Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ასამდე სკოლის რეაბილიტაციას აფინანსებს

13 ივნისი 2016

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ 2014 წლიდან  საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს  ახორციელებს, რისთვისაც 54 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. 2019 წლამდე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 100 სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება. სკოლების რეაბილიტაცია სპეციალურად შემუშავებული სტანდარტის მიხედვით ხდება - გათვალისწინებულია გარემოს დაცვა, სოციალური ფაქტორები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების საჭიროებები.

პროექტი საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სამუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვასა და მოვლა-პატრონობის სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად. 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, რომლის სრული რეაბილიტაციაც პროქტის ფარგლებში მოხდება. სკოლის ფართობი 2,344 კვ/მ-ია, მოსწავლეთა რაოდენობა - 276. სკოლა 1980-იან წლებში აშენდა. მას შემდეგ სრული რეკონსტრუქცია არ ჩატარებია. ამჟამად შენობის სანიაღვრე სისტემა გაუმართავია, სახურავიც დაზიანებულია, რის გამო წყალი რამდენიმე ადგილას ჟონავს. შეფერხებით ფუნქციონირებს გათბობის სისტემა. სკოლაში სარემონტო სამუშაოები სასწავლო წლის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით 6 თვეს გასტანს. სკოლის რეაბილიტაციისათვის დაახლოებით 472.314 აშშ დოლარი დაიხარჯება.

გარემოს დაცვა და სოციალური ასპექტები

სკოლების რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია გარემოს დაცვა და სოციალური ასპექტები.

რეაბილიტაციის დაწყებამდე სპეციალური კომიტეტები ყალიბდება, რომელშიც მშობლები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ერთიანდებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სწორედ მათთან ხდება სკოლის დიზაინის განხილვა. თუკი კომიტეტის წევრებს გარკვეული სურვილები ან შენიშვნები აქვთ სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათი გათვალისწინება სამუშაოების დაწყებამდე მოხდება.

"ტენდერში გამარჯვებული კომპანია სკოლის რეაბილიტაციას  სწორედ ამ საერთო შეთანხმებული ვერსიის მიხედვით იწყებს", - ამბობს „ათწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების დირექტორი გიორგი ზედგინიძე და განმარტავს, რომ სოციალურ ნაწილში ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმება.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში არის გარკვეული სამუშაოები, რომლებსაც განსაკუთრებული კომპეტენცია სჭირდება, ამიტომ მათ შესასრულებლად კომპანიას უცხოელი სპეციალისტები სჭირდება, თუმცა სკოლის რეაბილიტაციის პროცესში პრიორიტეტული ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა.

მესამე მიმართულება არის განსახლება. ანუ, თუკი სკოლაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება არის ბიზნესაქტივობა, მაგალითად, ფუნქციონირებს სკოლის ბუფეტი, ფონდი მას იმ მოგებას უნაზღაურებს, რასაც ერთი სემესტრის განმავლობაში მუშაობის შედეგად მიიღებდა.

რეაბილიტაციის დროს გათვალისწინებულია გარემოს დაცვა. სამშენებლო ნარჩენების მოვლა და დახარისხება გეგმის მიხედვით ხდება.

განსაკუთრებული სიფრთხილით მუშავდება ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნარჩენები, მაგალითად, ტყვიის შემცველი საღებავებისა და ასბესტის სახურავების დასაწყობება და მათი სკოლის ტერიტორიიდან უსაფრთხოების პროცედურების დაცვით გატანა ხდება.

მუშაობის დროს გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმები, რაც პერსონალის შესაბამის აღჭურვასა და ამ მიმართულებით მშენებლების რეგულარულ გადამზადებას გულისხმობს.

როგორც ფონდის მთავარი ინჟინერი ქართლოს ყიფიანი ამბობს, რეაბილიტაციისას მშენებლები მხოლოდ ბიოლოგიურად უსაფრთხო მასალას იყენებენ.  უპირატესობა თბოსაიზოლაციო მასალებს ენიჭება, რომელიც შენობას ხმაურისგან და სითბოს დაკარგვისგან იცავს. 

სოფლის სკოლებში, სადაც კანალიზაციის სისტემა არ ფუნქციონირებს ფონდმა სპეციალური მოწყობილობები შეიძინა, რომელიც ნარჩენ წყალს ფილტრავს, რის შემდეგაც წყალი გარემოსთვის უსაფრთხო ხდება.

სკოლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სველი წერტილების მოწყობაა. რეაბილიტირებულ სკოლებში საპირფარეშოები გათვალისწინებული იქნება არამხოლოდ სქესის მიხედვით, არამედ ასაკობრივად. ცალკე იქნება დაბალკლასელებისა  და უფროსკლასელების საპირფარეშოები, ასევე ცალკე განთავსდება სპეციალური საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის.

ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სკოლების მოვლა-პატრონობის ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას გეგმავს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ რეაბილიტირებული სკოლები რეგლამენტის შესაბამისად, არსებულ ქონებას მოუვლიან და გაუფრთხილდებიან.

ის გაიდლაინები კი, რომლებსაც ფონდი სკოლების რეაბილიტაციისას ეყრდნობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (esida) გადაეცემა,  რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს სურვილისა და ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში სხვა სკოლების რეაბილიტაცია აღნიშნული სტანდარტების დაცვით წარმართოს.  

როგორ ხდება სკოლების შერჩევა

პროექტის  ფარგლებში სარეაბილიტაციო სკოლების სია შერჩევის ორი ფაზის შედეგად განისაზღვრება. სკოლების შერჩევა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაქირავებული ამერიკული კომპანიის მიერ მოხდა.

პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციოდ სკოლები საქართველოს სკოლების ერთობლიობიდან (სულ 1692) შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა - მხოლოდ რეგიონების საჯარო სკოლები;  სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსტრუქციული პრობლემები და რომელთა რეაბილიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2014-2017 წლებში არ გეგმავს.

შერჩევის მეორე ეტაპზე კი იმ სკოლებს მიენიჭათ პრიორიტეტი, სადაც შენობის კონსტრუქცია მყარი იყო. გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეთა საერთო რაოდენობა, სოციალურად დაუცველ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი, ერთ მოსწავლეზე ფართის განაწილება, ასევე ეთნიკური უმცირესობების სკოლები.

სკოლების რეაბილიტაცია ერთიანი სტანდარტის მიხედვით ხდება. სტანდარტის შემუშავება დაახლოებით ერთი წელი მიმდინარეობდა, რისთვისაც ფონდმა უცხოური საკონსულტაციო კომპანიები დაიქირავა. მათი დახმარებით შეიქმნა გაიდლაინები, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ პროექტის ფარგლებში შერჩეული ყველა სკოლის რეაბილიტირება ერთნაირი სტანდარტის დაცვით მოხდეს.

შერჩეული სკოლების რეაბილიტაცია ხორციელდება სამი 2015, 2016 და 2017 წლის სეზონების მიხედვით და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. 15 სკოლა ახალი სასწავლო წლისათვის უკვე რეაბილიტირებული იქნება.

“საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ 100-მდე სრულად რეაბილიტირებულ სკოლას. რაც იმას ნიშნავს, რომ  დაახლოებით 37 000 მოსწავლე მიიღებს გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოს,” – ამბობს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.

2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის (გრანტის) ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. კომპაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლიც ითვალისწინებს სტრატეგიულ ინვესტიციებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების დასაფინანსებლად, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების გაძლიერების მიზნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^