სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა მიმართ წუთიერი დუმილით პატივის მიგების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის ზაზა პაპუაშვილის წინადადება.
„გთხოვთ, ვინც ხართ 26 მაისის მონაწილენი, ვინც არ ხართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პატივი მივაგოთ იმ დღეს გარდაცვლილ ადამიანებს და არა მარტო იმ დღეს. მთელი ამ ცხრა, ათი წლის განმავლობაში, ვინც ცოცხალია, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, ვინც გარდაიცვალა, მათ ხსოვნას მათ ახლობლებს წამოვუდგეთ და ერთი წუთით ვცეთ პატივი. ამ ჩვენი დუმილით პროტესტი გამოვაცხადოთ იმის მიმართ, რაც 2011 წლის 26 მაისს ჩაიდინეს“, -მიმართა ზაზა პაპუაშვილმა კოლეგებს. მის მოწოდებას არ შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ტარიელ ლონდარიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ოთარ ჩრდილელს შორის დაიწყო.
ოთარ ჩრდილელმა ტარიელ ლონდარიძეს კითხვით მიმართა - „თქვენ რა ჩაიდინეთ?!“
დაპირიპირებას შეუერთდა ზურაბ ზვიადაური, რომელსაც, სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიზგურმა მოუწოდა, რომ სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.
დაპირისპირებული მხარეები დეპუტატებმა და მანდატურებმა გააშველეს.