Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასჯელი ან მკურნალობა

10 ივნისი 2016

ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ ისეთი შემთხვევის შესახებ, როცა რაიმე საქმეში ბრალდებული პირი სასამართლომ შეურაცხადად ცნო. როგორ ისმება ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი და რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, ვისაც სასამართლო ციხის ნაცვლად იძულებითი მკურნალობისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გზავნის, რა ხდება მაშინ, როცა ფსიქიკური პრობლემები უკვე მსჯავრდადებულ ადამიანს აღმოაჩნდება - ამ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობა  არეგულირებს, თუმცა, ადამიანური და მატერიალური რესურსის სიმწირის გამო, კანონმდებლობა ეფექტიანად ვერ აღსრულდება.

2015 წლის 20 ივნისს არასრულწლოვანმა, გამოძიების ინფორმაციით, დედამისს ყელის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობა მიაყენა, თვითონ კი მე-11 სართულიდან გადახტომას შეეცადა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა სასამართლოს მიმდინარეობისას გაჩნდა ვარაუდი, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი შეურაცხადი იყო.  ექსპერტიზის შემდეგ ვარაუდი დამტკიცდა და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. სასამართლომ არასრულწლოვანს იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და ის ხონში, ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს.

ეს შემთხვევა მაგალითია იმისა, თუ რა ბედი ეწევა პირს, რომელზეც გამოძიების პროცესში დადგინდება, რომ მას შესაძლო დანაშაულის ჩადენისას ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, დროებითი ფსიქიკური აშლილობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება ჰქონდა, რის გამოც თავისი საქციელის გაცნობიერება არ შეეძლო. ასეთ დროს აღკვეთის ღონისძიება უქმდება და სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება.

ზოგჯერ, როცა ადამიანმა ციხისა და ფსიქიატრიული დაწესებულების შესახებ არაფერი იცის, ციხე მისთვის უფრო მკაცრ პირობებსა და მძიმე მდგომარეობასთან ასოცირდება. შესაბამისად, ციხეში მოხვედრას იძულებითი მკურნალობა ურჩევნია. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეურაცხადობასთან დაკავშირებით მისი დიაგნოზი ზუსტად დადგინდეს.

„ფსიქიკური დახმარების შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტებით მტკიცდება. თუკი ბრალდებულთან დაკავშირებით ასეთი ეჭვი არსებობს, ადვოკატის ან პროკურორის შუამდგომლობით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ან საექიმო ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ პირს შეიძლება დაუნიშნოს: დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივი, გაძლიერებული ან მკაცრი მეთვალყურეობით.

პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება შეურაცხადობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში გაეწევა. კომისიამ მისი მდგომარეობა გარკვეული პერიოდულობით უნდა შეამოწმოს და თუ მკურნალობის გაგრძელება საჭირო არ იქნება, მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს აცნობოს.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს იძულებით ფსიქიატრიულ სტაციონარულ დახმარებას უწევს,  „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრია“ (ხონში). ის 1977 წელს ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა და 700 პაციენტზეა გათვლილი. მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრს ამჟამად 650-მდე პაციენტი ჰყავს. 2015 წლიდან მისი 95%-იანი წილის მფლობელი კომპანია „ბ & ნ“ გახდა.

„ლიბერალის“ ყველა თხოვნაზე, მოენახულებინა დაწესებულება, გასაუბრებოდა ხელმძღვანელ პირებს ან სულაც პასუხი მიეღო მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რაოდენობის, მათი საცხოვრებელი პირობებისა და სხვადასხვა ტექნიკური დეტალის შესახებ, ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ცირა შვანგირაძემ უარი განაცხადა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ამ კითხვებზე პასუხის მიღება მათ ვებგვერდზეა შესაძლებელი, თუმცა იქ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა განთავსებული, რაც ცენტრში არსებული ვითარების შესახებ მხოლოდ შეზღუდულ სურათს ქმნის.

თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალების გაგება სახალხო დამცველის ანგარიშებიდანაა შესაძლებელი. ომბუდსმენის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებებიდან გადმოყვანილ და არანებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს ერთნაირი, მკაცრი რეჟიმის პირობებში, არადიფერენცირებული მიდგომით მკურნალობენ.

მიუხედავად ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა, რომ მათ მიერ შეთავაზებული სამკურნალო პროგრამები და სერვისები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება, ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, იძულებით და არანებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვის ფსიქიატრიული დახმარება მხოლოდ ფარმაკოთერაპიას მოიცავს და ისინი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისკენ მიმართულ პროგრამებში, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში ჩართულნი არ არიან.

ამასთან, 2014 წლის ანგარიშის თანახმად, ფორმალურია ის სამოქმედო გეგმაც, რომელიც პაციენტის ცენტრში მიყვანისას, ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით დგება. შესაბამისად, არც მკურნალობისადმი ინდივიდუალური მიდგომა არსებობს და არც გუნდური, მულტიდისციპლინური მუშაობა.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პაციენტებთან ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო მუშაობა, პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს და დღეები რამე საზრისის მქონე აქტივობით სტრუქტურირებული არ არის. ამასთან, ხშირია პაციენტთა შორის კონფლიქტი, აგრესიის მართვა კი დაშინებითა და ინექციებით ხდება.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, განყოფილებაში არსებული პირობები და გაწეული დახმარება არ შეესაბამება პირის სტაციონარში მოთავსების მიზანს. ის, პრაქტიკულად, მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების იზოლირების საშუალებას წარმოადგენს.

„მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ სასამართლო-ფსიქიატრიულ განყოფილებაში მძიმე პირობებია, არ არის უზრუნველყოფილი თერაპიული გარემო. პაციენტები დღის განმავლობაში ჩაკეტილები არიან საკნის ტიპის პალატებში, სადაც არ არის დაცული პრივატულობა, არის ცუდი სანიტარული პირობები და ვენტილაცია. პაციენტები სასეირნოდ გაჰყავთ გისოსებით შემოსაზღვრულ ეზოში, რომელიც გალიას ჰგავს“.

პრევენციის ჯგუფის ანგარიში ჯერ კიდევ იმ პერიოდს მოიცავს, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. საინტერესოა, შეცვლის თუ არა ვითარებას კერძო კომპანია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცენტრში გადაწყობის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა არ განუმარტავს, რა იგულისხმება ამაში.

გარდა სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვეთილი შეურაცხადობისა, ცხადია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა უკვე მსჯავრდადებულ ადამიანსაც შეიძლება გაუჩნდეს. ამის გამოვლენის ვალდებულება კი, გეგმური შემოწმებითა და დაწესებულების სხვა პერსონალისგან მიღებული ინფორმაციით, პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის რგოლს აქვს. ამასთან, ყველა დაწესებულებაში მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც სუიციდის მცდელობისა და მომატებული რისკის შემთხვევაში ერთვება.

სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლის, სოფიო მორგოშიას განმარტებით, მსჯავრდებულებთან/ბრალდებულებთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ, საჭიროების შემთხვევაში კი, პირის მკურნალობის პროცესში ფსიქიატრი ერთვება. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს/ბრალდებულს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა და ამაზე თანახმაა, მაშინ მას მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა  #18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

თუმცა სოფიო მორგოშიას ინფორმაციით, ზოგჯერ მძიმე მდგომარეობის ან ფსიქიკური აშლილობის მძიმე ფორმის გამო, პაციენტი მკურნალობის აუცილებლობას ვერ აცნობიერებს და ამაზე უარს აცხადებს. ასეთ დროს მისი არანებაყოფლობითი მკურნალობის საკითხი დგება და სასჯელაღსრულების სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორი საექსპერტო დაწესებულებას მიმართავს. არანებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობის საჭიროების დადასტურებისას სასამართლო პირს სამკურნალოდ „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ გზავნის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით აგრძელებს სასჯელის მოხდას.

რაც შეეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე იმ პირებს, ვინც პენიტენციურ სისტემაში ნებაყოფლობით მკურნალობდა, სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნების შემდეგ მათ სამინისტრო კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარების, ბრაზის მართვის, პოზიტიური აზროვნებისა და სტრესის დაძლევის სარეაბილიტაციო პროგრამებს, არტთერაპიას, მუსიკათერაპიასა და ბიბლიოთერაპიას სთავაზობს. მათში მსჯავრდებულები/ბრალდებულები მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შემდეგ ერთვებიან.

თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემას არა სერვისების, არამედ ადამიანური რესურსის ნაკლებობა წარმოადგენს. სახალხო დამცველი 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თუკი 100 000 მოსახლეზე საშუალო ევროპული ინდექსით 22,2 ფსიქოლოგი მოდის, საქართველოში ეს მაჩვენებელი 12,8-ია. ფსიქიატრის შემთხვევაში - 6,68, ნაცვლად 11-სა, ხოლო სოციალური მუშაკი - 2,9, ნაცვლად 60-ისა.

ადამიანური რესურსის სიმწირეზე საუბრობს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტების მენეჯერი ქეთი ფილაური. მისი თქმით, დაახლოებით 10 000 პატიმარზე ჯამში 200 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი გვყავს, რაც არასაკმარისია. ამასთან, მისი შეფასებით, სწორია მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის შეთავაზებული პროგრამების მიმართულება, მაგრამ არ არსებობს სპეციალიზებული პროგრამები, ვთქვათ, პიროვნული აშლილობებისთვის.

თუმცა სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი სოფიო მორგოშია მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა დღეს არსებული რესურსი საკმარისია. მისი ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში სულ 31 ფსიქოლოგია, რომლებიც დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რაოდენობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიხედვითაა განაწილებული. მაგალითად, არასრულწლოვანთა დაწესებულებას 3 ფსიქოლოგი ჰყავს, ქალთა დაწესებულებას - 2. ზოგადად კი, ჩვეულებრივ დაწესებულებაში 500 ადამიანზე 1 ფსიქოლოგი მოდის.

მისთვის დღეს გამოწვევად ორმაგი დიაგნოზები და პიროვნული აშლილობები რჩება. მისი შეფასებით, მათი მართვა დაწესებულებაში საკმაოდ რთულია.

„ჩვენი სამინისტროს ინიცირებით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავდა შემდეგი გაიდლაინები: ანტისოციალური პიროვნული აშლილობების მართვა და მკურნალობა; მოსაზღვრე პიროვნული აშლილობების მართვა და მკურნალობა. ისინი უკვე მზადაა, ფსიქიატრთა ასოციაცია აღნიშნულ გაიდლაინებს ოფიციალურად წარადგენს ჯანდაცვის სამინისტროში და როგორც კი ბრძანებით დამტკიცდება, მათი გამოყენება შეგვეძლება“.

სოფიო მორგოშიას თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რაოდენობა ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, ორმაგი დიაგნოზების გამო, შეუძლებელია.

მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, გამოვლენილ ფსიქიკურ პრობლემებს შორის ყველაზე აქტიურად სამი დიაგნოზია გამოხატული: ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 31%, ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგია - 23% და პიროვნული და ქცევითი დარღვევები - 23%.

სრული გამოჯანმრთელებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გათავისუფლების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. თუმცა სახელმწიფოს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის არც ისე ბევრი რესურსი აქვს. ერთადერთი, ვისაც გათავისუფლებული პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება შეუძლია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრია. ამ დროისათვის ცენტრის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამას მხოლოდ ორი ფსიქოლოგი ჰყავს, რაც წარსულში (2012 წლის მერე) გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა რაოდენობის გათვალისწინებით არასაკმარისია.

ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსის ნინო ბისეიშვილის ინფორმაციით, მარტის ბოლოს მდგომარეობით პროგრამაში 412 ბენეფიციარი იყო ჩართული. 2015-2016 წლებში (25 მარტის მონაცემებით) ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურებით 100-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. დღეის მდგომარეობით, ბენეფიციართა ნაწილს სხვადასხვა საჭიროება და ჩივილი აქვს.

„ვხვდებით ნერვულ, პანიკურ შფოთვით აშლილობებს, დეპრესიას, რომელიც ზოგჯერ კლინიკურ დეპრესიაშია გადასული. არსებობს შემთხვევები, როდესაც ცენტრის ფსიქოლოგთან მისულ ბენეფიციარს აქვს შფოთვა, სხვადასხვა ასოციაცია, შიში, გუნება-განწყობის, ძილის, მადის მკვეთრად გამოხატული ცვლილება და ა.შ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებთან თავდაპირველად ცენტრის ფსიქოლოგი მუშაობს, შემდეგ კი, საქმის სირთულიდან გამომდინარე, პროცესში შესაბამისი სპეციალისტები ერთვებიან“, - აღნიშნავს ნინო ბისეიშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას.

მისი ინფორმაციით, 2013-2014 წლებში პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა დიდ ნაწილს სპეციალისტების ჩართვა და სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროებოდა, ამისთვის კი მათი თანხმობა იყო საჭირო, თუმცა ვითარებას ართულებს ის, რომ ზოგჯერ ბენეფიციარებს თავიანთი მდგომარეობის სირთულე გაცნობიერებული არ აქვთ, ამიტომ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან გადამისამართებაზე უარს აცხადებენ. ბისეიშვილის თქმით, რიგ შემთხვევებში მათ გარკვეული შიშისა და უნდობლობის განცდაც აქვთ, რაც არცთუ შორეული წარსულის არასასიამოვნო მოგონებებსა და გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ასეთი დამოკიდებულების გასაქარწყლებლად სოციალურ მუშაკებს ზოგჯერ რამდენიმე თვე სჭირდებათ.

ცენტრში მოსულ ბენეფიციარს სოციალური მუშაკი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს, სწორედ ამ დროს დგინდება, აქვს თუ არა მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და სჭირდება თუ არა სპეციალისტის დახმარება. არის შემთხვევები, როცა ბენეფიციარი თავის პრობლემებზე თავადვე საუბრობს.

ნინო ბისეიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ყოფილ მსჯავრდებულთა უფასო გამოკვლევების პროგრამებია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს, ჯანმრთელობის უფასო სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციები ცოტაა, საჭიროება - დიდი, რეაბილიტაციისას კი პროცესის უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სამმართველოს უფროსის განმარტებით, მათი ბენეფიციარები, როგორც თავად ამბობენ, წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით, არადანიშნულებისამებრ, დოზების დაუცველად იღებდნენ ფსიქოტროპულ საშუალებებს. ხშირ შემთხვევაში მიზანი შფოთვისა და შიშის მოხსნა იყო. ხანგრძლივი დროით ამ საშუალებების მიღებამ დამოკიდებულება და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის ჩამოყალიბება გამოიწვია.

გარდა ამისა, ფსიქიკური პრობლემების მიზეზი შეიძლება პენიტენციური სტრესი, მისი გავლენა და წამების ფაქტები იყოს. ეს ყველაფერი კი ღრმა კვალს ტოვებს მათში და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას ართულებს. ბისეიშვილის თქმით, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დროული დახმარება და პროცესში ყველა საჭირო სპეციალისტის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, თუ ადამიანის ფსიქიკა არასტაბილურია, მას ცხოვრებისეულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება ძალიან გაუჭირდება.

„მატერიალური სიდუხჭირის გამო, ჩვენი ბენეფიციარების უმეტესობას მინიმალური ხარჯის გაღებაც არ შეუძლია და თუ ჩვენს პროგრამაში არ ჩაერთო,  პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებს. დანაშაულის პრევენციის ცენტრი პროგრამის თითოეულ ბენეფიციარს და მისი ოჯახის წევრებს უფასოდ სთავაზობს ყველა მომსახურებას“.

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დროულმა დახმარებამ, ამას დანაშაულის პრევენციის ცენტრის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ბენეფიციარების წარმატებული მაგალითები მეტყველებს. ნინო ბისეიშვილის განმარტებით, გამოჯანმრთელების ვადა და გასავლელი გზა ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ მათმა ბენეფიციარებმა მოახერხეს და ძალიან რთული მდგომარეობის შემდეგ ფეხზე დადგომა შეძლეს.

სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევას უწოდებს ქეთი ფილაური ყოფილ მსჯავრდებულთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტების მართვის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებისთვის საჭირო სერვისების მიწოდება სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს, რათა მათ დანაშაული აღარ ჩაიდინონ და საზოგადოებას ან თავს საფრთხე არ შეუქმნან.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, იძულებითი/არანებაყოფლობითი მკურნალობა არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე ზრუნვა, არამედ ციხეში ყოფნაზე უფრო დიდი სასჯელია. მსჯავრდებული უკეთეს მდგომარეობაში არც გათავისუფლების შემდეგ იქნება, რადგან მწირი სახელმწიფო რესურსიდან გამომდინარე, მას შესაძლოა თავად მოუწიოს თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს კი მატერიალურ სახსრებთანაა დაკავშირებული, რაც ამ პირებს ხშირად არ აქვთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^