„მთელ სოფელში სულ 5 ოჯახს აქვს ბუნებრივი აირი. გაზის მილი ჩვენს სახლამდეა მოყვანილი, მაგრამ ბუნებრივი აირი სახლში ვერ შევიყვანეთ,“ - ამბობს მარნეულის რაიონის სოფელ თაქალში მცხოვრები ალნისა აბბასლი და დასძენს, რომ გაზიფიცირების პროცესს სოფელში არსებული დამისამართების არასწორი სისტემა აფერხებს.
მისამართები რომ არეული იყო, ამის შესახებ ალნისა აბბასლიმაც მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად თაქალში გაზის შეყვანის დროს გაიგო.
„ჩვენ სოფლის მესამე ქუჩაზე, მე-18 სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ საბუთებში პირველი ქუჩა გვიწერია. გვითხრეს, რომ სანამ მისამართები არ გასწორდება, მრიცხველებს ვერ დაამონტაჟებენ. მთელი სოფელი იგივე პრობლემის წინაშე დგას. ვინმეს სახლის გაყიდვა რომ უნდოდეს, ვერ გაყიდის,“ - აცხადებს ალნისა აბბასლი.
თაქალის კიდევ ერთი მცხოვრები, მურაზ ნაბიევი ამბობს, რომ ოფიციალური პირების მიერ სახლების რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება ახლა მას უწევს:
„ოჯახში 9 სული ვართ. გაზის ერთი ბალონი, რომლის დატენვაც 20 ლარი ღირს, 10 დღე ძლივს გვყოფნის. საბუთებში მისამართი რომ გაასწორო, იურისტი უნდა დაიქირავო. ამისთვის დაახლოებით 400-500 ლარია საჭირო. უმუშევარი ვარ, ამდენი ფული სად უნდა ვიშოვო? ვიღაც მოხელემ თუ შეცდომა დაუშვა, ჩვენ რატომ უნდა დავისაჯოთ? ვისაც ფული აქვს, პრობლემას აგვარებს, ვისაც არა აქვს, რჩება ასე.“
თაქალის გარდა იგივე პრობლემა აქვს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კიდევ რამდენიმე სოფელს. საბუთებში მათი მისამართი რომ არასწორადაა მითითებული, ამის შესახებ მოსახლეობამ იქაც გამრიცხველიანების დროს გაიგო.
„ეს ბაბუაჩემის სახლია. შვილები თბილისში სწავლობენ, ქირის ფულის გადახდას ძლივს ავუდივარ. სახლის გაყიდვა და თბილისში წასვლა მინდა. სამი წელია სახლის საბუთების მოწესრიგებას ვცდილობ და ჯერ ვერაფერს გავხდი. უკვე 700 ლარი დავხარჯე. სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების გარდა თანხას ადვოკატსაც ვუხდი. შეცდომა მე ხომ არ დავუშვი, რატომ გვაწვალებენ?“ - ჩივის აბდულა აბდულლაევი.
მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი მარნეულში, ელშენ ჰასანოვი აცხადებს, რომ სახლების არასწორი დამისამართების პრობლემა მარნეულის რაიონის ბევრ სოფელში აღინიშნება: „საცხოვრებელი სახლების დამისამართების სისტემა 90-იან წლებში შეიქმნა. მაშინ ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი ამის გამო პრობლემებს აწყდება.“
ელშან ჰასანოვი ამბობს, რომ ამ პრობლემის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტს ბევრი ხალხი მიმართავს, მაგრამ ოფიციალურ საბუთებში მისამართის შესწორება მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არ შედის.
„ ეს პრობლემა უფრო მეტად სოფლებში აღინიშნება. აქამდე სოფლის მოსახლეობას საბუთები არ დასჭირვებია და შესაბამისად, ეს პრობლემაც არ იკვეთებოდა. ახლა რაიონში გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს და სახლის პრივატიზების საბუთს ითხოვენ. პრობლემაც ახლა გამოჩნდა. რთული და გადაუჭრელია არაფერია. ჩვენი სამსახური მოკვლევას აკეთებს და მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილის დამოწმებაზე ცნობას აძლევს. მზადდება ელექტრონული რუკაც. სამწუხაროდ, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს განათლება არა აქვს და ელემენტარული საბუთების მოწესრიგების მიზნით იურისტს მიმართავენ. მისამართის შესწორება იუსტიციის სახლში დამატებითი ხარჯის გაღების გარეშეც შეუძლიათ,“ - ამბობს მარნეულის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ტარიელ მუსაევი.
ალნისა აბბასლის იმედი აქვს, რომ დაზამთრებამდე სახლის მისამართსაც გაასწორებს და სახლში გაზსაც შეიყვანს.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას
გულნურ ქაზიმოვა