Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამოუკიდებლობის 25 წელიწადი

25 მაისი 2016

ინტერვიუ უშიშროების საბჭოს მდივნის  მოადგილესთან, ივლიანე ხაინდრავასთან:

რას უწოდებთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიაში?

საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც იმკვიდრებს ადგილს ევროპულ ოჯახში. ამ ნანგრევებზე აღმოცენებულთაგან ზოგს ევროპული სახელმწიფოს აშენების მიზანი არც დაუსახავს, სხვები - ვინც გაგვასწრო - იმთავითვე უკეთეს სასტარტო პირობებში იყვნენ ჩვენთან შედარებით, მაგრამ, მოდით, საკუთარ თავსაც ნუ დავუკარგავთ მონაპოვარს. მით უფრო - იმ სამეზობლოში, რომელშიც, როგორც იტყვიან, გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. 25 წლის წინ, აბა, რამდენმა იცოდა მსოფლიოში საქართველოს არსებობა? 15 წლის წინ არშემდგარი სახელმწიფოების ჩამონათვალში მოგვიხსენიებდნენ; დღეს კი ევროკავშირთან ასოცირებული და ნატოს წევრობის მაძიებელი ქვეყანა ვართ. უამრავი პრობლემით, გაფლანგული შესაძლებლობებითა და დროით, მაგრამ ვართ, მე ვიტყოდი, იმედისმომცემი სახელმწიფო.

რა ფუნქცია აქვს დამოუკიდებელ საქართველოს დანარჩენი მსოფლიოსთვის?

პირველი ფუნქცია ზოგადად მოვხაზე წინა შეკითხვაზე პასუხისას - საბჭოეთის ნანგრევებზე, არც თუ სახარბიელო გარემოში შესაძლებელია თანამედროვე დემოკრატიის აშენება და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ისე არ გამიგოთ, თითქოს მე ჩვენი დემოკრატიული (და სხვა) განვითარების დღევანდელი დონით კმაყოფილი ვიყო, მაგრამ ვექტორი მკაფიოა და მას მივყვებით. ამდენად, საქართველო მართლაც შეიძლება ერთგვარ ორიენტირად გამოდგეს მათთვის, ვინც გლობალურ მოზაიკაში თავისი ადგილის ჯერ კიდევ გააზრება/ძიების პროცესშია და მათთვისაც, ვინც ლიბერალურ დემოკრატიას მხოლოდ სიტყვის მასალად არ განიხილავს. ეს გახლავთ ჩვენი მთავარი ღირებულებითი ფუნქციაც, ჩვენდამი საერთაშორისო ინტერესის მიზეზიც და ჩვენი პასუხისმგებლობაც; ევროპული საქართველოს პროექტის წარუმატებლობა მხოლოდ ჩვენი მარცხი არ იქნება. მეორე (პრაქტიკული, ან, თუ გნებავთ, კომუნიკაციური) ფუნქცია - რეგიონების დამაკავშირებლის - კი იმდენად გამოიკვეთა, რომ მასზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

ფაქტორები, რომლებიც კრავს საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ, ერთ სხეულად...

ერთიანი ერის განცდა საერთო კულტურის საფუძველზე. ჩვენი კულტურა ევროპულია თავისი არსით და უნიკალური - თავისი გამოვლინებებით, რაც დამახასიათებელია ევროპული კულტურულ-ცივილიზაციური სივრცისთვის. ბუნებრივია, არ ვიტყვი, თითქოს საქართველოს მთელი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჰომოგენურია, მაგრამ დამოუკიდებლობის პირველი წლების მარაზმი, როცა მოქალაქეების დახარისხება ხდებოდა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, წარსულს ჩაბარდა. ნელ-ნელა ხერხდება საბჭოთა პერიოდში თავდაყირა დაყენებული პირამიდის ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანაც - სახელმწიფო მოქალაქისთვის და არა მოქალაქე სახელმწიფოსთვის. რაც უფრო წარმატებული - თავისუფალი, შეძლებული, უსაფრთხო - იქნება სახელმწიფო საქართველო, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა იმ საქმეებში, რომლებსაც ინდივიდები და საზოგადოება უმაგისოდაც მოაგვარებენ, მით უფრო ლოიალური მოქალაქეები ეყოლება, მით უფრო ჯანსაღი ორგანიზმი იქნება.

„წარსულის გაკვეთილები“ - რამდენად ითვალისწინებენ მომდევნო ხელისუფლებები წინამორბედთა მაგალითებს?

ითვალისწინებენ ცუდად. სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია სტაბილური პოლიტიკური ელიტა, მდგრადი პარტიული სპექტრი (იშვიათი გამონაკლისის გარდა), რის გამოც მყიფეა საკუთრივ პოლიტიკური სისტემა. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ხშირად ხვდებიან შემთხვევითი ადამიანები, ვისაც არ გაუვლია პარტიულ-პოლიტიკური სკოლა. მათი „წელთაღრიცხვა“ იწყება იმ მომენტიდან, როცა ისინი გარემოებების (და არა უნარის, ნიჭის, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების) წყალობით აღმოჩნდებიან ხოლმე მაღალ თანამდებობებზე. ბუნებრივია, მათ არ აქვთ „ინსტიტუციური მეხსიერება“ - არ „იხარშებოდნენ“ პოლიტიკურ გარემოში, კრიტიკულად და სიღრმისეულად არ შეუფასებიათ პოლიტიკური პროცესი, მისი მონაწილეები და მათ შორის ურთიერთობები. ამიტომაც უნებლიეთ დააბიჯებენ ხოლმე ფოცხს, რომლის ტარიც მწარედ ურტყამს შუბლში ზუსტად ისევე, როგორც მათ წინამორბედებს. მნიშვნელოვანწილად, ეს იმის შედეგია, რომ ჩვენი მოსახლეობის მოზრდილ ნაწილში კვლავაც არის მორიგი „მესიის“ მოთხოვნილება, რომელიც მოუგვარებს მას პრობლემებს. ან, რატომღაც, ისევე წარმატებულად შეძლებს სახელმწიფოს მართვას, როგორი წარმატებითაც მღეროდა, ცეკვავდა, ან ჭიდაობდა. ცხოვრებაში შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ განა უფრო საიმედო არ იქნება, თუკი პოლიტიკას პროფესიონალ პოლიტიკოსებს მივანდობთ? „მესიის“ თემას კი პოლიტიკურიდან იმ სივრცეში დავაბრუნებთ, სადაც მისი ადგილია... საკრალურ ქართულ კითხვაში - გვეშველება რამე? - იგულისხმება, თითქოს შველა ვიღაცამ უნდა გვიბოძოს, რაც საფუძველშივე მცდარია: თუკი გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, თავს ჩვენვე უნდა ვუშველოთ. ჩვენ-ჩვენს ადგილებზე კეთილსინდისიერი შრომით.

სამოქალაქო ომი, სეპარატული რეგიონები, ხავერდოვანი რევოლუცია, ომი რუსეთთან, პერმანენტული საპროტესტო ტალღები... სად შეიძლება მიიყვანოს განვითარების ამ ზიგზაგებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო?

უნდა მიგვიყვანოს პლურალისტურ, კონკურენტულ, ლიბერალურ ევროპულ დემოკრატიამდე. არაფერი ისეთი ჩვენს თავს არ ხდება, რაც ევროპელებს არ გადახდენიათ. უბრალოდ, უფრო დინამიკურ დროში ვცხოვრობთ და მოვლენებიც უფრო „დაპრესილია“: ჩემი თაობის ქართველები იმდენის მოწმენი და მონაწილენი გავხდით, რასაც რომელიმე პატიოსანი შვედების სულ მცირე სამი თაობა დასჭირვებია. და ისიც გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობას თავისი ფასი აქვს - მორალურ მონაპოვრებს ფიზიკური დანაკარგები სდევს ხოლმე თან. იმავდროულად, თუკი ჩვენს შიდა საქმეებში ხელის ფათურის საშუალება მივეცით მათ, ვისაც სხვაგვარად და სხვაგან წარმოუდგენია ჩვენი მომავალი, შეიძლება კვლავ იმ სივრცეში ამოვყოთ თავი, საიდანაც ზიგზაგებით, წაფორხილებით, ერთსა და იმავე ფოცხზე მრავალგზის დაბიჯებით გამოვრბივართ აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა..

ხედავთ თუ არა საფრთხეს - საქართველომ შეიცვალოს ისტორიული პოლიტიკური კურსი - კურსი დასავლეთისკენ? და თუ ხედავთ, რა განაპირობებს ამ საფრთხეს?

ყბადაღებული „პოლიტკორექტულობა“ (როცა ერიდებიან, რომ მოვლენას თავისი სახელი უწოდონ) მოითხოვს, რომ გიპასუხოთ „არა“, მაგრამ ანალიტიკოსის სინდისი მაიძულებს, გითხრათ, რომ ვხედავ. უფრო სწორად - ვხედავ საფრთხეს, რომ ამ კურსიდან შეიძლება გადაგვახვევინონ. ეს შეიძლება მოხდეს, თუკი სრულ თანხვედრაში მოვა (სინერგიას შეიძენს) შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობა, რადგან ცალ-ცალკე აღებული არც ერთი მათგანი საკმარისი არაა ამგვარი კატაკლიზმის (რომ არ ვთქვათ - კატასტროფის) გამოსაწვევად. შიდა ფაქტორებში ვგულისხმობ ადგილობრივ ვაი-პატრიოტებს, სტალინისტებს, სხვა ჯურის შეგნებულ თუ სტიქიურ ფუნდამენტალისტებს, მანიებითა და ფობიებით შეპყრობილ, ინდივიდუალური თუ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიმართ უპასუხისმგებლოდ განწყობილ ადამიანებსა და მათ დაჯგუფებებს, ვისაც „პატრონი სჭირდება“. აგრეთვე - მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე ფოკუსირებულ საჯარო პერსონებს, ვინც ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზეა წამსვლელი. ჩვენი პატრონობის მსურველი კი აგერ - ჩრდილოეთ საზღვარს გადაღმა და, ნაწილობრივ, ჩვენს საზღვრებს შიგნითაცაა და სულაც არ ზის გულხელდაკრეფილი. თუ ამას კიდევ ერთი გარე ფაქტორი დაემატა - დასავლეთის ინერტულობა, სტრატეგიის უქონლობა, ჩვენი ლეგიტიმური არჩევანის და მისივე - დასავლეთის - ინტერესების დაცვის, საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილების მიღებისა და ამ გადაწყვეტილების აღსრულების უუნარობა, მაშინ მოგვიწევს მძიმე ბრძოლის გაგრძელება იმისთვის, რაც თითქოს უკვე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში.

საქართველოს ახალი გამოწვევა - არაფორმალური მმართველობა, რამდენად მნიშვნელოვნად აფასებთ ამ საფრთხეს?

რატომ - ახალი? ხელისუფლების პერსონიფიკაციის მაღალი ხარისხი, განა, ახალია ჩვენთვის? განა ქართულ პოლიტიკაში ინსტიტუციური ურთიერთობები უკვე დომინირებს პერსონალურზე? არაფორმალური მმართველობა სხვადასხვანაირად იჩენდა თავს შევარდნაძის, სააკაშვილისა თუ ივანიშვილის „შესრულებით“, მაგრამ ჩვენი ცხოვრების თანმხლები ფაქტორი იყო მუდამ. სხვა საქმეა, რომ დღევანდელ ეტაპზე ამან, სწორედაც რომ, ყველაზე უფრო არაფორმალური სახე შეიძინა, როცა ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს სახელისუფლებო სტრუქტურებიდან გასული პირის ჭარბი ავტორიტეტი. ამის ღიად თქმის უფლება მაქვს იმიტომ, რომ წინააღმდეგი ვიყავი (ჩემს თანაპარტიელ რესპუბლწიკელებთან ერთად) მისი არაფორმალურ სივრცეში დროზე ადრე გადანაცვლებისა და მან ეს იცის. წინააღმდეგი ვიყავი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან თანამდებობის შეუსაბამო მემკვიდრე დატოვა მთელი ორი წლით, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ ამ ორი წლის შედეგად საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე არც თუ უსაფუძვლო გახდა. რაც აკნინებს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გამჭვირვალე მმართველობის დემოკრატიულ პრინციპს. მეორე მხრივ კი ეს ვითარება გამოძახილია იმ მდგომარეობისა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ - ჩამოუყალიბებელი ელიტა, არამდგრადი პარტიულ-პოლიტიკური სპექტრი, ბევრი შემთხვევითი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც თავად ესწრაფის სხვისი ავტორიტეტის გავლენის ქვეშ მოქცევას. დაუმატეთ ამას „მესიის მოთხოვნილება“ მოსახლეობაში და მივიღებთ არსებული მდგომარეობის ახსნას. მივიჩნიოთ, რომ ეს ყოველივე დაღვინების თანმხლები პროცესია და თუკი პირველივე „ოთხწლედის“ (არჩევნებს შორის პერიოდს ვგულისხმობ) შემდეგ პრობლემა მოგვარდა, ე.ი. საქმეც არცთუ ურიგოდ გვქონია.

იზრდება თუ არა, და თუ კი, რამდენად დინამიკურად - საზოგადოების პოლიტიკური კულტურა?

იზრდება. არა იმ ტემპით, რომელსაც ვისურვებდი, მაგრამ იზრდება. ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. ვთქვათ, ათი წლის წინანდელ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, როცა რესპონდენტს უნდა აერჩია რაღაცის მიმართ  დამოკიდებულების ყველაზე უკეთ ამსახველი ერთ-ერთი პასუხი - „სრულიად ვეთანხმები“, „უფრო ვეთანხმები, ვიდრე არა“, „უფრო არ ვეთანხმები“, „სრულიად არ ვეთანხმები“, დიდი უმრავლესობა ირჩევდა პირველ ან მეოთხე (კატეგორიულ) ვარიანტს. დღეს უფრო ხშირია მეორე ან მესამე ვარიანტის პასუხები, ანუ სიყვარულ-სიძულვილის ემოციური მდგომარეობიდან მოქალაქე გადავიდა უფრო მოზომილი, დაფიქრებული, თუ გნებავთ - ეჭვნარევი არჩევანის რეჟიმში. და ეს კარგია, რადგან ცხოვრება ჩვენგან „კი“-„არა“ ტიპის მარტივ პასუხებს კი არა, უფრო რთულ - „კი, მაგრამ“ და „არა, თუმცა“ შინაარსის პასუხებს მოითხოვს. მით უფრო - ისეთ რთულ სფეროში, როგორიცაა პოლიტიკა.

და ბოლოს, რას მიიჩნევთ ახლო მომავლის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად?

ორი ფუნდამენტური ღირებულების სინქრონულ დაცვა/გაძლიერებას - თავისუფლებისა და უსაფრთხოების. ანუ, თავისუფლებას უსაფრთხოება არ უნდა გადავაყოლოთ, ხოლო უსაფრთხოებას - თავისუფლება. აბა, სხვა რაა დამოუკიდებლობა, თუ არა უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი თავისუფლება? 

ესაუბრა ზურაბ ვარდიაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^