საქართველოში არსებული სამკურნალო სერვისები ვერ უზრუნველყოფენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ხარისხიან მკურნალობასა და რესოციალიზაციას. ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისები ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა მკურნალობის მხრივ, ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას და ეკონომიკურად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ინსტიტუციებში მკურნალობა" – (,,ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი 2015-2020 წლები”)
საქართველოში თემზე დაფუძნებული სულ რამდენიმე ფსიქიატრიული სერვისია.
აქ პირველად ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც საქართველოში მოქმედი სათემო სერვისების ეფექტურობის დადგენა (კრიზისული ინტერვენცია და აქტიური სათემო მკურნალობა) იყო.
ამისთვის, კვლევის ავტორებმა როგორც ტრადიციული, ისე თემზე დაფუძნებული სერვისების მიმღები პაციენტების საავადმყოფოში დაყოვნების საერთო ხანგრძლივობა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა შეისწავლეს. ასევე, ამ ორი ჯგუფის პაციენტთა კმაყოფილებითაც დაინტერესდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ შედეგების მიხედვით, ტრადიციული სერვისის მიმღებ ბენეფიციარებზე კმაყოფილები კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ.
კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ყველა ბენეფიციარი (100%) აცხადებს, რომ პერსონალი დიდ ყურადღებას იჩენდა მათი გამოკვლევების დროს. 95.5% ამბობს, რომ ექიმებმა კარგად აუხსნეს, რისთვის იყო საჭირო სამედიცინო გამოკვლევები.
ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კრიზისული ინტერვენციის სამსახურის პაციენტებში რეალურად 2.37-ჯერ ნაკლებია სტანდარტული სერვისის ბენეფიციარებთან შედარებით.
ასევე კრიზისული ინტერვენციის პაციენტებში სტაციონარში გატარებული დღეების საშუალო ხანგრძლივობა რეალურად 6,81-ჯერ ნაკლებია სტანდარტული სერვისების ბენეფიციარტებთან შედარებით.
კვლევამ, რომელიც ჯანმრთელობის კვლევის კავშირმა, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფსიქიატრიაში ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე დაფუძნებული მომსახურება ტრადიციულ სერვისებზე ეფექტურია და სერვისით მომხმარებლებიც უფრო კმაყოფილი არიან.
კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო “ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის” ბაზები 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლის.
წარმოდგენილ ბაზებში ინდივიდუალურად იქნა მოძიებული კვლევაში ჩართული თითოეული პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და საწოლდაყოვნების მონაცემები.
პაციენტთა კმაყოფილების კვლევა ჩატარდა თბილისში. კვლევაში მონაწილეობა 221-მა პირმა მიიღო. აქედან 74 პირი კრიზისული ინტერვენციის სამსახურის ბენეფიციარი იყო, 29 პირი - აქტიური სათემო პროგრამის ბენეფიციარი, 118 კი - ტრადიციული სერვისის ბენეფიციარი.
კვლევის პრეზენტაციას აქტიური სათემო მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი გელეიშვილი ესწრებოდა. “აქტიური სათემო მომსახურების” პროგრამა 2014 წლიდან დაიწყო. პროგრამაში 40 ბენეფიციარია ჩართული. გიორგი გელეიშვილის თქმით, მნიშვნელოვნად შემცირდა სუიციდური შემთხვევები და 40 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბენეფიციარს ჰქონდა სუიციდური მცდელობა. 11 ადამინი დასაქმდა. 4 ბენეფიციარმა სწავლა გააგრძელა. აქტიური სათემო სერვსის მეშვეობით 95%-ით შემცირდა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი.
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები ძირითადად ჰოსპიტლებში და დისპანსერებში მკურნალობენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში “არაეფექტურია და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. მომსახურება ექიმის კონსულტაციასა და მედიკამენტების მიწოდებაზეა ორიენტირებული. ამბულატორიულ დაწესებულებებში ძალიან იშვიათია მულტიდისციპლინური გუნდის არსებობა, ფსიქიატრებს კი ფსიქო-სოციალური ინტერვენციების გასაწევად არც ცოდნა ჰყოფნით და არც დრო”, - ვკითხულობთ სტრატეგიაში.
რაც შეეხება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს - “საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშისა და ევროპის საბჭოს 2013 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში კვლავ გვხვდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ეს დაწესებულებები, სამწუხაროდ, მკურნალობისა და მოვლის ხარისხობრივ სტანდარტებს ხშირად ვერ პასუხობს”.
საქართველოში, მულტიდისციპლინურ მიდგომაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება 90-იანი წლების შემდეგ დაიწყო. თბილისში თითქმის 13 წელია ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი. 2011 წლის ბოლოს საქართველოში, თბილისში, პირველად ფსიქიკური პრობლემების ადამიანებისთვის კრიზისული ინტერვენციის სამსახური გაიხსნა. რაც შეეხება აქტიური სათემო სამსახურის გუნდის მომსახურებას, ის დღემდე “ღია საზოგადოება- საართველოს” დაფინანსებით ხორციელდება. ხოლო 2016 წლის მაისიდან აქტიური სათემო სამსახურის გუნდის საქმიანობას ნაწილობრივ თბილისის მერია დააფინანსებს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო ბიუჯეტი დღესდღეობით ძირითადად ჰოსპიტალურ სერვისებს აფინანსებს. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელის დაფუძნებული სათემო სერვისების ფინანსური მხარდაჭერა მინიმალურია.
“ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი იღებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის 1%-ს. კრიზისული ინტერვენციის ცენტრები ვერ ფარავს ქვეყნის ტერიტორიას. საქართველოში მკურნალობის მხოლოდ ერთი სათემო აქტიური გუნდი არსებობს და ისიც „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ქვეყანაში არ არსებობს სათემო საცხოვრებლები. ქვეყანას არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთათვის დასაქმების ხელშეწყობის სისტემა.
შესაბამისად იზრდება ამბულატორიის პირობებში ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავების რისკი და რეჰოსპიტალიზაციის სიხშირე. 2014 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, ამბულატორიული დაფინანსების წილი 19%-ს შეადგენს. ხოლო სტაციონარული მომსახურებისა - 69%-ს”, - წერია სტრატეგიაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ძირეული გამოწვევებია:
- საჭიროა ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა;
- (მედიკამენტებისა და ფსიქო-სოციალური ინტერვენციების მიწოდება, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება).
სტრატეგიის მიხედვით, უნდა განვითარდეს თემზე დაფუძნებული თანამედროვე სერვისები და 2017 წლისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების საერთო დაფინანსებიდან ჰოსპიტალური და თემზე დაფუძნებული სერვისების დაფინანსების თანაფარდობამ ჯერ 25%, 2020 წლისთვის კი 50% უნდა შეადგინოს.