატებულ პურიტანულ ოჯახში ვიყავი სტუმრად და სახლში სულ ორი წიგნი ჰქონდათ: ბიბლია და სამზარეულო რეცეპტების წიგნები. მეტი არც სჭირდებოდათ სულიერი და ხორციელი საზრდოსთვის და ალბათ არც დრო ჰქონდათ, მათი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, რომელიც, ლევან ბერძენიშვილის სიტყვები რომ გავიმეოროთ, “შრომის მაღალ კულტურაზეა” დაფუძნებული.  მართალია, წიგნის ავტორი ამართლებს ამგვარ მიდგომასაც, მაგრამ რაც მეტს ვკითხულობთ ამ ბლოგებს, რომლებიც მსოფლიოს დიდი ლიტერატურის ნიუანსებს უამრავი საინტერესო, ორიგინალური და მოულოდნელი კუთხიდან გვანახებს, ძალაუნებურად ეჭვიც გვებადება, რომელიც კითხვის პროცესში უფრო და უფრო იზრდება, რომ მხოლოდ შრომის მაღალი კულტურა რეალურად არასაკმარისია ადამიანის სრულყოფილი ჩამოყალიბებისათვის და ისეთ რთულ და გაუგებარ რეალობასთან, “ცხოვრება” რომ ჰქვია, ადექვატური კავშირის დამყარებისათვის. მით უმეტეს ასეა, როცა ვიგებთ, რომ ისეთი ბრძენი კაცი, როგორიც არისტოტელეა, გვამცნობს, რომ “მხატვრული, გამოგონილი სამყარო, გაცილებით უფრო ნამდვილია, ვიდრე ცხოვრება, რადგან ლიტერატურაში მოვლენები ხდება აუცილებლობით ან მაღალი ალბათობით, ცხოვრებაში კი - შემთხვევითობით”. ის, რომ ეს ასეა, ისტორიაზე ლიტერატურის ზემოქმედებითაც დასტურდება: დიკენსის რომანების შემდეგ ინგლისში ბავშვების შრომის ექსპლუატაცია აკრძალეს, ევროპაში სიკვდილით დასჯის გაუქმებას კი, როგორც ბლოგების ავტორი წერს, ბევრწილად ალბერ კამიუს “უცხომ” შეუწყო ხელი და იგივე ეფექტი შეიძლება ვთქვათ ილიას ნაწარმოებ “სარჩობელაზედ”-ზე, რომლის გამოქვეყნების მერეც თბილისში ადამიანი აღარ ჩამოუხრჩვიათ. აი ასე, დიდი მწერალი თავისი სულიერ-ზნეობრივი ძალების უკიდურესი დაძაბულობის ველში ხედავს იმ რეალობას, რომელიც დაუნახავია ემპირიული, ცხოვრების დინებას აყოლილი ადამიანებისთვის და სწორედ ამიტომ ქმნის იმ მხსნელ დისტანციას არსებულსა და საჭიროს, არსებულსა და ჭეშმარიტს შორის, რომელმაც შეიძლება ისტორია შეცვალოს.

ასეთი დიდია მხატვრული ლიტერატურის, გამონაგონისა და “სიცრუის სიბრძნის” მნიშვნელობა და ლევან ბერძენიშვილის ოცდაერთივე ბლოგი ამას ძალიან მჭევრმეტყველურად, ბრძნულად და თავშესაქცევად, აქა-იქ მახვილი იუმორით, გვიცხადებს. მთელი წიგნი არის არა ლოზუნგურად, არამედ მშვიდი და დამაჯერებელი საბუთებისა და მაგალითების მოხმობით შეგონება: “იკითხეთ დიდი ლიტერატურა”, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ერთი წიგნების კომპანია მოგვიწოდებს: “წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!”. კი, უკეთესადაც იქნები და წიგნების კითხვა ბევრ ცხოვრებისეულ კრიზისსა და პერიპეტიებში გამოგადგება სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში, მაგრამ ამავე დროს წიგნების კითხვა ჩვენ გვეხმარება არა მხოლოდ ვიყოთ “უკეთესად”, არამედ უკეთესებიც გავხდეთ: უფრო ტოლერანტულები და ნაკლებკატეგორიულები, უფრო გამგებები და მომსმენები, უფრო გაკვირვებულები და მძებნელები და, ზოგადად, უფრო ჰუმანურები და ადამიანურები.

მეცხრე საუკუნეში კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს, ამ არჩევამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე იმპერატორის კანცელარიაში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე საერო პირი, ფოტიოსი. ფოტიოსი წიგნებზე შეყვარებული კაცი იყო და პატრიარქობის დროსაც პოულობდა დროს ეკითხა კლასიკური ბერძნული ლიტერატურა და მისი სიყვარული ამ ტექსტებისადმი ხალხში ჭორებადაც ვრცელდებოდა: “ფოტიოსი შუა ლიტურგიის დროს ლოცვების ნაცვლად ჰომეროსის ციტატებს ბუტბუტებსო”. ფოტიოსმა დაგვიტოვა ნაშრომი “მირიობიბლიონი” (“ათასწიგნეული”), სადაც თავისი ბიბლიოთეკის ყველა წიგნის ანოტაცია მოგვცა, ბევრი ამ წიგნის შესახებ დღეს მხოლოდ ფოტიოსის ანოტაციით ვიცით. ლევან ბერძენიშვილი სწორედ ფოტიოსს მაგონებს, რადგან ისიც დიდ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა რამდენიმე წელი და ბიბლიოთეკის ურთულესი საქმე ზედმიწევნით კარგად იცის; იმიტომაც, რომ მას ფოტიოსზე არანაკლებ უყვარს და იცის ბერძნული კლასიკური ლიტერატურა, რომლის ციტირებაც ორიგინალში შეუძლია და ისიც მთელი ამ ბლოგების მანძილზე გვიზიარებს თავის დამოკიდებულებას საყვარელი ავტორების მიმართ. ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ისეთ პასაჟებზე, რომლებიც ამგვარი ჰერმესული გაძღოლის გარეშე შეუმჩნეველი დაგვრჩებოდა. მაგალითად, გვიფიქრია როდისმე, რა დიდი უცნაურობა დევს იმაში, რომ “ვეფხისტყაოსანი” იწყება დაუწყებლობით, ანუ ნაცვალსახელი “რომელმან”-ით, რომელიც მოითხოვდა წინა ფრაზას, წინა კლაუზას, ის კი არსადაა! “მთელი მსოფლიო ნონ-ფინიტოთი, დაუმთავრებლობით ერთობა, ხოლო ჩვენ დაუწყებლობის დიდოსტატები ვართ!” - წერს ბლოგების ავტორი. ბლოგები თემატურადაა დაყოფილი და მკითხველი ადვილად აარჩევს თავისთვის განსაკუთრებით საინტერესო თემას. გადმოცემის მანერა არის უშუალო, მრავალი დამაინტრიგებელი და ზოგჯერ პიკანტური მაგალითის მოტანით, რაც ასე სახალისოს ხდის ამ პატარა წიგნის კითხვას. მის ფურცლებზე საუკუნე საუკუნეს და ქვეყანა ქვეყანას გადასძახებს, დასავლეთი აღმოსავლეთს, ჩრდილოეთი სამხრეთს. ვიგებთ მწერლების უღრმესი ურთიერთგავლენების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ფიოდორ დოსტოევსკის გავლენაზე უილიამ ფოლკნერზე, და ამავე დროს მწერლების საპირისპირო ტენდენციაზე - მათ განზრახ არწაკითხვაზე სხვა მწერლების ნაწარმოებებისა იმ შიშით, რომ არ გადასდებოდათ სხვების სტილი, როგორც რამე ვირუსი. ვიგებთ ყოფით ისტორიებს მწერლებზე, რაც გვეხმარება მათ ახალ შუქზე, უფრო გაადამიანებურად დანახვაში, რადგან ხშირად ვაფეტიშებთ მწერალს, არ ვკითხულობთ მას და წიგნის თაროზე კი პატივისცემით შემოვდებთ. ლევან ბერძენიშვილი ზოგჯერ მსუბუქად ეხება დიად თემებს, მხოლოდ გადაფხეკს საიდუმლოების ზედაპირს და ინტრიგას უქმნის ბლოგის მკითხველს, რომ მეტი გაიგოს, თავად წაიკითხოს ესა თუ ის წიგნი და თავად ჩაიჭყიტოს იმ გადანაფხეკში; ზოგჯერ პირიქით, უფრო სიღრმისეულად და დეტალურად მსჯელობს, როგორც, მაგალითად, აქილევსისა და ჰექტორის შედარებისას, ან პლატონისა და სტენდალის სიყვარულის თეორიების შედარებისას. მაგრამ ამ მეორე შემთხვევებშიც ის არ ხდება - ასე ვთქვათ spoiler, ანუ მთხრობელი, რომელიც ისე მოგიყვება რომანს ან ფილმს, რომ მერე ინტრიგას გიკარგავს წაიკითხო ან ნახო. პირიქით, ლევან ბერძენიშვილის ბლოგები არის მკითხველში მუხტის გამჩენი, რომ უშიშრად წაიკითხოს მსოფლიო ლიტერატურის სქელყდიანი თუ არცთუ სქელყდიანი შედევრები. როგორ არ დაინტერესდები და დაინტრიგდები, როცა იგებ, რომ განსხვავებული სამოთხეები ჰქონიათ დანტესა და მილტონს, რადგან პირველთან ის “სიყვარულია, გრძნობა, რომელიც სამყაროს ატრიალებს”, მეორესთან კი “სიყვარული, რომელიც ამარცხებს ბოროტებას”. ხვდები, რომ თუ ორივეს წაიკითხავ და ამ ნიუანსურ განსხვავებას გაიგებ, შენი მსოფლაღქმა გაცილებით ღრმა და მდიდარი გახდება.

ზემოთ სიტყვა “უშიშრად” ვთქვი, მაგრამ როგორც ამ წიგნიდან ვიგებთ, დიდი ლიტერატურა არც ისე უხიფათო ყოფილა: აგერ ადამიანი გულწასული უპოვიათ დოსტოევსკის “იდიოტით” ხელში და სასწრაფოს ექიმს აღმოხდომია: “დასტაევსკის დაურტყამს, იდიოტს!” - ასეც ჰქვია ერთ-ერთ ბლოგს. უფრო სერიოზულად, ავტორი ამბობს, რომ “მწერლობა საშიში რამაა”, რომ დიდი მწერლის მკითხველობაც საშიშია, რადგან ამან შეიძლება შენში იმ აზრების, მსოფლხედვის სიკვდილი გამოიწვიოს, რასაც აქამდე ურყევად და ჭეშმარიტად მიიჩნევდი. ბევრი გაბედავს ამას? მაგრამ ჰექტორი რომ არ შეგებებოდა აქილევსს და ტროის კედლებში დამალულიყო, ის აღარ იქნებოდა ჰექტორი. ასეთივე ჰექტორობისკენ ეპატიჟება მკითხველებს ლევან ბერძენიშვილის ბლოგების კრებული და გმირობასთან აკავშირებს დიადი ლიტერატურის გულდასმით კითხვას. სწორედ ისეთ კითხვას, როგორც თავად წაიკითხა პატიმრობის დროს თომას მანის მრავალტომეული და იგრძნო შინაგანი ჭეშმარიტების განცდით, რომ გერმანელმა ეს ნაწარმოებები პირადად მისთვის დაწერა. ამ პირადობას და უნიკალურობას ლიტერატურული ნაწარმოების აღქმისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რასაც ბლოგების ავტორის გარჩეულ ტექსტებში, არჩეულ პასაჟებსა და მათ განმარტებებში ვხედავთ: არასდროს არ არის მისი აზრები კონვენციური ან სხვათა ნააზრევის გამმეორებელი, არამედ პირადად საკუთარ სულზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გადამტყდარი. ამით ლევან ბერძენიშვილი მოგვიწოდებს თითოეული ჩვენგანი გახდეს უნიკალური, ორიგინალური და შემოქმედებითი მკითხველი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^