Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოახლოვდა და ჰა

09 ივნისი 2016

მოთავდა ეს ამბავიც. მიწყდა წლევანდელი საკლუბო სეზონის უკანასკნელი კანონადა. თასი წაიღო ისევ სევილიამ და თასი ასევე, კვლავ წაიღო მადრიდის რეალმა. უამრავი ამათზე არანაკლებ საინტერესო საფეხბურთო ამბავიც მოხდა და ორომტრიალიც იყო და დრამებიც, და ერთი და მეორეც, ამასობაში კი, როგორც ძველად დაწერდნენ ხოლმე გაზეთებში, კარს მოგვადგა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი.

ჩვენ იქ კვლავაც არ ვართ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარი, მაყურებელი და ფროსნის მოყვარე ხალხიც, დაჩვეულია ფეხბურთის უჩვენებოდ ყურებას და კარგა ხანია, ყველას ჰყავს თავისი გულის კლუბიცა და ნაკრებიც. ბოლო მსოფლიო თასებსა და ევროებზე ხომ საერთოდაც ქომაგთა კლუბები იქმნებოდა და ერთი ხმაურობა-მხიარულებაც იყო.

უცხო ქვეყნის გუნდის ქომაგობა-გულშემატკივრობა მსოფლიოში გავრცელებული ამბავია. ხასიათი და მიზეზები ასეთი ქომაგობისა სულ ნაირგვარია და საფუძველიც ხომ ჭრელი. სოციალური გინდაო, პოლიტიკური გინდაო, სპორტული, თუ საერთოდაც - ეკონომიკური, ან პირადიო.

იმ დღეს ერიკ კანტონამ გამოაცხადა, მე საფრანგეთს არ ვქომაგობ, ამჯერად ინგლისისკენ ვიქნებიო და ისიც მოაყოლა, დიდიე დეშანს ბენზემა და ბენ არფა, ალბათ, იმიტომ არ შეჰყავს ნაკრებში, რომ მათი გვარები არ მოსწონსო.

ასეთები ბევრია. ვიცნობდი ერთ ინგლისელ ჟურნალისტს, რომელიც გაგიჟებით ქომაგობდა ჰოლანდიის ნაკრებს და მეტად განიცადა, როცა ამ ოცი წლის წინათ, ინგლისმა, როგორც იყო, 4-1 მოუგო ჰოლანდიელებს. ვიცნობთ, ქართველ გულშემატკივარსაც, რომელიც მოსკოვის სპარტაკზე გიჟდებოდა. და საერთოდ, ამეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ ყაიდის ქომაგობა მაინც გამონაკლისია, თუმცა არსებობს მასობრივიც. თვითონაც ვგიჟდებოდი და სხვაც ათასობით. კი, მოსკოვიდან უკიდურესად მოშორებულ კლუბებსა და ქვეყნებზე, მაგრამ ასე კი იყო და დღესაც ასეა, ალბათ.

ყველას ჰყავდა თავისი საყვარელი ნაკრები. კლუბებიც. ოღონდ, ძირითადად, უნახავად, რადგან საბჭოთა კავშირში საერთაშორისო საკლუბო ფეხბურთს, თუ მატჩში ორთაგან ერთი საბჭოთა კლუბი არ იყო, არა სწყალობდნენ. თუმცა ჩვენ აბა რა ვიცოდით და მთელ მსოფლიოში ასე ყოფილა. მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჩინეთშია თავმოყრილი და ასე დაუსრულებლად.

ეს უცხოთა გულშემატკივრობის ამბავი, მართლაც, იმდენად მრავალფეროვანია, რომ ახლა ამის განხილვას კაცი ნამდვილად ვერ მოჰყვება. ეს ამბავიერთი კარგი სამეცნიერო გამოკვლევის თემადაც კი გამოდგება.

ჩვენს ქვეყნაში უცხოელთა გულშემატკივრობა, ალბათ, მაშინ დაიწყო, როცა ჯერ რადიოში, მერე კინოქრონიკებში, ბოლოს კი, 1966 წლიდან, ტელევიზორში გადმოიცა მსოფლიო ჩემპიონატები. ამიტომ პირველი სათაყვანო უცხო გუნდი, ალბათ, ბრაზილია იყო. სხვებსაც ქომაგობდნენ, მაგრამ ჟილმარს, ჯალმა სანტოსს, ორლანდოს, ბელინის, ზიტოს, დიდის, გარინჩას, ზაგალოს, პელს და ვავას 1958 წელს ისეთი საძირკველი ჩაეყარათ, რომ ეს ბარაქა დღემდე მოჰყვება. მერე ბევრნი იყვნენ გერმანიის, ჰოლანდიის, ე.წ. გალანძიის, მერე იტალიის ქომაგები. მერე შემოაბიჯა არგენტინამ, იმას მოჰყვა მარადონა და ასე შემდეგ. საკლუბო ამბავი კიდევ უფრო დაყოფილი იყო და უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ნაკრებს უკავშირდებოდა.

ასე იყო, თუ ისე, ფეხბურთი რომ გლობალიზაციის ერთ-ერთი წარმატებული მეურნეობაა, ნამდვილია. მექრთამეობა-ჩალიჩმაისტერობით განთქმულმა ფიფამ და უეფამ ის კი მოახერხეს, რომ ამ თამაშს და მას მოდევნებულ ურთიერთობებს საზღვრები წაუშალეს. მთავარი დაწყება იყო, თორემ დანარჩენს თვითონ ფეხბურთი აკეთებს. აქაც ბევრი ფენაა და სურათების სიჭრელესა და ოდენობას ძნელად თუ გასწვდები.

ფეხბურთი რომ პოლიტიკა იყოს, გლობალიზაცია მერე გენახა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ვერ არის. კი, იყენებენ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იყენებენ ისიც, ასე თუ ისე. აგე, კანტონა-დეშანის ჩხუბიც ამაზეა.

ევროპის ჩემპიონატი კი იწყება.

შეირგეთ. რამეები მოხდება. სასურველია მხოლოდ მინდორზე, ფეხბურთულად.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^