Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსახლკარობის პოლიტიკა საქართველოში: ცვლილების აუცილებლობა

01 ივნისი 2016
ილუსტრაცია: ვიქტორია ლომასკო

უსახლკარო მდგომარეობის გამომწვევი მრავალი შემთხვევა შეუსწავლელი და აღუწერელი რჩება. იქ კი, სადაც პრობლემა ხილულია, სოციალური პოლიტიკის მიდგომაა შესაცვლელი. სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს მოქალაქეთა „ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრება“ - გამორიცხავს ამ მიზნით მათ გარიყვასა და გამორიცხვას საჯარო პოლიტიკური სივრცეებიდან, ასევე მათი დისციპლინირების ობიექტებად, ჰუმანიტარულ დახმარებებზე დამოკიდებულ თუ სიღარიბეში დატყვევებულ ადამიანებად ქცევას. ზემოთ ჩამოთვლილ საფრთხეებს კი საქართველოში უსახლკარო ბენეფიციარებისათვის შეთავაზებული სხვადასხვა სერვისები უკვე შეიცავს.

თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, უსახლკაროთა ჯგუფებს შორის არიან ძალადობისა და დევნის მსხვერპლი ქალები თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე ბავშვთა თავშესაფრებში გაზრდილი და სრულწლოვანებას მიღწეული პირები, მარტოხელა მოხუცები, დევნილის სტატუსის მქონენი, ვინც სახელმწიფო დახმარების მიღების მიუხედავად, საჭიროება საცხოვრისით ვერ დაიკმაყოფილა, ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, ბინის იპოთეკით დატვირთვით დაზარალებულები, ჯანმრთელობის ხარჯების დაფარვის მიზეზით უბინაოდ დარჩენილები და ა.შ. ამ მიზეზების მსგავსად უსახლკარობის ფორმებიც მრავალფეროვანია. სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ანგარიშების მიხედვით, უსახლკარო ოჯახებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით დღეს უკანონოდ აქვთ დაკავებული ასობით ამორტიზებული შენობა. ძალიან ბევრი კი ხელით ნაშენ, უკანონო, საცხოვრებლად გამოუსადეგარ კონსტრუქციებში, ზედახორაში ან ნათესავებთან ცხოვრობს, ან სულაც ღამეს ქუჩაში ათევს. 

ვინ არიან უსახლკაროები? - სიღარიბის კონტროლი XIX საუკუნის ინგლისში

კითხვაზე, თუ ვინ არიან უსახლკარონი და რა მიდგომებს იყენებენ მათ მიმართ სახელმწიფოები, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოხდა პირველ რიგში უპოვარ პირებზე მმართველობის გავრცელება შუასაუკუნეების ინგლისში. მე-16 საუკუნის სიღარიბის კანონთა რეფორმირებით 1834 წელს ინგლისში ახალი სიღარიბის კანონი მიიღეს. აქ ინდუსტრიალიზაციამ და სათემო მიწების შემოღობვამ არაერთი ადამიანი გამოდევნა სოფლიდან. პირთა უმუშევარი, უსახლკარო თუ სიღარიბის მდგომარეობის გამოწვევას სახელმწიფო underclass-ისთვის  შემწეობების გადახდით პასუხობდა.

მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ერთი რამ, რომ ინგლისმა სიღარიბე მმართველობის სფეროში უპირატესად წესრიგის ადმინისტრირების საჭიროების გამო მოაქცია. ხოლო მოგვიანებით, ამან გააჩინა იმგვარი კანონებიც, რომლებმაც აუცილებელი გახადა „დამსახურებული“ ღარიბის „არადამსახურებულისაგან“ გამორჩევა, მისგან ვინც დახმარებას არ იმსახურებდა. 

სოციალურ მეცნიერებათა სკოლებში ფართოდაა დამკვიდრებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ  სწორედ ამ პოლიტიკამ ჩაუყარა შემდგომში საფუძველი წარმოდგენებს, ე.წ. „ღარიბთა კულტურის“ შესახებ საკითხის „გამარტივებას“ ღარიბთა ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე საუბრით. ამანვე წარმოშვა თუნდაც დღემდე არსებული და დღეს უკვე არასწორად მიჩნეული წარმოდგენა კეთილდღეობის სისტემის შესახებ, რომ ის “თავზე ხელს უსვამს“ პასიურ, დამოკიდებულ, პერმანენტულად ღარიბ მოსახლეობას.

პარადიგმის გადახედვა: უსახლკარობის უფლებრივი ხედვა

მნიშვნელოვნად გადაახალისა მოცემული პარადიგმა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულმა ხედვამ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში აყალიბებს. ამასვე ეხმიანება სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა სკოლები, რომლებიც განვითარებისა და კეთილდღეობის საკითხების ანალიზისას ერთმანეთთან აკავშირებს სიღარიბის, უთანასწორობისა და დემოკრატიის პრობლემებს. თანამედროვეობაში მმართველობის სფეროში სიღარიბის განსაზღვრება აღარ დაიყვანება პირთა შემოსავლებისა და ხარჯების შესატყვისი საჭიროებების დადგენამდე. ის აღწერს პირის უფლებრივ მდგომარეობას.

როდესაც სიღარიბის დაძლევის საკითხი (ჩვენს შემთხვევაში უსახლკარობისა) მმართველობის სფეროში უფლებრივი კუთხით შემოდის, ის აღარ გულისხმობს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების წესით პირთა მდგომარეობის შემსუბუქებაზე ზრუნვას. ადამიანის უფლებების მიდგომის მიხედვით სიღარიბე უფლებათა რეალიზაციის ნაწილში არსებული გამოწვევების შედეგია. ეს კი უპოვართა დადანაშაულებისა და მათი ქცევის ახსნის საჭიროების ნაცვლად წარმოშობს მეორე მხარის ლეგალურ ვალდებულებას, მოახდინოს უფლებების რეალიზება, ადამიანი იყოს ადეკვატურად უზრუნველყოფილი საკვებით, დაცული დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილისაგან, ადეკვატურად უზრუნველყოფილი თავშესაფრით, ბაზისური განათლებით, ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიებით, თანაბარი წვდომით მართლმსაჯულებაზე, ღირსეულ ცხოვრებაზე, კეთილდღეობასა და სათანადო ინტეგრაციაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უფლებრივი მიდგომა სიღარიბესთან და კერძოდ უსახლკარობასთან ბრძოლისას ძალიან ეფექტურია, არის ის, რომ ის ემყარება მოწყვლად და უთანასწორო პირობებში მყოფ პირთა გაძლიერების პრინციპს. გაძლიერება კი აქ ეფუძნება უნივერსალურ, არადისკრიმინაციულ და თანასწორობის ხედვას.

სოციალური პოლიტიკა და უსახლკარო პირთათვის შეთავაზებული სახელმწიფო სერვისები საქართველოში

როგორც, უკვე აღვნიშნეთ, სიღარიბის მმართველობის ეპისტემოლოგიურმა და ეთიკურმა გადააზრებამ დასავლური საზოგადოებები, მათ შორის საქართველო (რომელიც ყველა საჭირო საერთაშორისო ხელშეკრულებებით მიღწეულ კონსენსუსს უერთდება) იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ადამიანის უფლება „ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებაზე“ გამორიცხავს საკითხთა თუ პირთა დისციპლინირების ან გამოსწორების მიზნებს. 

საქართველოში სახალხო დამცველის ანგარიშები ათასობით და ათიათასობით ადამიანის (ოჯახის) მდგომარეობას აღწერს, რომლებიც ყოველწლიურად მიმართავს სახელმწიფოს საცხოვრისით დაკმაყოფილების მოთხოვნით.

პირველი სერვისი თბილისში, რომელიც სახელმწიფომ ჭერის არმქონეთათვის (რაც უსახლკარობის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმა და მდგომარეობაა) შექმნა, იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაშლილი კარვები ქალაქის გარეუბანში, მოსკოვის პროსპექტზე. იქ სათანადო საცხოვრისის უფლებების გარანტირების ნაცვლად, სახელმწიფომ უბრალოდ ერთ სივრცეში მოაქცია ყოვლად მიუსაფარი, ზოგ შემთხვევაში შრომის უუნარო, გარიყული საზოგადოების წევრები. სახელმწიფომ მმართველობის სფეროს მიღმა დატოვა პირების ჯანმრთელობაზე, სოციალურ რეაბილიტაციაზე, დასაქმებაზე ზრუნვა და მათ ღირსების შემლახავი, არაადეკვატური საცხოვრებელი  პირობები შესთავაზა. აქ ადამიანებმა წლები იცხოვრეს (2-3 წელი). ბევრიც იქვე გარდაიცვალა. კარავში მცხოვრებთა მიმართ კი სხვა უსახლკარო პირებს შორის არაერთი სტიგმა ჩამოყალიბდა.

მოგვიანებით თბილისში, ლილოში, კაპიტალური შენობა აშენდა. ამ დროებით თავშესაფარში ბენეფიციართათვის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. ლილოს თავშესაფრის სახით, კიდევ უფრო შორს ქალაქის ცენტრიდან, იმავე მარტოხელა მიუსაფარ პირთათვის გაჩნდა სქესის მიხედვით სეგრეგირებული ჰოსტელი, სამედიცინო სერვისები და კვება. თუმცა ჩნდება ისევ იგივე კითხვა: ეს სერვისი უსახლკარობის პრობლემასთან გამკლავებისთვის, მმართველობის სფეროში ადეკვატური საცხოვრისის უფლების რეალიზებისკენაა მიმართული, თუ უბრალოდ სოციალური წესრიგის შენარჩუნების მიზნით „დევიანტთა“ ინსტიტუციაში მოქცევისთვის შექმნილი რეჟიმია? ეს ამ ჩამონათვალიდან პირველის მაგალითი იქნება, თუ ლილოს თავშესაფრით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ (10 თვის შემდეგ) პირთა შესაძლებლობები ადეკვატურად შეფასდება და მათი უფლებრივი საჭიროებები სათანადოდ დაკმაყოფილდება. მოსკოვის გამზირზე გაშლილი კარვებით პირები უვადოდ სარგებლობდნენ. თუმცა საინტერესოა ისევ თავშესაფრის „ტყვეობაში“ დარჩებიან ბენეფიციარები ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრების უფლების გახანგრძლივებით, თუ კიდევ უფრო დამძიმდება მათი მდგომარეობა, როდესაც სერვისით სარგებლობის ვადა პირს ალტერნატივის შეთავაზების გარეშე ამოეწურება [როგორც ეს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით მოსარგებლეთათვის ხდება 6 თვის შემდეგ]?

გარდა გარეუბნის ერთ სივრცეში მოქცევისა, უსახლკაროთა ერთგვარი სამაგალითო დასჯისა და  დისციპლინირების მცდელობა არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ამორტიზებულ შენობებში ფართის უკანონოდ დაკავებისთვის დასასჯელად და პირთა ქცევის შესაცვლელად იქ მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ შინამეურნეობებს ფულად სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობა) უუქმებს. 

შესაბამისად, უსახლკარობის ნიშნით, ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება დროდადრო პატერნალიზმის, სეგრეგირების ან დისციპლინირების ობიექტებიც კი გახდნენ ხოლმე. საქართველოში არ არსებობს ადეკვატური საცხოვრისის უფლების მმართველობის სფეროში მოქცევის რეალური მცდელობები. ის მიდგომა კი, რომლიც წესრიგის დამყარების იდეით იკვებება, შესაცვლელია.

უფლების რეალიზების პოზიტიური ვალდებულება თუ ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი?

საქართველოში არსებობს იმის პრეცედენტებიც, რომ უფლების რეალიზებისთვის საერთაშორისო რეკომენდაციების, ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების მიღების მიუხედავად, საკითხზე მუშაობა უპოვართა საჭიროებების ერთჯერადად დასაკმაყოფილებლად ერთმნიშვნელოვნად დონორთა მხრიდან მიღებული ფინანსური სარგებლით წარმართულა. ისე, რომ ამას არ მოჰყოლია მდგრადი ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების გატარება საჯარო მმართველობის სფეროში უფლებრივი მიდგომის დანერგვისთვის.

მაგალითად, საქართველოში, სადაც არ არსებობს ინსტიტუციური ბაზა უსახლკაროთა რეესტრის წარმოებისთვის, არ არსებობს უსახლკარობის პრობლემების სისტემური ხედვა და მით უმეტეს შესაბამისი სერვისები თუ საბინაო პოლიტიკა, 2007 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო დახმარების ფონდებმა: გაერო-ის განვითარების პროგრამამ, გაერო-ის მოსახლეობის ფონდმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდმა -  არაერთი პროექტი განახორციელეს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბენეფიციართა სოციალურ საცხოვრისში განთავსების მიზნით. დონორთა მხრიდან უფლებრივი მიდგომის დანერგვის მცდელობებმა ამ ათი წლის განმავლობაში დამატებით დაბადა ისეთი პროექტები, როგორიც იყო საცხოვრისის ექსპლუატაციაში შეყვანისთვის აუცილებელი სპეციალური კადრის გადამზადება, ასევე დარგის ექსპერტების ჩართვა კვლევითი ანგარიშების მომზადებაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების წახალისება, მათი ახალი პროექტებისთვის რეკრუტირება ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე და ა.შ.

მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მრავალი მცდელობისა და მმართველობის სფეროში უსახლკარობის უფლებრივი კუთხით შემოყვანისა, არაერთ პირთან გასაუბრებისას, ვინც აღნიშნულ პროექტებზე მუშაობდა, როგორც საჯარო სამსახურის მოხელე, დარგის ექსპერტი თუ დონორი ორგანიზაციის თანამშრომელი, ირკვევა, რომ სოციალური პოლიტიკის ნაწილში ბენეფიციართა საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებას სახელმწიფო მხოლოდ საჭიროებების დაკმაყოფილების ჭრილში ხედავდა. ეს კი ტვირთი იყო, დამატებითი „თავის სატკივარი“, მოსახლეობის პროდუქტიული ნაწილის ხარჯზე underclass-ისთვის თავზე ხელის გადასმა.

სოციალური საცხოვრისი, რომელიც ვარკეთილსა და დიდ დიღომში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით აშენდა, მერიას გადაეცა - მაგრამ თბილისის მერიაში, ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ საცხოვრისების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი შტატი გაუქმდა. აღარ დარჩა ორგანო, რომელიც ამ კორპუსების, როგორც სოციალური საცხოვრისის ადმინისტრირებას და, შესაბამისად, იქ არსებული ინვენტარის მართვას, იქ მაცხოვრებელთა პოპულაციის რეგულირებას და ა.შ. მოახდენდა. შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ აშენებული კორპუსები სახელმწიფომ ფაქტობრივად მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებად მიიღო.

სამწუხაროა, რომ ეს „ჰუმანიტარული აქციები“ ხელისუფლების წინასაარჩევნოდ გააქტიურების სტრატეგიად იქცევა ხოლმე. ხდება უსახლკარო პირთა ობიექტივიზაცია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, უსახლკარო პირებს ის სუბიექტობაც არ გააჩნია, რომ არჩევნებში ხმა მისცეს - მათ რეგისტრაციის ადგილი ან პერმანენტური საცხოვრებელი სივრცე არ აქვთ. თუმცა მიღებულია უსახლკაროთა მიერ სოციალური სარგებლის მიღება, სოციალური სარგებლის ბენეფიციარობა, როგორც დახმარების მიღების ობიექტობა, რათა ძალაუფლებაში მყოფ პირთა პოლიტიკური კაპიტალი გაიზარდოს. 

როგორი უნდა იყოს უსახლკარობის პოლიტიკა და რას შეცვლის ის

საქართველოში უსახლკარო პირთა ადეკვატური საცხოვრისის უფლებით გარანტირებისთვის არ იქმნება სისტემები, რომელიც არ ემსახურება საჭიროებების კვლავწარმოებას. ხოლო იქ, სადაც ხდება პირთა საჭიროებების აღიარება, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის სახელდება მხოლოდ ფინანსურ ასპექტს არ გულისხმობდეს და ხედავდეს ადამიანების ინდივიდუალურ გამოცდილებებს, მოწყვლადობის ფორმებსა და მათ შესაძლებლობებს.

მიდგომა შესაცვლელია, რათა პირთა საჭიროებების ნაცვლად, შეფასდეს ადამიანების შესაძლებლობები; პირთა დისციპლინირების ნაცვლად, მოხდეს მათი გაძლიერება; შემწეობაზე დამოკიდებულების მდგომარეობაში შენარჩუნების ნაცვლად, გარდაიქმნას  მათი უფლებრივი მდგომარეობა; მათი ობიექტივიზაციის ნაცვლად, მოხდეს მათი სუბიექტებად აღიარება. გარდა ამისა, უფლებრივი მიდგომის გამოყენება შეამცირებს სივრცეს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით მანიპულაციებისთვის და პირთა უმუშევრობის მათ ნირთან თუ ხასიათთან გაიგივებას.


თათული ჭუბაბრია - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^