„არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა“, - ძნელია, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის ჩანაწერის განსხვავებული ინტერპრეტაცია შეძლო. კონსტიტუცია დაცვის მყარ გარანტიას გვთავაზობს. რეალურ ცხოვრებაში კი, როდესაც საქმე პირის სხვა მფლობელობას, მაგალითად, საწარმოს ეხება, კონსტიტუციიდან ციტირებული სიტყვები არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.
ბიზნესმენმა იცის, რომ მის საწარმოში ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს საგადასახადო ორგანოს ინსპექტორი, აწარმოოს რევიზია, ინვენტარიზაცია, საკონტროლო შესყიდვა და არც არის ვალდებული, მფლობელს მოსამართლის ბრძანება წარუდგინოს. „ლიბერალის“ შეკითხვებზე ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ საგადასახადო ორგანო საგადასახადო შემოწმებას - გადასახადებისა და მოსაკრებლების კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით გადახდის სისწორის მიზნით ახორციელებს მოსამართლის ბრძანების გარეშე. საგადასახადო შემოწმება საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებაა და მას ავალდებულებს საქართველოს საგადასახდო კოდექსი (მუხლი 255).
კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით სადავო ნორმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის ხარვეზების მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. მთლიანობაში ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა ხელს არ უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას. აუდიტორი ირაკლი შავიშვილი „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში განვითარებას მოელოდა, თუმცა, ამჟამად დადებით მოვლენად მხოლოდ ბიზნესზე ძალისმიერი წნეხის მოხსნა მიაჩნია. „ბოლო წლებში აღარ გამიგია შემთხვევები, როდესაც მეწარმეს ციხეში ორი თვით სვამენ, შემდეგ ფულს ართმევენ და უშვებენ, რაც კარგია“, - აცხადებს ირაკლი შავიშვილი. სხვა მხრივ, საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პოზიტიურ ცვლილებებს ვერ ხედავს.
აუდიტორის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი იურიდიული, ეკონომიკური, კონსტიტუციასთან შესაბამისობისა და ენობრივი თვალსაზრისითაც უვარგისი დოკუმენტია, მისი ბევრი ნორმა არაერთგვაროვანი გაგების საშუალებას იძლევა. შავიშვილის თქმით, საქართველოს ახალი კოდექსის მიღება სჭირდება. იგი ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კოდექსისა და ზოგადად საგადასახადო კანონმდებლობის არასტაბილურობას მიიჩნევს. „ნორმები წარამარა იცვლება. ფაქტობრივად, თვეში ერთხელ მაინც, მასში ცვლილებები შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს საქმიანობის გრძელვადიანად დაგეგმვის საშუალება არ აქვს“.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგადასახადო კოდექსში ყველა საკანონმდებლო ცვლილება ბიზნესთან კონსულტაციის გზით, მათი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით არის მიღებული.
განსხვავებულ შთაბეჭდილებას ქმნის, დეკლარირებულად ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მთავრობის პირობებში შემოღებული დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმი: მოქმედებს მიკრობიზნესისა და მცირე ბიზნესის სტატუსები, ფიქსირებული გადასახადი, ამასთან საცხოვრებელი ბინის გაქირავებაზე გადასახადი 5%-მდე შემცირდა.
„ასეთი საგადასახადო რეჟიმების მიზანია, ბიუჯეტისთვის ხალხისგან როგორმე რაღაც ამოიღონ. ამას სჯობს, გადასახადები შეამცირონ და ყველა ერთნაირ რეჟიმში ჩააყენონ. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ბინას საცხოვრებელი მიზნით აქირავებს თუ კომერციული? მაგრამ, ამის მიხედვით გამქირავებელი ან 5%-ს იხდის, ან - 20%-ს. ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. მაინცდამაინც თუ ასეთი დიფერენციაცია გვინდა და ამავდროულად მეწარმეობის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, პირიქით უნდა იყოს. კომერციული მიზნით, როცა აქირავებს, 5%-ს უნდა იხდიდეს“, - ამბობს შავიშვილი.
ქვეყანაში, როდესაც დამატებული ღირებულების გადასახადი მოქმედებს, ეკონომიკის ასეთ სეგმენტაციას და შეღავათებს გაუმართლებლად მიიჩნევს ირაკლი შავიშვილი. როგორც ის განმარტავს, დღგ ისეთი უცნაური გადასახადია, რაც უფრო მეტს გაათავისუფლებ ამ გადასახადიდან, ბიუჯეტში მით უფრო მეტი შედის. ამიტომ, საგადასახადო კოდექსში გათავისუფლების ყველაზე მეტი მაჩვენებელი დღგ-ს აქვს, რადგან შედეგად ბიუჯეტში მეტი თანხა შედის და არა იმიტომ, რომ მთავრობა ბიზნესზე ზრუნავს. „ყველა რომ იხდიდეს დღგ-ს და გათავისუფლება რაც შეიძლება მინიმალური იყოს, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა ეკონომიკაში“, - ამბობს აუდიტორი.
პრობლემურ საკითხად რჩება საგადასახადო ორგანოების გაზრდილი უფლებამოსილებები. ზოგადად, საგადასახადო კანონმდებლობისა და ორგანოს მიზანი გადასახადების შეგროვებაა და არა დაჯარიმება. ირაკლი შავიშვილის თქმით კი, საგადასახადო კოდექსი აგებულია იმაზე, როგორ გამოიჭირონ და დააჯარიმონ გადამხდელი. მაგალითად, შემოწმების დაწყებისას გადასახადის გადამხდელს წინა პერიოდის დეკლარაციების დაზუსტება ეკრძალება.
„თითქოს ლოგიკურია, თუ რამის დაზუსტება გინდოდა, აქამდე გაგეკეთებინა. ახლა შემოვედი და რაზეც დაგიჭერ, დაგაჯარიმებ. სხვა კუთხით რომ შევხედოთ, გადამხდელმა მონაცემები რომ დააზუსტოს, ამით რა შავდება?! ამაზე გვეტყვიან, რომ იქ კორუფციის შესაძლებლობაა, შეიძლება, საგადასახადო ინსპექტორი გაურიგდეს, ფული აიღოს და დეკლარაცია დააზუსტებინოს. ეს ხელისუფლების პრობლემაა და არა გადამხდელის. ჩემი აზრით, მონაცემების დაგვიანებით შევსებისთვის შეიძლება, გადამხდელი დაჯარიმდეს, მაგრამ დეკლარაციის დაზუსტება საერთოდ რომ ეკრძალება, სწორი არ არის. იმიტომ, რომ ხანდახან დეკლარაციას აზუსტებენ, როგორც მანამდე გადახდილი გადასახადის გაზრდის, ასევე შემცირების კუთხით. გამოდის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბიზნესმა ზედმეტი უნდა გადაიხადოს“, - განმარტავს ირაკლი შავიშვილი.
პრობლემური საკითხია, ასევე ის, რომ ზედნადების გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად არის დასაშვები, ხოლო ნებისმიერ ოპერაციაზე მისი ელექტრონულად გამოწერა შეუძლებელია. „ასეთ შემთხვევაში ამბობენ, მაშინ არ გაყიდო საქონელიო! აბა რისთვის შემოვიტანე?! საქონელი არ შემომიტანია იმისთვის, რომ ზედნადებით გავყიდო, არამედ იმისთვის, რომ გავყიდო. ბიზნესს ბიუჯეტის შესავსებად არ ვიწყებ, ბიზნესი იმიტომ მაქვს, რომ მოგება მივიღო. მეწარმეთა შესახებ კანონშიც კი ასე წერია - მეწარმეობის ერთადერთი მიზანი მოგების მიღებაა“, - ამბობს ირაკლი შავიშვილი.
აუდიტორის თქმით, როდესაც ბიზნესს ბარიერები ექმნება, ეს უკვე ქვეყნისთვის არის პრობლემა. „თითქოს დიდი ამბავი, ვიღაც გააჩერეს და 500 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ ასეთი ათასობით შემთხვევაა, რაც ბიზნესისთვის უვარგის გარემოს ქმნის“, - მიიჩნევს აუდიტორი და გვახსენებს, - „ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ქვეყანაში დოვლათს ქმნის, არის მეწარმე. ყველა დანარჩენი ამ დოვლათს ინაწილებს“.
საგადასახადო კოდექსში გვხვდება პარადოქსული მუხლი სათაურით: „სხვა ჯარიმები“. კოდექსის მიხედვით, რაღაც ქმედებაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია, მაგრამ მასზე ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული არ არის, ეს 100 ლარით ჯარიმდება. „ამით გადასახადის გადამხდელის მიმართ კანონმდებლის დამოკიდებულებაა გამოხატული: იცი რა, მე ყველაფრის ჩამოთვლა მეზარება, მაგრამ რაზეც დაგიჭერ, ყველაფერზე დაგაჯარიმებ“, - აცხადებს შავიშვილი.
საგასადახადო კანონმდებლობისა და პრაქტიკის შედეგებზე საუბრისას, ირაკლი შავიშვილი ასეთ დასკვნას აკეთებს: „მთავარი საფრთხე ის არის, რომ ბიზნესი აღარ გვაქვს“.
მთავრობის ინიციატივები
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, რომელიც კორექტირების შედეგად 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, მოგების 15%-იანი გადასახადის გადახდას მხოლოდ მისი განაწილების შემთხვევაში ითვალისწინებს. ერთი შეხედვით, ბიზნესის ხელშეწყობისთვის მომზადებული ინიციატივა, შესაძლოა, მცირე და საშუალო ბიზნესს დამატებით ტვირთად დააწვეს. საქმე ისაა, რომ წვრილ ბიზნესს დივიდენდიდან უფრო მეტის გადახდა მოუწევს, რადგან მოგების დაანგარიშებისას წინა წლების ზარალი არ იქნება გათვალისწინებული.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივები მსხვილ ბიზნესს აწყობს“, - ამბობს ირაკლი შავიშვილი, - „წვრილმა ბიზნესმა დივიდენდი მთლიანად რომ არ წაიღოს, მაშინ მის ბიზნესს აზრი არ აქვს, რადგან მოგებით მიღებული თანხა მცირეა. მსხვილ ბიზნესს ეს მოგება მთლიანად არასდროს მიაქვს, იმიტომ, რომ მოგების ნაწილის კაპიტალიზება ხდება. მათ შეიძლება, მოგების 30-40% გაანაწილონ, ამიტომ მსხვილი ბიზნესისთვის ცვლილებით გადასახადი მცირდება, წვრილი ბიზნესისთვის კი - იზრდება. ანუ ეს ეკონომიკური სუბიექტების მონოპოლიზებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია“.
ეკონომიკაში მსხვილი და წვრილი საწარმოების წილობრივ მონაცემებზე დაკვირვება საქართველოს ეკონომიკის განვითარების გეზს ნათლად წარმოაჩენს. აუდიტორის, ირაკლი შავიშვილის მონაცემებით, 2000 წელს მსხვილი ბიზნესი ეკონომიკის ორ მესამედს ქმნიდა, ხოლო ერთ მესამედს საშუალო და წვრილი ბიზნესი შეადგენდა. 2011 წლისთვის მსხვილი ბიზნესის წილი 86%-მდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც საშუალო და წვრილი ბიზნესი ეკონომიკის მხოლოდ 7-7%-ს ქმნიდა. ბიზნესის გამსხვილების ტენდენცია გრძელდება.
„ამას ხელი ეწყობა საგადასახადო კოდექსის საშუალებით. გადასახადი არის ქვეყანაში ბიზნესის წარმოების საფასური. თუ იგი მაღალია, წვრილ მეწარმეს გადახდა არ შეუძლია. ამიტომ გადასახადების ზრდა ყოველთვის მსხვილი ბიზნესის ინტერესშია, რადგან საშუალო და წვრილი ბიზნესი უფრო ნაკლებშემოსავლიანი ხდება და მსხვილ ბიზნესს კონკურენცია უმცირდება. ფაქტობრივად, ეკონომიკის მონოპოლიზება ხდება“, - აცხადებს შავიშვილი.
საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებისგან არაერთხელ გვსმენია ქვეყანაში დაბალი გადასახადების არსებობის შესახებ. ირაკლი შავიშვილს მიაჩნია, რომ განვითარების იმ დონისთვის, რომელზეც საქართველოა, აქ არსებული გადასახადები მაღალია.
ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით (და არა ტექნიკური შეიარაღებით) განვითარების იმ დონეზე, რომელზეც საქართველოა, აშშ 100-150 წლის წინათ იყო. მაშინ შეერთებულ შტატებში საშემოსავლო გადასახადი 1% იყო, მოგების გადასახადი (კორპორაციული საშემოსავლო გადასახადი) კი სხვადასხვა შტატში 1-დან 8 პროცენტამდე მერყეობდა. „ამერიკა იმიტომ გახდა ის, რაც არის, რომ ასეთი გადასახადები ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვთქვათ, საშემოსავლო გადასახადში 20%-ის გადახდა მძიმეა“, - მიიჩნევს შავიშვილი.
ოპოზიციის ხედვა
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დავით ონოფრიშვილი „ლიბერალთან“ საუბარში იხსენებს, რომ პარტიამ ეკონომიკური განვითარების ხედვა, მათ შორის საგადასახადო სამსახურთან დაკავშირებული პრიორიტეტები, ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში წარმოადგინა.
როგორც ონოფრიშვილი ამბობს, საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დისციპლინის შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს და არა ბიუჯეტის ე.წ. ნაკლული თანხის ამოღებას.
ონოფრიშვილის თქმით, პარტიას მიაჩნია, რომ იმ სახით, როგორც დღეს არის, ფინანსური პოლიცია (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) უნდა გაუქმდეს და სხვა ტიპის საგამოძიებო სამსახური შეიქმნას, რომელიც ბოლო 10 წლის პრაქტიკას შეცვლის და მეწარმეებს პარალელურ რეჟიმში არ შეამოწმებს. „მთელი პრობლემა ისაა, რომ საგადასახადო სამსახურს კანონით ეხება საგადასახადო შემოწმება, პარალელურ რეჟიმში ამოწმებდა ფინანსური პოლიცია. საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს, როცა ჩვეულებრივი საგადასახადო შემოწმების დროს აღმოჩნდება გარკვეული ეჭვი, ან აშკარა ნიშნები, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული“, - აცხადებს ონოფრიშვილი.
„თავისუფალი დემოკრატები“, ასევე აყენებენ გადასახადის შეცდომით არასწორად გადახდის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რაც ხშირად ბუღალტრულ დონეზე ხდება და ამის გამო ადამიანები ხშირად სასჯელს იხდიან. ონოფრიშვილის თქმით, ასეთ საქმეებზე ბევრ ქვეყანაში ჯარიმის მექანიზმი მოქმედებს, რაც პარტიისთვის მისაღებია.
„მიგვაჩნია, რომ, როგორც საგადასახადო, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია გონივრულ ფარგლებში უნდა გავატაროთ. არ შეიძლება, უმნიშვნელო საქმეზე ადამიანი სასჯელს იხდიდეს“, - ამბობს დავით ონოფრიშვილი.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში წარმოადგინეს მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრის ინიციატივა (ე.წ. ესტონური მოდელი). „ახალმა პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენი ინიციატივიდან 2-3 პუნქტის განხორციელებას თვითონაც აპირებს“, - თქვა დავით ონოფრიშვილმა.
პარტიას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის თვალსაზრისითაც აქვს ინიციატივები, თუმცა ისინი რამდენიმეს გარდა, მუხლების სრულად გაუქმებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. „არის მუხლი უკანონო სამეწარმეო საქმიანობა (მუხლი 192), რომელიც რეალურად არ მოქმედებს. პრაქტიკაში მისი გამოყენების მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ცოტა გაუგებარი ცნებაა. კოდექსში განმარტებულია, რომ ეს არის სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ან ლიცენზიის გარეშე, ან სალიცენზიო პირობის დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რა სახის ზიანი უნდა იყოს, რომ ამის გამო ადამიანი ციხეში გაუშვა?!“, - აღნიშნავს ონოფრიშვილი.
მათი ინიციატივა ასევე ეხება სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისას სანქციის შემსუბუქებას. „დღევანდელი მდგომარეობით, თუ ზედნადები არ აქვს, მოქმედებს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე. ამავე დროს დიდ ოდენობად მიიჩნევა მისაწოდებელი თანხა 10 000 ლარი. განსაკუთრებით დიდ ოდენობად კი - 25 000 ლარი. დღევანდელ პირობებში ეს მცირე რაოდენობაა იმისათვის, რომ ადამიანი ციხეში გაუშვა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობა კი არ გაუქმდეს, არამედ ზღვარი გაიზარდოს 25 000 ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 50 000 ლარი ჩაითვალოს. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯარიმით დაისჯება, ხოლო არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში - 2 წლამდე პატიმრობით“, - აცხადებს ონოფრიშვილი.
დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები უნდა იქცეს ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის მთავარ ლოკომოტივად. „შესაბამისად, გარდა საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის მოშორებისა, რაც მცირე საწარმოებს გაცილებით მეტად აზარალებს, ვიდრე დიდ კომპანიებს, აუცილებელია მცირე საწარმოების საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზრდება მცირე ბიზნესის საქმიანობის სახეების გაფართოების საფუძველზე. ასევე, საჭიროა ბრუნვაზე დაფუძნებული 3%-იანი გადასახადის დაწესება დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე. აუცილებელია, მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭოს ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება მინიმუმ 50 000 ლარს, ამჟამინდელი 30 000 ლარის ნაცვლად, რომელიც ძალზედ მცირე ზღვარია და ბევრი მეწარმე ამ ზღვარს ისედაც სცდება”, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პარტია მოგების გადასახადის გაუქმებას აპირებს, რაც არ იქნება ის მოდელი, მთავრობამ რომ წარმოადგინა. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადს 20-დან 15%-მდე შეამცირებს. ამასთანავე, უკვე პარლამენტშია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომლის ავტორიც „ნაციონალური მოძრაობაა“.
მაჭავარიანის თქმით, იგი ითვალისწინებს ეკონომიკურ დანაშაულზე პატიმრობისა და ჯარიმების შემცირებას. „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ის სფერო, რომლის მიმართაც გამკაცრებული მიდგომაა. 2000-იანი წლების დასაწყისში ეს აუცილებელი იყო და შედეგიც გამოიღო. ახლა მიგვაჩნია, რომ ის შესაცვლელია“, - ამბობს მაჭავარიანი.