Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვეტერანი მფრინავები დამსახურებულ პენსიას ითხოვენ

16 მაისი 2012

 

ვეტერანი მფრინავები თითქმის ერთი წელია საპროტესტო აქციებს მართავენ და ადეკვატური პენსიის დანიშვნას ითხოვენ.

 

ავიატორებმა ბოლო საპროტესტო აქცია პარლამენტთან გამართეს, - შენობას ოთხივე მხრიდან შემოუარეს, მეგაფონით ითხოვდნენ პენსიის მომატებას და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას.

ვეტერანი მფრინავები 2006 წლამდე პრეზიდენტის დადგენილების მიხედვით 600 ლარიან სარჩოს იღებდნენ, თუმცა 2006 წლიდან გაუუქმდათ და დაახლოებით ოთხმოც-ას ლარამდე კომპენსაციის ამარა დარჩნენ.

მფრინავები ამბობენ, რომ მათი პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სარისკოა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი - ნაკლები, ამიტომ მთელ მსოფლიოში მფრინავებს განსაკუთრებით მაღალი პენსია აქვთ. ისინი სახელმწიფოგან ითხოვენ, რომ სხვა ქვეყნების მსგავსი თუ არა, ისეთი პენსია მაინც მიიღონ, რომელიც საარსებო მინიმუმს შეესაბამება და სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ეყოფათ.

ავიატორებს აქციაზე გამოტანილი ჰქონდათ პლაკატი, რომელზეც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ავიატორების პენსიები იყო ჩამოწერილი. "აზერბაიჯანში 1250$, სომხეთში 850$, უკრაინაში 1000$, რა დავაშავეთ სააკაშვილის წინაშე, რომ 65 $-ით გვკლავს შიმშილით?" - ეწერა ბანერზე.

სახელმწიფოს ავიატორებისთვის ამ დრომდე არ მიუცია არც ის პენსია, რომელიც დადგენილების მიხედვით 2006 წლამდე ეკუთვნოდათ. დავალიანება 400 000 ლარს აღწევს. როგორც პირველი კლასის მფრინავი, ზაურ ბედია ამბობს, მფრინავების ნაწილს ეკონომიკის სამინისტრო "ხელს მოტყუებით აწერინებს" საბუთებზე, რომ თითქოს ძველ დავალიანებას იღებენ, ფული კი ჯერ არავის აუღია.

ზამთარში ავიატორებმა პროტესტის უკიდურეს ზომასაც მიმართეს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან 3 დღეს იშიმშილეს. მანამდე კი, 2011 წელს კი ბორტგამცილებელმა ალბერტ ტელიევმა თავი მოიკლა.

აქციის მონაწილეებს თვლიან, რომ ჩინოვნიკები ხალხის ინტერესების დაცვის ნაცვლად მათ ხარჯზე საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფით არიან დაკავებული.

"მაგათ გონიათ, თვითონ რო არიან გამძღრები ჩვენც ასე ვართ? თვითონ რა, მინისტრებად და პარლამენტარებად დაიბადნენ? ბოლოს და ბოლოს ადამიანები ხომ არიან?!", "არსენა ოძელაშვილი მდიდარს ართმევდა, ღარიბს აძლევდა, სააკაშვილი კი ჩვენ, ღარიბებს გვართმევს, და მდიდრებს აძლევს." - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მიმდინარეობისას პარლამენტიდან რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი გამოვიდა, თუმცა ჯგუფმა აქციას ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო.

ავიატორები გაჩერებას არ აპირებენ სანამ მთავრობას თავიანთი ინტერესების დაცვას არ აიძულებენ; მთავრობის დამოკიდებულება კი, მათი თქმით, ყველაფერთან ერთად, ღირსების შემლახავი და დამამცირებელია.

[video:http://www.youtube.com/watch?v=Ph-HYPR3opo]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^