გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის მუხლის დამატება და ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში შრომითი ურთიერთობისას სექსუალური შევიწროების მუხლის შეტანა - დეპუტატების თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტში იმსჯელეს. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, კანონპროექტებს მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა.
„60 მოკლული ქალი ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს არის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც საქართველოს პარლამენტისგან შესაბამის ქმედებას მოითხოვს. გთავაზობთ სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდეს ფორმულირება, რომელიც განმარტავს რა არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ. ქალებს კლავენ უთანასწორობის, დისკრიმინაციის, არათანაბარი მოპყრობის გამო, იმის გამო, რომ მეუღლეები მათ საკუთრებად მიიჩნევენ, სწორედ ამის გამო ჩავთავლეთ, ოჯახის წევრის, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის და პარტნიორის ცნებების შეტანა კანონში, როგორც დანაშაულის სუბიექტების", - თამარ ხიდაშელმა კანონპროექტის წარდგენისას ცვლილებების მიზანსა და მიზეზებზე ისაუბრა.
ცვლილება გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას, მათ შორის, ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორებიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება, მუქარა.
თამარ ხიდაშელმა კანონპროექტის მიღების მიზეზებზე საუბრისას სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევები, ანუ გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობები გახშირდა. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 28 სისხლის სამართალის საქმეზე დაიწყო. ასევე, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ორ შემთხვევას გარდაცვალება მოჰყვა. 2014 წელს მეუღლის ან პარტნიორის მიერ 34 ქალის მკვლელობა დაფიქსირდა.
კანონპროექტის ავტორების თქმით, ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა, თუმცა საქართველოში იგი ცალკე მდგომ დანაშაულად არ არის აღიარებული. ფემიციდი, უმრავლეს შემთხვევებში განპირობებულია სექსიზმით და მოტივირებულია ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით. თუმცა, არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში, ფემიციდის შემთხვევაში, გამოძიება იძულებულია იხელმძღვანელოს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი კონტექსტით, რაც ართულებს გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობების პრევენციას.
საკომიტეტო განხილვას მოქალაქეები და სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. ქალთა მკვლელობების რაოდენობა არც ისე საგანგაშო მოეჩვენა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ გიორგი გიგაურს, რომელმაც თქვა, რომ ოთხმილიონიან ქვეყანაში წელიწადში 30 ქალის მკვლელობა არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ტერმინი ფემიციდი შემოვიღოთ, რადგან მისი თქმით, პროცენტულად ეს რაოდენობა ტენდენციას არ აჩვენებს. როგორც მას დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა უპასუხა, „ადამიანების სიცოცხლე პროცენტულად არ იზომება".
მოქალაქე გურამ ფალავანდიშვილმა განხილვისას სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ „ფემიციდი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული სპეციალურად შეკვეთილი საკითხია".
„ფემინიზმთან ასოცირდება, კაცთმოძულეობა ხომ არ დევს ამაში. ზოგადად საეჭვოა ეს მოძრაობა. 8 მარტს ვნახეთ ფემინისტური მოძრაობა ლგბტ პლაკატებით და გაურკვეველია მაგალითად პარტნიორის საკითხი, იქ არ გაქვთ დაკონკრეტებული კაცია თუ ქალი პარტნიორი. ტერმინი „გენდერი" თავისთავად გაურკვეველია. ქალის და კაცის როლის წინააღმდეგ შეკვეთილია“.
სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკა სხილაძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი მხარს უჭერს კანონპროექტს. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების პირველი გზა მისი აღიარებაა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონში ფემიციდის მუხლი შევიდეს, მაშინ როდესაც საკითხი ბევრად უფრო პრობლემურია და ქალების უთანასწორო მდგომარეობას უკავშირდება.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ამ კანონით შესაძლებელი ხდება ბრძოლა არა კაცებთან, არამედ მოვლენასთან, რომელიც მოტივირებულია დისკრიმინაციული მიდგომით, უთანასწორო მოპყრობით და ეს მოვლენა სათანადოდ უნდა აისახოს კანონმდებლობაში. ეს არის საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი წესები, რომელიც უზრუნველყოფს ქალის და მამაკაცის თანასწორობას.
შეხევდრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე. მისი თქმით, ცვლილება არის დროული და შესაფერისი თანამედროვე გამოწვევებთან. მან ისაუბრა, რომ სტატისტიკა დრამატულია, მარტო 2016 წელს, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში 5 ქალი მოკლეს. ანა აბაშიძემ ოპონენტებს მიმართა, გადახედონ სტატისტიკას და მათი წარმოდგენები ადამიანის სიცოცხლესა და სტატისტიკის შესახებ ალბათ შეიცვლება.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თავჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძეს მიყავდა. მან საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სწორად არ მიაჩნია ცალკე მუხლად ფემიციდის ჩამატება, რადგან ამის მოცემულობას ვერ ხედავს.
„თუ ჩვენ ავიღებთ ყველა მოკლული ადამიანის შემთხვევას და მოტივზე ვისაუბრებთ, მაშინ თითოეულზე ცალკე მუხლი უნდა შევქმნათ. ეს არ იქნება სწორი. იქმება ისეთი განწყობა, რომ ქალებს თითქოს ვინმე ვერ იტანს და ქალების წინააღდეგ არის განსაკუთრებული განწყობა, არ არის ასეთი მოცემულობა საზოგადეობაში. თუ მიზანი არის პრევენცია, მე ვფიქრობ, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ფოფხაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გენდერული მოტივით ჩადენილი მკვლეობების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე არ არის გამოყოფილი და პროკურატურა ცალკე სტატისტიკას არ აწარმოებს. შესაბამისად, სტატისტიკა სწორედ ერთ-ერთი არგუმენტია იმისა, თუ რატომ უნდა გამოიყოს ეს დანაშაული ცალკე. მისი თქმით, სწორედ ეს მისცემს სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ სწორად და ზუსტად დაინახოს პრობლემის სიმძაფრე, მასშტაბი და სწორად დაგეგმოს მასზე რეაგირების მექანიზმები.
განხილვისას საკუთარი მოსაზრება ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც გამოთქვა: „ეკლესიამ მკვლელობა დიდი ხნის წინ აღიარა უმძიმეს ცოდვად, მაგრამ აქ იმხელა ენერგიას ხარჯავთ კანონში ასე იქნება თუ ისე. მთავარია, იმუშაოთ იმაზე, რომ ოჯახში იყოს თანახმიანი ცხოვრება, ქალებს ნუ აქეზებთ, რომ კაცებზე წინ დგახართო. ღმერთმა როცა შექმნა ადამი და ევა, არ უთქვამს, რომ ადამი იყო ევას უფროსი, მაგრამ რადგან აცდუნა ევამ ადამი, ამის შემდეგ უთხრა, რომ შენ იქნები ამის უფროსიო, ისიც იმიტომ რომ არ ყოფილიყო ძალადობა“.
კენჭისყრამდე კომიტეტის წევრებს და მოქალქეებს დასკვნითი სიტყვით თამარ კორძაიამ მიმართა.
„აქ ახლა მე ვდგავარ საერო, სეკულარული სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ საერო კანონმდებლობაზე და მოქალქეები როცა ითხოვენ დაცვას, ისინი პასუხისმგებლობას სთხოვენ ხელისუფლებას და შვების მისაღებად მიდიან სასულიერო პირებთან. ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვმსჯელობთ იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რაც გვაქვს საქართველოს პარლამენტს. როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობაზე, ეს არ არის მხოლოდ კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება, ეს თანასწორობა ყველა ქალმა უნდა იგრძნოს ამ ქვეყანაში, საკუთარ, ყოველდღიურ ცხოვრებაში", - ამბობს თამარ კორძაია.
მეორე კანონპროექტი, რომელიც თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელის ავტორობით კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელსაც უნდა დაემატოს მუხლი - სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობისას.
ავტორებმა ცვლილების მიღების მიზეზად სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში მოიყვანეს, სადაც ნათქვამია, რომ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას, რომელიც ამცირებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, საფრთხეს უქმნის ქალთა და მამაკაცთა კეთილდღეობას და აკნინებს გენდერული თანასწორობის ხარისხს.
ავტორების თქმით, მართალია, გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის მე–6 მუხლი დაუშვებლად აცხადებს სექსუალურ შევიწროებას შრომითი ურთიერთობების დროს, თუმცა კანონი დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას არ იძლევა.
კანონპროექტის მიღების მიზეზს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ევროსაბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის) კონვენცია, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის ივლისში, სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა, რათა სექსუალური შევიწროების ნებისმიერი გამოვლინება დასჯადი გახდეს.
კანონპროექტით პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი სექსუალურ შევიწროებას მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ახორციელებს.
კენჭისყრისას ორივე კანონპროექტს მხარი მხოლოდ კომიტეტის სამმა წევრმა დაუჭირა, რაც დადებითი დასკვნის მისაღებად არასაკმარისი აღმოჩნდა.