„ფაქტობრივად, მძინავს და ძალიანაც რომ მინდოდეს აქტიურობა, ისე როგორც მჩვევია, ვერ შევძლებდი. ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია, რის გამო გამომაძევა მოსამართლემ. მომმართა ქალბატონმა ნათია გუჯაბიძემ, შემომთავაზა რაღაც უცნაური თამაში მანტიის გახდაზე და მე გადავწყვიტე პასუხი გამეცა. როგორც კი პასუხის გაცემა დავიწყე, თავმჯდომარემ გამომაძევა. ისიც ვერ გავარკვიე, რისთვის გამომაძევა, პროცესიდან გამომაძევა თუ სხდომიდან“, - ამბობს ნიკა გვარამია.
„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო, დარბაზიდან გააძევეს. „ძალიან ცუდად დაამთავრებთ, ქალბატონო ნატა [ნაზღაიძე]", - მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ კი მანამდე აღნიშნა, რომ „თუკი ნიკა გვარამია ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადწყვეტილება იუსტიციის სამინისტორში დაიწერა და ჩვენ ის უნდა გადავწეროთ და რომ მას ეს გადაწყვეტილება წაკითხული აქვს, გთავაზობთ ასეთ რამეს: წარმოადგინეთ ეს გადაწყვეტილება დალუქულად, როდესაც ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, მერე შეადარეთ ერთმანეთს. თუ ის ერთმანეთს დაემთხვევა, მე გავიხდი მანტიას და დავტოვებ თანამდებობას“.
მოსარჩელე მხარის ადვოკატების თქმით, მათ გუშინ სასამართლოს აცნობეს, რომ სხვა პროცესიც ჰქონდათ ჩანიშნული, ამასთან, ადრე სასამართლო აცხადებდა, რომ 31 მაისს „რუსთავი 2-ის" საქმის კოლეგიას არ ეცალა.
ქიბარ ხალვაშის მხარის ადვოკატი პაატა სალია ამას ეწინააღმდეგებოდა. როგორც იგი ამბობდა, ერთი მოსამართლეც რომ წასულიყო, საკმარისი იქნებოდა, რადგან ერთსა და იმავე პროცესზე მიდიან. „საპატიო მიზეზი არ არსებობს", - აცხადებდა სალია.
„თქვენი შუამდგომლობები საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურება", - მიმართა მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ პროცესის გადადების მოთხოვნის მიზეზებზეც ისაუბრა.
„ღამის 3 საათზე რომ მიხვალ სახლში, პროცესისთვის, როგორ უნდა იყოს მზად“, - მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას.
პაატა სალიას თქმით, „მხარის გამოუძინებლობა არ იყო არგუმენტი. ეს არ შეიძლება იყოს კანონიერი საფუძველი“.
დარბაზიდან, ასევე გააძევეს „ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე და მსახიობი ია ფარულავა. მათ მორიგ დაუკმაყოფილებელ შუამდგომლობაზე გაეცინათ.
სხდომიდან გამოძევების შემდეგ ნიკა გვარამიამ კვლავ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ იყო აუცილებელი, პროცესის გადადების შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა მოსამართლეს.
„დარბაზში 6 ადვოკატია, აქედან მინიმუმ 3-ს მაინც სძინავს, „რუსთავი 2-ის“ ადვოკატებს ვგულისხმობ. ჩვენ კორპორაციული ადვოკატები ვართ, პროცესების მიღმაც ვმუშაობთ კორპორაციის სხვა საქმეებზე. გაუგებარია, როგორ უნდა შევძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა, როცა ფიზიკურად არ შეგვიძლია ამის გაკეთება. არ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე. ჩვეულებრივი ზონდერული მუშაობა მიდის. განსაკუთრებით ნატა ნაზღაიძეა შემჩნეული და აკვირვებს ხოლმე თავის კოლეგებსაც მარჯვნივ და მარცხნივ. ნატა ნაზღაიძე არის, მარტივად რომ ვთქვათ, ურთმელიძე კაბაში. ერთნაირად დაამთავრებენ ურთმელიძეც, ნაზღაიძეც და წულუკიანიც. ეს „ტროიკა“ დაამთავრებს ცუდად, ძალიან ძალიან ცუდად“, - აცხადებს გვარამია.