Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წერილები ნიკოლოზისთვის

28 მაისი 2016

რამდენიმე დღის წინ 16 წლის ნიკოლოზი (სახელი შეცვლილია) ჰომოფობიურ ნიადაგზე დაჭრეს, გრძელი და ღრმა ჭრილობა მთელ ფეხს გასდევს, ისე რომ ექიმებს 17 ნაკერის დადება დასჭირდათ.

ნიკოლოზი საავადმყოფოდან პირდაპირ თავშესაფარში გადაიყვანეს, ვინაიდან ოჯახს არ სურს მისი მიღება. არც მის მკურნალობაში იღებს მონაწილეობას. ბიჭი დაჭრამდეც ხან ქუჩაში, ხანაც მეგობრებთან ათევდა ღამეებს.

ოჯახისგან მიტოვებულ, მძიმედ დაჭრილ, მიუსაფარ  არასრულწლოვანზე რამდენიმე აქტივისტი ზრუნავს,  მათი ინიციატივით მოქალაქეებმა ბიჭისთვის წერილების გაგზავნა გადაწყვიტეს, გთავაზობთ ნაწილს ამ წერილებიდან, ნიკოლოზის და სხვა მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად:

________________________

არ ვიცი ვინ ხარ და რა სირთულეები გადალახე შენი ცხოვრების გზაზე, მაგრამ მინდა იცოდე - შენ ხარ უდრეკი და შეუპოვარი! არასოდეს მისცე სხვებს უფლება ამაში ეჭვი შეიტანონ, დაგაჯერონ რომ რაღაც არ შეგიძლია, ან ვინმეზე რამით ნაკლები ხარ. არ დახარო თავი და ცხოვრების მორევს უბრძოლველად არ ჩაბარდე.

ჩემთვის ალბათ ყველაზე მტკივნეული ის იქნებოდა, თუ ახლობლები ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდში გვერდში არ დამიდგებოდნენ. ეს ალბათ უდიდესი ტკივილია, მაგრამ იცოდე რაც ჩვენ არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს. ალბათ ჩემგან, როგორც ადამიანისგან, რომელიც სათბურის პირობებში გაიზარდა და ოჯახის მხრიდან მხოლოდ სითბო და სიყვარული მიმიღია, რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ზუსტად ვიცი - იმისდა მიუხედავად, რომ შენზე რვა წლით უფროსი ვარ, სულიერად ჩემზე გაცილებით უფრო ძლიერი ხარ! 

როდესაც შენ დიდი ბიჭი იქნები, ჩაერთვები აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმედი მაქვს იმ დროისთვის მაინც ყინული დაიძრება და შენი იდენტობის ადამიანები აღარ იქნებიან ჩაგრულები. იპოვი საკუთარ საქმიანობას, გეყოლება გვერდით საყვარელი ადამიანი და ღმერთმა იცის ეგებ მაგ დროისთვის შვილის აყვანაც ან სუროგაციაც არ იქნება პრობლემატური.

ამ ყველაფრის მისაღწევად ახლა მთავარია მშვიდ გარემოში იყო. რაც ძალა და ღონე გაქვს თავი ხელში აიყვანო და თავდაუზოგავად ისწავლო!

გჯეროდეს წინ მხოლოდ და მხოლოდ ნათელი და ბედნიერი მომავალი გელის, მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვო, უკან მოიტოვე ყველაფერი ცუდი რაც მოხდა, გამოიტანე სწორი დასკვნები და თავაწეული გააგრძელე ცხოვრება.

პატივისცემით:
ლაშა

___________________

გამარჯობა,

მეგობრისაგან შევიტყვე, რომ ამ წერილის მოწოდება შეუძლია შენთვის.

ვიცი, რომ ჩემისთანები, ანუ ე.წ უმრავლესობა სისხლს გიშრობს და გიჭირს.

ჩემი ხმა მინდა მოგაწვდინო, იმიტომ რომ თავი პასუხისმგებლად მიმაჩნია, რაც დაგმართეთ ყველაფერ იმაზე.

არავის დაუჯერო, რომ რაიმე უფლება გაქვს სათხოვნი ჩვენთვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, შენ შეგზღუდოთ. ვინ გეყვარება სულაც არ არის საზოგადო რეფერენდუმის საგანი. სადაც გინდა, იქ უნდა შეგეძლოს შენი გრძნობების გამოხატვაც.

ამის წერილის მოწერა უფრო იმიტომ მომინდა, რომ გითხრა, რომ რამდენიმე წლის წინ მეც ჰომოფობი ვიყავი. არავისთვის არაფერი დამიშავებია, მაგრამ პატარა ვიყავი და დავიჯერე, რომ ვიღაცები ცუდები არიან და ჩვენ, კარგებს გვაბრაზებენ. მაგრამ ხომ განვითარდა ჩემნაირიც? დავფიქრდი, შევხვდი ადამიანებს, დავაკვირდი, მერე წავიკითხე და ბოლოს აზრი შევიცვალე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ კარგი შთაბეჭდილება დაგიტოვო, არამედ იმიტომ, რომ იცოდე, შენთვის ძვირფასი ადამიანები თუ დღეს ვერ გიგებენ, როდესმე ისინიც შეიძლება შეიცვალონ.

ყველაფერი განუწყვეტელ გარდაქცევაშია, შენ მათზე მოქმედებ და გინდა თუ არა, შენი სიმართლით მათ თვალსაწიერს აფართოებ. რაც არ უნდა აგრესიულად გექცეოდნენ, ღამით, ჩაძინებამდე ერთი წამით ადრე, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილებმა იციან შენი სიწრფელისა და სიმართლის შესახებ. არ შეგეშინდეს.

არ გიცნობ, მაგრამ ჩემნაირები, უბრალოები ე.წ უმრავლესობიდან თანდათან და უფრო და უფრო მეტნი აგეფარებით ფარად და ერთ დღეს მოვახერხებთ ყველანი ერთად უსაფრთხოდ და ღიმილიანად დგომას.

მინდა, რომ შენც წინ წახვიდე, არ ჩაიმუხლო. არ გატყდე. უბრალოდ მართალი ხარ. ეს უბრალო და ბრალიანი სიმართლე არის შენი წაურთმეველი ძალა, რომელიც ჩვენი ყველას მომავლისკენ ნელნელა გაიკვლევს გზას.

სიყვარულით და პატივისცემით:
თამარი

_________________________

გამარჯობა, მე გიგა ვარ, შენი ტრანსგენდერი მეგობარი.

ვიცი სულ ახლახანს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა გადაიტანე, მინდა გითხრა რომ შენს ამბავს ჩემს გარდა, თემში ბევრი განიცდიდა.

ვიცი რომ ახლა უკეთ ხარ, მინდა იცოდე, ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. ვიცი რომ ცოტა ხანიც და პირადად გავიცნობთ ერთმანეთს და მე გაგიზიარებ, ყველა იმ პირად გამოცდილებას რაც მივიღე აქტივიზმში ამ წლების მანძილზე.

იყავი ძლიერი, შენ მარტო არ ხარ. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ იმ ბოროტებას რომლის წინააღმდეგაც  ერთად ვიბრძვით. იმედი მაქვს რომ ვიმეგობრებთ და სხვებთან ერთად შევქმნით ჩვენს ფერად მომავალს.


ჯანმრთელობას და ჰომოფობიისგან თავისუფალ გარემოს გისურვებ!

--------------------------------------------------------

გამარჯობა  ნიკოლოზ, ჩემო პატარა გმირო :)

არ ვაჭარბებ. შენ მთელმა ქვეყანამ გაგიცნო უკვე და ყველამ იცის რა გადაიტანე... მინდა იცოდე რომ შენ მარტო არ ხარ, არსებობენ ადამიანები ვისაც ძალიან უყვარხარ და შენზე ნერვიულობენ, და ძალიან უნდათ რომ მალე გამოკეთდე და გამოჯამრთელდე.

არ გიცნობ, შენი ფოტოები ვნახე გელას კედელზე, როგორ იწექი შეჭმუხნული წარბებით და გეძინა საავადმყოფოს საწოლზე... ანგელოზის სახე გქონდა და ამ სახის ქვემოდან იმხელა ტკივილი და ტრაგედია იკითხებოდა რომ შევძრწუნდი.

მთელი ამ უბედურების დატრიალების პირველივე წუთებიდან ძალიან განვიცდი შენს მდგომარეობას და ვფიქრობ შენზე... ნეტავ როგორაა ხომ არ სტკივა ჭრილობები რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას განიცდის ახლამეთქი...

შენ ხარ ყველაზე პატარა ასაკის ადამიანი, ვინც პირისპირ შეეჩეხა ამ საშინელ ჰომოფობიურ სიძულვილს და საკუთარ ტყავზე გამოსცადა ამ სიბოროტის  გემო. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ და ეს მხოლოდ გაგაძლიერებს და  უფრო მეტი შემართებით ჩვენ ყველა ერთად შევებრძოლებით ჰომოფობიას, ბოლომდე დავიცავთ   ჩვენს უფლებებს  და თავისუფლებას!  

მალე გამოკეთდი იმედია ოდესმე პირისპირაც შევხვდებით და ბევრ ფოტოებსაც გადაგიღებ ))  არ მოიწყინო აბა შენ იცი მე შენთან ვარ :*

კეთილი სურვილებით და სიყვარულით:
ლუსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^