Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თერაპია "პატარა სიკვდილით" და დიდი "ბრილიანტით"

25 მაისი 2016

ირჟი კილიანისა და ჯორჯ ბალანჩინის საბალეტო მაისი

ეს ჯერ კიდევ წლების წინ იყო, როდესაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ბოლშოიდან“ საგანგებოდ მოწვეულმა სახელოვანმა მოცეკვავემ და მოგვიანებით საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა კლასიკურ „ჟიზელზე“ შემჯდარი და პუანტებზე შემდგარი დასი ფეხშიშველა ააცეკვა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული  მოდერნისტი-ქორეოგრაფის, ირჟი კილიანის მცირე ფორმის ქორეო-ოპუსების დადგმის უფლების მოპოვება ნინო ანანიაშვილისთვისაც კი რთული და დიდი გარღვევის ტოლფასი იყო; ისევე როგორც, თეატრის საბალეტო რეპერტუარში ჯორჯ ბალანჩინის, ტრეი მაკენტაირის, ფრედერიკ ეშტონის, ალექსეი რატმანსკის და სხვა ქორეოგრაფთა  ბალეტების დამკვიდრება. 

ურიცხვი „გედებისა“ და ლეთარგიული პრინცების ფონზე,  ბალეტომანთა მეხსიერებაში ძნელად, მაგრამ თანდათან მაინც  დამკვიდრდა სოციალისტური ჩეხოსლოვაკიიდან დასავლეთში ემიგრირებული ქორეოგრაფის ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი, ზოგჯერ უხერხული, თამამი, მაგრამ საამო ხატები. ირჟი კილიანი (ან ჟირი, როგორც მას ჰოლანდიაში უწოდებენ) თითქმის 30 წლის განმავლობაში ნიდერლანდების ცეკვის თეატრის (NDT) სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფია; მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი ქორეოფ-რეფორმატორი, რომელიც ხილულ თეატრალურ მეტაფორებს ცეკვად გარდაქმნის. როგორც სახელოვანი რუდოლფ ნურიევი ამბობდა, „კილიანი უსმენს მუსიკას და ხედავს მოძრაობებს“.

ამდენად, ოპერისა და ბალეტის თეატრში ახლახან წარმოდგენილი ერთაქტიანი  ბალეტის პრემიერა სახელწოდებით Sarabande („სარაბანდა“), იოჰან სებასტიან ბახის პარტიტა N2 დიკ ჰოიფის ელექტრონული არანჟირებით, ნამდვილად აღძრავდა მაყურებლის ინტერესს. „სარაბანდა“ თეატრალებისათვის უკვე კარგად ნაცნობი ბალეტების - Petitte mort („პატარა სიკვდილი“) და „ექვსი ცეკვა“ (ორივე მოცარტის მუსიკის თანხლებით) - თანხლებით წარმოადგინეს.

კილიანის სამივე ბალეტს კლასიკური ფორმისგან გათავისუფლების დაუოკებელი სურვილი, ხაზგასმული თეატრალურობა, სიანცესთან გადაჯაჭვული სილაღე და უცილობელი ირონია აერთიანებს. ეს წააგავს ბაროკოსთან დამეგობრებულ ცეკვა-თამაშს - დაშნებით, თეთრი საცვლებითა თუ გაპუდრული პარიკებით. თუმცა მესამე ნაწილში, ანუ Sarabande-ში ეს ყველაფერი მხოლოდ მამაკაცების მკაცრ და ექსტრემალურ როკვად იქცევა.

„პატარა სიკვდილში“ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს დაშნები, რომლებსაც მამაკაცები მოფარიკავეებივით მოხერხებულად ხმარობენ; ასევე გორგოლაჭებიანი კაბა-ხაბარდები, რომლებსაც ქალები იოლად და მოხდენილად გაიხდიან... და რასაკვირველია, მოცარტის ღვთაებრივი მუსიკა (კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N21, Andante), რომელიც მოცეკვავეთა სხეულებს ლამის წონას უკარგავს.

Sarabande გაჯერებულია ირონიული და ფროიდისეული სიმბოლოებით; ჟესტებით, რომელიც ორაზროვანია და უფრო სექსუალურ სავარჯიშოებს წააგავს. ექვსი მოცეკვავე მამაკაცი თითქოს აკუსტიკური კედლის გარღვევას ცდილობს. მათი ყვირილი და ხმამაღალი სუნთქვა მოძრაობასთან ერთად ქმნის განცდას, რომ  სხეულების „ყვირილსა და ჩურჩულს“ უსმენთ, რაც მანამდე არასდროს გინახავთ თუ მოგისმენიათ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იუმორის გრძნობა, რომელიც კილიანს არასოდეს ღალატობს. ის ავლენს ადამიანური ბუნების აგრესიულ მხარესაც.

კილიანის მოდერნიზმს შორეულად ეხმიანება ჯორჯ ბალანჩინის ნეოკლასიკური ქორეოგრაფიაც, კერძოდ „სიმფონია დო მაჟორი“, რომელიც  სწორედ ჟორჟ ბიზეს სიმფონია დო მაჟორის მიხედვით შეიქმნა. ბიზემ ეს ნაწარმოები პარიზის კონსერვატორიაში სწავლის დროს, 17 წლის ასაკში დაწერა! პარტიტურა ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ 1933 წელს, კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში აღმოჩენის შემდეგ გამოქვეყნდა. ბალანჩინმა დაკარგული პარტიტურის შესახებ იგორ სტრავინსკისაგან შეიტყო. ქორეოგრაფს მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა, რომ პარიზის ოპერის საბალეტო დასთან ბიზეს სიმფონიის მიხედვით ერთმოქმედებიანი ბალეტი დაედგა, რომელსაც თავიდან „ბროლის სასახლე“ ერქვა.

ბალეტის პრემიერა 1947 წელს გაიმართა, როდესაც ბალანჩინი გრანდ-ოპერის მიწვეულ ბალეტმაისტერად მუშაობდა. მომდევნო წელს კი ქორეოგრაფმა ეს ოპუსი „ნიუ-იორკ სითი ბალეს“ პროგრამაში შეიტანა, რომელშიც დეკორაციებიც და კოსტიუმებიც გაამარტივა და სახელწოდებაც შეუცვალა: იმ დღიდან ბალეტს „სიმფონია დო მაჟორი“ ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ბალეტის დასადგმელად ნიუ-იორკიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდის ბალეტმაისტერი ბენ ჰეისი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში ქართულ დასთან ინტენსიურად მუშაობდა. ორკესტრს დავით მუქერია დირიჟორობს, ხოლო კოსტიუმების ავტორად თავად ნინო ანანიაშვილი გვევლინება.

ცხადია, ბალანჩინის Concerto Barocco-სა და „სერენადასთან“ ერთად „სიმფონია დო მაჟორის“ განახლებული დადგმა თბილისის საოპერო თეატრში ქორეოგრაფის რეპერტუარს გაცილებით უფრო ფართო მასშტაბს ანიჭებს. ასე რომ, კილიანის „პატარა სიკვდილი“ და ჟორჟ ბიზეთი შთაგონებული ბალანჩინის მოზრდილი „ბრილიანტი“ - „სიმფონია დო მაჟორი“ ერთგვარ  ნეოკლასიკურ მთლიანობას ქმნის.

პუბლიკამ კარგა ხნის პაუზის შემდეგ, სცენაზე კვლავ იხილა პრიმა ლალი კანდელაკი, რომელსაც პარტნიორობას ფრენკ ვან ტონგერენი უწევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^