საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ბევრი კითხვა გააჩინა: არის თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი პარლამენტის სადამსჯელო ღონისძიება? იქნებ მართლაც თვითნებობდა საკონსტიტუციო სასამართლო? შეუძლია თუ არა სასამართლოს „თავის დაცვა“ და რა პროცედურით უნდა აღადგინოს მან ასე სასურველი Status quo?
ვფიქრობ, შეკითხვის სხვაგვარად დასმა უფრო სამართლიანი იქნება: რისთვის ებრძვის ერთმანეთს ხელისუფლების ეს ორი შტო - ძალაუფლების, თავის გადარჩენის ან იქნებ კონსტიტუციური ღირებულებების გადასარჩენად?! მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველადი ფუნქციის - „ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტურობის შესახებ“ - საზოგადოებაში ჯერ არ გაჟღერებულა. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთთან დაპირისპირების ფონზე თვითნებობენ და ამით აზიანებენ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოუკერძოებლობა.
საქართველოში სამწუხარო ტრადიციად მოგვდევს ერთ ან რამდენიმე პირზე კანონების ან თუნდაც კონსტიტუციის მორგება. გასულ ხელისუფალს საკონსტიტუციო სასამართლოს „სასარგებლოდ“ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიუღია. თუკი იგი სასამართლოს „ფუფუნებაში აცხოვრებდა“, დღევანდელი მის შეზღუდვას ცდილობს. გვაქვს მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა ნაწილიც დღეს საკმაოდ სადავო გახდა და შესაძლოა მან სასამართლოს პარალიზებაც კი მოახდინოს. რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედებები, მაშინაც კი, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო და საკანონმდებლო ორგანო ორ ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ პოლუსს წარმოადგენენ?
პარლამენტის მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ. სხვა შეფასებებით კი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს ზღუდავს. თუმცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხის სხვა მხარეა - რამდენად იზღუდება კანონის ახალი რედაქციით ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განმარტებისა და მისი გარანტიების ჩამოყალიბებაში საკვანძო როლი ეკისრება, ამიტომ იგი სახელმწიფოსაგან ან სხვა პოლიტიკური ზემოქმედებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მისი ობიექტურობის შენარჩუნება. ამ ჭრილში დადებითი ცვლილებაა ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა თვით სასამართლოს წევრების გადასაწყვეტი ხდება. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ასეთი გადაწვეტილების მიღების უნარიანობა დადებითად იმოქმედებს. გარდა ამისა, დადებითია ისიც, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მხოლოდ მისი სრული ტექსტის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისას შევა ძალაში. ეს მოსპობს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების დაჩქარებულად გამოცხადებისათვის სასამართლო დარბაზში მხოლოდ სარეზულოციო ნაწილი ცხადდებოდა, ვებ-გვერზეც მხოლოდ ეს ნაწილი ქვეყნდებოდა. სამოტივაციო ნაწილი მხარეებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ხდებოდა. ეს კი თავის მხრივ არღვევს მოსარჩელის უფლებას, მიიღოს დროული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც უშუალოდ მას ეხებოდა და თანაც კანონიერ ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედიოდა. პრაქტიკულად შესაძლებელი იყო გადაწყვეტილების მოტივაცია მხოლოდ მაშინ გამხდარიყო ცნობილი, როცა ამას სასამართლო მოისურვებდა, რადგან იგი არ იყო ვალდებული მისი გადაწვეტილების სრული ტექსტი რაიმე განსაზღვრულ ვადაში გამოექვეყნებინა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უდავოდ დადებითია მხარეთა ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით.
თუკი მოსამართლე, რომელიც ხალხმა (არაპირდაპირი გზით) არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ 10 წლით აირჩია მოსამართლედ და ამ ვადით მისცა მას მოსამართლეობის ლეგიტიმაცია, იგი სწორედ 10 წელი უნდა ემსახუროს ხალხს. შესაბამისად, დადებითად უნდა შეფასდეს, რომ იგი უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 თვით ადრე ახალი საქმეების არსებითად განხილვაზე არ გამწესდება. თუმცა უარყოფითია ის, რომ მოსამართლეს 10-წლიანი ვადის ამოწურვისას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება. ეს დააზიანებს ადამიანის უფლებათა ეფექტურად დაცვას. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ვადა, დაასრულოს ის საქმეები, რაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 თვით ადრე ჰქონდა დაწყებული. ეს კი გონივრული ვადით უნდა შემოიფარგლებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი მოსამართლის მოსვლისას წინა შემადგენლობის მიერ არსებითად განხილული საქმეები, ისევ საწყის ეტაპზე უნდა დაბრუნდეს, რაც რა თქმა უნდა დააზიანებს მოსარჩელის ინტერებს.
შემდეგი ცვლილება კი ცალსახად უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტურობაზე. ახალი რეგულაციით სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საქმე, თუ მას სრული შემადგენლობიდან (9 მოსამართლიდან) მინიმუმ 7 მოსამართლე ესწრება, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, მაშინ თუ მას სრული შემადგენლობის 2/3 (6 მოსამართლე) დაუჭერს მხარს. ე.ი. ასეთ შემთხვევაში თუკი 7 მოსამართლიდან 5 მოსამართლე ნორმას არაკონსტიტუციურად თვლის, ასეთი სადავო ნორმა კანონპროექტის თანახმად მაინც ძალაში რჩება. გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი მაღალი ქვორუმის დადგენა რეალურად გამოიწვევს სასამართლოს პარალიზებას.
პლენუმის გადაწყვეტილებისათვის საჭირო ასეთი მაღალი ქვორუმი, რომ არ ყოფილიყო კანონმდებლის მიერ კანონპროექტით დადგენილი, მაშინ მისაღები იქნებოდა შემდეგი ცვლილება, რომელიც ყველა ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას არა კოლეგიის, არამედ პლენუმის მიერ განხილვას გულისხმობს. ამ შემთხევაში კი მსგავსი პროცედურა ხელოვნურად ართულებს საქმეთა განხილვას სასამართლოს მიერ, რაც რა თქმა უნდა დააზიანებს ადამიანის უფლებათა სამართლებრივ გარანტიებს და მის სასამართლოს მიერ სწრაფ და ეფექტურ დაცვას. თუკი, მაგალითად, პლენუმზე მონაწილე 7 მოსამართლიდან 5 ფიქრობს, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია და იგი არღვევს ადამიანის უფლებებს, ხოლო 2 მოსამართლე არ ეთანხმება მათ, სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და ასეთი ნორმა ძალაში დარჩება. შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ხმების ამგვარი გაყოფის შემთხვევაში, დაზიანდეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ პრაქტიკაში არ მახსენდება შემთხვევა, როცა პლენუმზე ხმები არათუ ორად გაყოფილიყო, არამედ პლენუმის განხილულ საქმეში განსხვავებული აზრი დაწერილიყო. სასამართლო პლენუმი ყოველთვის საოცრად ერთსულოვნად იღებდა გადაწყვეტილებებს.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ დღეს უკვე საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაგზავნილი კანონპროექტი მეტ სახელმწიფოებრივ ხედვას, კონსტიტუციური ღირებულებებისადმი მეტ პატივისცემას და ნაკლებ სპეკულაციებს იმსახურებს. არასწორია და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა უპატივცემულობაა ის, როცა სასამართლო ზუსტად ერთი და იმავე მნიშვნელობისა და მსგავსი შინაარსის საქმეებიდან ერთს სასწრაფო რეჟიმში - 2 თვის ვადაში განიხილავს, ხოლო მეორეზე გადაწვეტილების მიღებას 2 წელსა და 8 თვეს ანდომებს. თუმცა კონსტიტუციური ღირებულებები ასევე ზიანდება, როცა პარლამენტი სასწრაფო რეჟიმში, დაჩქარებული პროცედურითა და ფართო საზოგადოებასთან განხილვის გარეშე იღებს ისეთ კანონს, რომელიც ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხელისუფლების იმ შტოს, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის გარანტი უნდა იყოს!