საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი, რომელიც გერმანიაში ქართულ დიპლომატიურ მისიას 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა, საქართველოში მოღვაწეობას დღემდე აგრძელებს.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის პროფესორი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ავსტრიის ბოლო იმპერატორის, კარლ პირველის, შვილიშვილია. მან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლიდან 6 წლის თავზე, 2007 წელს, მიიღო. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორს ელჩის თანამდებობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2009 წელს შესთავაზა.
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი მოქანდაკეა. მისი ფოლადის სკულპტურები თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციისა და თბილისის საკრებულოს ეზოებშია განთავსებული. დღეს იგი თავისუფალ უნივერსიტეტში სამგანზომილებიან არტილუსტრაციას ასწავლის და რამდენიმე დღის წინ წიგნის -Gabriela Von Habsburg 1996-2016 - პრეზენტაციაც საქართველოში გამართა.
დღეს, როცა საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში ყურადღებით ადევნებს თვალს ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებს, გერმანია საფრანგეთსა და იტალიასთან ერთად ამ პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
„ლიბერალი“ ყოფილ ელჩს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შესახებ ესაუბრა:
რამდენად მჭიდროა ორ ქვეყანას შორის კავშირი? რა შეიძლება იყოს გერმანიის სკეპტიციზმის მიზეზი? რამდენად სერიოზულად უყურებენ ევროკავშირში საქართველოს? - ამ შეკითხვებს პასუხობს გაბრიელა ფონ ჰაბსბუგი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს და მას ევროკავშირში უსამართლოდ ექცევიან.
- გერმანიაში საქართველოს ელჩად მუშაობა 2013 წელს დაასრულეთ. მას შემდეგ ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში?
შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არც დამიტოვებია. აქ ძალიან ხშირად ვარ და მიხარია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ბევრს ვმოგზაურობ და გერმანიაში დიდ დროს ვატარებ, თუმცა აქ ვასწავლი და ძალიან მიხარია, რომ ურთიერთობა მაქვს სტუდენტებთან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, კავშირი გქონდეს ახალ თაობასთან, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებს.
დღეს სამგანზომილებიან არტილუსტრაციას ვასწავლი - მოქანდაკე ვარ. შესაძლებლობა მომეცა, თბილისში ორი სკულპტურა გამეკეთებინა. თავის გამოსახატავად ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ვფიქრობ, ცხოვრება ძალიან კომპლექსური რამაა და ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება დასაფიქრებელია. ვფიქრობ, ამა თუ იმ ფორმით, ყველა უნდა იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში. ვგულისხმობ, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საქმეს, რომელსაც კონკრეტულ მომენტში აკეთებ, არამედ უფრო ზოგად მასშტაბებს.
საქართველოში, როცა პირველად ჩამოვედი, გვიანი 90-იანი წლები იყო. ჩემს თავზე გამოვცადე ის მძიმე პერიოდი, ყველა ის ცვლილება, რომელიც საქართველომ განიცადა. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვასწავლიდი. სტუდენტებთან დავიწყე ურთიერთობა და ახლა ეს თავისუფალ უნივერსიტეტში გრძელდება, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. ძალიან მიხარია, რომ ამის კეთების შესაძლებლობა მომეცა. როცა ელჩი ვიყავი, ამის დრო არ მქონდა. ელჩობა სრულ განაკვეთზე მუშაობას მოითხოვს.
- გერმანიაში ელჩად მუშაობის გამოცდილებაზე მოგვიყევით. ვისგან მიიღეთ შეთავაზება?
შეთავაზება მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღე. გერმანელი არასდროს ვყოფილვარ, არ მაქვს გერმანული პასპორტი და ტექნიკურად ამიტომაც გახდა ეს შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ მამაჩემი 20 წლის განმავლობაში წარმოადგენდა გერმანიას ევროპალამენტში, ძალიან კარგად ვიცნობდი გერმანულ პოლიტიკას და გერმანელ პოლიტიკოსებს. ამიტომ, კარგი საფუძველი, კარგი კავშირები მქონდა. ეს იყო დიდი გამოწვევა და პატივი.
ელჩებს თავიანთი ვადა აქვთ და მე არ ვარ კარიერული დიპლომატი. როგორც წესი, ეს ვადა სამ წელს გრძელდება, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. ვიცოდით, რომ ლიმიტირებული დრო იყო და შემდეგ შემეძლო, ჩემ საქმეს დავბრუნებოდი. თუმცა ჩემს ოჯახში პოლიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ჩემი ოჯახის ბევრი წევრი აქტიურადაა პოლიტიკაში ჩართული. ეს ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების მეორე მხარე - გარდა იმისა, რომ ვიყავი არტისტი, ყოველთვის ვინტერესდებოდი პოლიტიკით.
საქართველომ მართლაც რომ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა 90-იანი წლებიდან მოყოლებული და მე მოვიხიბლე ამ ცვლილებებით. საქართველოსა და გერმანიას ბევრი რამ აკავშირებთ. ეს ასეა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საშუალო სტატისტიკურმა გერმანელმა საქართველოზე ბევრი არაფერი იცის. ჩემთვის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, რომ საქართველო და ყველაფერი, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეეძლო, გერმანიამდე მიმეტანა - რომ ეს არის შედარებით პატარა ქვეყანა, საკმაოდ რთულ გარემოში. ვფიქრობ, საქართველო მეტს იმსახურებს, ვიდრე ქვეყნების უმეტესობა და როცა ამას ვამბობ, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ.
- რატომ ფიქრობთ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას სხვა ქვეყნებზე მეტად იმსახურებს?
როცა აქ ხარ, ძალიან ადვილად ხვდები, რომ ეს ტიპური ევროპული ქვეყანაა. ხალხის აზროვნება, ზოგადად კულტურა - რაც ევროპულ ქვეყნებს ახასითებს. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ვიზალიბერალიზაციის მისაღებად, ყველა მოთხოვნა შეასრულა და ამიტომ ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს.
- დღეს გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს...
როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელში ეს პროცესი ნაწილობრივ გერმანიამ დაბლოკა, მოდით, ვთქვათ, რომ გერმანია ეცადა, ეს საკითხი უფრო ზოგად კონტექსტში განეხილა, რაც სწორი გადაწყვეტილება არ იყო. თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და არ მოიხარშოს ერთ ქვაბში თურქეთსა და უკრაინასთან ერთად. ვფიქრობ, არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსადმი.
თქვენ იცით, რომ ბრიუსელში გერმანიის ხმას დიდი ძალა აქვს. ეს არის მიზეზი. გერმანიას ბევრი მიმდევარი ჰყავს ევროკავშირში.
- როგორ ხედავს ახლა გერმანია საქართლოს? არის საქართველო გერმანიისთვის ანგარიშგასაწევი?
ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ხარ. იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან. ეს ყოველთვის უპირატესობა იყო საქართველოსთვის - თუკი ვინმე მოდის საქართველოში, მაშინვე უყვარდება. ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ნელი ნაბიჯია და ისეთი ტემპებით არ ხდება, როგორც საქართველოს სურს.
კულტურული თვალსაზრისით, უფრო და უფრო მეტი კავშირი ჩნდება, მაგრამ არსებობს უამრავი ქვეყანა, რომელსაც უფრო დიდი კრიზისი აქვს, მთელი მსოფლიო მათზეა ორიენტირებული და აქ უფრო რთული ხდება საქართველოს საკითხის „გაყიდვა“.
- გამოდის, რომ საქართველო კულტურულად უფრო საინტერესოა ევროპისთვის - გერმანიისთვის, ვიდრე პოლიტიკურად?
ეს იმაზეა დამოკიდებული, საზოგადოების რომელი ჯგუფს ეკუთვნი. ტურიზმის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ასპექტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი პოლიტიკური ასპექტი, რომელიც გადაწყვეტილებაზე მოახდენს გავლენას. პოლიტიკოსები აღარ არიან საქართველოზე ფოკუსირებულნი და ეს დიდი პრობლემაა. საქართველო ჩანს, როგორც ქვეყანა, რომელშიც არ არის რეალური პრობლემა. არიან ქვეყნები, რომლებსაც დიდი პრობლემები აქვთ, მაგალითად, უკრაინა, და ევროპა მათზე უფროა კონცენტრირებული, ვიდრე ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა. როგორც უკვე ვთქვი, ეს ძალიან სამწუხარო ვითარებაა.
- რატომ ცდილობს გერმანია, საქართველოს ვიზალიებრალიზაციის საკითხი სხვა ქვეყნებს დაუკავშიროს?
ვფიქრობ, იმიტომ, რომ ისინი აღარ არიან ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ფოკუსირებულები. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცდილობენ, ზოგად სურათს შეხედონ და ეს უსამართლობაა. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა, რადგან მან მართლა დაიმსახურა ვიზალიბრეალიზაცია. ყველა საფეხური გაიარა, იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე საჭირო იყო.
დარწმუნებული ვარ, საქართველო იმსახურებს ამას. უკრაინასა და თურქეთთან შედარებით მისი პოპულაცია მცირეა. გერმანია თურქეთზეა ორიენტირებული და მის პოზიციას ვერ დავიცავ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა. საქართველო ამას აბსოლუტურად იმსახურებს.
- როგორ შეადარებდით საქართველო-გერმანიის ამჟამინდელ და იმ პერიოდის ურთიერთობებს, როცა თქვენი იყავით ელჩი? რა განსხვავებებს ხედავთ?
არ ვფიქრობ, რომ განსხვავება დიდია გერმანიის გადმოსახედიდან. ვფიქრობ, გერმანია ახლა უფრო სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული. მგონია, რომ ეს საქართველოს ერთ-ერთი პრობლემაა, - საკმარისად არ არის ყურადღების ცენტრში. ომის დროს, ომის შემდეგ, საქართველო ეპიცენტრში იყო, მაგრამ ახლა, მართლაც, იმდენად რთული პოლიტიკური ვითარებაა... მიგრაციის კრიზისი, სირიის კრიზისი, ლიბია, უკრაინა... უცებ, მთლიან სურათში, საქართველო აღარ არის აქტუალური. ეს დიდი პრობლემაა.
- ფიქრობთ, ამის მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა?
ვფიქრობ, ძალიან რთულია გზავნილის მიტანა - საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც კი. რთული ვითარებაა, რადგან ყველა ორიენტირებულია მწვავე პრობლემებზე. მართლა ძალიან ძნელია. ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა, რომ ევროკავშირი ამას [ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაყოვნება] აკეთებს. ძალიან გავბრაზდი, რადგან ბევრად მეტი მინდა საქართველოსთვის.
ვერ გეტყვით, რა დონის კომუნიკაციაა ამჟამად ორ ქვეყანას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ მთავარობა ცდილობს, საკმარისი კომუნიკაცია ჰქონდეს გერმანიასთან. საელჩოში ჩემი ყოფილი მოადგილე ამჟამად არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ვიცი, რომ ისინი მთლიანად ორიენტირებული არიან ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ამდენად, ვერ გეტყვით, რომდენად მჭიდროდ გრძელდება ეს კომუნიკაცია.
- ფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაციის დაყოვნებით საქართველოში რუსეთის გავლენა გაძლიერდება? აქვე უნდა ვახსენოთ, რომ რუსეთი გერმანიის პარტნიორია სავაჭრო ურთიერთობებში.
პარტნიორი არის, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა. რუსული ეკონომიკა ეცემა. გერმანიის ყველაზე დიდი პარტნიორები ეკონომიკაში ევროკავშირის სხვა ქვეყნები არიან და არა რუსეთი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ფაქტორია, მაგრამ მისი ეკონომიკა ეცემა და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არგუმენტი. არა მგონია, რომ ეს იყოს განმსაზღვრელი საკითხი. ვფიქრობ, რომ ფოკუსში აღარ არის საქართველო და ეს არის დიდი შეცდომა.
- საკითხს უსაფრთხოების თვალით რომ შევხედოთ, საქართველო NATO-ში ინტეგრაციას ცდილობს, თუმცა, როგორც ცნობილია, გერმანია ალიანსის კარის გახსნის მომხრე მაინცდამაინც არ არის.
ასეა, და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს NATO-სთან ასოცირების მცდელობა. ისიც, რომ NATO-ს ღონისძიებებში საქართველო პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს. თუმცა, რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასთან ახლო მყოფი ქვეყანა NATO-ს წევრი არ გახდეს. ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ, დასავლეთი არ არის საკმარისად ძლიერი ამ პოლიტიკის წინააღმდეგ.