Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არის თუ არა ასახული ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება სასკოლო სახელმძღვანელოებში

30 მაისი 2016

„თანასწორობა არის მდგომარეობა ადამიანისა რომელიც გრძნობს, რომ სხვაზე უარესი არ არის, რომელიც არ თვლის, რომ ის აღემატება სხვა ადამიანებს და არ აქვს ამის სურვილი. თანასწორობა მოთხოვნილებაა და არა რეალობა“, - ასეა განმარტებული „სამოქალქო განათლების“ სახელმძღვანელოში თანასწორობა. მე-9 და მე-11 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვის შესახებ მოკლე მიმოხილვა დღეს კვლევის ავტორებმა წარმოადგინეს. კვლევა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ მომზადდა. სახელმძღვანელოების ანალიზზე გიორგი გახელაძემ, ბექა მინდიაშვილმა და ირაკლი თაბორიძემ იმუშავეს.

რამდენად ასახავს სახელმძღვანელოები რელიგიურ, ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას? ხომ არ ახალისებენ ისინი სხვადასხვა ჯგუფისადმი რაიმე ტიპის შეუწყნარებლობას? რამდენად არის სასწავლო მასალებში წარმოდგენილი ინტერკულტურული ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების ხელშემწყობი ან ხელისშემშლელი ტექსტები თუ სავარჯიშოები? - კვლევის მთავარი მიზანი, რომლის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა,  ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების  ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლის  ნინო ცინცაძის თქმით, კვლევა იმ პროექტის ფარგლებში მომზადდა, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებების, რელიგიის თავისუფლებისა და განათლებაში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობაა. მისივე თქმით, კვლევისთვის შერჩეული სამი საგანი დიდწილად განსაზღვრავს იმას, როგორ განათლებას ვაწვდით ბავშვებს და რა ღირებულებების მქონე ადამიანებს ვზრდით სკოლაში.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი გახელაძემ იმ ძირითადად მიგნებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმძღვანელოების ანალიზისას გამოიკვეთა. მისი თქმით, ამ სამ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით როგორც ტოლერანტობის, ისე კულტურული იდენტობის ფორმირების თვალსაზრისით  სასწავლო პროცესი ხშირად მცდარი ტერმინოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში ის ხელს უწყობს სტერეოტიპული აზროვნების ჩამოყალიბებას. ყველაზე ხშირად კი  ამ საგნებში როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური  ფაქტის ან მოვლენის ცალმხრივი განხილვა შეინიშნება.

„სხვა კვლევებიც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულა როგორც უმაღლესი, ისე სასკოლო განათლების სახელმძღვანელოების თუ სასწავლო გეგმების ანალიზის კუთხით, ერთსა და იმავე სურათს იძლევა. ყველაზე მთავარი და არსებითი საკითხი სასკოლო განათლებაში ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება, რომელიც სასკოლო სწავლების საფუძველია. ასევე, ცვლილებებია საჭირო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში, სადაც  ანტიდისკრიმინაციულობის პარამეტრი, როგორც კრიტერიუმი, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამოღებული იქნა. ამ კუთხით სახელმძღვანელოები საერთოდ აღარ ფასდება,“- ამბობს გიორგი გახელაძე.

იურისტმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი თაბორიძემ საზოგადოებას კონკრეტული მაგალითები წაუკითხა, რომელიც სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების ანალიზისას მოინიშნა. მისი თქმით, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში ბევრი „უხერხული ლაფსუსია“ გაპარული. ამის საილუსტრაციოდ მან თანასწორობის იდეის დეფინიციის მაგალითი მოიტანა. წაიკითხა როგორაა განმარტებული სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში სიტყვა „სქესი“: „სიტყვა სქესი გულისხმობს ბიოლოგიურ განსხვავებას ქალსა და მამაკაცს შორის. რომელიც უნივერსალურია და უცვლელი“.

კვლევის ფარგლებში, შემუშავდა შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გამოვლენის კრიტერიუმების საერთო შკალა, რომლის მიხედვითაც შეფასდა IX-XII  კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. 

მოკლე მიმოხილვაში თემატურადაა დალაგებული სხვადასხვა ტიპის პრობლემურად გადმოცემის ნიმუშები, მაგალითად, როგორიცაა: მიკერძოებული/არანეიტრალური ასახვის ნიმუშები, ეთნოცენტრიზმი, ქსენოფობია, ეთნიკური ჯგუფების სტერეოტიპიზაცია, რელიგიის და ეთნოსის გაიგივება, კონკრეტული ჯგუფისთვის ეთნიკური და რელიგიური ხასიათის  ნაკლოვანებების მიწერა, ძალადობის აღწერა კრიტიკული კომენტარის გარეშე, არააკადემიური ენა, მცდარი ტერმინოლოგია.

„პრობლემაა ყველა მიმართულებით, თითქმის ყველა სახელმძღვანელოში. აქ  წარმოდგენილი მაგალითები ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რაც ვნახეთ. თავიდან არ ველოდებოდით, რომ მსგავსი მაგალითების გამოვლენა ასეთი მასშტაბით იქნებოდა შესაძლებელი. ზოგიერთი პრობლემა საყოველთაო ხასიათს ატარებს. არის სხვაობები სახელმძღვანელოებში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩარჩო მაინც არის საერთო, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს სახელმძღვანელოები იწერება ქართველის და უფრო კონკრეტულად  ქრისტიანი,  მართმადიდებელი ქართველის ნარატივიდან“, - ამბობს  თეოლოგი,   ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.

კვლევის ავტორების რეკომენდაციაა განათლების და მეცნიერების სამინიტროს მიმართ, სახელმძღვანელოებში აისახოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტული კულტურის ისტორიული, ლიტერატურული და სამოქალაქო ფორმები და გამოვლინებები; ასევემ სახელმძღვანელოების გრიფირების წესში  შევიდეს ახალი მოთხოვნა, რომ სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებდეს ტოლერანტობის პრინციპებს, სრულფასოვნად ასახავდეს მრავალფეროვნებას და ეთნიკურად და რელიგიურად ნეიტრალური, სამეცნიერო ენით აღწერდეს მოვლენებს. 

კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი კოალიციური პროექტის, „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. კვლევის სრული ვერსია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

ამონარიდები კვლევიდან შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^