ტყიბულის შესასვლელში, ბარათაშვილის ქუჩის მარჯვენა მხარეს წლებია, ქვანახშირის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების გორები დგას. „ჯი-აი-ჯი ჯგუფი“, რომელიც ქალაქში შახტებს ამუშავებს, ნარჩენს იქვე, მეორადი გადამუშავების მიზნით აგროვებს. დღითი დღე ეს გორები მაღლდება და ფართოვდება. მისგან სულ რაღაც 100 მეტრში დასახლებული პუნქტია, იქვე - საბავშვო სკვერი და კორპუსები. აქაურები ნარჩენებს „ცოფის გორებს“ ეძახიან, რადგან ის ატმოსფერულ ჰაერს, ნიადაგსა და წყალს აბინძურებს. თუმცა ზუსტად რა საფრთხეს უქმნის ის გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ ვიცით. ტყიბულში ამასთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ. მოსახლეობა ნარჩენების იქ მოგროვებას წლებია აპროტესტებს და კომპანიას მის ქალაქგარეთ გატანას სთხოვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის იცხოვრებენ ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეები წინ აღმართული ქვანახშირის ნარჩენების გარეშე.
ვიდეო: ბასტი მგალობლიშვილი
ტყიბული. ბარათაშვილის ქუჩა. უკვე გაზაფხულია. თბილა. მცხოვრებლები ეზოში არიან გამოსულები. დურმიშხან ლოსაბერიძე შვილიშვილს, 6 წლის სალომეს სკვერში ასეირნებს, სალომე მეგობრებთან ერთად ერთი სასრიალოდან მეორისკენ მოუსვენრად დარბის. ბაბუა იქვე სკამიდან უყურებს. სკვერის უკან უზარმაზარი შავი გორები მოჩანს. ეს ქვანახშირის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენებია. 2006 წლიდან „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ ტყიბულში შახტებს ამუშავებს და იქიდან ქვანახშირს ეზიდება. ბარათაშვილის ქუჩაზე ე.წ. სანაყაროზე ქვანახშირის გადამუშავებისგან დარჩენილ მასას საბჭოთა პერიოდიდან აგროვებდნენ. ამ ტრადიციას დღეს „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფიც აგრძელებს. საბავშვო სკვერიდან 100 მეტრში დაახლოებით 9 ჰექტარ მიწაზე დაგროვებული ნარჩენი ქარიან ამინდში მტვერდება და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ბაბუამ სალომე სულ რამდენიმე წუთია, რაც ეზოში ჩამოიყვანა, საქანელაზე დალექილი მტვრისგან ვარდისფერი კაბა სულ გაშავებული აქვს. სკვერის გასწვრივ რუხი ფერის საცხოვრებელი კორპუსები დგას. მათი ფანჯრებიდან პირდაპირ მოჩანს „ცოფის გორები“:
„სახლში გაჩერება წარმოუდგენელია. ჩაკეტილ სივრცეში მტვერი უფრო შესამჩნევია. შეხედეთ, მოწესრიგებული, გამწვანებული სკვერი გვაქვს. ბავშვები თამაშობენ. ერთი შეხედვით, კარგი გარემოა. უკან კიდევ ამხელა შავი მასაა. ორი წუთიც რომ ითამაშონ, ეგრევე უშავდებათ ტანსაცმელი და ხელები“, - ამბობს სალომეს ბაბუა და ბავშვის გაშავებულ ხელებს გვაჩვენებს.
2014 წელს დასაწყობებული გადამუშავებული ქვანახშირის პირველადი ნარჩენები აალდა. ამ ფაქტის გამო მოსახლეობამ აქცია გამართა და გზის გადაკეტვა სცადა. მოსახლეობა მათ ქალაქგარეთ გატანას მოითხოვდა. ადგილზე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატიც მივიდა და კომპანია „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი გააკრიტიკა:
„მიუხედავად არაერთი შეხვედრის და დაპირებისა, კომპანია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რომ ქალაქიდან ყოველდღიურად 200 ტ ქვანახშირს გაიტანს. არაერთხელ შევხვდით ამასთან დაკავშირებით „ჯი-აი-ჯის“ წარმომადგენლებს. დღეს ვესაუბრე გარემოს დაცვის მინისტრს და თუ ხელისუფლება და კომპანია არ მიიღებს რაიმე ზომებს, უფლებას ვიტოვებ, გამოვიდე და ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნო. წერილი არაერთხელ გავგზავნე გარემოს დაცვის სამინისტროში. თუ ხალხი ისევ გადაკეტავს გზას, მეც მათთან ერთად დავდგები“, - განაცხადა ჩაფიძემ 2014 წელს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე განგვიმარტავს, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს დასახლებულ ადგილზე მსგავსი ნარჩენების დაგროვება:
„ეს არის მადნის მოპოვების შედეგად მიღებული ნარჩენი, რომელიც გარკვეულწილად ღირებულ ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ წლების განმავლობაში მისი დასაწყობება შემდგომი გამდიდრებისთვის ხდებოდა. ეს მასა ადვილად აალებადია, განსაკუთრებით მზიან ამინდში და კორპუსებში მცხოვრებთ საფრთხეს უქმნის. აალების გარდა, ნარჩენებში შემავალი ნივთიერებების ჟანგბადთან ურთიერთქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანის რესპირატორულ ფუნქციას. მოსახლეობა ჩივის ასთმურ დაავადებებზე, თუმცა არ ვიცით, რამდენადაა კავშირში გავრცელებული დაავადებები „ცოფის გორებთან“. ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს კვლევა და შესაბამისი სტატისტიკა“, - ამბობს გუჯარაიძე და ასეთ ინდუსტრიულ ქალაქებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივად მიიჩნევს.
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის ინფორმაციით, ნარჩენების 10-12% ქვანახშირისგან შედგება.
თუმცა აალების შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ წელიწად-ნახევრის წინ მომხდარი შემთხვევა არ იყო გარედან ზეგავლენის შედეგი, მისი თქმით, მაშინ ჟანგბადი ნარჩენებში აღწევდა, რადგან მილი იყო ჩარჩენილი და კომპანიამ სწრაფად მოახდინა რეაგირება.
„ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვანახშირის გადამუშავებისას მიღებული ნარჩენი შედგება თიხა-ფიქალისა და ქვიშაქვისაგან, რომლებიც ორგანული წარმოშობისაა და უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე.
გია ბოჭორიშვილიც ადგილობრივია. გზის მეორე მხარეს ცხოვრობს. ამბობს, რომ სახლის ფანჯრებს, ფაქტობრივად, არასდროს აღებს.
„ადრე ეს ნარჩენი შახტიდან სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით გამოჰქონდათ, ახლა ფულს ზოგავენ და მარტივი გზა აირჩიეს. 25-30-ტონიანი სატვირთოები ამ ქუჩამდე მოსასვლელად ნახევარ ქალაქს გადიან. გორებიდან წამოსულ მტვერს მანქანების მოძრაობაც ემატება. 50 წელია, აქ ვცხოვრობ და ასეთი ანტისანიტარია არ მახსოვს“, - ამბობს ბოჭორიშვილი და ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის მხრიდან შეუსრულებელ დანაპირებზეც საუბრობს. მისი განმარტებით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძეც ბევრჯერ ჩაერია საკითხის გადაწყვეტაში, მაგრამ უშედეგოდ:
„რამდენჯერაც მოსახლეობის პროტესტი დაიწყო, კომპანიას ყოველთვის ერთი არგუმენტი ჰქონდა - აბა შახტების მუშაობას ხომ არ გავაჩერებთ, მთელი ტყიბული უმუშევარი გინდათ, დარჩესო? ამ საკითხით ხშირად მანიპულირებენ. ამიტომ გვინდა, სახელმწიფო მაქსიმალურად ჩაერიოს. კერძო ბიზნესი არ ნიშნავს ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის კეთებას“, - გვეუბნება ბოჭორიშვილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნელი კორკოტაძე ბოჭორიშვილს არ ეთანხმება იმ მოსაზრებაში, რომ კომპანიას შესაძლოა უფრო იაფი უჯდებოდეს ნარჩენების სატვირთო მანქანებით გადაზიდვა:
„ვფიქრობ, რკინიგზით უფრო იაფი დაუჯდებოდათ. როგორც ვიცი, ამის აღდგენაზე მოლაპარაკებებიც კი ჰქონდათ რკინიგზასთან. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, კომპანიამ ამ მიზნით მოაწყო სამრეცხაო, რომ მოხდეს საბურავების გარეცხვა, ასევე სიჩქარის კონტროლი აქვთ დაწესებული. გადახურვის საკითხზე კი, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაა წვრილფრაქციური ნარჩენი, შესაბამისად, მისი ამტვერებისა და ჰაერში გაფრქვევის შანსი მცირეა“, - აღნიშნავს მთავარი ინსპექტორი.
რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შახტიდან მოპოვებული ქვანახშირის ნესტიანობა 12%-ია, ამიტომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ გამოიყოფა:
„2006 წლიდან აღდგა ფაბრიკაში ქვანახშირის მიწოდება. ამ დროისათვის რკინიგზის ხაზები დაზიანებული იყო. ის საქართველოს რკინიგზამ უნდა შეაკეთოს. ამ საკითხთან დაკავშირებით შპს „საქნახშირი“ აქტიურად მუშაობს საქართველოს რკინიგზასთან“, - ამბობენ კომპანიაში.
სკვერიდან დასახლებული კორპუსებისკენ ვინაცვლებთ. ეზოში მეზობლები არიან შეკრებილები. ერთ-ერთ ქალბატონს მისი ბინიდან ნარჩენების გადაღებას ვთხოვთ, ჩვენი და კამერების დანახვისთანავე იშლებიან.
ჩვენთან ერთად მყოფი დურმიშხანი ხმადაბლა გვეუბნება, რომ მათი ნაწილი კომპანიაშია დასაქმებული და საუბარს თავს ამ მიზეზით არიდებენ.
ამიტომ, მისივე დახმარებით, „ცოფის გორების“ უკანა მხარეს მდინარე ტყიბულასკენ მივდივართ. მდინარის ერთ მხარეს ნახშირზე მომუშავე 13.2 მგვ სიმძლავრის თბოელექტროსადგურია, რომელზეც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საფუძველზე გაცემულია ნებართვა.
თბოელექტროსადგური დასახლებული პუნქტიდან 110 მეტრის მოშორებით დგას.
მის მაღლა სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის ამ ტერიტორიაზე ერთადერთი გასართობი ადგილია. ლევანი, ლუკა და საბა ყოველ საღამოს აქ ფეხბურთის სათამაშოდ დადიან. მათ ფონზე ქარხნის მუქი კვამლი მოჩანს, რომელიც ნელ-ნელა ცაში მიიწევს. მოსახლეობა ამბობს, რომ კვამლი სახლებშიც აღწევს და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის:
„თბოელექტროსადგურში 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული. მესმის, რომ ადამიანებმა სამუშაო ადგილები არ უნდა დაკარგონ, მაგრამ ქარიან ამინდში, „ცოფის გორების“ ამტვერებასთან ერთად, საწარმოდან გამონაბოლქვი პირდაპირ სახლებში შესდის მოსახლეობას. არანაირი კვლევა არაა წარმოებული, რა ზემოქმედებას ახდენს ეს სისტემური პრობლემები ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ფაქტი ერთია, სულ ახლახან დედა სიმსივნით გარდამეცვალა, ასეა ჩემი სამეზობლოს ძალიან დიდი ნაწილიც“, - ამბობს ადგილობრივი, გია ბოჭორიშვილი.
კომპანიაში ამტკიცებენ, რომ „თბოელექტროსადგურზე დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ციკლოფილტრები, რომელიც უზრუნველყოფს გამონაბოლქვი აირების დასაშვებ ნორმამდე გაწმენდას და გარემოზე უარყოფითად არ ზემოქმედებს“.
კანონი დასახლებულ პუნქტთან მსგავსი საწარმოს მდებარეობას არ კრძალავს, თუმცა 2015 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დადებითი დასკვნა გასცა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს შეეძლო გაეთვალისწინებინა შესაძლო რისკი და შესაბამისად, ამ საწარმოზე გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ გაეცა:
„მართალია, კანონი ამის შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ იმდენად ნათელი იყო, რომ ამ საწარმოს ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება ექნებოდა, გარემოს დაცვის სამინისტროს თავისუფლად შეეძლო, არ გაეცა ნებართვა. ესეც იმ პირობით აშენდა, რომ კომპანიას სანაყაროზე არსებული ნარჩენი უნდა აეთვისებინა, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო დასახლებულ პუნქტთან ასე ახლოს“, - ამბობს ნინო გუჯარაიძე.
2015 წელს გზშ-ს გაცემის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ჯერჯერობით არ შეუსწავლია, რა ზეგავლენას ახდენს თბოელექტროსადგური გარემოზე. ნელი კორკოტაძის ინფორმაციით, დეპარტამენტი გაზაფხულისთვის გეგმავს, ჩავიდეს ტყიბულში და ამ საწარმოში არსებული მდგომარეობა ნახოს.
თუმცა 2014 წელს დეპარტამენტმა დააჯარიმა „ჯი-აი-ჯის“ მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი საწარმო, რომელიც სანაყაროდან ცოტათი მოშორებით მდებარეობს და სადაც მეორადი გადამუშავების ქვანახშირის ნარჩენი ირეცხება.
მაშინ დეპარტამენტმა გარკვეული დარღვევები გამოავლინა - საწარმოში არ იყო ჩაკეტილი სისტემა - ქვანახშირის გარეცხვის შემდეგ შეწონილი ნაწილაკები ეშვებოდა მდინარეში და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ეხებოდა სანაყაროს სისტემის სქემის არარსებობას, ანუ ნარჩენი სანაყაროზე ქაოსურად იყრებოდა და ნაწილდებოდა. კომპანია მაშინ 5000 ლარით დაჯარიმდა. ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შემდეგ კომპანიამ წარმოადგინა ნარჩენის განთავსების სისტემის სქემა. ასევე შეიქმნა ავარიული სიტუაციების გეგმა, რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ აალების რისკს შეამცირებდა. გარდა ამისა, კორკოტაძის ინფორმაციით, კომპანიამ შექმნა სატვირთოების საბურავების გასარეცხი ტექნიკა და გზების მორწყვა დაიწყო.
„ზედამხედველობის სამსახურმა სანაყარო 2014 წლის დეკემბერში, ყინვის პერიოდში შეამოწმა. მაშინ გაყინული იყო წყლის ბრუნვითი სისტემის მილები და წყალი ავარიულობის გამო ჩაედინებოდა მდინარეში, რაც მალევე გამოსწორდა. შედეგად, საწარმო დაჯარიმდა 5000 ლარით. ჯარიმა გადახდილია და ამასთანავე ამჟამად ფაბრიკაში არსებული წყლის ჩაკეტილი ბრუნვითი სისტემის მილები მთლიანად გამოცვლილია. ძველი მილები ჩანაცვლდა უფრო დიდი დიამეტრის მილებით და საშიშროება მოხსნილია. შესაბამისად, პრობლემა მოგვარებულია. სანაყაროს ფერდის ჩამორეცხვისა და ღვარცოფებისაგან მდინარის დასაცავად კომპანიამ დააპროექტა და მოაწყო მდინარე სახმაზურზე წყალგამტარი რკინა-ბეტონის კოლექტორი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულია ექსპლუატაციაში. კოლექტორმა უზრუნველყო მდინარის დაცვა დაბინძურებისაგან და არ ხდება ნარჩენის ჩაყრა მდინარეში“, - ამბობენ კომპანიაში.
გარდა ამისა, „ჯი-აი-ჯის“ ინფორმაციით, ფაბრიკიდან გამოსასვლელში დამონტაჟდა მანქანების სპეციალური სარეცხი, სადაც დაიდგა კერხერი და ყველა გამომავალი მანქანა ირეცხება; ფაბრიკის ტერიტორია და მისასვლელი გზები ირწყვება სპეციალური სარწყავი მანქანით: „ასევე მუდმივი წყლით ირწყვება ფაბრიკიდან გამოსასვლელი. სანაყარეს ტერიტორია ამჟამად ბუნებრივად რეკულტივირებულია. ამოსულია ბალახოვანი და წიწვოვანი მცენარეები, ამიტომ არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს“.
მართალია, „ჯი-აი-ჯი“ 2014 წელს მდინარის დაბინძურების გამოც დაჯარიმდა, მაგრამ, როგორც ადგილობრივი დურმიშხან ლოსაბერიძე ამბობს, კომპანია იმის მერეც განაგრძობდა ნარეცხი მასალის მდინარეში ჩაშვებას, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან რამდენჯერმე გადმოვიდა.
„საწარმოს შესაბამისი სალექავები აქვს დამონტაჟებული, მაგრამ განარეცხი მასა მაინც მდინარეში ილექება. კალაპოტი პერიოდულად ივსება. საკმარისია ძლიერი წვიმა, ტყიბულა ეგრევე დიდდება. ამის ბევრი შემთხვევა იყო“.
ტყიბულის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა გაბრიაძე „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანიასთან ერთად თვითმმართველობამ კალაპოტი უკვე გააფართოვა:
„ამ წუთას ადიდების საშიშროება აღარაა. თუ ნიშნულს გასცდება, მაშინვე მოვახდენთ რეაგირებას. ადრე ნაგავიც ჩადიოდა და ქვანახშირის ნარეცხიც“, - ამბობს გამგებლის მოადგილე.
2014 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ტყიბულში მეორადი გადამუშავების ქვანახშირის ნარჩენის სანაყაროს მიმდებარე ტერიტორია, მასთან არსებული თბოელექტროსადგური და გასარეცხი ქარხანა არ შეუმოწმებია.
მთავარი ინსპექტორი ამბობს, რომ მათ უფლება აქვთ, წელიწადში ერთხელ შეამოწმონ საწარმოები, თუმცა ეს არ არის მათი ვალდებულება. შეკითხვაზე, ისეთი მძიმე ინდუსტრიული ქალაქი, როგორიც ტყიბულია, უნდა იყოს თუ არა დეპარტამენტის მხრიდან მეტი დაკვირვების ობიექტი, ნელი კორკოტაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მსხვილი საწარმოების გარდა, არსებობს ბევრი წვრილი ლოკალიზებული წერტილი, რომელსაც არანაკლები ყურადღება სჭირდება: „დეპარტამენტს არაერთ საჩივარზე უწევს რეაგირება, რაც დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს“.
როდის მოხდება ტყიბულში, ბარათაშვილის ქუჩაზე ქვანახშირის მეორადი გადამუშავების ნარჩენების ათვისება ან იგეგმება თუ არა მისი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადატანა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არც ერთ მხარეს არ აქვს, არც კომპანიას და არც გარემოს დაცვის სამინისტროს.
ნელი კორკოტაძის განმარტებით, კომპანიას თავისი წარმადობა აქვს და ასე მარტივად ვერ დაიგეგმება, როდის გათავისუფლდება ტერიტორია. მისივე თქმით, დეპარტამენტს აქტიური კომუნიკაცია აქვს ტყიბულის თვითმმართველობასთან და თუ მოსახლეობას რამე ჩივილი ექნება, შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ(ცხელი ხაზის ნომერია - 153).
კომპანია „ჯი-აი-ჯი-ში“ კი აცხადებენ, რომ „ცოფის გორები“ არის შუალედური პროდუქტი, რომელიც იქვე მდებარე თბოელექტროსადგურში გამოიყენება და მათი ნაწილი უკვე გატანილია საწარმოს კუთვნილ სანაყაროზე.
„მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო გუჯარაიძის თქმით, შეუძლებელია ამ ნარჩენების სწრაფად ათვისება და ამ დროის განმავლობაში „ცოფის გორებმა“ შესაძლოა, მეტი ზიანი მიაყენოს გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას, დააბინძუროს ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი და წყალი. ამიტომ საჭიროა მისი მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილზე დასაწყობება.
„შეიძლება სპეციალური ტერიტორია გამოიყოს, სადაც დაასაწყობებენ ნარჩენებს. ეს იქნება ხარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და გადაწყვიტოს, ვისი ინტერესი იქნება დაცული - მოქალაქეების, თუ ცალკეული პირების. ასევე იმედია, რომ ამ ტერიტორიაზე სანიტარული ნორმები შეიცვლება. ეს უნდა იყოს კომპანიის ნება, რომ იზრუნოს იმ ქალაქზე, სადაც ქვანახშირს მოიპოვებს“, - ამბობს, ნინო გუჯარაიძე.
იქამდე კი ინდუსტრიული ქალაქი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას. პატარა სალომე ისევ ითამაშებს სკვერში, რომელსაც მისთვის გაურკვეველი შავი გორები ჩრდილავს. ბაბუა სკამზე დაელოდება და გაშავებულ ხელებს სახლში ასვლისთანავე დაბანს. ლევანი, ლუკა და საბა ფეხბურთის მოედანზე საწარმოდან ამოსული კვამლის ფონზე ითამაშებენ, წვიმიან ამინდში კი დაცარიელებულ ბარათაშვილის ქუჩაზე ტალახს ქვანახშირის ნარჩენების შავი მასა შეერევა.