ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, პატარა ჰესის მშენებლობაზე საუბარი იყო არა ბოტანიკურ ბაღში, არამედ წავკისში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი იმ სახით განხორციელდეს, როგორც ეს ინვესტორს აქვს გათვალისწინებული, რადგან ფინანსურად არ არის საინტერესო.
მინისტრის თქმით, „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰესის მშენებლობა ბოტანიკურ ბაღში იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის დიდი ტყუილი. ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება, მორალის წაკითხვას ვერ დავუწყებ ამ ადამიანებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები არიან სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას ბოტანიკურ ბაღში, ასეთი რამ არ არსებობს, აქ იყო საუბარი პატარა ჰესზე, რომელიც არის 0,250 კილოვატის სიმძლავრის, გენერატორის ტიპის სადგური, რომელიც წავკისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ინვესტორებს აქვთ შემოტანილი, არ მგონია განხორციელდეს, რადგან ფინანსურად არ არის საინტერესო“, - თქვა კახა კალაძემ.
დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ჰესი არა ბოტანიკური ბაღის, არამედ მისგან მოშორებით შენდება და ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, აღნიშნულთამ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა დადგენილი წესით ის განხილული იქნება“ - თქვა ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ბოტანიკურ ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შარშან, წლის ბოლოს, კალაძემ, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა და „წავკისი ჰესმა“ , ასე ვთქვათ, ივანიშვილის კომპანიამ, გააფორმეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ბოტანიკურ ბაღში უნდა აშენდეს ჰესი თავისი კაშხლით“