თებერვლის ბოლოს ვაშინგტონის ეროვნული გალერეიდან აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის, პორტრეტი გაიტანეს. გილბერტ სტიუარტის 1976 წელს შესრულებულ ცნობილ ნამუშევარს ექსპერტ-რესტავრატორები სწავლობენ. პრეზიდენტების პორტრეტების გალერეაში ვაშინგტონი, ფრენსის ანდრევუდმა ჩაანაცვალა. პოპულარულ ამერიკულ სერიალ „ბანქოს სახლში“ კევინ სპეისის მიერ განსახიერებული პერსონაჟის პორტრეტი, სატელევიზიო შოუს სარეკლამო კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო. თუმცა მაშინ, როდესაც აშშ-ში წინასაარჩვენო მარათონში ფავორიტებს შორის მილიარდერი დონალდ ტრამპია, შეიძლება ითქვას, რომ რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის ზღვარის გავლება სულ უფრო ჭირს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე სკანდალურმა კანდიდატმა უკვე შეძლო 20-ზე მეტ შტატში გამართულ პრაიმერისში გამარჯვება. 19 აპრილს მშობლიურ ნიუ იორკში მიღწეული წარმატების შემდეგ ტრამპის შანსი გახდეს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, ერთიორად გაიზარდა, ინდიანაში გამარჯვების შემდეგ კი „სპილოები“, ფაქტობრივად, ალტერნატივის გარეშე დარჩნენ. თუმცა, ყველაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ტრამპის „ტრიუმფალური“ მარათონი
69 წლის მილიარდერი დონალდ ჯონ ტრამპი უკვე კარგა ხანია, ამერიკული პოპკულტურის უცვლელი პერსონაჟია. კომპანია „trump organisation" პრეზიდენტს, სატელევიზო შოუს პროდიუსერს, წამყვანსა და რამდენიმე წიგნის ავტორს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავიც კი აქვს. ტრამპი რამდენჯერმე იყო ნომინირებული „ემიზე“; თავისივე თავი განასახიერა ცნობილ ჰოლივუდურ კომედიაში „მარტო სახლში 2“; გამოჩნდა რამდენიმე ტელესერიალში. მას ეკუთვნოდა სილამაზის კონკურს „მის სამყაროს“ ორგანიზატორი კომპანია. „ტრამპის“ სახელს ატარებს ყველაფერი - გოლფის სათამაშო მოედნებიდან დაწყებული, ხორცის სტეიკებით დასრულებული.
მილიარდერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიას თუ ვენდობით, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპი „ამერიკული ოცნების“ განსახიერებაა - ბიზნესმენი, რომელმაც ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია.
სინამდვილეში, მეხუთე ავენიუზე მდებარე ცნობილი ცათამბჯენის „ტრამპ თაუერის“ მფლობელი, სამშენებლო ბიზნესში მამის წყალობით მოხვდა. ფრედ ტრამპმა სახლების შენება ნიუ იორკის დასახლება ქუინსში ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მისმა კომპანიამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ამერიკელი სამხედროებისთვის ყაზარმები, ომის დასრულების შემდეგ კი კონი აილენდზე ვეტერანებისთვის განკუთვნილი სახლები ააშენა. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელი პროექტის გამო, ტრამპ უფროსს კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, ამბობდნენ, რომ მან მშენებლობის რეალურ ფასთან შედარებით გაცილებით დიდი თანხა მიიღო. სკანდალის გამო, ის სენატში საკომიტეტო მოსმენაზეც კი დაიბარეს. დონალდ ტრამპი ფრედ ტრამპის მეოთხე შვილია. როგორც თავადაც აღიარებს, მან მამისგან „1 მილიონი დოლარი ისესხა“ და ბრუკლინის ნაცვლად მშენებლობა მანჰეტენზე დაიწყო. ეკონომისტების გაანგარიშებით, მაშინდელი 1 მილიონი დღეს დაახლოებით 6 მილიონს უდრის. ჟურნალი „ფორბსი“დონალდ ტრამპის ქონებას 4,5 მილიარდად აფასებს, თუმცა თავად ბიზნესმენი მუდმივად ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დაახლოებით 10 მილიარდს ფლობს.
დონალდ ტრამპის, როგორც პოლიტიკოსის, სიმპათიების გამოცნობა საკმაოდ რთულია. წლების განმავლობაში მისი პოზიცია რადიკალურად იცვლებოდა. სხვადასხვა დროს ის იყო, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდამჭერი. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, ბიზნესმენი ორივე პარტიის წარმომადგენლებს აფინანსებდა. მათ შორის _ სენატში უმრავლესობის ლიდერ ჰარი რეიდს, ასევე წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის სპიკერ ნენსი პელოსის და მის შესაძლო კონკურენტ ჰილარი კლინტონსაც კი.
პრეზიდენტად კენჭისყრის იდეა ტრამპს პირველად 1988 წელს გაუჩნდა. ის ანალოგიური განცხადებებით გამოვიდა ასევე 2004 და 2012 წელსაც. ცნობილია, რომ 2000 წელს ტრამპი პრეზიდენტის კანდიდატობის მსურველად დარეგისტრირდა კიდეც. მაშინ ის „რეფორმისტთა პარტიის“ სახელით აპირებდა კენჭისყრას, თუმცა შიდაპარტიული კონფლიქტების გამო, გადაიფიქრა.
15 წლის შემდეგ, როდესაც „ტრამპ თაუერში“ მდებარე შტაბ-ბინაში დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს გააცნო გადაწყვეტილება, რომ 2016 წელს საარჩევნო მარათონში ერთვება, ბევრს ეს კვლავ ხუმრობა ეგონა. თუმცა, როდესაც „საუკეთესო აუტსაიდერი“ ფავორიტად გადაიქცა, პირველი, ვინც ამერიკულ მედიას გაახსენდა, ეს ტრამპის ყოფილი თანაპარტიელი და მინესოტის ყოფილი გუბერნატორი ჯესი ვენტურა იყო. ალბათ, ბევრს ახსოვს საქართველოში 90-იან წლებში პოპულარული ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „მტაცებელი“. კიდევ ერთ მსახიობ პოლიტიკოსს, არნოლდ შვარცენეგერს აქ პარტნიორობას სწორედ ჯესი ვენტურა უწევს, რომელიც ერთ-ერთი სპეცრაზმელის როლს ასრულებს. პროფესიონალი ვრესტლერი და რეალითი შოუების ვარსკვლავი 1998 წელს ყველასათვის მოულოდნელად გუბერნატორად აირჩიეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვენტურასთან ტრამპს მხოლოდ ვრესტლინგის სიყვარული აკავშირებს. ყველა სხვა თემაზე მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. თუ ვენტურა გეიწყვილების ქორწინებას უჭერდა მხარს და ნარკოტიკების ლეგალიზაციაზეც კი მსჯელობდა, ტრამპის განცხადებები ქალებსა და იმიგრანტებზე, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე პროგრესულია.
მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, მილიარდერის სიტყვით გამოსვლას მისი მოწინააღმდეგეებიც კი გატაცებით უსმენენ. მის შეცდომებს ყველაზე ხმამაღლა დასცინიან. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად სწორედ ტრამპთან დაკავშირებულ სიახლეებს ეძებენ ინტერნეტში. ამიტომ ის მედიას უყვარს. უფრო მართალი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მედიაკომპანიებს უყვართ ის რეიტინგი და შესაბამისად შემოსავალი, რომელიც ტრამპის ეკრანზე გამოჩენას მოაქვს.
„ტრამპის ამერიკა“
მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება, მუსლიმებისთვის აშშ-ში ჩასვლის აკრძალვა, ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვისას სასტიკი მეთოდების გამოყენება, 11 მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია _ ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკამათო დაპირებებისა, რომელიც დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო მარათონის მიმდინარეობისას უხვად დაარიგა. მარტის ბოლოს მილიარდერმა საზოგადოებას თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და მასზე მომუშავე გუნდი გააცნო, რომელსაც ასევე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ _ ასეთია ტრამპის სლოგანი, რომელიც სულაც არ ნიშნავს იზოლაციონიზმს და პირიქით საზღვარგარეთ აშშ-ის ინტერესების უკეთ დაცვას ისახავს მიზნად. როგორც „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში მილიარდერი ამბობს, ბევრი სახელმწიფო, და მათ შორის ვაშინგტონის მოკავშირეებიც, დღეს აშშ-ის ხარჯზე ცხოვრობენ, სამაგიეროდ კი არაფერს აკეთებენ. ის არ გამორიცხავს იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანას, ასევე განიხილავს საუდის არაბეთისგან ნავთობის შეძენაზე შეზღუდვის დაწესებას, იმ შემთხვევაში, თუ ერ რიადი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჯარის გამოყვანაზე უარს იტყვის. ნიუიორკერმა ბიზნესმენმა გააკრიტიკა „ნატოც“ და მას დრომოჭმული ალიანსი უწოდა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაში გამოუსადეგარია. მთავარი აქცენტი მან ამ შემთხვევაშიც ფულზე გააკეთა. ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ს „მსოფლიო პოლიციელის“ ფუნქციის შესრულება საკმაოდ ძვირი უჯდება, დახარჯული თანხით კი სასურველ შედეგი არა და არ დადგა. ალბათ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მისი ასეთი განცხადებების შემდეგ ბრიტანული კომპანია „YოუGოვ-ის“ მიერ წარმოებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დიდი ოცეულის წევრი ქვეყნებიდან, რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხილვა სურთ. სალაპარაკო გახდა იმ გუნდის შემადგენლობაც, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის საგარეო პოლიტიკურ პროგრამაზე მუშაობდა. მათ შორის თვალშისაცემია 44 წლის ამერიკელი ბანკირი კარტერ პეიჯი, რომელიც 2004-2005 წლებში მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ თანამშრომლობდა. ბლუმბერგთან საუბრისას პეიჯმა თავად დაადასტურა, რომ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მისი პირადი ბიზნესიც დაზარალდა.
სადავოა ტრამპის სხვა მოსაზრებებიც. დაწყებული აშშ-ის ეკონომიკის განვითარებიდან და დასრულებული კლიმატის ცვლილებებით. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ინიციატივა წელიწადში 25 ათასი დოლარის ოდენობით შემოსავლის მქონე მოქალაქეთათვის საშემოსავლო გადასახადის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს. რაც შეეხება გლობალურ დათბობას, მას მეცნიერების არ სჯერა და მიიჩნევს, რომ ამის გამო ამერიკული კომპანიებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება მსოფლიო ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას შეამცირებს.
როგორც ტრამპი ამტკიცებს აშშ ყველაზე წარმატებული და „დიადი“ 40-იანების ბოლოს, 50-იანების დასაწყისში იყო. „მაშინ ჩვენ ყველა პატივს გვცემდა, ახლახან გავიმარჯვეთ ომში და ვაკეთებდით იმ საქმეს, რომელიც უნდა გვეკეთებინა“. _ აცხადებს მილიარდერი. რა მოხდება სინამდვილეში, თუ მილიარდერი ოვალურ კაბინეტში მოხვდება, რთული გამოსაცნობია. მით უმეტეს ტრამპი, ისევე როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, ხშირად ამბობს, რომ მოსწონს არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსები. ერთიც ნათელია, მისი იდეების ხორცშესხმას უმეტეს შემთხვევაში კონგრესის თანხმობა დასჭირდება. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ აშშ სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლების შტოთა შორის ძალაუფლების ბალანსი დაცულია, რაც პრეზიდენტის დიქტატორად გარდაქმნას, პრაქტიკულად, გამორიცხავს. ამ უკანასკნელ მოსაზრებაზე, როგორც ჩანს, ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც თანხმდებიან.
„რესპუბლიკელების შეთქმულება“
დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველი წრეების წარმომადგენლებს არ მოსწონთ. ეს არაერთხელ გამოჩნდა წინასაარჩევნო მარათონის მიმდინარეობისას და მედიაშიც ამაზე მუდმივად საუბრობენ. ნიუ იორკში გამართული პრაიმერისის შემდეგ მილიარდერის ორმა კონკურენტმა უკვე ღიად განაცხადა, რომ შეთანხმებული სტრატეგიით აპირებენ მარათონის გაგრძელებას. ამის მიზანი კი ტრამპის გზიდან ჩამოცილებაა.
ამას ემატება „შავი პიარი“. კვლევითი ცენტრის Kანტარ მედია/ჩMAG-ის მონაცემებით, 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ნეგატიურ რეკლამაზე გამოყოფილი რესურსების დიდი ნაწილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული. საუბარია დაახლოებით 70 მილიონ დოლარზე. მილიარდერის რეპუტაციის შელახვაში თანხა ოპონენტი „დემოკრატიული პარტიის“ წევრების გარდა, სამმა რესპუბლიკელმაც დააბანდა. განსაკუთრებით აგრესულ კამპანიას ატარებს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნი, რომელიც 2012 წელს ბარაკ ობამასთან ბრძოლაში დამარცხდა. ტრამპის საწინააღმდეგო კამპანია მასშტაბურ ხასიათას ატარებს და ამაში დარწმუნდებით, თუ ამერიკულ და საერთაშორისო მედიას გადაავლებთ თვალს. მილიარდერის პერსონა და მისი განცხადებები კი ამ საქმეში დახელოვნებულ სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, ფანტაზიას გასაქანი მისცენ.
თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებმა საკმაოდ იოლად მოახერხეს „რესპუბლიკელების შეთქმულების“ სათავისოდ გამოყენება. ნიუ იორკელი ბინზესმენი თავის გამოსვლებში, კარგა ხანია, აკრიტიკებს „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სისტემას და მას „გაყალბებულს“ უწოდებს. ბოლო გადაწყვეტილებით კი, კონკურენტებმა, როგორც იტყვიან, ცეცხლს ნავთი დაასხეს. ამან შედეგი გამოიღო 3 მაისს, როდესაც ინდიანაში ტრამპის შტაბში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს, ხოლო მისი კონკურენტები მარათონს გამოეთიშნენ.
ასე რომ, პარტიის იმიჯზე მზრუნველები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. `რესპუბლიკელების~ ნაწილი, მათ შორის მამა-შვილი ბუშები, ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნი უარს ამბობენ დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე. კონსერვატორების ფრთა სხვა დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის ინიციატივით გამოდის. ზოგიერთი კი არაორაზროვნად იმასაც მიანიშნებს, რომ მზად არის, მილიარდერის შესაჩერებლად დემოკრატების კანდიდატს დაუდგეს გვერდით. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტრამპი შეძლებს პარტიის „განახლებას და გაერთიანებას“, თუმცა მილიარდერს რიტორიკის შეცვლას სთხოვენ.
ცხადია, რომ ზაფხულში დაგეგმილ ეროვნულ ყრილობაზე პარტიის მმართველი წრეების წარმომადგენლებს რთული არჩევანი მოუწევთ. მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო საზიანო იქნება, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა, თუ ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა.
რაც შეეხება ტრამპის ამომრჩევლებს, დიდი ალბათობით თავადაც არ იციან, რა სურთ. მათ უკმაყოფილების ბევრი მიზეზი აქვს. დაწყებული სამუშაო ადგილების სიმცირით, დასრულებული „ჩაის მოძრაობის“ წარუმატებლობით. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი იდეა, რის გარშემოც ისინი ერთიანდებიან არის ბრძოლა იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო წლებში მართავენ ქვეყანას და მათი აზრით, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ. ეს იდეა იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ მილიარდერს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მოუტანა. როგორც სერიალ „ბანქოს სახლის“ პერსონაჟი, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენკ ანდერვუდი ამბობს, „პოლიტიკა უკვე დიდი ხანია, აღარ არის თეატრი, ის შოუბიზნესია. ასე რომ, მოდი, მოვაწყოთ ყველაზე დიდი შოუ ქალაქში“. დონალდ ტრამპის წარმატების შემყურე არ არის გამორიცხული ამ სტატიის მთავარი გმირი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჯერ კიდევ 2000 წელს იწინასწარმეტყველეს „სიმპოსნების“ სცენარისტებმა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია,იმედი ვიქონიოთ, რომ ტრადიციულად ბედნიერი დასასრული გველის.